რა შეტყობინება ჩაიტანა ტილერსონმა მოსკოვში პირადად პუტინისთვის?! - უხმაურო, მაგრამ შედეგიანი ვიზიტი - კვირის პალიტრა

რა შეტყობინება ჩაიტანა ტილერსონმა მოსკოვში პირადად პუტინისთვის?! - უხმაურო, მაგრამ შედეგიანი ვიზიტი

მსოფლიოში ისეთი სისწრაფით ვითარდება მოვლენები, ძნელია ყველაფერს ერთდოულად მიადევნო თვალი და მით უმეტეს, ერთდროულად წერო ამ მოვლენების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის მოსკოვში ვიზიტის შესახებ, შეგნებულად არ დავწერე იმავე დღეს რადგან, ასეთი ვიზიტების საჯარო ნაწილი, რომელსაც ეკრანებზე ვხედავთ, მხოლოდ ვარაუდების საფუძველი შეიძლება გახდეს და არ ასახავს ხოლმე რეალობას. როგორც წესი, ისეთ ვითარებაში, რომელიც დღეს არის საერთაშორისო პოლიტიკაში შექმნილი, მსოფლიოს ასეთი მასშტაბის პოლიტიკოსების შეხვედრის შედეგები მხოლოდ რამდნეიმე დღის ან კვირის შემდეგ ხდება თვალსაჩინო. ამ თვალსაზრისით, ტილესრონის მოსკოვში ვიზიტი, განსხვავებული აღმოჩნდა.

მოლოდინი ამ ვიზიტისადმი ძალზედ დიდი იყო, განსაკუთრებით სირიაში ასადის არმიის აეროდრომზე მიტანილი იერიშისა და მთელი იმ მითქმა-მოთქმის შემდეგ, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრანმპის წინასაარჩევნო პერიოდს ახლდა თან. ამ შევხედრას უნდა გამოევლინა აშშ-რუსეთის ურთიერთობის რეალური ხასიათი და ამიტომაც მნიშვნელობა ბუნებრივად მაღალი იყო. ვიზიტის მთავარი ინტრიგა იყო ტილერსონისა და პუტინის შეხვედრა, რომელიც ვიზიტის წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის გრაფიკიდან ამოღებული იყო. როგორც ჩანს ეს მოცემულობა სწორედ სირიის ეპიზოდის გამო შეიცვალა და ტილერსონმა პირადად პუტინისთვის ჩაიტანა მოსკოვში შეტყობინება.

ვიზიტის შემდგომი დუმილი რუსულ მედიაში, მიმანიშნებელია იმისა, რომ მოსკოვი შეფიქრიანდა, მკვეთრი განცხადებების ან ჩვეული "ფეიკების" გავრცელება, მეტად ზიანის მომტანი იქნებოდა და დიდი ალბათობით, სწორედ ამიტომაც არჩიეს დუმილი.

ტილერსონის მიერ ჩატანილი შეტყობინება შესაძლოა ყოფილიყო გაფრთხილება, რომ საერთაშორისო პროცესებში ამერიკა აქტიური ნაბიჯებით ბრუნდებოდა და რომ რუსეთმა უნდა დაანებოს ამ პროცესებში თვითაქტივობას!  აშშ-ს გააქტიურების დასტური ავღანეთში ჩამოგდებული ზემძლავრი ბომბიც არის.

ეს სარაკეტო შეტევა რომ პოლიტიკური "მესიჯი" იყო, სადაო არ არის, შესაბამისად, MOAB - ის ჩამოგდება ტილერსონის მიერ მოსკოვში ჩატანალი შეტყობინების "დოკუმენტადაც" შეიძლება მივიჩნიოთ. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ მომდევნო დღეებში, მოსკოვში უნდა გამართულიყო რუსეთის, ავღანეთის, ინდოეთის, ირანის, პაკისტანის, ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების საერთაშორისო კონსულტაციები ავღანეთის საკითხზე (წყარო), რომელში მონაწილეობაზეც აშშ-მ უარი განაცხადა (წყარო). თუმცა ვიზიტამდე რუსეთში იმედი ჰქონდათ, რომ ამერიკელები მონაწილეობას მიიღებდნენ.

ზოგადი ატმოსფერო, რომელიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ასეთი ვიზიტებისას, ძალზედ ცივი იყო და აშკარად გამოჩნდა ტილერსონის სიტყვაძუნწობის ფონზე, ლავროვის უჩვეულო ენეწყლიანობა, რამაც კიდევ ერთხელ მმიგვანიშნა, რომ რუსეთმა, ამ ვიზიტიდან სასურველი შედეგი ვერ მიიღო. თუ გახსოვთ, ტილერსონის ვიზიტს წინ უძღოდა "დიდი შვიდეულის" სამიტზე გაკეთებული მისივე განცხადება, რომ რუსეთმა არასათანადო პარტნიორი აირჩია ასადის სახით და მან უნდა გადაწყვიტოს, იქნება ასადის, ირანისა და ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლას" მხარეს თუ დასავლეთის მხარეს, რაც რუსეთში ულტიმატუმად აღიქვეს. ეს ულტიმატუმი, ვიზიტის შემდეგ დაივიწყეს და აღარც გაკეთებულა არანაირი განცხადება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთის მხრიდან სგავს სიტუაციაში მუდმივად კეთდებოდა  და რომლითაც, ცდილობდნენ საერთაშორისო პოლიტიკაში ალტერნატიული მსოფლმხედველობის არსებობის ილუზია შეექმნათ.

ტილერსონის ვიზიტის შემდეგ, შესამჩნევი გახდა რუსული პროპაგანდის მიჩუმება და ისეთი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებაზე გადასვლა, რომელიც მათი წინა პერიოდის პოზიციის გათალისწინებით, სრულიად ალოგიკური იყო მოცემულ ვითარებაში.

სირიაზე განხორციელებული სარაკეტო იერიში, ავღანეთში ჩამოგდებული ზემძლავრი ბომბი და კორეის ნახევრკუნძულის ირგვლივ განლაგებული ამერიკული საზღვაო ფლოტი, არის ის მოვლენები, რომლებიც საყოველთაო განხილვის საგანია, თუმცა მათ მიღმა კიდევ არის პროცესები, რომელებიც გასაგები მიზეზების გამო ყურადღების მიღმა დარჩა, ესაა:  ევროპაში განხორციელებული სამხედრო ხასიათის ნაბიჯები, მაგალითად, პოლონეთში, კალინინგრადის საზღვრებთან NATO-ს დანაყოფებისა (წყარო) და ევროპაში, უახლესი მრავალფუნქციური ბომბდამშენის F-35 განთავსება (წყარო), ასევე ევროპაში უკვე ჩასული სამხედრო ტექნიკის უდაბნოს შესაბამისი კამუფლირების, დისლოცირების ადგილის ლანდშაფტისთვის შესაბამისი კამუფლირებით შეცვლა (წყარო).

ყველა ამ პროცესისი გათვალისიწინებით, ტილერსონის ვიზიტის შინაარსი კარგად იკვეთება და ცხადი ხდება რომ მან რუსულ მხარეს აცნობა იმ პროცესების შესახებ, რომელიც მათი მეთაურობით განვითარდება მსოფლიოში, ახლა კი ჯერი რუსებზეა და მათ უნდა გადაწყვიტონ, შეძლებენ თუ არა დარჩნენ აშშ-ისა და ზოგადად ანტიდასავლურ ბანაკში!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი