"ჩინეთი ამერიკის დაკრულზე ცეკვავს" - ფხენიანი პეკინს ურჩევს გონს მოეგოს - კვირის პალიტრა

"ჩინეთი ამერიკის დაკრულზე ცეკვავს" - ფხენიანი პეკინს ურჩევს გონს მოეგოს

ბოლო დღეების განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვის ინტენსივობა ოდნავ შემცირდა.

ეს ერთგვარი ჩაწყნარება, ერთი მხრივ გამოწვეულია ინფორმაციის გავრცელების შემცირებითაც, რომელიც დიდი ალბათობით, ჩინეთის იმ აქტიურობას უნდა უკავშირდებოდეს, რომელიც მიმართულია კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებისა და სისხლისმღვრელი ომის თავიდან აცილებისკენ.

რუსეთის მხრიდან თითქმის აბსოლუტური დუმილიც იმის მანიშნებელია, რომ ამ პროცესში ჩინეთია დომინანტი და ნებისმიერი რუსული გაფართხალება ძალიან გააღიზიანებს პეკინს, რასაც თავისთავად ცხადია რუსები მოერიდებიან.

ეს მოსაზრება გაამყარა, ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ გამოცემებში, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულმა ინფორმაციებმა, რომელშიც ოფიციალური ფხენიანი, პეკინისადმი უკმაყოფილებას გამოთქვამს. მოკლედ რომ დავახასიათოთ ამ განცხადებების შინაარსი, შემდეგი გამოდის: "ჩინეთი ამერიკის დაკრულზე ცეკვავს"! ამ განცხადებებში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ ჩინეთმა თავი უნდა დაანებოს ფხენიანის დარწმუნებას შეაჩეროს სარაკეტო და ბირთვული პროგრამები. ასეთი განცხადებების საფუძველი, დიპლომატიურ სიბრტყეში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ასევე გახდა ორ ჩინურ ავტორიტეტულ გამოცემებში გამოქვეყნებული მასალები, რომელთა შინაარსიც იმას ნიშნავდა რომ, რეგიონში აშშ-ის სამხედრო აქტივობა ამ დრომდე მიმართული იყო ჩინეთის შესაკავებლად, ჩრდილო კორეის უპასუხისმგებლო ქცევებმა კი მათი უპრეცედენტო ზრდა გამოიწვია და შეიქნა სრულიად ლეგიტიმური საბაბი, კორეის ნახევარკუნძულსა და რეგიონის სხვა წერტილებში, ამერიკული სამხედრო კონტიგენტის ზრდისა, რამაც ჩინეთისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა არასასურველი შედეგი მოიტანოს.

ზემოთ მოცემული განცხადებები, გახმაურდა იმ ფონზე, როდესაც ფხენიანიდან ისმოდა მტკიცებულება, თითქოს ამერიკის სპეცსამსახურები ჩრდილო კორეელ დიქტატორ კიმ ჩენ ინის მოწამვლის გზით მოკვლას ცდილობდნენ. რეგიონის ქვეყნების მედიასაშუალებების უმეტესობამ ეს მტკიცებულება გამოგონილ ბრალდებად შერაცხა, რადგან, ცნობილია, რომ ჩრდილო კორეის ტერიტორია, თითქმის მთლიანად სტერილურია ისეთი ჯაშუშური ქსელებისგან, რომელთაც ხელეწიფებათ მსგავსი ოპერაციის ჩატარება. ხოლო ის ვერსია, რაც ჩრდილო კორეის უშიშროების სამინისტრომ გაავრცელა, სრული აბსურდი და ფანტასტიკაა.

ამ მოცემულობით, რომელიც ზემოთ ჩამოვაყალიბე, მყარდება მტკიცებულება, რომ ჩინეთი-აშშ-ის გარიგება ჩრდილო კორეის პრობლემის შესახებ სრულიად რეალურია და ჩინეთი დიდ ძალისხმევას ხარჯავს ნახევარკუნძულზე ომის თავიდან აცილებისთვის. თუმცა, აქედან ისიც ჩანს, რომ ჩინელების გავლენა კიმ ჩენ ინზე კლებულობს და ის საშიში ხდება თავად ჩინეთისთვისაც.

გარდა ზემოთ თქმული ამერიკული სამხედრო აქტივობების ზრდისა, კიმის რეჟიმი თუნდაც იმიტომ წარმოადგენს საფრთხეს ჩინეთისთვის, რომ მის მიერ სარაკეტო და ბირთვული გამოცდების ჩატარებისას, რაიმე შეცდომის შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დგას ჩინეთის ტერიტორიაც.

ლოგიკურად ჩინეთისთვის საფრთხეა ასევე ომის დაწყებაც, რომელიც ალბათ გარდაუვალი ხდება დღითიდღე, რადგან დასავლეთს ჩრდილოეთ კორეაზე ზემოქმედების ბერკეტი უბრალოდ აღარ რჩება. ერთადერთი ალტერნატივა სრული ბლოკადის გამოცხადებაა, რომელიც ასევე მილიონობით სიცოცხლეს შეიწირავს, შიმშილისა და მედიკამენტების კატასტროფული დეფიციტის გამო. თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ეს ღონისძიება, იმდენად აღარ აზღვევს მსოფლიოს კორეული ბირთვული საფრთხისგან, როგორც ეს 90-იან წლებში მოხდა, რადგან არავინ იცის კონტროლიდან გასული, ბირთვული ყუმბარით შეიარაღებული კიმი და მასთან ერთად ქვეყნის დღევანდელი ე.წ. ელიტა რას მოიმოქმედებენ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ახლა ჯერი ჩინეთზეა, დიდი ალბათობით, უნდა ველოდოთ ჩინეთის მხრიდან ჩრდილო კორეის პროვოკაციული ქმედებებისადმი გარკვეული დამოკიდებულების გასაჯაროებას, რომელიც აქამდე მხოლოდ ირიბად ჩანდა. აშშ-ის სამხედრო ძალები კი რეგიონში, მოკავშირეების სამხედრო ძალებთან ერთად, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში რჩებიან და მზად არიან ნებისმიერ დროს დაიწყონ მოქმედება, თუკი კიმ ჩენ ინი მოქმედების სხვა გზას აღარ დატოვებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი