აშშ-სა და რუსეთის არ შემდგარი "ქორწინება" - კვირის პალიტრა

აშშ-სა და რუსეთის არ შემდგარი "ქორწინება"

არ ყოფილა აშშ-ის ისტორიაში უფრო სკანდალური და შოუს ელემენტებით გაჯერებული საპრეზიდენტო არჩევნები, ვიდრე დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა იყო.

ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ამერიკის მოქალაქეთათვის, არამედ მსოფლიოს იმ ნაწილისთვისაც, რომელიც ამერიკაში მოკავშირესა და საკუთარი უსაფრთხოების გარანტს ხედავს. შესაბამისად, პროცესში რუსული ფაქტორის ისეთი სიმძლავრით შეტანამ, რომელიც ჩვენ ყველამ ვნახეთ, გავლენა იქონია არა მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებზე, არამედ ყველა იმ ქვეყნის პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობის ნაწილზე, რომელიც დასავლურ ბლოკში მოიაზრებს საკუთარ თავს.

მიუხედავად მოვლენის ასეთი მასშტაბურობის და საყოველთაო განხილვისა, დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა - იქნება თუ არა დონალდ ტრამპი რუსებისთვის სასარგებლო?

თუკი საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ მასალებს გაეცნობით, ნახავთ, რომ ამ კითხვაზე ჯერ კიდევ არ არსებობს ცალსახა პასუხი.

მიუხედავად არჩევნების სკანდალურობისა და ასეთი საინფორმაციო ვაკხანალიისა, ამერიკის 45-ე პრეზიდენტს, ძალზედ რთული ვითარება დახვდა და მოუწევს იმ გამოწვევებზე რეაგირება, რომელიც წინა ადმინისტრაციის მიერ შემცირებული საგარეო გავლენის გამო, ძალიან რთული კონფიგურაციით ხასიათდება და მოითხოვს ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციისგან, აქტიურ ნაბიჯებს.

ეს ნაბიჯები კი ვერაფრით იქნება სასარგებლო რუსეთისთვის ვერცერთ შემთხვევაში, რადგან ლოგიკურად გულისხმობს ამერიკის საგარეო გავლენის ზრდას, რაც ბუნებრივად გამოიწვევს რუსეთის მიერ დაკავებული სივრცის შემცირებას და იმ გავლენების შეზღუდვას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მოიპოვა.

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის ახალი ფორმაციისადმი მოლოდინების გამართლება - არ გამართლების გასაზომად, საუკეთესო ინდიკატორია სირია და იქ მიმდინარე პროცესები. თუ გახსოვთ, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, მთელი რუსული პროპაგანდა მიმართული იყო ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, დასავლეთთან და კერძოდ ამერიკასთან, გაერთიანების საკითხის აქტივაციაზე. ამავე პერიოდში, რუსული პროპაგანდა, ქმნიდა ისეთ წარმოდგენას რომ ასეთი გაერთიანება სრულიად ლოგიკური და შესაძლებელი იყო. რა თქმა უნდა, რუსეთი არაფერს იტყოდა იმ ეჭვების შესახებ, რომელიც მისი სპეცსამსახურების, ISIS-ისთან კავშირს გულისხმობს და ეს ეჭვი დაფუძნებულია, ტერორისტულ ორგანიზაციაში, სადამ ჰუსეინის სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელთა როლზე, რომლებიც ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები და პირველი წევრები გახდნენ.

შესაბამისად, რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული სურათი, რომ სირიაში რუსული არმია ISIS-ის ებრძვის, არადამაჯერებელია და ამაზე ბევრი რამ მოწმობს.  სავარაუდოდ ინფორმირებულ უწყებებს დასავლეთში, აქვთ შესაბამისი ინფორმაცია ამ კონტაქტების შესახებ და მაქსიმალურად მოერიდებიან რუსებთან რაიმე კავშირს.

იმაზე გამუდმებული ლაპარაკი, რომ ტრამპი რუსეთისთვის სასარგებლო გახდებოდა, პროპაგანდისტული ხრიკი იყო,  თუნდაც გამომდინარე პოლიტიკური მმართველობის იმ მოწყობიდან, რომელიც ამერიკაში საუკენეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ამ მოწყობაში საკმაოდ კარგად არის განაწილებული სახელისუფლებო შტოებს შორის დამაბალანსებელი ფუნქციები. ძნელი წარმოსადგენია პრეზიდენტის მიერ მიღებული რუსეთის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების იმ კონფიგურაციის სენატში გატანა, რომელიც დღეს არსებობს. მით უმეტეს ამას შეუძებელს ხდის ამერიკულ არჩევნებში რუსეთის  ჩარევის საკითხის ისეთ ხარისხში აყვანა, რომელსაც ბოლო სამი თვეა ვადევნებთ თვალს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც რუსულ პროპაგანდას ამხელს, არის ტრამპის ადმინისტრაციის ამოქმედების შემდეგ გადადგმული სამხედრო ნაბიჯები. ჩვენ ყველამ ვნახეთ აღმოსავლეთ ევროპაში შეიარაღებისა და ტექნიკის უპრეცედენტო მასშტაბების გადასროლა, რომელიც ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიგეგმა, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას მისი შეჩერება არ უფიქრია.

ამას ემატება ახლო აღმოსავლეთის მიმართულების შესახებ, ამერიკელი გენერლების მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელთა მთავარი არსი ისაა, რომ რეგიონში, ამჟამად არსებული აშშ-ის სამხედროთა რაოდენობა არ არის საკმარისი და საჭიროა სამხედრო წარმომადგნლობის გაზრდა. ამ ნაწილში ამერიკელი გენერლები გულისხმობდნენ როგორც ავღანეთს, ისე სირიასა და ერაყს. სირიის მიმართულებით უკვე გაცხადდა, რომ არსებულ მცირე კონტიგენტს, კიდევ დაემატება ბრძოლისუნარიანი და დიდი გამოცდილების მქონე სამხედრო ნაწილები, რაც მნიშვნელოვანწილად შეცვლის სირიის კონფლიქტის კონფიგურაციას.  ავღანეთში ამერიკული ძალების სარდალმა კი განაცხადა რომ დასახული ამოცანების გადასაჭრელად მას რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო ესაჭიროება.

ამერიკა-რუსეთის ამჟამად არსებული ურთიერთობის შესაფასებლად, ასევე ძალიან კარგი ინდიკატორია ის შეხვედრები, რომელიც გაიმართა ორი ქვეყნის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენელთა შორის. ასეთი შეხვედრა იყო, მაგალითად, ბაქოში, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, სადაც ორი ქვეყნის გენერალური შტაბების ხელმძღვანელები შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილეს არა თანამშრომლობა, არამედ ის ინციდენტები ჰაერსა და ზღვაში, რომელთა სიმრავლემაც მიმდინარე წლის დასაწყისში, კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.

ამ შეხვედრის შედეგად ვხედავთ იმას, რომ ასეთი ინციდენტები, თითქმის აღიკვეთა. ეს კი იმას აჩვენებს, რომ ამერიკელებმა რუსებს პირდაპირ მიანიშნეს იმ შესაძლო რეაგირების თაობაზე, რომელსაც შესაბამის სიტუაციებში, ინსტრუქცია ითვალისწინებს.

ამ კატეგორიაში ასევე შეიძლება გავიხსენოთ ლავროვის და ტილერსონის შეხვედრა, რომლის შინაარსი და შედეგიც ჯერ კიდევ უცნობია!

ურთიერთობის ახალი ეტაპის შესაფასებლად, ასევე ძალიან საინტერესოა ის, თუ როგორ შეიცვალა პროტრამპული რიტორიკა რუსულ საინფორმაციო სივრცეში, ტრადიციული, ანტიამერიკული პოზიციით. რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსული იმედები არ გამართლდა და შექმნილი ხმაურით, მხოლოდ პრობლემები შეიქმნეს, რადგან არავინ, მითუმეტეს ამერიკა, არ დატოვებს რეაგირების გარეშე არჩევნებში  ჩარევის საკითხით პროვოკაციის მოწყობის მცდელობას.

დაბოლოს, რუსული პროპაგანდის მიერ წლის დასაწყიში გამოქვეყნებული პოზიციების მცდარობა მდგომარეობდა იმაშიც, რომ დონალდ ტრამპი, წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიას და მოუწევს მას იმ პოლიტიკური ხაზის დაცვა, რომელიც პარტიას აქვს ჩამოყალიბებული.

ისტორიულად, რესპუბლიკური პარტია მიმართულია ამერიკის საგარეო გავლენების გაძლიერებაზე, რაც თავისთავად გულისხმობს სამხედრო ძალით საკუთარი ინტერესების დაცვასაც, ხოლო დემოკრატიული პარტია, თავის მხრივ მოპოვებული გავლენებიდან, ეკონომიკური სარგებელის მიღებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, რუსპუბლიკელი პრეზიდენტი თეთრ სახლში, ვერცერთ შემთხვევაში ვერ გახდება რუსეთისთვის სასარგებლო იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, დღის წერიგში, დაკარგული გავლენის აღდგენა დგას!