"წითელი ინტელიგენციის" ეპოქა - კვირის პალიტრა

"წითელი ინტელიგენციის" ეპოქა

ბოლო წლები, რაც ჩვენი ქვეყანა კომუნიზმისგან გათავისუფლდა, მუდმივად მიდის მსჯელობა იმაზე, თუ როგორი მენტალობა გვაქვს. თანაც თითქმის ყოველთვის, ასეთი მსჯელობის რაკურსი შეფასებითია, რომელიც უფრო მეტად იმას გულისხმობს თუ რამდენად ცუდი მენტალობა გვაქვს და უარყოფითი თვალსაზრისით, რამდენად განსხვავებული იმ  განვითარებული ერებისგან, რომლის ეტალონად ევროპული მენტალობა მიიჩნევა.

მეც არაერთხელ მიფიქრია ამ პრობლემაზე, მაგრამ ყოველი ასეთი წიაღსვლები, როგორც წესი, მხოლოდ შეფასებით კატეგორიაზე რჩება და იშვიათია, როდესაც მის მიზეზებზე ვლაპარაკობთ. აღარაფერს ვამბობ ამ საკითხის საჯარო განხილვაზე, რომელიც საზოგადო ინტერესის საგანი, პრაქტიკულად, არასოდეს ყოფილა. არცერთი სოციოლოგი, ფსიქოლოგი თუ კულტუროლოგი არ გამოსულა და არ შეუთავაზებია საზოგადოებისთვის, მენტალური სიმახინჯეების საფუძვლის ახსნა და გამოსავალი.

ჩემი დაკვირვებით, ამ სახის პოლემიკაში, რომელიც ჩემს გარემოში არაერთხელ გამართულა, ძირითადად პრობლემურ ნაწილად აღქმულია სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის არარსებობა, რომელიც ხელს გვიშლის მეტად შეკავშირებული საზოგადოების ფორმირებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთ დასახელებული ორი ასპექტი, ხაზგასმით არის გამოხატული მსჯელობებში, რომელიც ასევე ასახულია სოციალურ ქსელებში და მოვლენების საჯარო შეფასებებში, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს დეფიციტი არსებობს და მას შესაბამისად აქვს მიზეზები, რამაც განაპირობა დეფიციტის არსებობა, ქვემოთ სწორედ ამ მიზეზების მოძიებას და მათ გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობას შევეცდები.

ჩვენი ეროვნული მენტალობის ერთერთი ნიშან-თვისება - გამუდმებით ვახდენდეთ წარსულის იდეალიზებას, არ გვაძლევს ასეთი მსჯელობის შესაძლებლობას.

ვიცით და განვიხილავთ ისტორიის მხოლოდ იმ ელემენტებს, სადაც მეფეთა სიდიადე და ქართული არისტოკრატიის ბრწყინვალებაა ასახული. არადა, ჩვენმა ერმა, ბოლო ორასი წლის განმავლობაში, არისტოკრატიის არნახული ხოცვა-ჟლეტვა და განადგურება გადაიტანა, არისტოკრატიის, რომელიც ნებისმიერი ერის მენტალური ორიენტირია და აყალიბებს იმ ღირებულებით კატეგორიებს, რომლითაც იზრდებიან მომავალი თაობები.

ერთ-ერთი ასეთი ჟლეტვა, გასული საუკუნის 20-იან წლებში მოხდა, ამ წმენდას გადარჩენილი ნაწილი კი, 30-იანი წლების ბოლოს, "წითელ ტერორს" ემსხვერპლა.

შემდეგ დაიწყო ცრუ არისტოკრატიის შექმნა, რომელიც სრულიად მოწყვეტილი იყო იმ სოციალურ ფუნქციას, რომელიც არისტოკრატიას და მოგვიანებით, ელიტად წოდებულ სოციალურ ფენას ეკისრა ყოველთვის და ყველა ერში. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით, საბჭოთა კავშირში მხოლოდ ქართველი ერი არ დაზარალებულა და ასეთი იყო კომუნისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელთათვისაც არისტოკრატია იყო დაუძინებელი მტერი რადგან, მათ აღზრდაში არ იდო უპირობო, მონური მორჩილება ისეთი ტყუილი კუმირებისადმი, რომელიც კომუნისტ ბელადებს სჭირდებოდათ.

