ოვალურ კაბინეტში რუსების დადგმული პროვოკაცია - კვირის პალიტრა

ოვალურ კაბინეტში რუსების დადგმული პროვოკაცია

ამერიკაში, რუსების დელეგაციის სტუმრობა ძალზედ ხმაურიანი და ინტრიგებით გაჯერებული აღმოჩნდა. უცნაურია მთელი ის ისტერიკა, რომელიც რუსულ მედიაში შეინიშნება და პირდაპირ შეიძლება ითქვას - პროვოკაციის სუნი ასდის.

ინტრიგას მთავარი იმპულსი, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოულოდნელმა გათავისუფლებამ მისცა, რომელიც რუსულ თემატიკასთან და იმ გამოძიებასთან დააკავშირეს, რომელსაც აღნიშნული უწყება ატარებს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ. ასევე დაუდგენელია, აწარმოებს თუ არა ეს უწყება გამოძიებას ტრამპის წინააღმდეგ, მისი და მისი გუნდის წევრების რუსეთთან კავშირის არსებობის თაობაზე. რა გახდა ჯეიმს კომის გადაყენების რეალური მიზეზი, ამ დრომდე უცნობია, რადგან მისი მოვალეობის შემსრულებლის თქმით, რუსეთის არჩევნებში ჩარევის შესახებ გამოძიება არ შეწყვეტილა და მას იგივე აგენტები აწარმოებენ, რომლებიც ჯეიმს კომის მმართველობის პერიოდში ახორციელებდნენ. მისივე განცხადებით, რუსეთი დღესაც ცდილობს ამერიკაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენა მოახდინოს. (წყარო)

ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა, რომ ჯეიმს კომის გადაყენება ამერიკის შიდა პოლიტიკის საკითხია და დიდი ალბათობით, არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს რუსების ვიზიტთან. მიუხედავად ამისა, რუსული მედია საკუთარი პროპაგანდისტული მეთოდებით, ცდილობს წარმოაჩინოს აშშ-ში ლავროვის ვიზიტი, როგორც გამარჯვება ამერიკულ უდრეკელობაზე. ამ თვალსაზრისით, ძალზედ უცნაური შინაარსის სტატიები ვრცელდება რუსულ მედიაში.

პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრა, რატომღაც ისეთი მნიშვნელობის ფაქტორი გახდა, რომ ლავროვის ტრიუმფად შეფასდა (ბმული). თუ დაუკვირდებით, ტრამპი გასული ორი-სამი დღის განმავლობაში, ამ კაბინეტში არა მხოლოდ ლავროვს, არამედ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს.

თუ დაუკვირდებით, ფოტოების რეჟისურა იდენტურია და ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპის მისვლით თეთრ სახლში, შეხვედრების პროტოკოლი შეცვლილია. რატომ ჩათვალეს რუსებმა, რომ მათ რაღაც განსაკუთრებული შეძლეს, ძნელი სათქმელია.

გარდა იმისა, რომ ოვალურ კაბინეტში შესვლა გახდა ერთგვარი "სენსაცია", ამ ყველაფერს დაემატა რუსების მიერ ამავე კაბინეტში გადაღებული ფოტოების გასაჯაროება, რომელიც შეთანხმების თანახმად არ უნდა მომხდარიყო (წყარო). ამის მიზეზი კი ის არის, რომ ზოგადად თეთრი სახლი, პრეზიდენტის სხვა ქვეყნების დაბალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრების ამსახველ ფოტო მასალას საკუთარ გვერდზე არ ანთავსებს. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო შეთანხმება, რომ ეს ფოტოები არ უნდა გავრცელებულიყო, რაც რუსულმა მხარემ დაარღვია და მეორე დღესვე გამოფინეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, რითიც ამერიკელების უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვიეს.

რაც შეხება თავად ვიზიტს, ტრამპის შეფასებით, რუსეთის მთავარ დიპლომატთან შეხვედრა ძალიან დადებითი იყო, თუმცა მეორე მხრივ, ამ შეფასების არარეალურობაზე მიანიშნებს ის, რომ სერგეი ლავროვმა მარტომ გამართა შემაჯამებელი პრესკონფერენცია რუსეთის საელჩოში, სადაც ისაუბრა თემებზე, რომელიც მისი თქმით განიხილებოდა პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრებზე. მისი თქმით საუბარი შეეხო სირიას, უკრაინასა და ორი ქვეყნის ურთიერთობებს. ამ საკითხებში რაიმე გარღვევა რომ ყოფილიყო, დარწმუნებით შეიძლება ითქვას ასეთი ცალმხრივი და ისიც საკუთარ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, არ გაიმართებოდა პრესკონფერენცია და რაც მთავარია, ბარაკ ობამას მიერ რუსებისთვის ჩამორთმეულ უძრავ ქონებაზე არ იქნებოდა ისეთი მუქარის შემცველი განცხადებები, რომელიც ლავროვმა გააკეთა. დიდი ალბათობით, სწორედ ამ ქონების დაბრუნების საკითხი უნდა იგულისხმებოდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საკითხში. ლავროვის თქმით, თუკი ამერიკელები არ დაუბრუნებენ რუსებს ჩამორთმეულ ქონებას, მაშინ ისინი უბრალოდ იძულებულნი იქნებიან საპასუხო ნაბიჯები გადადგან. რაც ნიშნავს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული წარმომადგენლობებისა და ელჩის რეზიდენციის კონფისკაციას (წყარო). წარმატებული და დადებითი შედეგების ვიზიტების შემდეგ, ასეთი შინაარსის განცხადებები, როგორც წესი, არ კეთდება.

ლავროვსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა სულ 40 წუთს გაგრძელდა და დიდი ალბათობით, ეხებოდა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას G20-ის სამიტზე, მიმდინარე წლის ზაფხულში და კონფლიქტებს, სადაც ასევე ორი ქვეყნის ინტერესები იკვეთება. მეტი უბრალოდ ვერაფერი ვერ მოესწრებოდა და ამაზე მეტყველებს ლავროვის განცხადება, რომ ერთ "ჩამოჯდომაზე" არაფერი არ წყდება.

განსხვავებული იყო, თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, სადაც განსაკუთრებულად იყო აღნიშნული რუსეთის პასუხისმგებლობა, მინსკის შეთანხმების დაცვის საკითხში (წყარო), რომლის დაუყოვნებლივი შესრულებაც მოითხოვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

რუსულ მედიაში, შეხვედრის თემატიკა რამდენჯერმე შეიცვალა, თავდაპირველად ძირითად თემად სირიის შესახებ, ასტანაში რუსეთის, ირანისა და თურქეთის მიერ მიღებული, "დეესკალაციის ზონების" შექმნის გადაწყვეტილება იყო, რომლის მხარდაჭერასაც რუსები ითხოვდნენ ამერიკელებისგან. შემდეგ, კონკრეტიკა მოიხსნა და უფრო დიფუზური გახდა, ხოლო ვიზიტიდან მეორე დღეს, ყურადღება სრულიად სხვა საკითხებზე გადავიდა, რომლის კარგი მაგალითია რუსულ მედიაში გავრცელებული მასალები, აშშ-ის ტერიტორიაზე რუსებისთვის ჩამორთმეული ქონების საკითხსა (ბმული) და ფოტო მასალის გავრცელების შესახებ.

ის, რომ ყველა ეს საკითხი განიხილებოდა, უდავოა, თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლავროვის აშშ-ში ვიზიტამდე, ამავე ვიზიტის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, შეხვედრა გამართა ქვეყნის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან, რაც ცალსახად არაორდინალური მოვლენაა და მიანიშნებს იმაზე, რომ ლავროვის ვიზიტი ტრამპთან და მოულოდნელი შეხვედრაც, შემთხვევითი არ იყო. არც იმ ზოგად თემებზე საუბარს ისახავდა მიზნად და რომ უფრო კონკრეტული შეტყობინება იქნა ჩატანილი ლავროვის მიერ. ხოლო ფაქტი რომ დარღვეულია შეთანხმება, ისეთ ელემენტარულ საკითხზე, როგორიც არის ფოტოების გასაჯაროების საკითხი, მიანიშნებს იმაზე რომ ლავროვის მიერ ჩატანილ "შეტყობინებას", ამერიკელების მხრიდან მათთვის არასასურველი პასუხი მოჰყვა, რაზეც დაუყოვნებლივი შურისძიება, პირველ რიგში შეთანხმების დარღვევით მოხდა!

თუკი ის მტკიცებულება სიმართლესთან ახლოს არის, რომ ლავროვის მიერ ჩატანილ შეტყობინებას მოჰყვა მათთვის არასასურველი პასუხი, მაშინ რუსების მომდევნო ნაბიჯი, აუცილებლად იქნება სირიაში ან სხვაგან, აშშ-ის როგორც აგრესორისა და მათ მიერ დასადგურებული მშვიდობის ხელმყოფ მხარედ გამოყვანა.

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი