"საქმე გვაქვს უკიდეგანო შიშთან" - კვირის პალიტრა

"საქმე გვაქვს უკიდეგანო შიშთან"

"ვფიქრობ, მოსკოვშიც და თბილისშიც იტყვიან, რომ პირწმინდად გაიმარჯვეს"

მცირე ხნის წინ საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, - საკრებულოს ორი მოხელე ზედმეტი პოლიტიზებისა და მოვალეობის შეუსრულებლობისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს ფაქტი შესანიშნავი და სამაგალითო იქნებოდა, რომ არა ერთი "მცირე" შენიშვნა - ორივე საკრებულოში ოპოზიციას წარმოადგენდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ სრული მობილიზაცია და "მზადყოფნა ნომერი პირველი" გამოაცხადა, რადგან მანამდე, ასე თუ ისე, ოპოზიციის მინიმალურ ოდენობას მაინც ეგუებოდა თავის წიაღში, - რაკიღა ხმათა უმცირესობის გამო მათ მხოლოდ ლაპარაკი შეეძლოთ და სხვა არაფერი.

ქართველი ხელისუფალნი შვეიცარიელთა შეგონებას დაჰყვნენ და რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების უფლება მისცეს განსაზღვრული პირობების სანაცვლოდ. მანამდე კი რუსთა მთავარმა სანიტარმა ონიშჩენკომ ქართული ნაწარმის რუსულ ბაზარზე დაშვების თაობაზე ისაუბრა და ის იყო, ქართველი მეღვინეები და მინერალურ წყალთა მესვეურნიც იმედით აღივსნენ, რომ სააკაშვილმა ონიშჩენკო მანიაკად გამოაცხადა და "სამტრესტის" მმართველიც მოხსნა, აქაოდა, როგორ გაბედეს ქართველმა მეწარმეებმა რუსეთისკენ გახედვა, ეტყობა, ჩინურ ბაზარზე სათანადო პირობები ვერ შეუქმენიო. არადა, არ სვამენ ეს ჩინელები ღვინოს, მერე რა, რომ ბევრნი არიან - მით უმეტეს, ვერ აიძულებ. დაწვრილებით ქართული რეალობის პოლიტეკონომიკურ ნიუანსებზე პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით:

- როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდი იუწყება, ოფიციალური თბილისი ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების თაობაზე შვეიცარიული მხარის შემოთავაზებულ ვარიანტს დათანხმდა. ცნობილი გახდა ისიც, რომ ხანგრძლივი მსჯელობისა და ვაჭრობის შემდეგ გაღებული "მოწყალების" სანაცვლოდ საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგს მივაღწიეთ. ეს ყველაფერი მართლაც მიღწევაა თუ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ზეწოლის შედეგი, იმის კონსტატაცია, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლა საქართველოს გარდა მთელ მსოფლიოს სურდა?

- თავისთავად, ფაქტი იმისა, რომ რუსეთი იქნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთის ინტერესებშია და მათ შორის - საქართველოს ინტერესებშიც, ოღონდ, რასაკვირველია, ეს ბევრად ნაკლებ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკურ რეალობაზე. ვფიქრობ, მოსკოვშიც და თბილისშიც იტყვიან, რომ პირწმინდად გაიმარჯვეს ამ დაპირისპირებაში და ყველაფერი ორივე მხრისთვის სასურველი შედეგით დასრულდა. მაგრამ სიტყვა "კონსენსუსს" არც ერთი არ გამოიყენებს, გარდა დასავლეთისა. ჩვენთან იტყვიან, რომ გავიმარჯვეთ, რომ რუსეთს დავუთმეთ - ოღონდ ამას რადიკალი ოპოზიციონერები იტყვიან. ხოლო ის, რაც რეალურად გასაკეთებელია, ანუ შესაძლებლობა, გამოყენებულ იქნეს ასეთი ვითარება, რატომღაც იჩქმალება იმ ლოზუნგებით, რომ თითქოს ჩვენთვის საჭირო არ არის რუსული ბაზარი. ასეთი ფსევდოღირებულებებით მანიპულაცია, რასაკვირველია, ჩვენს ეკონომიკას არ წაადგება.

და თუ ვინმეს უნდა ემძიმებოდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა, ჯერჯერობით, თავად რუსეთია, რადგან გარკვეული ვალდებულებები დაეკისრება. მოგვიანებით თავად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მოუწევს საკუთარი თავსატეხის დაფიქსირება იმის გამო, რომ რუსეთი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სურს და არა იმას, რაც უნდა გააკეთოს არსებული წესების თანახმად. ჩვენ რამდენად ვენდობით თვითონ რუსეთის მზაობას ამა თუ იმ მონიტორინგისათვის, მომავალი გვიჩვენებს, რადგან ცხვირწინ გვიდევს დოკუმენტი, რომელიც მთელმა მსოფლიომ წაიკითხა ერთი და იმავენაირად, მხოლოდ რუსეთმა კი სხვაგვარად და დღემდე გაიძახის, რომ ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესრულებულია. ასეთი პარტნიორი, უპირველეს ყოვლისა, რისკია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ხოლო ჩვენ თავადაც უნდა მივიღოთ სარგებელი თუნდაც მონიტორინგით, რომელსაც რეალურად არ ექნება თავდაცვის სახე, რადგან სინამდვილეში ლაპარაკია ელექტრონულ მონიტორინგზე და არა მებაჟეების საზღვარზე ჩაყენებაზე. ამიტომ ნუ დავიმშვიდებთ თავს, ეს ელექტრონული მოწყობილობა სულ ორიოდე საათით შეიძლება გაითიშოს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ  ნებისმიერი სახეობის იარაღი შეიტანონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.  ამიტომ საჭიროა დამატებითი კონტროლი, თუნდაც ისეთი ფორმით, როგორიც არის მონიტორინგი მონიტორინგის პროცესისა. ჩვენ უნდა გვქონდეს სრული ინფორმაცია მის მიმდინარეობაზე. დღეგამოშვებით მონიტორინგი შედეგს არ მოიტანს - ეს მხოლოდ თავის დამშვიდებისა და ქულების ჩაწერისთვის იქნება კარგი.

- გასულ კვირას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. ამას მხარი დაუჭირა საკრებულოს 38-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, რადგან ამ საკითხების განხილვამდე ოპოზიციის წევრებმა სხდომა დატოვეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია ""ნაციონალური მოძრაობის"" ლიდერებმა განმარტეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაკისრებულ მოვალეობებს თავი ვერ გაართვეს. მათი შეფასებით, ისინი მოსახლეობის პრობლემატიკით დაინტერესების ნაცვლად, თანამდებობებს, ძირითადად, პოლიტიკური მიზნით იყენებდნენ. აქამდე ხელისუფლება ეგუებოდა იმას, რომ არჩევით ორგანოებში მინიმალური უმცირესობით ოპოზიციაც იყო წარმოდგენილი. როგორც ჩანს, ახლა ამაზეც უარს ამბობენ? რასთან გვაქვს საქმე?

- ჩემი აზრით, საქმე გვაქვს იმ ვითარებასთან, რასაც უკიდეგანო შიში ჰქვია. გონებადაბნელებული ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს თავს. გადაწყვეტილებები, როცა ერთსა და იმავე დღეს სამსახურიდან ხსნი ხალხის არჩეულ და შემდგომ კი საკრებულოს ასევე არჩეულ თანამდებობის პირებს, ნიშნავს, რომ ვეღარ აკონტროლებ თავს და აღარ გადარდებს, ვინ რას იტყვის შენზე, მათ შორის - საზღვარგარეთელი პარტნიორებიც. ყველა სხვა უმსგავსობასთან ერთად, რაც ოქტომბერში მოახერხა ხელისუფლებამ საკუთარი თავის საზარალოდ მოეფიქრებინა, ეს არის სრულიად მკაფიო გზავნილი. ასეთ ვითარებაში ლაპარაკი იმაზე, რომ "არ არის საჭირო ამ ადამიანების გათავისუფლების პოლიტიზება",  სრულიად უადგილოა. უკაცრავად, ბატონებო, მაგრამ თავად მთელი არსებით პოლიტიზებული ბრძანდებით. თორემ ლოგიკას ასე ერთბაშად, ყველანი ერთად არ დაკარგავდით. თუკი რაიმე მარცხზეა ლაპარაკი, მაშინ საკუთარი თავიდან დაიწყეთ. ამგვარად არგუმენტირებული ბრალდებით მთელი ხელისუფლება უკვე დიდი ხანია, პენსიაზე უნდა იყოს.

- სხვათა შორის, ანალოგიურ არგუმენტებს იშველიებენ ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოყენებული სანქციებისა თუ აქციების გასამართლებლად - როდესაც მოგვიწოდებენ, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზება - იქნება ეს საინკასაციო მანქანის დაპატიმრება, მოქალაქეობის ჩამორთმევა თუ ერთ-ერთი მშენებლობა-რესტავრაციის აკრძალვა. მილიარდ 157 მილიონი ლარი - ეს ის თანხაა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ივანიშვილის ფონდმა ქველმოქმედებისთვის გასცა. აქ იგულისხმება სხვადასხვა შენობა-ნაგებობის რესტავრაცია და აღჭურვა, სოციალური დახმარებები და სხვა მრავალი. ხომ არ გაუჭირდება ხელისუფლებას ასეთი "ბურჯის" გამოცლის შემდეგ სრულიად გამოუსადეგარი, პიარგათვლებზე დაფუძნებული აქციების დაფინანსება, როგორიცაა ევროპაში ყველაზე გრძელი ხიდის მშენებლობა ან კონცერტები მეგავარსკვლავთა მონაწილეობით?

- სიმართლე, თუნდაც დაგვიანებული, ბევრად ღირებულია, ვიდრე მრავალწლიანი ტყუილი. ამიტომ

საქართველოს მოსწავლეებმა  უნდა იცოდნენ, რომ საჩუქრები მათ მიიღეს ბიძინა ივანიშვილისგან და არა მიხეილ სააკაშვილისგან. ამას ძალიან მარტივად და დროულად გაიგებს ყველა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ეს იმალებოდა.

ახლა, გამომდინარე ივანიშვილის დღევანდელი სტატუსიდან, რომელსაც მოქალაქეობა ჩამოართვეს, ვფიქრობ, მას აქვს სრული მორალური და იურიდიული საფუძველი იმისა, რომ მოქალაქეობის აღდგენამდე შეაჩეროს საქველმოქმედო საქმიანობა საქართველოში. ვნახოთ, როდის გაიხსნება თბილისის ოპერა; როდის დასრულდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებული შენობა და ბევრი სხვა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმეს მოვუწოდე სირთულეები შეუქმნას იმ პირთ, ვისაც ქველმოქმედებას უწევს. მაგრამ ის, რაც სახელმწიფოს გასაკეთებელი იყო, აბა, ვნახოთ, თუ გააკეთებს - გვაჩუქოს ეს ყველაფერი, თუ აქვს შნო.

მოქალაქეობის ჩამორთმევა ივანიშვილისთვის იყო პირველი და ფრიად მკაფიო გზავნილი დასავლეთისთვის, რომ  არავითარი მოლოდინი ქალბატონი კლინტონისა და მისი მოადგილის განცხადების შესრულებისა ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის შესახებ არ უნდა ჰქონდეთ, რადგან არც საკანონმდებლო დონეზე, არც პოლიტიკური შეთანხმებების საფუძველზე ამის შესრულების პერსპექტივა არ ჩანს. ამიტომაც, ვფიქრობ, უკვე დროა, არა მომავალზე, არამედ უკვე ჩვენს დღევანდელობაზე თავიანთი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირონ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა.

- ივანიშვილი ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულა, მაგრამ საქმეს უკვე აკეთებს. ასეთი კომენტარები გავრცელდა სოციალურ ქსელებში მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ ახალ შეღავათებსა თუ ცვლილებებზე - სამარშრუტო ტაქსებზე, 45-დან 60 წლამდე ადამიანების დასაქმებასა და სხვა ისეთ საკითხებზე, რაზეც ფიქრისთვის აქამდე ხელისუფლება თავს არ იწუხებდა.

-  კონკურენცია სწორედ იმას მოიაზრებს, რომ ყველაფერში მეტი სამართლიანობა და კონსტრუქციულობა იყოს. შეიძლება კონკურენციის შიში ბუნებრივი მოვლენა იყოს და რეაგირება მასზე სწორედ სიკეთით მოახდინო ადამიანმა და არა ბოროტებით, რომლითაც ჯერჯერობით უფრო გამოირჩევა ხელისუფლება. დიახ, შეცდომის აღიარება მხოლოდ ძლიერებას ნიშნავს და ძლიერებს შეუძლიათ. სულ რამდენიმე კვირის წინ უმრავლესობის წევრები პარლამენტში ამბობდნენ, რომ თურმე ამისთანა ტარო ჯერ ხელში არავის გვჭერია, ახლა კი რა ბედნიერი ვართო და ამის შემდეგ მოხსნეს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ცხადია, ამ შემთხვევაში ის მსხვერპლია და არა მიზეზი, რადგან თავად მას ჰიბრიდული სიმინდის არც შემოტანა გადაუწყვეტია და არც დარიგება. მას არც იმის უფლებამოსილება ჰქონდა, ეიძულებინა გამგებლები, ტერორში ჰყოლოდათ გლეხები, თუU ამ სიმინდს არ დათესავდნენ. აღიარონ შეცდომა და მაშინ ექნება მადლი გლეხების გადასახადებისგან გათავისუფლებასაც.

ლაპარაკი 45-60 წლის მოქალაქეთა დასაქმებაზე ისეთი მოულოდნელი ექსპრომტი იყო თავად ხელისუფლების სხვა წევრებისთვის, რომ მეორე დღესვე თქვეს, ეს ჯერ კიდევ მოსაფიქრებელია, თუ როგორ უნდა გაკეთდესო. საკანონმდებლო ცვლილების გარეშე ასეთი რამის გაკეთება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება,

ერთი გაბედოს რომელიმე მეწარმემ და არ ჩარიცხოს საშემოსავლოს გადასახადი მხოლოდ პრეზიდენტის ტელეგანცხადებაზე დაყრდნობით, უმალ სისხლის სამართლის დამნაშავე გახდება.

საერთოდ, ასაკი 45-60 შეიძლება ჩვენი მთავრობის ნოუ ჰაუდ ჩაითვალოს, რადგან ასეთი რანჟირება ჯერ არსად გაუკეთებიათ. ასაკობრივი ზღვარი გადიოდა საპენსიო ასაკს მიღწეულ და საპენსიო ასაკს მიუღწეველ მოქალაქეს შორის, რაც შრომის კანონმდებლობით რეგულირდება. ასეთი ხელოვნური დაყოფა მისასალმებელი იქნებოდა მაშინ, თუ პარალელურად გამოცხადებოდა, რომ მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი არის 60 წელი და არა 65. ამასთან, რეალობასთან მიახლოებული უნდა ყოფილიყო მოწოდება ბიზნესისთვის. როდის იყო, ბიზნესმენი, კერძო მესაკუთრე, ასაკის მიხედვით არჩევდა თანამშრომლებს და არა გამოცდილებისა და უნარების მიხედვით. ანუ, პრაქტიკულად, დაკარგეს ქველმოქმედი ივანიშვილი და ახლა მასობრივად აპირებენ, საპენსიო და სახელფასო დანამატების წყაროდ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილი ბიზნესმენები გამოიყენონ.

ეს კიდევ უფრო დააკნინებს ბიზნესს, რადგან მისი თავისუფლების ხარისხი ისედაც ნულს იყო მიახლოებული, ახლა კი ნამდვილად ნულზე იქნება.

- ნახსენებ ქველმოქმედებაში საკმაოდ დიდი ადგილი სახელოვნებო წრეების დახმარებას უჭირავს, თუმცა დღემდე (გივი ბერიკაშვილის გარდა) არც ერთ მათგანს საჯაროდ ივანიშვილისთვის მხარდაჭერა არ გამოუხატავს, თუნდაც იმის გამო, რომ მას მოქალაქეობა ჩამოართვეს.

- თანხები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაში დაუხარჯავს, მეტყველებს, რომ ბევრად მეტი ქართული სპორტისთვის გაუკეთებია. მაგალითად, მე ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობენ მორაგბეები ივანიშვილზე. იმ ხელოვანთ, რომელთაც ხელისუფლება ჩარეცხილებად თვლის, ვფიქრობ, არა აქვთ საკუთარი პოზიციის გასარკვევად საქმე. მადლობის პირადად მოხდა ივანიშვილისთვის ყველას შეუძლია და ისიც შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თავად მას არ ჰქონია და არც აქვს მოთხოვნილება, ყველა, ვისაც მისი ქველმოქმედება მისწვდა, საჯაროდ გამოთქვამდეს მადლიერებას.