შესაბამისად, მათი გაწყვეტის შემდეგ, მოხდა ის, რომ მათი როლი მიანიჭეს რეჟიმისთვის საჭირო და სასარგებლო ადამიანებს, რომელთაც საფუძვლად არავითარი სოციალური პასუხისმგებლობა არ ედოთ და ყველაფერი, იმ მარტივ მიზნამდე ჰქონდათ დაყვანილი, რასაც ხელმძღვანელობის მაამებლობა, პრივილეგიის მოპოვება და მომხვეჭელობა ეწოდება.

რეპრესიების პერიოდში, ამ ყველაფერს თვითგადარჩენის აუცილებლობაც ემატებოდა და ამისთვის საჭირო იყო უამრავი ადამიანის გაწირვა, რამაც განაპირობა კიდევაც, მათი სოციალურ საფეხურზე აწევა, კომუნისტური რეჟიმის პირობებში.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წითელი ტერორის დროს, კომუნისტურ რეჟიმს, ჯალათებისა და დამსმენების პრობლემა ჰქონდათ საქართველოში, რამაც განაპირობა ის, რომ აქ მოავლინეს სხვა ეთნოსის წარმომადგენლები, რომელთაც წარმატებით გაართვეს თავი დასახულ ამოცანას. თუმცა ეს ას ნიშნავს იმას, რომ ტერორის დასრულების შემდეგ, ან მიმდინარეობისას, საქართველოში არ იყვნენ ისეთები, რომელთაც საკუთარი მერკანტილური მიზნების მიღწევის მიზნით "ყველაფერზე წასვლა" შეეძლოთ.

ამას დაემატა მეორე მსოფლიო ომი და იმ თაობის პრაქტიკული განადგურება, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა შენარჩუნებული დამოუკიდებელი, თავისუფალი ქართველი ერის იდეა.

ამიტომაც, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ყველა სოციალურად მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავეს ადამიანებმა, რომელთაც შესძლეს კომუნისტური რეჟიმის დარწმუნება საკუთარ ერთგულებასა და რეჟიმისთვის სარგებლიანობაში. მას შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, კომუნისტური იდეოლოგიის უალტერნატივობის პირობებში, ეს ადამიანები და მათი მენტალობის მატარებელი შთამომავლობა ხვდებოდა ყველა იმ ინსტიტუტში, რომელიც მომავალ თაობას ზრდიდა და მათ შორის მყოფ გამორჩეულ, პასუხისმგებლობის მქონე თითო-ოროლა ადამიანს, მაინცდამაინც დიდი გავლენა ვერ ექნებოდა საერთო სურათზე.

ალბათ ყველას გახსოვთ (ან გაგიგიათ) ის კორუფცია და პროტექციონიზმი, რომელიც საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში სუფევდა. ეს კორუფცია და პროტექციონიზმი, ერთის მხრივ თუ ცალკეულ ადამიანთა მერკანტილურ მიზნებს ემსახურებოდა, ასევე იყო ერთგვარი თავისთავადი ფილტრი, რომლის გადალახვა იმ შესაძლებლობის შესაბამისად ხდებოდა, რამდენადაც აბიტურიენტის (მოსწავლის) მშობლების მდგომარეობა იძლეოდა. აქ მხოლოდ ფინანსური შესაძლებლობა არ იგულისხმება, აქვე იგულისხმება ელიტასთან მისასვლელი გზის მოძიების შესაძლებლობაც. ეს ყველაფერი, შესაბამისად უზრუნველყოფდა იმას, რომ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ჩამოყალიბებული ელიტა, გარკვეულწილად ავტომატურად ინარჩუნებდა კასტურობას და ამიტომაც არის დღემდე მოსული ნაშთი, რომელსაც ხშირად "წითელ ინტელიგენციას" უწოდებენ, რომელთა კარგად შესწავლის პროცესში, აღმოაჩენთ, რომ მათ შორის რამდენიმე თაობის კავშირები არსებობს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ასეთ პირობებში, ჩამოყალიბებულიყო ან განვითარებულიყო ისეთი მენტალობა, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას მაღალი ხარისხით განავითარებდა. შესაბამისად, ის დეფიციტები, რომელიც დასაწყისში აღვწერე, დიდწილად სწორედ მოცემული სოციალურ-პოლიტიკური პროცესის შედეგია და გამოსავალი, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს არის მოსაძებნი, რომელსაც იურიდიული ან ეკონომიკური განათლების მქონე პოლიტიკოსები ვერ შემოგვთავაზებენ და საჭიროა სოციოლოგების, ფსიქოლოგების, კულტუროლოგებისა და სოციალური ანთროპოლოგების ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც გამოსავლის ძიებას შეუდგება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს