ფრანგული არჩევნები - ევროსკეპტიკოსების გარდაუვალი მარცხი?! - კვირის პალიტრა

ფრანგული არჩევნები - ევროსკეპტიკოსების გარდაუვალი მარცხი?!

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა და ევროპის დიდმა ნაწილმა შვებით ამოისუნთქა.

შვებით ამოსუნთქვის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ შედეგები დაემთხვა წინმსწრები სოციოლოგიური კვლევების შედეგებს და ამით ცხადი გახადა ის, რომ "ახალი სიურპრიზი" არც მეორე ტურში არ იქნება მოსალოდნელი.

მეორე ტურში გასულ კანდიდატებს შორის, პირველი ტურის შედეგების სხვაობა მინიმალურია, ემანუელ მაკრონი - 23.57% და მარინ ლე პენი - 21,53%. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მინიმალური სხვაობა მეორე ტურშიც შენარჩუნდება. დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ტურის გამარჯვებული კანდიდატი, 39 წლის ემანუელ მაკრონი, მეორე ტურში მიიღებს ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 68%-ს, ხოლო მარინ ლე პენი 32%-ს (წყარო). ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთში გაიმარჯვებს პროევროპული ძალა, რომელიც არც NATO-დან და არც ევროკავშირიდან გასვლის საკითხს არ დააყენებს. უკვე პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ევროპელი ექსპერტები ლაპარაკობენ იმაზე, რომ საფრანგეთის დემოკრატიული ძალებისთვის, ეს არჩევნები ნიშნის მოგების ტოლფასი და ბოლო გაფრთხილებაა. ერთი წლის წინ დაფუძნებული პარტიისა და ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსის, მაკრონის მიერ ასეთი წარმატება, სწორედ ამაზე მიუთითებს. "ძველმა" პოლიტიკურმა ძალებმა, სასტიკი მარცხი განიცადეს გამომდინარე იქიდან, რომ მათ მიერ, წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდა და ქვეყანა, დიფუზორულ პოლიტიკურ მმართველობაში არსებობდა, რომელიც სიტუაციურ რეაგირებაზე იყო გადასული და არა გათვლილი, გრძელვადიანი სტრატეგიით მოქმედებაზე. ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაც სწორად იმაში მდგომარეობდა, რომ ის ამომრჩეველს "სისტემიდან" გასვლას დაპირდა, რაც ნიშნავს იმ პოლიტიკური კონიუნქტურის რეფორმირებას ან შეცვლას, რომელიც საფრანგეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებობს და რომლის წინააღმდეგაც ხმა მისცა ამომრჩეველთა უმრავლესობამ.

თავისთავად ცხადია, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მემარჯვენე პოპულისტი მარინ ლე პენის გამარჯვება სრული კატასტროფა იქნებოდა, რადგან მისი საარჩევნო პროგრამის მიხედვით, აუცილებლად დააყენებდა საფრანგეთის თვითიზოლაციის საკითხს, ყველა იმ ბლოკიდან, რომელიც დასავლეთ სამყაროშია შექმნილი, მათ შორის NATO-დანაც. ასეთი პროცესების განვითარება, ევროკავშირის სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ზოგადად ევროკავშირის არსებობას და ამით ხელ-ფეხი გაეხნებოდა რუსეთს, რომელიც დიდი ხანია ცდილობს ევროკავშირის, როგორც მკვდრადშობილი კავშირის წარმოჩენას და ცდილობს განხეთქილება შეიტანოს მის წევრებს შორის, რადგან კრემლისთვის ძალიან ძნელია ასეთ, კონსესუსზე დაფუძნებულ ბიუროკრატიასთან ურთიერთობა იმ პირობებში, როდესაც ამ ბიუროკრატიაზე პირდაპირი ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია. სწორედ ამიტომაც იყო, რომ რუსეთი მარინ ლე პენს უჭერდა მხარს და ეს მხარდაჭერა ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსკოვში ლე პენის სტუმრობისას პუტინთან აუდიენციით გამოიხატა, შემდეგ კი კრემლის პროპაგანდისტული არხებით იმ საკითხებზე აპელირება, რომელიც ასევე ლე პენს ჰქონდა საკუთარ საარჩევნო გამოსვლებში, რომელთა ძირითადი თემატიკაც საემიგრაციო კრიზისი და ტერორისტული საფრთხეები იყო. ამ თვალსაზრისით, სრულიად საპირისპირო იყო ემანუელ მაკრონის სიმპატიები. ის საკმაოდ მკვეთრი ანტირუსი აღმოჩნდა, რომელიც გამოხატა იმაში, რომ საკუთარ საარჩევნო შტაბში, აკრედიტაცია არ მისცა რუსულ პროპაგანდისტულ საშულებებს - "RT"-სა და "Sputnik"-ს (წყარო).

როგორც წესი, ასეთი მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენებისას ყურადღება ენიჭება ყველა წვრილმანსა და დეტალს, ამ თვალსაზრისით, მაკრონი საინტერესო და გამორჩეული გახდა იმითაც, რომ საფრანგეთში არსებული ტრადიცია დაარღვია და პირველ ტურში გამარჯვების აღნიშვნის ღონისძიებაზე, საკუთარი მხარდამჭერების წინაშე მეუღლესთან ერთად წარსდგა, რაც მაშინვე იქნა შემჩნეული და შეფასებული, როგორც "ამერიკული" ქცევა! (წყარო)

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები, განხილვისა და შეფასებების საგანი გახდა მთელს ევროპულ საინფორმაციო სივრცეში. მრავალმა ევროპელმა ლიდერმა უკვე მიულოცა ემანუელ მაკრონს პირველ ტურში გამარჯვება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა აქვს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ხალხს ემანუელ მაკრონის მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს ორმა დამარცხებულმა კანდიდატმა - ფრანსუა ფიიონმა (19.94%) და ბენუა ამონმა (6.34%), რომელიც ამჟამინდელი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თანაპარტიელია (წყარო). შედეგების მიხედვით, მეოთხე ადგილზე გასულმა მემარცხენე რადიკალმა, ჟან-ლუკ მელანშონმა მხარდამჭერებს მოუწოდა, თავად გადაწყვიტონ თუ ვის მისცემენ ხმას მეორე ტურში.

ამ შედეგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთში ევროსკეპტიკები დამარცხდნენ და შესაბამისად, არც ევროკავშირს ექმნება რაიმე საფრთხე. ემანუელ მაკრონისადმი ევროპელი ლიდერების გამოთქმული მხარდაჭერა კი მიუთითებს იმაზე, რომ საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი მათთვის პოლიტიკურად მისაღები ფიგურაა, რომელთანაც არსებული პრობლემური შიდა ევროპული საკითხების გადაჭრა არ იქნება დიდი სირთულე. პირველი ტურის შემდეგ, მხარდამჭერების წინაშე მისი სიტყვით გამოსვლაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ის საფრანგეთისა და ევროპის სიძლიერეს ურთიერთკავშირში მყოფ ღირებულებებად განიხილავს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი