დაემთხვა თუ დაამთხვიეს ივანიშვილის განცხადება სარკოზის ვიზიტს?! - კვირის პალიტრა

დაემთხვა თუ დაამთხვიეს ივანიშვილის განცხადება სარკოზის ვიზიტს?!

გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილი ახალ ამპლუაში წარდგა საზოგადოების წინაშე და ბევრი საფიქრალი და სალაპარაკოც გააჩინა.უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ ივანიშვილზე, როგორც ქართულ პოლიტიკაში გამოჩენილი ახალი ფაქტორის აწმყოსა და მომავალზე. ფაქტორი უდავოდ მნიშვნელოვანია და ქართულ რეალობაზე გავლენასაც მოახდენს. კარგსა თუ ცუდს, მხოლოდ ივანიშვილზეა დამოკიდებული რამდენიმე ფაქტორის გამო: 1) თუ როგორ გამოიყენებს მაღალ ნდობასა და იმედს, რომლის ავანსად გასაცემადაც, როგორც ჩანს, მოსახლეობა უკვე მზად არის''; 2) გაითვალისწინებს თუ არა ბადრი პატარკაციშვილის, როგორც პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენის გამოცდილებას გუნდის შემადგენლობის, პიარის, ფინანსების განკარგვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით (ამ უკანასკნელში იგულისხმება როგორც პირადი, ისე ახლობლებისა და ქონების ხელყოფის მოსალოდნელი მცდელობები); 3) შეძლებს თუ არა საქართველოს გარშემო შექმნილ გეოპოლიტიკურ რეალობაზე მორგებას ისე, რომ არც ამერიკის სტრატეგიულ ინტერესთა შფოთი გამოიწვიოს, არც რუსეთის ველიკოდერჟავული ძალები დააეჭვოს და არც ხელისუფლების პიარმანქანას მისცეს პრორუსად შერაცხვის საბაბი. ანუ, როგორც ქართველებს გვიყვარს თქმა, "არც მწვადი უნდა დაწვას და არც შამფური".

ივანიშვილის განცხადებების სიხისტემ საზოგადოების ერთი ნაწილი შესაძლოა გააღიზიანა, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ დაპირებებით, თარიღების დათქმითა და ფუჭი ეპატაჟებით გაბეზრებული საზოგადოების წინაშე სხვაგვარად წარდგომა მარცხისთვის იქნებოდა განწირული. სხვა საქმეა, რამდენად მართებულია პოლიტიკაში პოლიტკორექტულობაზე უარის თქმა, სადაც ყველა ძალას თავისი დანიშნულება აქვს და ყველას გამოყენება შეიძლება. პოლიტიკის ხელოვნებაც ეს არის. თუმცა ბიძინა ივანიშვილს არც აქვს ჩერჩილობასა და ტალეირანობაზე პრეტენზია. მისი მოდელი გულწრფელი კაცის ანტურაჟია, რომელიც ჩუმად აკეთებდა თავის საქმეს და პოლიტიკაში მოსვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის გამო გადაწყვიტა. ასეთ შემთხვევაში

"ცხრა ბუჩქზე გადამხტარ" პოლიტიკოსთა შორის მოხვედრილი, ინტრიგებში გამოუცდელი კაცისთვის დეკლარირებული სიმართლე საუკეთესო ჯავშანიც არის და საუკეთესო პიარსახეც.

მესამე საკითხია მედიასთან დამოკიდებულება, სადაც ივანიშვილს, როგორც ჩანს, ბიზნესმენის სულმა სძლია, როდესაც შეძენასა და დაფინანსებაზე დაიწყო საუბარი. ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის, "მაესტროსა" თუ "კავკასიის" ობიექტურობაზე, მაგრამ მედიასაშუალების ყიდვის ნაცვლად, ალბათ, უფრო საქმიანი და სამართლიანი მედიაფონდის ჩამოყალიბება იქნებოდა, რომელიც კონკრეტულ მედიააქტივობებს დააფინანსებდა და რომელსაც თავად ივანიშვილისგან დამოუკიდებელი, საზოგადოებრივი საბჭო განკარგავდა. რაც შეეხება რუსულ შეთქმულებას, რაზეც ასე თავგანწირვით ლაპარაკობენ ნაციონალური მაუწყებლები: თუ ერთ სიბრტყეზე განვიხილავთ თბილისში ჩამოსული სარკოზის განცხადებას რუსეთთან შერიგებასა და მეგობრობაზე და ივანიშვილის მიერ ალასანიასა და რესპუბლიკელების პარტნიორებად გამოცხადებას, ნათელი ხდება, რომ სწორედ ივანიშვილი შეიძლება აღმოჩნდეს ის ოქროს შუალედი, სადაც დასავლეთის ინტერესებითა და ორიენტირით რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა იქნება შესაძლებელი. მოხერხდება თუ არა ეს ისე, რომ საქართველოს ინტერესებიც არ შეიბღალოს, თავად ივანიშვილისა და მისი გუნდის მოხერხებაზე იქნება დამოკიდებული. საგულისხმოა, რომ ბიზნესმენი-პოლიტიკოსი თავის "ლუსტრაციულ" განცხადებებში, არც ავად და არც კარგად, ჯერ ბურჯანაძის მოძრაობას არ შეხებია. მას ან სათადარიგო "ბანქოდ" ინახავს, ან რუსეთის განაწყენებას თუ დაეჭვებას ერიდება.

საინტერესოა, რას დაუპირისპირებს ხელისუფლება ივანიშვილის ფაქტორს - მოქალაქეობის ჩამორთმევა აშკარად სტრატეგიული შეცდომა ან საშუალო რგოლის მოხელეთა ზედმეტი თავგამოდების შედეგი იყო. ტელევიზიას მას ვერ წაართმევენ, იმიტომ, რომ არა აქვს და ვერც ხელს მოსჭრიან სამების აშენებისთვის, იმიტომ, რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ არ არის მეფე. ვერც მაინცდამაინც ბადრი პატარკაციშვილთან ნაცადი ილეთები გაამართლებს. თუ რატომ, ამის შესახებ The New Yorker-ის სტატია მეტყველებს: "პატარკაციშვილი უფრო ვულგარული, თავზე ხელაღებული ავანტიურისტი გახლდათ და არა ისეთი ფრთხილი მოთამაშე, როგორსაც ივანიშვილი ჰგავს". ივანიშვილს არც არჩევნებში დასჭირდება ფულის დახარჯვა და არც საკუთარი მედიაპროპაგანდისთვის. იმისთვის, რომ არჩევნები უპირატესობით მოიგოს, მხოლოდ საარჩევნო სიაში მისი გვარის მოხვედრაა საჭირო.

დღეს მას მხოლოდ არჩევნებამდე დროის გაყვანა და მშვიდობიანად მიღწევა სჭირდება.

გარეშე ფაქტორები ხელოვნურად ფორსმაჟორის შესაქმნელად და რისამე გადასაფარად არა და ვერ იმოქმედებს, რადგან მედვედევის თქმით, "საქართველოსთვის მშვიდობის იძულების მსგავს ოპერაციას რუსეთი უახლოესი ათწლეულების განმავლობაში არ ჩაატარებს".  ჯერჯერობით, ხელისუფლებას მხოლოდ ერთი სვლა რჩება - მასობრივი არეულობები, რათა ივანიშვილის დადანაშაულება შეძლოს ხელისუფლების ძალით დამხობის მცდელობაში. ამ მიზნით ვითარების ხელოვნურად დამძიმებაც შეიძლება - თუნდაც დამატებითი გადასახადების შემოღება-გაზრდით, დეკლარირებული უსამართლობით, სატელიტური ფსევდოოპოზიციის დახმარებით კი ქართულ მოუთმენლობაზე თამაში და ხალხის ქუჩაში გამოყვანა - ჩვენ ხომ ყველაფერი "გუშინ" გვინდა. მოკლედ, წინ ძალზე საინტერესო პერიოდი გველის, რომლის დეტალური ანალიზიც პოლიტოლოგ მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ:

- ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში გამოჩენის თავისებური გზა არჩია. ის უარს ამბობს პოლიტკორექტულობაზე, ლაპარაკობს "სადემარკაციო ხაზზე", პოლიტიკოსებს მონანიებისა და შეცდომების აღიარებისკენ მოუწოდებს. გაამართლებს თუ არა ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევის მცდელობა?

- რიგითი მოქალაქის განცხადებები, რომელიც პირველად შემოდგამდა ფეხს ქართულ პოლიტიკაში და რომელსაც არ ექნებოდა ისეთი რესურსი, როგორიც ივანიშვილს აქვს, ალბათ, მართლაც გაღიზიანებასა და გაბრაზებას გამოიწვევდა. მაგრამ ვფიქრობ, ივანიშვილის აგრესიული ნაბიჯი გამიზნული  იყო იმისთვის, რომ თავიდანვე გახსნილიყო ფრჩხილები. არ ვთვლი, რომ ეს ემოციური სვლაა. პარტნიორების არჩევაც გამიზნული და გააზრებულია. ცხადია, ამან პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის აგრესია გამოიწვია, მაგრამ თუ ქვეყნის შველა გინდა, ივანიშვილს აქვს ისეთი რესურსი, რომელიც გამოსაყენებელია. რა ტიპის რესურსი აქვს? პირველი - რასაკვირველია, უზარმაზარი ფინანსური, რომელიც თავისთავად ყბადაღებულ რუსული ფულის თემას გამორიცხავს, თუ საჭირო გახდა, იქით მისცემს; მეორე კავშირები მსოფლიოს ბიზნესსამყაროსთან. თან, ეს არ არის ის სამყარო, რომელიც ჩვენი ღარიბი ქვეყნიდან ჩანს. ეს არის სამყარო, რომელიც მსოფლიოში ეკონომიკურ პოლიტიკას და ხშირად პოლიტიკასაც კი წარმართავს;

მესამე - მისი ნაკეთები საქმეების ხიბლი. ესეც სერიოზული რესურსია. რაც შეეხება პარტნიორების არჩევას: ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი გაუთავებლად იმეორებს, ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტიაო, მაგრამ ასეთი მსჯელობა კონტრპროდუქტიულია და ისევ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს. რა გამოდის, ივანიშვილმა ისეთი პარტნიორები შეარჩია, რომელთაგან ერთს ამერიკა უჭერს მხარს - ვგულისხმობ ალასანიას გუნდს; მეორე კი, რესპუბლიკური პარტია, პროდასავლური ორიენტაციით არის ცნობილი და ამდენად გამაღიზიანებელიც კი არის ხოლმე საზოგადოების ერთი ნაწილისთვის.

ესე იგი, რუსებს, ევროპელებსა და ამერიკელებს მოულაპარაკიათ და ეს ალიანსი შეუქმნიათ?

- ხელისუფლების ლოგიკას რომ მივყვეთ, ასე გამოდის. თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ძალიან საინტერესოდ დაემთხვა თუ დაამთხვიეს ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადება სარკოზის ვიზიტს საქართველოში.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოდან ისე წავიდა, მხოლოდ აეროპორტის დაცვის უფროსმა გააცილა.

სხვათა შორის, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული დემარშისა, სხვა დადებით მომენტებთან ერთად, სარკოზიმ ყურადღება გაამახვილა რუსეთთან კარგი ურთიერთობის აუცილებლობაზე. მეტიც, მის ინტონაციაში მოთხოვნაც კი ჩანდა. მან განაცხადა, რომ რუსეთი არის მათი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი და გთხოვთ ამას ანგარიში გაუწიეთო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სარკოზიმ თავისი ქვეყნის ევროპული პოლიტიკა მსოფლიო პოლიტიკით შეცვალა; ანუ საფრანგეთი დე გოლის დროინდელ პოლიტიკას უბრუნდება, როდესაც საფრანგეთს გავლენა ჰქონდა მთელ მსოფლიოში. მისი აქტივობა ლიბანში, ირანსა და კავკასიაში ამის მანიშნებელია. როგორც ჩანს, გადატვირთვის პოლიტიკამ ვერ გაამართლა და ამერიკელი პოლიტოლოგები და პოლიტელიტის ნაწილი მთავრობისგან უკვე დაჟინებით მოითხოვენ რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკის შეცვლას. ამ კონტექსტში  ივანიშვილის  გამოჩენა ძალიან საინტერესოა და საყურადღებოა ისიც, რომ მან პარტნიორებად გაიხადა დასავლური ყაიდის ქართველი პოლიტიკოსები. ამ ფონზე რუსეთის გამოგზავნილ კაცზე ლაპარაკი სისულელეა.

- საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით ძალთა განლაგებაში კიდევ ერთი მომენტია საგულისხმო: ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, მისი აზრით, ყველას თავისი მიაგო - დაასახელა ისინი, ვისთანაც ითანამშრომლებს, და ისინიც, ვისთანაც არ ითანამშრომლებს. მაგრამ არც ერთ კლასიფიკაციაში არ აღმოჩნდა ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც თავისი პრორუსული თუ არა, რუსეთთან დაახლოებული ორიენტაციით მაინც არის ცნობილი. მასზე ივანიშვილის განცხადებაში არც კარგი თქმულა და არც ცუდი. ბურჯანაძის ფაქტორს სათადარიგო "ბანქოდ" ინახავს?

- არც ეს არის გამორიცხული. ბურჯანაძე ნამდვილად არ უხსენებია, მაგრამ ასეთი კითხვის პირდაპირ დასმის შემთხვევაში ივანიშვილი, ალბათ, გიპასუხებთ, რომ ბურჯანაძე იყო იმ გუნდის წამყვანი ნაწილი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. აქედან გამომდინარე, ნახავს, მოინანიებს თუ არა ის თავის საქციელს და რამდენად ჩაერთვება ახალი პოლიტიკური პორტრეტის შექმნაში, რის წარდგენასაც საზოგადოებისთვის თავად აპირებს. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს ასეთი ტაქტიკური კარტი შემონახული ჰქონდეს. ეს არა მხოლოდ ბურჯანაძეზე, არამედ იმ  პარტიებზეც ითქმის, სხვადასხვა ტიპის აქტიურ ორიენტაციაში რომ არიან შემჩნეული.

ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოში პოლიტიკური სპექტრი გადალაგდება. ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ მწვავე განცხადებები იმიტომ არ გააკეთა, რომ ივანიშვილთან თავისი ლაპარაკის რიგს ელოდება. ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიის არსებობა განპირობებულია იმით, თუ რამდენად აქტიური იქნება ის საჯარო პოლიტიკაში - პარლამენტი იქნება თუ სხვა სახელმწიფო არჩევითი ორგანო. ჩვენ ამას დღეს პოლიტიკანობას ვარქმევთ, მაგრამ ისე, ასეთი ნაბიჯიც გასაგები უნდა იყოს.

აქედან გამომდინარე, არის ტაქტიკური სვლები, პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებები და ა.შ. მთავარი კი მაინც ის არის, რომ ამ ტიპის სამეული არსებობს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ სხვა პარტიებთან კონსულტაციებიც მიმდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია "ფორუმი", რომლის ერთ-ერთი ლიდერი, ნოდარ ჯავახიშვილი, ივანიშვილის ფინანსთა განმკარგავი და კურატორი ხდება. მართალია, ეს საკითხი ინდივიდუალური, პიროვნული ხასიათის იყო, მაგრამ ჯავახიშვილი პატიოსანი და ერთგული კაცია და პროფილის შეცვლის მიუხედავად, პოლიტიკურ წარსულთან კავშირს არ გაწყვეტს. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ მიუხედავად იმისა, ზურა ბიგვავა ბოლო დროს აღარ მოიაზრებოდა ბურჯანაძის გუნდში, მაგრამ მაინც მის მოძრაობასთან დაახლოებული პირი გახლდათ.

- ივანიშვილმა ქართულ მედიაზე საუბარშიც გამოიჩინა ორიგინალობა.

- ეს ცალკე მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც განსაკუთრებულად მინდა შევეხო. ჩემი აზრით, ჟურნალისტებთან დამოკიდებულება შეიძლებოდა შედარებით რბილი ყოფილიყო. თუმცა ამ განცხადების პათოსიდან გამომდინარე, გასაგებია, რატომაც გადადგა მან ეს ნაბიჯი. ,,მაესტროსა" და ,,კავკასიის", ასევე ზოგიერთი გამოცემის ჟურნალისტები თავს დებენ იმისთვის, რომ საზოგადოებამდე სიმართლე მიიტანონ. ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ, ობიექტური იყვნენ. მათი შრომა ნამდვილად დასაფასებელია - ბევრჯერ შეურაცხყოფაც აუტანიათ, გალახულან კიდეც. აქედან გამომდინარე, მათ აქვთ უფლება, გასაყიდი ობიექტების რიცხვში არ მოიხსენიებოდნენ. მე უფრო მართებულად მიმაჩნია, მედიისთვის პირდაპირ ფულის გადახდის ნაცვლად, შექმნილიყო ჟურნალისტური პროექტების ფონდი, რომელიც კონკრეტულ პროექტებს დააფინანსებდა. რასაკვირველია, ჟურნალისტებთან არც ლაქუცი ვარგა, მაგრამ არც დაუმსახურებლად შეურაცხყოფა იქნება მართებული. მე მახსოვს, თუნდაც 26 მაისის გაშუქებისთვის რამდენი ჟურნალისტი დაზარალდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, პროგრამული საკითხია. ძალიან სერიოზული განცხადება იყო, ღონიერი, იმედისმომცემი და წარმატებაზე ორიენტირებული, მაგრამ მე ვთვლი, რომ ძალიან მალეა საჭირო პროგრამული პოსტულატების დემონსტრირება. მე, როგორც ადამიანს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, უპირველესად დაკარგული ტერიტორიების ბედი მადარდებს. მაინტერესებს, როგორია ბიძინა ივანიშვილის ხედვა ამ საკითხზე; როგორი იქნება მისი გუნდის ხედვა ქვეყნის უსაფრთხოების პროგრამაზე. მით უმეტეს, რომ გეოპოლიტიკური სურათი ყოველდღე იცვლება და სულაც არ არის გამორიცხული, ყარაბაღის მოვლენების გამო ვითარება გართულდეს. ქართველი საზოგადოება მიეჩვია ტყუილს, რომელიც უკვე მოჰბეზრდა. ეს ძალიან პარადოქსულია, მიეჩვია, მაგრამ მოჰბეზრდა. არავის აქვს იმის უფლება, ქართველ საზოგადოებას იმედი გაუცრუოს, მათ შორის - არც ივანიშვილსა და არც მის მოკავშირეებს, რომლებთანაც უკვე ვისაუბრე ამაზე და ეს საკითხი თითქმის კატეგორიულად დავაყენე. მინდა მჯეროდეს და მჯერა კიდეც, რომ ეს იმედი ნაწილობრივ მაინც არ გაცრუვდება.

- თქვენი აზრით, რა შეიძლება დაუპირისპიროს სააკაშვილის ხელისუფლებამ ივანიშვილის ფაქტორს?

- საინტერესო და რთული საკითხია. არის ერთი ვარიანტი, რასაც წვრილმანი შეტევები შეიძლება დავარქვათ და რასაც შეიძლება მისი ოჯახის ახლობლების შევიწროება და დაპატიმრება მოჰყვეს. მეორე ვარიანტით, შეიძლება ზოგიერთ სატელიტურ პარტიას დააწყებინონ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, ოღონდ სატელიტური პარტიები ვადამდე არჩევნებზე ილაპარაკებენ არა ივანიშვილის გამო, არამედ იმიტომ, რომ "მთავრობა ცუდად იქცევა". თუმცა,  არა მგონია, ეს ნაბიჯი ხელისუფლებისთვის მომგებიანი იყოს. მესამე - ეს არის ანგარიშების დაყადაღება და ქონების ხელყოფა. მაგალითად, ახლა ლაპარაკი დაიწყეს, რომ სოლოლაკის ბიზნესცენტრი უნებართვოდ ყოფილა აშენებული; ან შეავიწროონ "ქართუ ბანკი". ასეთი შემთხვევები ჩვენ პატარკაციშვილის მაგალითიდან კარგად გვახსოვს. როგორც მას წაართვეს, შეიძლება ივანიშვილსაც ისე მოუნდომონ წართმევა. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ იმედია, ივანიშვილს გათვალისწინებული აქვს პატარკაციშვილის შეცდომები. ისევე, როგორც იმედია, რომ თავისი ჯგუფის შერჩევაში ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილის საკადრო შეცდომებს არ დაუშვებს, - მან შემოიკრიბა პირები, რომელთა დიდმა ნაწილმა ის გაყიდა.

- რაც შეეხება ცხინვალში შექმნილ ვითარებას. შეიძლება თუ არა კლანური დაპირისპირება ძალზე გამწვავდეს და აძლევს თუ არა ხელს ეს საქართველოს?

- არეულობა ჩვენ გვერდით, რომელშიაც ჩვენ არ ვიქნებით ჩართული როგორც პროცესების წარმმართველი, ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ძალა, რომელიც პროცესებს თავის სასარგებლოდ განავითარებს. ამ შემთხვევაში ეს რუსეთია. ვერ ვიტყვით, რომ მოსკოვს დღეს სჭირდება ის, რაც ცხინვალში ხდება, მაგრამ მან პროცესები ნებაზე მიუშვა, რათა ძლიერი გამოევლინა. რუსეთს არ მოსწონს ის, რაც ხდება, რადგან ეს მის იმიჯს აზარალებს, მაგრამ რუსი სამხედროები პროცესებში მაინც არ ერევიან. როგორც ჩანს, ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო გაფრთხილებული არიან. კოკოითის თედეევი დაუპირისპირდა. დღეს ორივე მოსკოვშია, როგორც ჩანს, არჩევანიც იქ შედგება. საგულისხმოა ისიც, რომ თედეევის გამარჯვების შემთხვევაში კოკოითის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, რადგან ისინი მოსისხლე მტრები არიან - თედეევის ძმა იბრაჰიმი კოკოითიმ მოაკვლევინა.

- ურთიერთობა დაძაბულია აფხაზებსა და ოსებს შორისაც - აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთიდან ე. წ. სამხრეთ ოსეთის ელჩის გაძევებით იმუქრება. ამის შესახებ კოკოითის ოპოზიციური ერთ-ერთი ვებგვერდი იუწყება. კერძოდ, ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, ანქვაბმა უკმაყოფილება გამოთქვა მცირე ხნის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც ცხინვალში აფხაზი სპორტსმენი დენის ცარგუში დააკავეს.

- რობერტ კოკოითის სოხუმში თავიდანვე ამრეზით შეხვდნენ  - ელჩად დანიშვნის შემდგომ, აფხაზეთში ჩასულმა, უზარმაზარი ვილა იყიდა და გაარემონტა. ამხელა სახლი რუსეთის ელჩ გრიგორიევს არა აქვს სოხუმში. ამან აფხაზები გააღიზიანა, ღარიბი და დაქცეული ქვეყნის შვილია და სირცხვილია, ასეთ ფუფუნებაში რომ ცხოვრობსო. მაგრამ კოკოითიმ ეს არად ჩააგდო. მერე დებოშებითა და არეულობებით გახდა ცნობილი და აიძულეს, აფხაზეთი დაეტოვებინა, - ის მოსკოვში ცხოვრობდა, სოხუმში კი მისი აპარატი მუშაობდა.

მოგეხსენებათ, თედეევს სპორტსმენთა სამყაროში დიდი გავლენა აქვს, მას რუსეთის მოჭიდავეთა ფედერაცია უჭერს მხარს. ზემოხსენებული ცარგუშიც, პერსპექტიული მოჭიდავე და მსოფლიო ჩემპიონი რუსეთის ნაკრებიდან, სწორედ თედეევის მხარდასაჭერად იყო ჩასული ცხინვალში, რის გამოც მისი დაპატიმრება სცადეს და სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მისი ცემა არც ისე ადვილია, მაგრამ, როგორც ჩანს, აფხაზებს თავისი ფალავნისთვის ხელის შეხება დიდად არ მოეწონათ და ანქვაბის განცხადებაც სწორედ აფხაზი საზოგადოების გამოძახილი იყო.