"შერიგების გარდა არ არსებობს სხვა ალტერნატივა, ორი სახელმწიფოს თანაცხოვრებისა" - კვირის პალიტრა

"შერიგების გარდა არ არსებობს სხვა ალტერნატივა, ორი სახელმწიფოს თანაცხოვრებისა"

"რადგან ივანიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგა, კრიტიკასთან შეგუებაც მოუწევს"

გასული კვირა პოლიტიკურად დატვირთული გამოდგა როგორც საერთაშორისო, ისე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების იმედად არ იყოს და ევროკავშირსაც "სათანადო პატივი" მიაგოს. უნდა ითქვას, რომ არც სარკოზი დარჩენია ვალში - თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას მაქსიმალურად ცდილობდა ქართველი ხალხის წინაშე მეგობრული და კეთილგანწყობილი წარმოჩენილიყო. დაკვირვებული ადამიანი  საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლაში ლამაზ სიტყვებთან ერთად ბევრ მწარე, მაგრამ სასარგებლო სიმართლესაც გამოარჩევდა - თუნდაც, რუსეთ-საფრანგეთისა და შესაბამისად, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით... თუმცა, სარკოზის ჩამოსვლამდე და უკვე მისი მასპინძლობის პარალელურად საფიქრალი შიდა პოლიტიკაშიც მრავლად გაჩნდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში აქტიურობა გადაწყვიტა და ქართველ საზოგადოებას რამდენიმე განცხადებით მიმართა. ქართული დემოკრატია, ეკონომიკა, სასამართლო და ზოგადად, სახელმწიფო სისტემები რომ გაჯანსაღებას საჭიროებს, ახალი ამბავი არ ყოფილა. ახალი იყო ახლა უკვე პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის კომერციული შეთავაზებები ტელეკომპანიების მფლობელთა მიმართ, რასაც, სიმართლე რომ ვთქვათ, თავად ივანიშვილისადმი პატივისცემის მიუხედავად, არცთუ კორექტული სახე ჰქონდა.  ეს არც იყო კომერციული შეთავაზება, რადგან კომერციაში, ვაჭრობის წინ პარტნიორს არ აგინებენ - მედიათვალსაზრისით კი ”კავკასიისა" და ”მაესტროს" სააკაშვილის სპეცსამსახურებად გამოცხადება, დამეთანხმებით, გინების ტოლფასია. ასე რომ, რამდენი ქულის მომტანი (ან დამკლები) იქნება მისთვის  ეს განცხადება, მომავალი გვიჩვენებს, პირველ პოლიტიკურ საბრძოლო ნათლობად კი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს. დაწვრილებით, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძეს ვესაუბრებით:

- "დღეს თბილისში ევროპის უძლიერესი ლიდერი ლაპარაკობდა, რომლის ქვეყანამაც ბოლო პერიოდში აფრიკაში ორი ომი მოიგო", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა.

როგორც ჩანს, მან, როგორც პოლიტიკოსმა, სარკოზის ვიზიტის პოლიტიკურ ქულებში კონვერტაცია სცადა და ეს სრულიად ბუნებრივიც არის. მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი მცდელობები "დიდი სტუმრების" მიმართ საზოგადოებაში გადაჭარბებულ მოლოდინსა და მოთხოვნასაც იწვევს...

- გეთანხმებით, რომ გაზვიადებული მოლოდინი მართლაც არის ჩვენს ხასიათში და ამ შემთხვევაშიც ასე იყო. თუმცა თავისთავად ეს ვიზიტი მართლაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. აღარ გავიმეორებ იმას, რაც მედიაში ბევრჯერ ითქვა, რომ ეს არის დადასტურება საფრანგეთის ინტერესისა კავკასიის რეგიონისა და კონკრეტულად, საქართველოს მიმართ; რომ თვით ბატონი სარკოზის როლი აგვისტოს ომის პერიოდში და შემდგომ ძალიან დიდია; ის, რომ საფრანგეთი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ლიდერია ევროკავშირის ქვეყნებში და ა.შ. ამ შემთხვევაში თვითონ სარკოზის გამოსვლაზე შევჩერდები, რაც ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო იყო.

ამ გამოსვლაში პირადად ჩემთვის, პასუხი გაეცა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვას. პირველ რიგში, ტონალობა იყო ნამდვილი ევროპელი პოლიტიკოსისა. კეთილგანწყობილი ტონი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კითხვებზე გაცემულ პასუხებს - ეს პირველ რიგში ეხება საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ დადასტურებას. ალბათ გახსოვთ, იყო მითქმა-მოთქმა, თითქოს ბატონი სარკოზი თვლის, რომ 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმება რუსეთმა შეასრულა. ბუნებრივია, საქართველოში ამასთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული განწყობა გაჩნდა. ამ ცნობილი დოკუმენტის მიმართ ბატონმა სარკოზიმ მკვეთრად დაადასტურა თავისი პოზიცია და თქვა, რომ როდესაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში რუსეთი იგულისხმებოდა - ის მან უნდა შეასრულოს და ამის შეუსრულებლობა, საქართველოს მიმართ შანტაჟი და მუქარა სრულიად მიუღებელიაო.

იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ნატოსთან დაკავშირებით: ჩვენ ვიცით, რომ 2008 წელს საფრანგეთმა არ დაუჭირა მხარი საქართველოსთვის მაპ-ის მიცემას. როგორც  სარკოზის ვიზიტისას გამოჩნდა, პოზიცია ამ მხრივაც შეცვლილია.

ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებაც, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც 2008 წლის სექტემბერშივე ჩამოვიდნენ საქართველოში, არა მარტო საზღვარს უნდა უწევდნენ მონიტორინგს, არამედ უნდა შევიდნენ აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც - ესეც, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი განცხადება იყო.

- "დღეს გამოჩნდა, სად არის ევროპის სიმპათია. დაშინებისა და მოსყიდვების მიუხედავად, რუსეთმა ევროპის პოლიტიკა ვერ შეცვალა. ევროპამ თქვა, - არ ვიყიდებით და არ დავუშვებთ გავლენის სფეროების დაბრუნებას. ნიკოლა სარკოზიმ დღეს პასუხი გასცა საბჭოთა კავშირის დაბრუნების მსურველ პუტინს - უთხრა, რომ საბჭოთა კავშირი ვეღარ აღდგება" - ესეც მიხეილ სააკაშვილის შეფასებებია.  თუმცა საქართველოს პრეზიდენტს თავისი ფრანგი კოლეგის სხვა შეფასებებზე არ ულაპარაკია: ნიკოლა სარკოზის თქმით, საფრანგეთი რუსეთს თავის მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს, რადგან მათი ბედი ურთიერთდაკავშირებულია და ევროპელები და რუსები ერთად უზრუნველყოფენ მათი ხალხების მდგრად კეთილდღეობას და კონტინენტის სტაბილურობასო...

- ჩვენს პოლიტიკოსებს სჩვევიათ, რაც მათ აძლევთ ხელს, მხოლოდ იმაზე გააკეთონ აპელირება და ყურადღება ცალკეულ მომენტებზე გაამახვილონ - აი, რუსეთის მიმართ ესა და ეს ითქვაო, მაგრამ ჩვენ შესახებ რაც ითქვა, ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ ხოლმე, - თუნდაც ის, რომ საქართველოში უნდა გაღრმავდეს დემოკრატიული პროცესები და შესრულდეს ვარდების რევოლუციის დროს დანაპირები; მეორე

ვხედავ, საქართველო ევროპული ქვეყანაა და როდესაც აქ ვარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც  ევროპაში, მაგრამ იმისათვის, რომ ნამდვილად მოხვდეთ ევროპაში, თქვენ რთული გზა უნდა გაიაროთ და რაღაც-რაღაცებიც უნდა შეასრულოთ და გააკეთოთო.

ვიზიტები და საერთაშორისო სარბიელზე აქტიურობა კარგია, მაგრამ იმისათვის, რომ ევროპული სახელმწიფო გახდე, ევროკავშირში გაწევრდე, ან დაუახლოვდე მას, საჭიროა შიგნით, საქართველოში მოხდეს ძალიან სერიოზული ცვლილებები.

არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, როგორც ტარდება ევროპაში. სახელისუფლებო სპექტრი უნდა იყოს ისე, როგორც ფუნქციონირებს ევროპაში; სასამართლო უნდა იყოს ისე, როგორც ევროპაში და ზოგადად, ყველა უნდა ვიქცეოდეთ ისე, როგორც ევროპელები იქცევიან - დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული რიგითი მოქალაქეებით.

აი, ეს იგულისხმა საფრანგეთის პრეზიდენტმა. რა თქმა უნდა, აქ ისიც საყურადღებოა, რომ საფრანგეთს კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან და შერიგების გარდა, არ არსებობს სხვა ალტერნატივა ორი სახელმწიფოს თანაცხოვრებისა დღევანდელ მსოფლიოში. სარკოზიმ ხომ პირდაპირ გვითხრა - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიას შევურიგდითო და თქვენც, რაღაც ეტაპზე უნდა მოახერხოთ და რუსეთთან, რომელთანაც ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, უნდა გამონახოთ საერთო ენა. იქ იყო კიდევ ლირიკული გადახვევები იმის შესახებ, რომ თავის დროზე საფრანგეთმა შეიფარა საქართველოს დევნილი ხელისუფლება; ნათქვამი იყო იმის შესახებაც, თუ როგორი ისტორიული ურთიერთობები გვქონდა... ასე რომ, მართალი გითხრათ, მე ეს გამოსვლა ძალიან მომეწონა. თვითონ ეს ინიციატივა, რომ ის მოედანზე შეკრებილი ხალხის წინაშე გამოსულიყო სიტყვით, რამდენადაც ვიცი, სარკოზისგან მოდიოდა. ეს უკვე თავისთავად სიმპათიური ჟესტია...

- სარკოზიმ ბევრი ისეთი რამეც თქვა, რაც რუსეთს აშკარად არ ესიამოვნებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს, რომ მათი მომავალი ქართველ თანამემამულეთა გვერდით არის და არა დამონებულ ფსევდოსახელმწიფოებში. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი კვლავაც აგრძელებს რუსეთის "სტრატეგიულ" პარტნიორობას. ანუ, ახერხებს იმას, რომ ერთი მხრივ, აკრიტიკოს კიდეც რუსეთი და მისთვის მიუღებელ საკითხებზე საჯაროდ ისაუბროს და ამავე დროს, მასთან ურთიერთობებში საკუთარი ინტერესებიც გაატაროს. რამდენად რეალურია საქართველოსთვის ანალოგიური პოლიტიკის წარმოება რუსეთთან?

- მართალი გითხრათ, სარკოზის გამოსვლიდან სიტყვასიტყვით ასეთი ტექსტი არ მახსოვს. შესაძლოა, ისეთი რამ, რაც მოგვიანებით ოსი და აფხაზი ხალხისადმი მიმართვად გავრცელდა, მართლაც ითქვა და გამომრჩა - ალბათ, საფრანგეთის საელჩო სარკოზის გამოსვლის სტენოგრამას გამოაქვეყნებს და ამის შესახებ უფრო ზუსტად გვეცოდინება. ყოველ შემთხვევაში, ის კი მოვისმინე, რაც  სარკოზიმ გვირჩია: საქართველომ ისე უნდა წაიყვანოს საქმე, ისეთ მიმზიდველ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, რომ აფხაზებმაც და ოსებმაც თქვენთან ერთად არჩიონ ცხოვრებაო.  რაც შეეხება კითხვას -  მოახერხებს თუ არა ჩვენი ქვეყანა იმას, რასაც საფრანგეთი ახერხებს... რეალისტები თუ ვიქნებით, რა თქმა უნდა, საქართველოს მდგომარეობა საფრანგეთის მდგომარეობას ვერ შეედრება. საფრანგეთი  არასდროს ყოფილა საბჭოთა რესპუბლიკა და  რუსეთის გავლენის სფეროს ქვეყანა. საფრანგეთი არის  დიდი ევროპული სახელმწიფო, ნატოს წევრი, ევროკავშირის წევრი; საფრანგეთმა ერთ მშვენიერ დღეს "დაიპყრო" მოსკოვი და ბოლოს და ბოლოს, საფრანგეთი - საფრანგეთია...  მაგრამ ევროკავშირს აქვს თავისი ხედვა, თავისი დღის წესრიგი და გეოპოლიტიკური ამოცანები.

დღესდღეობით მათ ინტერესებშია რუსეთთან კარგი ურთიერთობა, რადგან ასეთია მათი პოლიტიკური მოთხოვნები და მიზნები. ჩვენ ვერავის ვაიძულებთ, თავისი პოლიტიკა საქართველოს ინტერესების შესაბამისად ააწყოს. მაგრამ საქართველოს ინტერესები რომ გაითვალისწინოს და ჩვენ მეგობრად ჩაგვთვალოს, რომლის მხარდაჭერაც საჭიროა, ეს სავსებით შესაძლებელია. სარკოზის ჩამოსვლაც  სწორედ ამის მაგალითი იყო. მაგრამ, მარტო კარგი ვიზიტები, კარგი მიტინგები და კარგი გამოსვლები წარმატებისთვის საკმარისი არ არის. როგორც გითხარით, ჩვენი მხრიდანაც უნდა გაკეთდეს ბევრი რამ. საქართველოს სერიოზული დემოკრატიული და სისტემური ცვლილებები სჭირდება იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულ და სრულფასოვან მოთამაშედ იქცეს.

- სისტემურ ცვლილებებს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა გასულ კვირაში სერიოზული განცხადება გააკეთა....

- ყველა მოქალაქეს აქვს პოლიტიკაში ჩართვის უფლება, მათ შორის, ბიზნესმენებსაც და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილს ალბათ ყველაზე მეტი უფლება აქვს, ეს გააკეთოს, რადგან ის უპრეცედენტო მასშტაბის მეცენატი გახლავთ. აღარ ჩამოვთვლი იმ დიდ დახმარებებს, რაც მან ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში უამრავ ხალხს, დაწესებულებებსა და ასე შემდეგ გაუწია - სამების ტაძარი, თეატრები, უნივერსიტეტი, საგამოფენო დარბაზები... რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამიტომ, მისი შემოსვლა პოლიტიკაში, მისასალმებელია, რადგან ამ კაცმა თავისი ცხოვრების წესით დაამტკიცა, რომ პატრიოტია და საქართველო მისი მთავარი საფიქრალია. თანაც,

ის, რომ ჭორვილაში ცხოვრობს მთელი ეს წლები, ვფიქრობ, რაღაცის მანიშნებელია. მას შეეძლო სადღაც, კანსა თუ მაიამიში ელივლივა და იქიდან ეკეთებინა განცხადებები. ასე რომ, ის მართლაც მონაპოვარი შეიძლება იყოს ქართული პოლიტიკისათვის.

- ქართულ პოლიტიკას, ისევე როგორც ზოგადად პოლიტიკას, თავისი მორალური და ეთიკური თავისებურებები აქვს. რამდენად იქნება მზად ბიზნესმენი და მეცენატი ივანიშვილი, რომ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული თამაშის წესებითაც ითამაშოს და "პოლიტიკურ ლაფში" ამოსვრასაც გადაურჩეს? რამდენად შეძლებს ლავირებას და მანევრირებას იმ არცთუ მაღალრეიტინგულ ქაოსში, რასაც ქართული პოლიტიკა ჰქვია?

- ძალიან რთულია ამის პროგნოზირება... პირველი, ყველაზე ნათელი პასუხი ამ კითხვებზე გვექნება მას შემდეგ, როდესაც გამოჩნდება, რომელ პოლიტიკურ ფიგურებზე, პიროვნებებზე გააკეთებს არჩევანს თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, ვის დაიყენებს გვერდით, ვინ იქნება იმ გუნდის წევრი, რომელიც პოლიტიკურ პარტიად ან მოძრაობად ჩამოყალიბდება.

ვიმედოვნებ, რომ მას ეს ყველაფერი კარგად აქვს გააზრებული და გაანალიზებული, რადგან ჩვენს ოპოზიციურ სპექტრს სერიოზული გაძლიერება სჭირდება, რათა პოლიტიკური კონფიგურაცია დაბალანსდეს.

ვფიქრობ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსვლით პოლიტიკაში კარგი შანსია შეიქმნას ასეთი პოლიტიკური ძალა, ძალა, რომელიც დააბალანსებს პოლიტიკურ მონოპოლიას, რომლის სათავეშიც დღეს მხოლოდ ხელისუფლება დგას.

- თუმცა ივანიშვილის მიმართ ქართულ მედიასა და ზოგადად, საზოგადოებაში ერთგვარი გაურკვევლობაც გაჩნდა - მაგალითად, მის მიერ ტელეკომპანიების შეძენის სურვილთან დაკავშირებული განცხადების გამო - ბიზნესმენის ვრცელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ტელევიზიას, მათ შორის "მაესტროსა" და "კავკასიას" მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს და დასახელებული ტელეარხები "სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებს წარმოადგენენ"...

- პოლიტიკოსის მოვალეობაა გააკეთოს განცხადებები, გამოიჩინოს ინიციატივები და შესთავაზოს წინადადებები. პრესის მოვალეობაა, აკრიტიკოს ეს ყველაფერი. სანამ ბიძინა ივანიშვილი იყო ქველმოქმედი, მას იშვიათად თუ ვინმე გააკრიტიკებდა და ეს გასაგებიც იყო. გარდა ამისა, მისი უფლება იყო ჩრდილში ყოფნაც და პირადი ცხოვრების უფლების შენარჩუნებაც. ახლა, როდესაც ის უკვე პოლიტიკურ სარბიელზე გამოვიდა, თამაშის წესები შეიცვალა - ის პოლიტიკოსია და პრესის პირდაპირი მოვალეობაც ის იქნება, აკრიტიკოს მწვავედ, რბილად, დაუნდობლად თუ დანდობილად, როგორც მას მოეპრიანება.

პოლიტიკოსი კი სულ მუდამ მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ე.წ. "ვოჩ დოგის", ანუ მოდარაჯე ძაღლის ყურადღების ქვეშ იქნება და არაფერი უნდა შეეშალოს, თორემ მას არაფერს აპატიებენ...