სარკოზი პუტინისთვის ჩამოდის?! - კვირის პალიტრა

სარკოზი პუტინისთვის ჩამოდის?!

"არა მგონია, საქართველოს იმის პოტენციალი ჰქონდეს, რომ ვინმე ანერვიულოს"

"სააკაშვილი და საქართველო  პუტინისთვის უკვე კარგად დამუშავებული, პიარული თემაა"

როგორც მედია იუწყება, აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა საქართველოდან საინგილოში ქართულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოების შეტანის ბრალდებით თბილისი-ზაქათალა-კახის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. ცხადია, საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ცოტა უხერხული ხომ არ არის, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დედაქალაქში ალიევის ბიუსტებსა და მისი სახელობის ქუჩებს ხსნის, მარნეულის აზერბაიჯანელ მოსახლეობას მათივე მშობლიურ ენაზე მიმართავს, საინგილოში კომპაქტურად მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას კი "დედაენის" წაკითხვასაც უკრძალავენ და ქართული წიგნის გავრცელება ტერორიზმის რანგში აჰყავთ?

ყველა-ყველა და, საქართველოს ხელისუფლების ძლიერებასა თუ გავლენაზე ეს ნამდვილად არ მეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ კავკასიასა და საზოგადოდ, რეგიონში საუკეთესო გზები, სასტუმროები და კურორტები გვაქვს. მაგრამ ასეთი მცირემასშტაბიანი პოლიტიკისთვის, როგორც ჩანს, არ გვცალია, რაკიღა მსოფლიო ლიდერებთან ურთიერთობაში ვართ გართულნი - მომავალ კვირას დედაქალაქი საფრანგეთის პრეზიდენტს უმასპინძლებს. იქნება მრავალრიცხოვანი საზეიმო მიტინგი თავისუფლების ან ვარდების მოედანზე; ვიცეკვებთ, ვიმღერებთ და ხმის ჩახლეჩამდე ვიყვირებთ "სარკო-სარკოს" იმის ნიშნად, რომ ჩვენთვის სარკოზი და დემოკრატიული ღირებულებები ძვირფასია, იმისდა მიუხედავად, რომ საფრანგეთში, ალბათ, სარკოზისა და დემოკრატიაზე სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვთ, ისევე, როგორც, სხვათა შორის, საქართველოში სააკაშვილსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე... ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილს ვესაუბრებით:

- საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს 7 ოქტომბერს ეწვევა. როგორც ცნობილი გახდა, მასპინძელი ხელისუფლება მას პომპეზურად დახვდება. წინასწარი ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზი თავისუფლების მოედანზე ქართველ საზოგადოებას მიმართავს. მიმომხილველები ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტს ისეთივე კონტექსტი აქვს, როგორიც თავის დროზე ბუშისას ჰქონდა. ხომ არ ცდილობს სააკაშვილი, ამერიკელი პარტნიორები ევროპაზე "აეჭვიანოს"?

- სააკაშვილის გეგმებზე ლაპარაკი ცოტა ძნელია... შესაძლოა, მავანს უნდოდეს კიდეც ისეთი წარმოდგენის შექმნა, რომ ამერიკელები და ევროპელები ხოცავენ ერთმანეთს საქართველოს გულის მოსაგებად და ზემოდან ამ ყველაფერს კიდევ რუსეთის სურვილები და განცდები ემატება. მე ამ კონტექსტში არ განვიხილავდი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაძლებლობებს. არა მგონია, საქართველოს იმის პოტენციალი ჰქონდეს, რომ ვინმე ანერვიულოს. რაც შეეხება საზეიმოდ დახვედრას, ბუნებრივია, სააკაშვილი ამას გამოიყენებს და ეს მისი უფლებაა. ალბათ, ეს უპირველესად შიდა ბაზრისთვის იქნება გამიზნული, რათა საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ დასავლეთი მას კვლავ მხარს უჭერს, რაკიღა ამის თაობაზე იყო კითხვები იმ მოვლენებისა და პოლიტიკის შემდგომ, როცა ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველო არ არის დემოკრატიის შუქურა, როგორც თავის დროზე ბუში მიიჩნევდა. ამ პროცესების დროს ცხადად გამოიკვეთა ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული, ხელის გადაგრეხის პოლიტიკა;

შემდეგ ამას  მოჰყვა წლევანდელი დარბევები და მკვლელობები რუსთაველის პროსპექტზე, რაც აბსოლუტური კატასტროფა იყო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელი ლიდერების პოზიცია. მნიშვნელოვანია, რა მარკას მიაკრავენ საქართველოსა და მის ხელისუფლებას. რატომღაც მათ დემოკრატიის სახელით საუბრის პრეროგატივა აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ დემოკრატიული ტრადიციების ქვეყნებიდან მოდიან, თუმცა თავად ეს ლიდერები რამდენად არიან დემოკრატები, ცალკე საუბრის თემაა. მაგრამ ფაქტია, სარკოზის კომენტარები გამოყენებული იქნება შიდა ბაზრისთვის, რათა მოხდეს იმ ძალადობრივი და არადემოკრატიული პოლიტიკის ლეგიტიმაცია, რაც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის უკვე დამახასიათებელი გახდა. ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი სარკოზის საზეიმოდ დახვედრა რუსეთისკენაც იქნება მიმართული, რადგან 2008 წლის აგვისტოში დარღვეული საერთაშორისო სამართლის პირობების გამოსწორების გარანტი სწორედ საფრანგეთი და სარკოზი გახლდნენ. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იქნება არა დასავლეთისა და შეერთებული შტატებისკენ მიმართული შემაჯამებელი მესიჯები, არამედ უფრო რუსეთისკენ.

- როგორც ცნობილი გახდა, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის პუტინი, რომლის წინადადებით დეკემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში "ედინაია როსიას" სიას პრეზიდენტი მედვედევი ჩაუდგება სათავეში და შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდება. გასაგებია, რომ მოულოდნელი არაფერი მომხდარა, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებთ საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთში შექმნილ ვითარებას? ასეთი კომბინაციით მედვედევ-პუტინის ტანდემის მმართველობა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან საქართველოსთან ურთიერთობაზე?

- არა მგონია, ეს მხოლოდ მედვედევ-პუტინის ტანდემი იყოს. ეს არის რუსეთში ჩამოყალიბებული გავლენიანი ჯგუფი, რომელზეც, ბუნებრივია, დეტალური ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ეს არის ახალი რუსული პოლიტიკის არსი, რომლიდანაც გამომდინარე რუსეთი მსოფლიოს ეუბნება, ჩვენ ვიცით, როგორიც უნდა იყოს დემოკრატია და მმართველობის ფორმა: არა ხალხის ნება, არამედ რომელიღაცა ჯგუფის მიერ შემუშავებული ხედვა, თუ როგორ და ვინ უნდა მართავდეს. ანუ საქმე გვაქვს რუსულ ყაიდაზე მოდერნიზებულ დემოკრატიასთან, სადაც ტრადიციული დემოკრატიის მთავარი კონცეფცია, რომ ლოთის, ბომჟისა და გენიოსის ხმას ერთი ძალა აქვს, აღარ მოქმედებს. რუსულ ყაიდაზე მოდერნიზებულ დემოკრატიაში ქვეყანას ცალკეული ჯგუფები მართავენ, რომელთა სახეც მედვედევ-პუტინი გახლავთ.

ეს რომ ასე იქნებოდა, არც იყო გასაკვირი, რადგან პუტინი არც არსად წასულა. არც ის უნდა იყოს სიახლე ვინმესთვის, რომ რუსეთი დემოკრატიისგან შორს დგას. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის რა შეიცვლება, ძნელი სათქმელია. სავარაუდოდ, არც არაფერი. ხშირად უნდათ წარმოადგინონ, რომ დღევანდელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა სააკაშვილსა და პუტინს შორის ურთიერთობაა. მე ასე არ ვფიქრობ. შესაძლოა, სააკაშვილისთვის იყოს ეს პირადი ურთიერთობა, მაგრამ პუტინმა უკვე აჩვენა, რომ ის არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს რუსეთის განვითარების ხედვა. ამ ხედვის კონტექსტში მან შესაძლებელია სააკაშვილის იმპულსურობა და დამოკიდებულება პიარულად გაითამაშოს რომელიმე პრობლემის მისაჩქმალად და იმავეს გააკეთებდა, ალბათ, მედვედევიც, რომ დასჭირვებოდა. ასეა თუ ისე, არა მგონია, რამე თვისებრივად შეიცვალოს უარესობისკენ, თუ არ გაჩნდა რუსეთში რაიმე სერიოზული პრობლემა და როგორც გითხარით, საქართველოს გამოყენებით მის მიჩქმალვას არ შეეცდებიან საარჩევნოდ. საშიშროება, სწორედ ეს არის.

სააკაშვილი და საქართველო  პუტინისთვის უკვე კარგად დამუშავებული, პიარული თემაა. რუსეთის სახელმწიფოს აქვს წლების განმავლობაში შემუშავებული და მტკიცედ გადაწყვეტილი პოლიტიკა, რომ საქართველო და არა მხოლოდ საქართველო, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც ვერ ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ და სრულყოფილ სახელმწიფოებად. ამისთვის კრემლი ყველაფერს იღონებს. საქართველო კი კრემლისთვის განსაკუთრებული მხოლოდ პიარული მიმზიდველობის გამოა.

- ანალოგიური კომბინაციის გათამაშებას ქართული მედია საქართველოშიც ეჭვობს. კითხვაზე "აპირებს თუ არა ის გახდეს საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი და აპირებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი პრემიერობას?" - დავით ბაქრაძემ უპასუხა, მისი პასუხი არ არის არც კი და არც - არა. "არაბუნებრივი იქნებოდა, მეთქვა, რომ არ ვფიქრობ ჩემს მომავალ კარიერაზე. მე ვარ პოლიტიკოსი და მინდა, მოვიგოთ არჩევნები; მოხარული ვიქნები, თუ გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას", - ასე უპასუხა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს.

- კანდიდატურების თაობაზე ჩემთვის ძნელია საუბარი. თუმცა, თუ მაგალითად, ბაქრაძე იქნება პრეზიდენტი, ის ჩემი ინსტიტუტის კურსდამთავრებულია და, ცხადია, პირადად ძალიანაც მაწყობს, ასე რომ მოხდეს. თუ ვილაპარაკებთ ზოგადდემოკრატიულ კონტექსტზე, იქნება ეს ბაქრაძე-სააკაშვილის თუ სხვა კომბინაცია, მე ვიტყოდი, რომ ეს იქნება სამწუხარო კალკირება რუსული მოდელისა. როდესაც სააკაშვილი იმეორებს ხოლმე პუტინის მიერ დალაგებულ ფორმატებს, მაინცდამაინც სასიხარულო და მისაღები არ არის, რადგან როგორც მოგახსენეთ, ეს მხოლოდ პუტინის ფორმატი კი არ არის, ეს არის რუსული პასუხი რეალობაზე, თუ რანაირად არის შესაძლებელი და მისაღები დემოკრატია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და არ არის უბრალო თემა. რუსული მოდელის კალკირება საქართველოს ერთ-ერთი პოტენციალის მკვეთრი დაკნინებაა. საქართველოს ერთ-ერთი რესურსი მართლაც დემოკრატია იყო, არა მხოლოდ შიდა რესურსის თვალსაზრისით, არამედ გარე სამყაროსთვისაც.

საქართველოს ჰქონდა საიმისო პრეტენზია, გაეცა პასუხი კითხვაზე, რანაირად არის შესაძლებელი არათავისუფალი ტრადიციების მქონე ქვეყნისთვის, შექმნას თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოება და სახელმწიფო. ეს იყო ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიყავით საინტერესონი ცივილიზებული მსოფლიოსთვის, მათ შორის - ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. რაკიღა ჩვენ ამ მიმართულებით ვამთავრებთ მუშაობას და პუტინის მზა მოდელს ვიღებთ, ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენს საერთაშორისო და ისტორიულ საინტერესოობაზე. ალბათ, გახსოვთ, ერთხანს ავიღეთ აქცენტი იმაზე, რომ მსოფლიოში ფერად რევოლუციებს მოვაწყობდით. რატომღაც ეს ჩვენს ისტორიულ მისიად გამოცხადდა, რაც სასაცილო და სავალალო იყო. მაგრამ იმის მაგალითად, თუ როგორ შეიძლება არათავისუფალი საზოგადოება დემოკრატიულად გარდაქმნილიყო, ამის მსოფლიო ისტორიულ ნიმუშად გადაქცევის შანსი ნამდვილად გვქონდა. სამწუხაროდ, ჩვენ პუტინისეული შეფუთვა ავიღეთ, რომელიც გვეუბნება, საზოგადოება უნდა მართო ერთპიროვნულად და ის რამე ფორმით დაკმაყოფილებული უნდა გყავდეს; რომ ელიტა უნდა მართავდეს სახელმწიფოს, რომელსაც რამდენიმე ფიგურა ეყოლება წინ წამოწეული და დასავლეთისთვის მისაღებ ანტურაჟსა და ფაქტურას გაათამაშებს.

- ერთი მხრივ, მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. მეორე მხრივ, ისედაც გაუარესებულ სოციალურ ფონზე ადმინისტრირების კიდევ უფრო გამკაცრება, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. ახალი განკარგულებით დაუმორჩილებელი გარე მოვაჭრეები 7 დღით გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან. სასჯელს ფულადი ჯარიმა და სავაჭრო საგნის კონფისკაციაც დაემატება. გამოდის, ხელისუფლებას სოციალური პროტესტის არ ეშინია? თუ სხვა ჩანაფიქრი აქვს?

- ხელისუფლების ქმედებებში თანამიმდევრულობის დანახვა ისედაც ჭირს, მაგრამ თუ მაინცდამაინც რამე უნდა  ამოვიცნოთ, არა მგონია, ეს ნაბიჯი მოახლოებული არჩევნების გამო გადაედგა. აქ ორი მიზეზი შეიძლება იყოს: პირველი, ეს არის ორიენტაცია ტურიზმის განვითარებაზე. ამიტომ გარევაჭრობა იმ ფორმით, როგორითაც ჩვენთან არის, ტურისტებისთვის მაინცდამაინც სასიამოვნო სანახავი არ იქნება. არადა, ეს ხომ ჩვენი ეკონომიკური წყობის ბუნებრივი გამოხატულებაა, ასეთი სიღარიბეა და ფორმაც ასეთივეა. როგორც კი განვითარდება ეკონომიკა და ადამიანებს უფრო მეტი სახსარი გაუჩნდებათ, ცხადია, არავინ მოინდომებს ქუჩასა და ტალახში ვაჭრობას და შეეცდება, საკუთარი თუ მომხმარებლის პირობები გააუმჯობესოს. მაგრამ რაკიღა ამ პროცესის გამოსწორება ჯერჯერობით არ ჩანს, ამიტომაც ფორსირებენ ტურისტული ინფრასტრუქტურის საჭიროებებიდან გამომდინარე. ეს ერთი განმარტება, რაც შეიძლება ამ განკარგულებისა იყოს. მეორე განმარტება არის ხელისუფლების სქემა კარტელური და მონოპოლიური კორპორაციებისა.

ბევრ ქვეყანაში ჯართი, ნავთობი და მსგავსი ბიზნესები ნახევრად კრიმინალური კარტელების ხელშია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს გასცდა ამ სფეროების ფარგლებს და გადავიდა მედიცინაზე, სურსათზე... და ბუნებრივია, რომ ამ მონოპოლიის მოსაწესრიგებლად ასეთი პროცესები ვითარდება. ეკონომიკის დასაბალანსებლად ხელისუფლებას დამატებითი რესურსების მოზიდვა სჭირდება. ამისთვის მონოპოლიური ბიზნესიდან შემოსული თანხები უკვე აღარ ჰყოფნის და იძულებულია, გადავიდეს სხვა სფეროების ათვისებაზე. გუშინ ეს სამარშრუტო ტაქსები იყო, დღეს ხორცია, ხვალ ჭანჭური იქნება და ასე შემდეგ. ცხადია, ეს ყველაფერი არაპოპულარულია, მაგრამ რეალურად, როდესაც ხელისუფლებას ეკონომიკურად უჭირს და როცა სადღაც უმატებს - კონცერტებზე, მეგამშენებლობებზე, ბუნებრივია, სადღაც პროპორციულად უნდა მოაკლოს. ეს ელემენტარული არითმეტიკაა. ამიტომაც აკლდებათ ფული მოქალაქეებს ბაღების, დენისა და დასუფთავების გადასახადების გამო.