"დასავლეთი ყურადღებით ეპყრობა სააკაშვილის ალტერნატივას" - კვირის პალიტრა

"დასავლეთი ყურადღებით ეპყრობა სააკაშვილის ალტერნატივას"

"რუსეთი ეკონომიკურად იმდენად ძლიერი არ არის, რომ შემდგომი კონფრონტაცია გააგრძელოს"

"დაჩი გრძელიშვილი და რამაზ საყვარელიძე" ან ერთგან უნდა აღმოჩნდნენ, ან მეორეგან

საქართველო კვლავ ახალი პოლიტიკური რეალიებით ცხოვრობს. ბიზნესიდან პოლიტიკაში "გადასახლებული" ბიძინა ივანიშვილი სულ უფრო მეტ ნოვაციას გვთავაზობს: ჯერ იყო და, პოლიტიკაში სამხედრო ავიაციის ცნობილი პრინციპი "ჩემიანი-სხვისიანი" დაამკვიდრა, როდესაც სპექტრი მისაღებად და მიუღებლად დაყო. შემდეგ უარი თქვა ქართულ მოქმედ მედიასთან ურთიერთობაზე და ინტერვიუ მისცა მისთვის საინტერესო ჟურნალისტს, რომელმაც თავის მხრივ, სტატიად გაშიფრული მასალა გაავრცელა... ისე, ივანიშვილის უფლებაა, ინტერვიუ იმას მისცეს, ვისაც უნდა და როცა უნდა, ჩვენ მხოლოდ ფაქტის უცნაურობა და ნოვაციურობა აღვნიშნეთ... ჯერჯერობით პრეზიდენტი დუმს და ივანიშვილი მხოლოდ პარტიული წვრილფეხობის არცთუ ადეკვატური შენიშვნების ანაბარაა მიტოვებული. ნაციონალური მაუწყებლების მიერ გამოხატული სახელდახელო შეურაცხყოფა და ბრალდებების კასკადიც მეტყველებს, რომ ჯერჯერობით, ხელისუფლებაში კონკრეტული "ანტიბიძინური სტრატეგია" არ შემუშავებულა, თუმცა ყველაფერი წინ არის... კვირის მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით:

- თავის ერთ-ერთ ბოლო, ვრცელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში უმრავლესობით მოსვლაზე ლაპარაკობს და ამას სწრაფი საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებით ამართლებს. ივანიშვილთან შესაძლო თანამშრომლობაზე უკვე რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამოთქვა მზადყოფნა. როგორ შეძლებს  ახალბედა პოლიტიკოსი მათთვის ბლოკის შიგნით საპარლამენტო ადგილების განაწილებას? ეს ხომ მუდამ ქართული პოლიტიკის "აქილევსის ქუსლი" იყო. ვთქვათ, ეს წინააღმდეგობა გადაილახა, უკვე პარლამენტში, ასეთი ნაირფერი სპექტრის ერთ ბლოკად შენარჩუნება, ალბათ, საკმაოდ ძნელი იქნება... მეორე მხრივ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ერთიანი ფრონტის სხვადასხვა ფრაქციად დაშლა შესაძლოა ქართული დემოკრატიისთვის წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს... მაგრამ ასეთ შემთხვევაში ივანიშვილის სურვილს - საკონსტიტუციო უმრავლესობით ელვისებური ცვლილებები გაატაროს, საფრთხე ემუქრება...

- ეს ყველაზე მართლზომიერი კითხვაა, რადგან შექმნილი ბევრი გვინახავს, მაგრამ ასეთი წარმონაქმნები კრიტიკულ მომენტში ყოველთვის იშლებოდა. პროგნოზი, რა თქმა უნდა, ძნელია. ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც ამ ეტაპზე ამ პარტიებს აერთიანებს,  ოპოზიციონერობა, ანუ ხელისუფლებასთან დაპირისპირებაა და ამაში ყველა ერთსულოვანია. არა მგონია, ასე ადვილი იყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია რთული დოკუმენტია - ბევრი საკითხის შემცველი. მისი შეცვლის მსურველებს ძალზე ბევრი სამუშაო მოელით. მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ ჯერჯერობით პოლიტიკური ბრძოლის ამოცანების გადაწყვეტაა წამყვანი და არა ის, ვინ და როგორ გაიყოფს მოკლულ დათვს.

- იყო ლაპარაკი პოლარიზებაზეც და ეს ივანიშვილის პირველივე წერილებში გამოჩნდა. ბიზნესმენი აცხადებდა, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ან ივანიშვილისთვის უნდა დაეჭირათ მხარი, ან სააკაშვილისთვის  - ის კიცხავს არა საპირისპირო მხარეზე მდგომთ, არამედ მათ, ვინც ორმაგ თამაშს თამაშობს. ალბათ, დემოკრატია მოითხოვს დავუშვათ, რომ ამომრჩევლებს შორის ისეთებიც იქნებიან, ვინც არც მიშას დაუჭერს მხარს და არც ბიძინას, არამედ ვინმე მესამეს ან მეოთხეს - რამაზ საყვარელიძეს ან დაჩი გრძელიშვილს, თუკი ისინი პოლიტიკოსობას გადაწყვეტენ.

- პრაქტიკულად, ის წინა ფრაგმენტი და თემა, რომ მას სურს გააერთიანოს თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი, ამ მეორე საკითხის წინა პირობაა. თუ მან პოლიტიკური სპექტრის მაქსიმალურად  გაერთიანება მოახერხა, მაშინ ალბათ ალტერნატივაც ასეთი იქნება - ვინ არის ხელისუფლებისადმი კრიტიკული და ვინ არა. თუ ოპოზიცია არჩევნებისთვის  ერთ მთლიან სტრუქტურად ჩამოყალიბდება, მოდელი ალტერნატიულობისა იმის შანსს აღარ დატოვებს, რომ ოპოზიციონერობაში კიდევ კონკურენცია დაიწყოს. ასე რომ, "დაჩი გრძელიშვილი და რამაზ საყვარელიძე" ამ შემთხვევაში ან ერთგან უნდა აღმოჩნდნენ, ან მეორეგან. აქეთ მიჰყავს საქმე ბიძინა ივანიშვილს და ამაში პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკა, რა თქმა უნდა, არის.

- როგორც ჩანს, ჩვენ მიერ გამოთქმული პროგნოზი მართლდება და სააკაშვილი ყველანაირად ეცდება, ივანიშვილი ქუჩის აქციებში ჩაითრიოს. თავად ბიზნესმენი-პოლიტიკოსი ამბობს, რომ რევოლუცია და ქუჩა მისთვის არასასურველი სიტყვებია... იგივე ითქვა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზეც:. "მე ვცდილობ, მაქსიმალურად დავწიო ტემპერატურა" - ასეთი იყო მისი მთავარი გზავნილი. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ივანიშვილი არჩევნებამდე სიმშვიდისა და რესპექტაბელურობის  შენარჩუნებას?

- ამ შემთხვევაში რამდენიმე ამოცანა იქნება ივანიშვილისთვის სწორად გადასაწყვეტი. არჩევნებამდე მისასვლელად მას მოქალაქეობის პრობლემის გადაწყვეტა ესაჭიროება - თუკი ივანიშვილმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ივანიშვილი აღმოჩნდება მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური გაერთიანებისთვის ზურგის გამმაგრებელი, ეს კიდევ სხვა თემაა. არა მგონია, ერთი და იგივე იყოს, რადგან თვითონ ივანიშვილის სახელი და ფიგურა ამომრჩევლისთვის უფრო ქმედითი და ეფექტური იქნება, ვიდრე რომელიმე სხვა ქართველი პოლიტიკური ფიგურისა. არ ვიცი, მოქალაქეობის მოპოვების ამოცანა რამდენად გადაწყდება იმ ბრძოლის გარეშე, რასაც ქუჩის აქციები ჰქვია. მეორე მხრივ, კიდევ ერთი მომენტია ქუჩის აქციებთან დაკავშირებული: ჩვენ რამდენჯერმე ვნახეთ, რომ ხელისუფლება გაცილებით შეშინებული, თუ შეიძლება ითქვას, უფრო მობილიზებული იყო ქუჩის აქციების დროს, მან უფრო მძიმე პროპაგანდისტული მანქანა ჩართო ქუჩის აქციებისას, ვიდრე მაშინ, როცა მას უპირისპირდებოდნენ საარჩევნო რეჟიმში, რადგან აქ თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობდა. ამიტომ, არ ვიცი, რამდენად სწორია, თავიდანვე დაამშვიდო ხელისუფლება, ამ მძიმე არტილერიას - ქუჩის აქციებს არ გამოვიყენებო.

- ივანიშვილთან შეხვედრაზე საქართველოში მყოფი დიპლომატიური მისიების აბსოლუტური უმრავლესობა მივიდა. "ბიძინა ივანიშვილი შედარებით ახალი ფიგურაა პოლიტიკაში. მან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა იმ ბრალდებების შესახებ, რომელსაც, ბიზნესმენის თქმით, მას უყენებენ. "ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ ყველაფერს თვალს და თუ საჭირო იქნება, ამ საკითხებს საქართველოს მთავრობასთანაც განვიხილავთ"", - განაცხადა ჯონ ბასმა შეხვედრიდან მეორე დღეს. დიპლომატიური ენით, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ შეხვედრის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა ივანიშვილის ფიგურის საგარეო-პოლიტიკურ საიმედოობაში?

-  ქუჩის აქციებზე პრინციპული უარის თქმის ერთ-ერთი მოტივი იყო სურვილი და მცდელობა, გამონახულიყო და შენარჩუნებულიყო  საერთო ენა დასავლეთთან და მის წარმომადგენლებთან. ეს ნათლად დადასტურდა ბასის ინტერვიუში, - ამერიკის შეერთებული შტატები თანახმაა, ყველას დაუჭიროს მხარი, ვინც ძალადობაზე არ წავა. ქუჩის აქცია, მართალია, სპეციფიკური, მაგრამ მაინც ძალისმიერ ქმედებებთანაა დაკავშირებული. ალბათ ამ მოტივით ხელმძღვანელობს ივანიშვილი, როცა კატეგორიულ უარს ამბობს ქუჩის აქციებზე. სამაგიეროდ, ვნახეთ როგორ დალაგდა დიპლომატიური კორპუსი მის კარებთან. რაც შეეხება მხარდაჭერას, ვერ გეტყვით, რამდენად არის დარწმუნებული პოლიტიკურ სანდოობაში, მაგრამ მისი ფიგურის, კანდიდატურის კანონიერებაში, როგორც ჩანს, აშშ დარწმუნებულია. ბასის განცხადება სწორედ ამას გულისხმობს. დასავლეთს ყოველთვის აინტერესებს, იქნება თუ არა ის ალტერნატიული პოლიტიკური ფიგურა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. როგორც ჩანს, მათ ასეთი ფიგურა დაინახეს. ამის გამოხატულება იყო ის, რაც მოხდა -  გაურკვეველ სუბიექტთან, რომელიც საქართველოს მოქალაქეც კი არ არის და რომელსაც შესაძლოა, რაიმე საეჭვო კავშირები ჰქონოდა მეზობელ სახელმწიფოსთან, ამდენი მაღალი რანგის დიპლომატი შეხვედრაზეც არ მივიდოდა.

ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი ყურადღებით ეპყრობა სააკაშვილის ალტერნატივას და ალბათ იმასაც ნიშნავს, რომ  ხელისუფლების გადაცემის მექანიზმში პლურალიზმი უნდა იყოს ნორმალური და არა პირობითი ოპოზიციის სახით წარმოდგენილი.

- ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ადანაშაულებს ივანიშვილს რუსული პროექტის განხორციელებაში. თავის მხრივ კი პოლიტიკაში გადასული ბიზნესმენი საჯაროდ ლაპარაკობს თავის საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებზე. ხელისუფლების მხრიდან არასერიოზული იყო, მაგრამ ივანიშვილი მას ყველა "გამოცდაზე" გაჰყვა: ახსენა სიტყვა ოკუპაცია, გააკრიტიკა პუტინის არადემოკრატიულობა; დასასრულ, მან ისიც თქვა, რომ ნეიტრალიტეტი საქართველოს მსგავსი რესურსების ქვეყნისთვის არარეალური იქნება და რომ ჩვენთვის მთავარ მისწრაფებად კვლავაც ნატო რჩება. ამავე დროს, ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზეც საუბრობს. არადა, ყველასთვის ცნობილია, რომ რუს პოლიტიკოსებს არაფერი აღიზიანებთ ისე, როგორც საქართველოსა და ნატოს ერთად ხსენება. როგორც საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა ეკლუნდმა ჩემთან საუბრის დროს დაადასტურა, ნატოს ცნობილ სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ზე უარის თქმაში გადამწყვეტი როლი სწორედ რუსეთის აქტიურობამ ითამაშა... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცოტა რთული და არარეალური ხომ არ არის მის მიერ დასახული ამოცანა?

- რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი და ორი დღის პროცესები, ამ ყველაფრის მომწიფებას და რეალიზაციას საკმაო დრო სჭირდება, თორემ იმაზე, რომ ნატო და რუსეთი შეიძლება დაახლოვდნენ, ნატოს შტაბბინაშიც იყო ლაპარაკი და რუსულ პოლიტიკურ წრეებშიც - რუსულ მედიაში ოფიციალურმა ინფორმაციამაც გამოჟონა. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უარი ითქვა, მაგრამ პერსპექტივა კვლავაც რჩება, რაც ნიშნავს, რომ მეორე და მესამე მცდელობებმა შეიძლება რაიმე შედეგი გამოიღოს. რუსეთი ეკონომიკურად იმდენად ძლიერი არ არის, რომ შემდგომი კონფრონტაცია გააგრძელოს, მაგრამ სჭირდება დღევანდელი მდგომარეობიდან მაქსიმუმის მიღება. ჩვენ ვქმნით რუსეთისგან ისეთი მტრის ხატს, რომლისთვისაც ნატო მიუღებელია, რადგან თვითონ რუსეთმა განაცხადა 2008 წლის ომის დროს, რომ ერთ-ერთი მოტივი საქართველოზე დარტყმისა მისი ნატოსკენ მისწრაფება იყო.

ეს არ ნიშნავს, რომ მართლაც ეს იყო რეალური მოტივი. ნატოში შესვლა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთავარი ის არის, რომ მასზე ადრე არ შეხვიდე, ანუ გამოზომო ის ტემპი, როცა შენი გაწევრება ნატოში რუსეთისთვისაც იქნება მისაღები. რუსეთისთვის მიუღებელია ნატოში ნებისმიერი იმ ქვეყნის გაწევრება, რომელიც მისი კონტროლიდან არის გასული და რომელიც ხელს შეუშლის ნატოში შემავალ სხვა ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობას - ჭიდაობასა თუ ვაჭრობას. ამ ვითარებაში რომ გლობალური პროცესები მაინც ინტეგრაციისკენ მიდის და არა კონფრონტაციისკენ, ნამდვილად ვხედავ  პერსპექტივას. ნატო ჩვენთვის მისაღები და სასურველი პარტნიორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პარტნიორისკენ ჩვენ დღესვე გადავდგათ ნაბიჯი. ეს ნიუანსი არ დაზუსტებულა ამ ინტერვიუში და მგონი, ძაღლის თავიც ამ ნიუანსშია.

-  ხელისუფლებაში მორიგი სამთავრობო კარუსელი დატრიალდა - კვეზერელი გოროზიათი შეიცვალა. როგორც ჩანს, ხელისუფლება, ყველაფრის მიუხედავად, ძველ სტილში აგრძელებს ცხოვრებას.

- დიახ, როგორც ჩანს. ეს მართლაც ისევ ძველი სტილით ცხოვრების გაგრძელებაა. მეტ-ნაკლები სიახლე იქნებოდა, სოფლის მეურნეობის მინისტრად კომპეტენტური და ამ სფეროს პროფესიონალი კადრი დანიშნულიყო. როცა სამეგრელოს გუბერნატორს ნიშნავ სოფლის მეურნეობის მინისტრად, რომელიც პროფესიით, თუ არ ვცდები, ექიმია, ისევ მიდიხარ იმ გზით, რომლის მიხედვითაც პროფესიონალი კი არ არის შენთვის მნიშვნელოვანი, არამედ პარტიული ერთგულება. ასე რომ, კვლავაც შეიძლება მინისტრებისგან ველოდეთ საქონლის სქესის კომიკურ არევას და გაურკვეველი სიგრძისა და შემცველობის სიმინდის მიღებას...