კინ ჩენ ინიმ ბალისტიკური რაკეტის კიდევ ერთი გამოცდა მოაწყო - ჩრდილოეთ კორეაზე დარტყმა გარდაუვალია?! - კვირის პალიტრა

კინ ჩენ ინიმ ბალისტიკური რაკეტის კიდევ ერთი გამოცდა მოაწყო - ჩრდილოეთ კორეაზე დარტყმა გარდაუვალია?!

29 აპრილს მსოფლიო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ, ბალისტიკური რაკეტის გამოცდა მოაწყო, რომელიც ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა.

ინფორმაცია სამხრეთ კორეელი სამხედრო მაღალჩინოსნის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა (წყარო).

ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, რაკეტის ტიპისა და საბრძოლო ქობინის ქონა-არქონის შესახებ.

თავად ჩრდილო კორეელი დიქტატორის კიმ ჩენ ინის ჟესტი, რომელიც ბალისტიკური რაკეტის ამ გამოცდით გააკეთა, მიუთითებს იმაზე, რომ მასზე ზემოქმედების აქამდე გატარებულ ღონისძიებებს, არანაირი გავლენა არ მოუხდენია და აგრძელებს საკუთარი, მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ რაკეტის გამოცდა ჩრდილო კორეის "ლიდერის" კიმ ჩენ ინის განცხადებიდან რამდენიმე საათში მოხდა. გამოცდამდე მან განაცხადა, რომ ქვეყანა იმყოფება "ბირთვული ომის ზღვარზე", რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ის უკან დახევას არ აპირებს და ცდილობს ასეთი პროვოკაციებით გაზომოს ამერიკელების მოთმინება, რაც ძალზედ სარისკო თამაშია.

ჩრდილოელების ერთადერთი მოკავშირე ჩინეთიც კი შეშფოთებულია კიმ ჩენ ინის ქცევით და არაერთხელ განაცხადეს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე შესაძლოა ვითარება უკონტროლო გახდეს (წყარო).

მიმდინარე თვის დასაწყისიდან, კორეის ნახევარკუნძულზე დაწყებული ესკალაციის შემდეგ, ამერიკული სამხედრო აქტივობა ამ მიმართულებაზე მეტად გააქტიურებულია. რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩრდილო კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვული საფრთხე მეტისმეტად რეალურია. მოკავშირეების დასაცავად აშშ-მ სამხრეთ კორეაში ანტისარაკეტო სისტემა THAAD-ი ჩაიტანა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანილი (წყარო), თუმცა მხოლოდ სახმელეთო ბაზირების ამ ანტისარაკეტო სისტემების იმედად არ არიან და ნახევარკუნძულის ირგვლივ, მობილიზებულია აშშ-ის სამხედრო ფლოტი, რომელთაც ასევე შეუძლიათ ჩრდილოელების მიერ გაშვებული რაკეტების განადგურება, თუკი ისინი მოკავშირეებს ან სამხრეთში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაემუქრებიან.

ამ გამოცდას წინ ასევე უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა მოწოდებას საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომ ჩრდილო კორეიდან მომდინარე ბირთვული საფრთხე ამერიკისათვის, აბსოლუტურად რეალურია და შესაძლოა უახლოეს მომავალში აშშ-ზე ბირთვული იერიში მიიტანონ (წყარო). დიდი ალბათობით ამავე საკითხს ეხებოდა 28 აპრილს, თეთრ სახლში გამართული შეხვედრა სენატორებთან, რომელიც ატიპიური იყო ამერიკისთვის, რადგან ასეთი შეხვედრები ძალზედ იშვიათობაა ამერიკის პოლიტიკაში. მოგვიანებით გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ სენატორებთან კონფიდენციალური შეხვედრის მიზანი ფხენიანისგან მომდინარე საფრთხისა და აშშ-ის სტრატეგიის შესახებ მათი ინფორმირება იყო.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი აშშ-ის საპასუხო ნაბიჯების შესახებ და არ ვიცით თუ რით უპასუხებს ამ "პროვოკაციას" ამერიკა და მისი მოკავშირეები რეგიონში.

სოციალური ქსელების მომხმარებელთა დამოკიდებულება, აღნიშნული საკითხისადმი ნათელია და გავრცელებულ სტატიებზე თანდართულ კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეაზე დარტყმა გარდაუვალია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი