ამერიკის დაბრუნება - კვირის პალიტრა

ამერიკის დაბრუნება

ამერიკის სარაკეტო პასუხი, ასადის რეჟიმის მხეცობაზე, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებით გამოსახა, რა თქმა უნდა, რომ ბოლო დღეების ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა, რომელსაც როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებლად ექნება შესაბამისი შედეგები...

მაგრამ, ვიდრე გრძელვადიან პერსპექტივის შედეგებზე ვილაპარაკებდეთ, ძალზედ მნიშვნელოვანია ის, თუ რა შედეგები მოიტანა მყისიერად და რამდენად გამოააშკარავა, ასადის რეჟიმის ბოლო დროინდელი სისასტიკის ნამდვილი მიზეზი. ამ თვალსაზრისით საინტერესო მოვლენები განვითარდა და ამერიკის ძირითად მოპასუხე მხარედ, პუტინის რეჟიმი იქცა. რუსების დემარშების მთელი წყება, რომელიც სარაკეტო დარტყმას მოჰყვა, ააშკარავებს ჩვენთვის, ქართველებისთვის კარგად ცნობილ, რუსული აგრესიის სახეს და მთელი მსოფლიოსთვის აშკარას ხდის იმას, თუ როგორ და ვისი დახმარებით იბრძვის ასადი.

ყველა დაინტერესებულ მკითხველს ახსოვს, რომ რუსული პროპაგანდა, გააფთრებით ამტკიცებდა - "სირიაში ტერორისტებს ვებრძვით"-ო, თუმცა ამ მტკიცებულების პარალელურად, კონკრეტულად ISIS-ის პოზიციებზე, ყველაზე მინიმალური შეტევები ხორციელდებოდა და ძირითად სამიზნეს, ასადის ოპოზიციის განადგურება წარმოადგენდა, რომელთა მონათვლა "ტერორისტებად" ასადის რეჟიმის მიერ გავრცელებულ მოსაზრების ტრანსლირებასა და შესაბამისად, მცდარი მოსაზრების მხარდაჭერას ნიშნავდა. ეს ცალკე დანაშაულია, გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი საქმეში გაურკვეველი ინფორმაციის მომხმარებელი შეცდომაშია შეყვანილი და სჯერათ, რომ რუსეთი სირიაში ყველაზე სასტიკ ტერორისტულ დაჯგუფებას ებრძვის.

ამ ეგიდით კი რუსული არმიის ძირითად მიზნად, ასადის რეჟიმის შენარჩუნება და პოზიციების გაძლიერებაა, რომლის გამოც, უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე განადგურდა.

პირველი რეაქციების მიხედვით, გაჩნდა კითხვები რუსული საჰაერო თავდაცვითი სისტემების ეფექტურობის მიმართ, თუმცა მათი უმოქმედობის გამართლება შესაძლებელია. ფაქტია ისიც, რომ რუსები, ამ ნაბიჯს წინ ვერ აღუდგებოდნენ. ამას მოჰყვა ერთიანი საკოორდინაციო ცენტრის მუშაობის შეწყვეტა, რომლის ძირითადი ფუნქციაც, დასავლეთ ანტიტერორისტული კოალიციისა და რუსეთის სამხედროთა შორის, საბრძოლო ინიციდენტების გამორიცხვა იყო, შესაბამისად, ამ საკომუნიკაციო საშუალების მოშლა, ზრდის ინციდენტების ალბათობას, რაც არ არის გამორიცხული, შეტაკებებშიც გადაიზარდოს, რომელშიც მონაწილე მხარეებად, ერთი მხრივ იქნებიან: ასადი-რუსეთი-ირანი და მათი მოკავშირე შიიტური დაჯგუფებები, ხოლო მეორე მხრივ - სირიაში განთავსებული ამერიკის არმიის შენაერთები და დასავლეთ ანტიტერორისტული კოალიცია.

დიდი ალბათობით ამ შესაძლო სცენარის განვითარებისთვის, მზადებას უნდა ნიშნავდეს ახალი საკოორდინაციო ცენტრის შექმნა, რომელიც რუსეთის, ირანისა და ლიბანური "ჰეზბოლას" მონაწილეობით შეიქმნება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი, მოახდენენ მყისიერ და ძალოვან რეაგირებას ნებისმიერ აგრესიაზე, რომელიც სირიის ტერიტორიაზე შესაძლოა განხორციელდეს, ასადის წინაღმდეგ. (წყარო)

კონკრეტულად რუსეთის პასუხისმგებლობა, ასადის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება და მათ მოუწევთ კითხვებზე პასუხების გაცემა, რადგან სწორედ ისინი იყვნენ გარანტორები იმისა, რომ სირიის ტერიტორიაზე, რომელიც ასადის რეჟიმის მიერ კონტროლდება ქიმიური იარაღის უტილიზაცია მოხდებოდა. გამოყენების შემდეგ კი, იმის მტკიცება რომ რუსეთმა საკუთარი ვალდებულება შეასრულა, სრული აფსურდია და საკუთარი წილი პასუხისმგებლობა მას აუცილებლად დაეკისრება. აღნიშულის შესახებ განაცხადა გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ, სადაც აღნიშნა, რომ რუსებს აუცილებლად მოუწევთ შესაბამის კითხვებზე პასუხების გაცემა. (წყარო)

ყველა იმ პროცესის ჩამოთვლა, რომელიც აშშ-ის სარაკეტო დარტყმას მოჰყვა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ბოლოს იმას ვიტყვი, რომ ამ აქტით, აშშ-იმ განაცხადა, გლობალური თამაშში ძველი დიდებით დაბრუნების შესახებ და სრულიად საფუძვლიანია ეს მტკიცებულება. ეს დაბრუნება არ იქნება უმტკივნეულო და მარტივი. წინა წლებში რუსეთის მიერ უამრავი პრობლემის საფუძველი იქნება ჩაყრილი, რომელსაც პერიოდულად გააქტიურებს, თუმცა მიუხედავად პრობლემებისა, გლობალური წესრიგის აღდგენისთვის გადადგმული ეს ნაბიჯი თავის შედეგს მოიტანს და მნიშვნელოვანწილად დაასუსტებს საერთაშორისო პოლიტიკის დესტრუქციულ ელემენტებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი