დაძაბულობა კორეის ნახევარკუნძულზე - ამერიკა-რუსეთის შეჯახების კიდევ ერთი სავარაუდო კერა?! - კვირის პალიტრა

დაძაბულობა კორეის ნახევარკუნძულზე - ამერიკა-რუსეთის შეჯახების კიდევ ერთი სავარაუდო კერა?!

სირიაზე, ამერიკული სარაკეტო იერიშის შემდეგ, მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია კორეის ნახევარკუნძულისადმი, სადაც დაძაბულობამ პიკს მიაღწია.

ასეთი ყურადღების მიზეზი გახდა, ცოტა ხნის წინ, კორეის სანაპიროებიდან, ავსტრალიისკენ გაგზავნილი აშშ-ის ავიამზიდი ფლოტითურთ, რომელიც შუა გზიდან მოაბრუნეს და ისევ დისლოკაციის ადგილისკენ დაბრუნება უბრძანეს. ინფორმაცია, ამერიკული სამხედრო ფლოტის მობრუნების შესახებ კორეულმა სააგენტოებმა გაავრცელეს და მაშინვე გახდა მსჯელობის საგანი რადგან, ზოგიერთის ცნობით, სწორედ ამ პერიოდში, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა, პრეზიდენტ ტრამპს წარუდგინა ანგარიში ჩრდილოეთ კორეაში არსებული სიტუაციის შესახებ.

კონკრეტულად რა ეწერა მოცემულ ანგარიშში, ძნელი სათქმელია, რადგან დოკუმენტი არ გასაჯაროებულა, თუმცა მის შინაარსზე, გარკვეულწილად მეტყველებს ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პრობლემა, უნდა მოგვარდეს და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე.

სამხრეთ კორეელების მიერ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოელები ამზადებენ, ბირთვული იარაღის ახალ გამოცდას, რომელსაც ალბათ კიმ ირ სენის 105 წლის იუბილეს დაამთხვევენ, რომლის გამოცდილებაც უკვე არსებობს და 2006 წელს, სწორედ კიმ ირ სენის დაბადების დღეზე გამოსცადეს პირველი ბირთვული იარაღი.

როგორც ჩანს, მხოლოდ ეს საფრთხე არ არის და ამერიკული დაზვერვა კიდევ ფლობს უფრო შემაშფოთებელ ინფორმაციას, რომელმაც აიძულა ამერიკის არმიის სარდლობა, ავსტრალიისკენ მიმავალი ფლოტის კორეის ნახევარკუნძულთან დაბრუნების გადაწყვეტილება მიეღო.

დაძაბულობის სერიოზულობაზე მეტყველებს, ჩინეთის არმიის მიერ დაწყებული, მასობრივი გადაადგილება. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთმა 150 000 სამხედრო მოსამსახურის გადასროლა დაიწყო ჩრდილოეთ კორეის საზღვრებთან. ამავე ინფორმაციის თანახმად, მათი ამოცანა იქნება, შესაძლო ესკალაციის შემთხვევაში საზღვრის დაცვა.

მათი დისლოცირების ადგილის სიახლოვეს, ასევე განთავსდება საველე ჰოსპიტალები, რომლებიც ლტოლვილებს პირველად დახმარებას აღმოუჩენენ. (წყარო)

გასული წლების განმავლობაში, კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა არაერთხელ შეიქნა, რომელიც კონკრეტულად საბრძოლო შეტაკებაშიც კი გადაიზარდა, თუმცა, ამას ჩინეთის მხრიდან ასეთი რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, ეს გადაადგილება, სწორედ რომ ესკალაციის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩინეთისთვის კიმ ჩენ ინის ძალაუფლებაში მოქცეული კორეა, საშიში გახდა მას შემდეგ, რაც კიმის ძმა მალაიზიაში მოკლეს. მკვლელობა კი ჩრდილო კორეელმა ქალმა ჩაიდინა, რომელმაც მომწამვლელი ნივთიერება კიმ ჩონ ნამს სახეზე მიაფრქვია (წყარო). შესაბამისად, ეჭვგარეშეა, რომ ეს მკვლელობა, თავად კიმ ჩენ ინის მიერ იყო ორგანიზებული რადგან, მის ძმას ჩინეთი მფარველობდა და არსებობდა მოსაზრება, რომ საჭირო დროს, კიმის ჩამოგდებას თავად ჩინეთი შეუწყობდა ხელს, რომლის ნაცვლადაც ძალაუფლებას, აწ უკვე მოკლულ კიმ ჩონ ნამს გადააბარებდა.

ახლა, ასეთი პერსონა ჩინეთს აღარ ჰყავს.

კიმი, როგორც აგრესიული "ყუმბარიანი მაიმუნი", საფრთხის შემცველია ჩინეთისთვის, რომლისთვისაც ლოგიკურად უფრო უსაფრთხო იქნება დემოკრატიული, ერთიანი და ამერიკის კონტროლქვეშ მყოფი კორეასთან მეზობლობა, ვიდრე უპროგნოზო, პარანოიდული სიმპტომების მქონე, კიმ ჩენ ინის ბირთვული კორეა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩინეთის პოზიციას ააშკარავებს, არის სი ცზიანპინის ვიზიტი ამერიკაში, რომელსაც დაემთხვა, სირიაზე ამერიკული სარაკეტო იერიში. მიუხედავად იერიშისა, ჩინეთის ლიდერის განცხადებები დიპლომატიური ენითაც კი ზედმეტად პოზიტიური იყო, რამაც გამიჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ შეხვედრაზე, სწორედ ჩრდილოეთ კორეის საკითხი გადაწყდა. (წყარო)

ამერიკა-ჩრდილოეთ კორეის დაძაბულობის ამ ფაზაში, ძალზედ საინტერესოა რუსეთის პოზიცია, რომელიც რუსულ მედიაში ვრცელდება. ანტიამერიკული ისტერიკის მასშტაბი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში იკითხება, ერთგვარად კომიკურობამდეა მისული. ათასი ჯურის ექსპერტები და "პროფესორები" ისეთი სახის კომენტარებს აკეთებენ, რომ იქმნება წარმოდგენა, თითქოს კიმის არმია, ამერიკულ არმიაზე ძლიერია.

რა თქმა უნდა, სირიასთან შედარებაც ხდება და რუსი ექსპერტები იქადნიან, რომ კიმი ასადი არ არის და საკადრის პასუხს გასცემს ამერიკელ "აგრესორებს".

რუსული ფაქტორი ამ ისტორიაში იმითიც გამოიხატა, რომ დღეს რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ხომალდები, სამხრეთ კორეის სანაპიროებს მიადგა (წყარო). სრული ფანტასტიკა მგონია ის, თუ რამდენად შეძლებს რუსეთი, კორეის დაცვას, მაგრამ თუკი რამე მოხდება და მიმდინარე ესკალაცია, ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, რა თქმა უნდა, რუსეთი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. კიმს მიაწვდიან იარაღს და არ არის გამორიცხული, "მოხალისე" შვებულებაში გასული, რუსი კონტრაქტორი სამხედროებიც ვიხილოთ კორეის ფრონტზე.

მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია კორეის ნახევარკუნძულისაკენ და ასე იქნება მანამ, ვიდრე არ გახდება ცხადი - მოხდება თუ არა ბირთვული სახელმწიფოს განიარაღება. რისკები ძალიან დიდია და იმედია, ამერიკელი სტრატეგების მიერ, ყველა რისკი სათანადოდ არის შეფასებული.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი