გლობალურ ალიანსებს რეგიონული ალიანსები ანაცვლებენ?! - კვირის პალიტრა

გლობალურ ალიანსებს რეგიონული ალიანსები ანაცვლებენ?!

მიუხედავად იმისა ვინ როგორ აფასებს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას, ფაქტია ახალი რეალობა იქმნება და ეს რეალობა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმ პრობლემებით, რომელიც დღეს არსებობს.

დიდი ალბათობით, მსოფლიოს გლობალიზებულმა ეკონომიკამ მოიტანა ის, რომ ალიანსების წევრებს შორის, უსაფრთხოების ნაწილში გასატარებელი, აუცილებელი პოლიტიკის გამო ხშირად ჩნდება უთანხმოება. ეს კი განაპირობა ომის წარმოების ახალმა ფორმამ, რომელსაც "ჰიბრიდულ ომს" უწოდებენ.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ეს ეპოქა და ის ტრანსფორმაციები, რომელსაც ახლა ჩვენ ვადევნებთ თვალს, დიდი გარდატეხის პერიოდია, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სისტემას ცვლის ახლით.

გლობალური კოალიციების დრო წავიდა და მეტი მოქნილობისათვის საჭიროა რეგიონული კოალიციები, რომელთა მობილობა გაცილებით მაღალი იქნება და დანიშნულება მეტად კონკრეტული. ამაზე მიანიშნებს თუნდაც, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტი საუდის არაბეთში და იქ, ორმოცდაათ მუსლიმ ლიდერთან მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ახალი სუნიტური კოალიცია, შიიტური ირანისა და რადიკალური ისლამის წინააღმდეგ.

ამავე რიგის საკითხს განეკუთვნება ევროკავშირში დაწყებული პროცესები, საკუთრივ ევროკავშირის უსაფრთხოების ძალების შექმნის თვალსაზრისით, რომლის შესახებ ცნობილი, მიმდინარე წლის თებერვალში, ევროპის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწვეტილებებით გახდა (წყარო). აღსანიშნავია, რომ ლაპარაკი ასეთი საჭიროების შესახებ ცოტათი უფრო ადრე, არცთუ შორეულ წარსულში დაიწყო (ბმული).

ამ პროცესებს კი წინ უძღოდა პოლონეთის პრეზიდენტად ანდჟეი დუდას არჩევა და  პირველივე საპრეზიდენტო სიტყვით გამოსვლისას მისი მოწოდება, რომ  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის შექმნილიყო ახალი კავშირი - ბალტიისა და შავი ზღვის ქვეყნების მონაწილეობით, რომელიც ძველი "მეჟდუმორიის" პროექტის რეაბილიტაციას წარმოადგენს და მიზნად იმ რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს, რომლისთვისაც საფრთხეც რუსეთიდან მომდინარეობს.

ასევე ვხედავთ კავკასიაში, ასეთივე ალიანსისა თუ სამხედრო კავშირის შექმნის მცდელობებს, რომლის ინიციატორიც ძირითადად თურქეთია, თუმცა ბოლო დროს, თურქეთსა და დასავლეთს შორის დაწყებული უთანხმოების გამო, ეს ინიციატივები მნიშვნელოვანწილად შემცირდა.

ამავე პრინციპის კოალიციებად უნდა აღვიქვათ, რუსული ევრაზიული კავშირი და "ОДКБ", რომელიც ძირითადად რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრით არის დაკავებული. ფაქტია, რომ ასეთი აქტივობები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ აქტიურია და შეუძლებელია ეს არ შეემჩნია დაკვირვებულ თვალს.

ევროპისა და აშშ-ის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, რომელთაც ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი ალიანსები აქვთ შექმნილი, დავინახავთ, რომ ბიუროკრატიული სიტლანქე, გლობალური ალიანსებისთვის პრობლემას წარმოადგენს და უჭირს დროული რეაგირება ისეთი სახის საფრთხეებზე, როგორიც იყო უკრაინის, იემენისა და სირიის კრიზისები. შესაბამისად, ლოგიკურად დადგა დღის წესრიგში "ჰიბრიდული" და "ტერორისტული" საფრთხეების წინაშე ბრძოლის ეფექტიანი კოალიციური სისტემის შექმნა, რომელიც მნიშვნელოვანწილად თავისუფალი იქნება გლობალური ეკონომიკური გავლენებისგან და რეგიონული მასშტაბით იმოქმედებს. ეს სისტემა რეგიონის ქვეყნების ინტერესებიდან და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნება და მასვე მიებმება ეკონომიკური საკითხებიც. ასეთი აუცილებლობა დღეს ნათლად იკვეთება ახლო აღმოსავლეთში, სირიის დაუსრულებელი კონფლიქტისა და იქ პრაქტიკულად მსოფლიო ინტერესების კვეთის გამო, რაც  ამ სისხლისმღვრელი ომის დაუსრულებლად გაწელვის უმთავრესი მიზეზია.

ასეთი კოალიციები ასევე შეძლებენ შეაკავონ კონფლიქტები რეგიონულ დონეზე და უფრო მარტივი გახადონ მისი შეფასება იმ შემთხვევისთვის, თუკი რუსეთის სირიაში მოქმედების მსგავსად, რეგიონს მიღმა ძალები დაიწყებენ შიდა პროცესებში ჩარევას, რაც ავტომატურად გამოიწვევს კონფლიქტის ხარისხის აწევას - რეგიონულიდან საერთაშორისოზე და შესაბამისად, გამარტივდება მასზე საერთაშორისო რეაგირება.

საბოლოო ჯამში სადამდე მივა ეს პროცესი ძნელი სათქმელია, მაგრამ, ფაქტია, რომ ასეთი საჭიროება დღეს აქტუალურია და იმის გამო, რომ საერთაშორისო მასშტაბში თითქმის არ დარჩა წესრიგის დამყარების ქმედითი ბერკეტი, ლოგიკურად დგება ახალი სისტემის შექმნის საჭიროება, რომლის ფორმაციებიც იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად გაღრმავდება შიიტურ-რუსული და კორეული-ჩუჩხეისტური კრიზისები და რა მასშტაბებს შეიძენენ ისინი.

ასევე ფაქტია, რომ საერთაშორისო წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი გაერო აბსულუტურად უძლური აღმოჩნდა ახალი საფრთხეების წინაშე და ცხადი გახადა, რომ კონსესუსის გზით მსოფლიო საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია. კონსესუსი ვერ მიიღწევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კონფლიქტში დაინტერესებულ მხარეს შეუძლია გაერო-ს ნებისმიერი გადაწყვეტილების ბლოკირება ვეტოს უფლების გამოყენებით და შესაბამისად, უაზრო ხდება დედამიწის მოსახლეობა ასეთი ორგანიზაციის იმედად იყოს. დომინანტური ძალის გარეშე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უძლურია კაცობრიობა მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის საკითხში, ამიტომაც დადგა დღის წესრიგში, რეგიონული უსაფრთხოების სისტემების შექმნა.

ჩემი სუბიექტური წარმოდგენით, ის, რომ მომავალი რამდენიმე წელი, ზემოთ აღწერილი რეგიონული ალიანსების შექმნის თვითმხილველნი ვიქნებით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გლობალური ალიანსები, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის NATO შეწყვეტს არსებობას. მგონია, რომ პირიქით, ასეთი ორგანიზაციისათვის ბევრად კომფორტული იქნება გარემო, როდესაც თავდაპირველი რეაგირების ვალდებულება პოლიტიკური ძალისხმევის ვადებულება იქნება და მხოლოდ კონფლიქტის გარკვეულ ხარისხამდე მიღწევის შემთხვევაში დადგება მისი ფიზიკური ჩარევის საჭიროება.

ამ თვალსაზრისით, ისმის კითხვა, -  რა რესურსი გააჩნია საქართველოს და რა კონფიგურაციის რეგიონულ ალიანსში შეიძლება გაწევრდეს?

ჩემი დიდი სურვილია, რომ ასეთი ალიანსი, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად შეიქმნას, თუმცა, ამ გადასახედიდან ასეთი რამ ძნელად წარმოსადგენია და საქართველოს მოუწევს ძალიან დიდი ძალისხმევის დახარჯვა იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს. სამწუხაროდ, ამისთვის საჭირო აქტივობას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ.

დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა, ასეთი სამომავლო ამოცანების გადაჭრის ნიშანწყალს არ იტყობს და ჩნდება ეჭვი, რომ ვერც აცნობიერებენ იმას, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, მიუხედავად იმისა, რა სასიკეთო თუ ნეგატიური ძვრები იქნება საერთაშორისო მასშტაბში.

დღევანდელი ხელისუფლება, იმპულსურად მოქმედებს და არანაირი თანმიმდევრული კონცეფცია არ გააჩნია, რომლის შედეგის დანახვაც, საშუალოვადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება შესაძლებელი. საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა, ჩემი აზრით, პრობლემაა, თუნდაც იმიტომ, რომ დასავლურ სამყაროსგან დისტანცირებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად დასავლეთი ჩვენი რეგიონის მიმართულებით აქტიურია.

როგორც ჩანს, დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების წევრებში კრემლისადმი შიში უფრო მძლავრია, ვიდრე ლტოლვა დასავლეთ ცივილიზაციასა და იმ სამყაროსკენ, რომელიც მათივე დეკლარირებული პოზიციით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი საზრუნავია. სწორედ ასეთი დისონანსია პრობლემა როგორც ამ ქვეყნის მომავლისთვის, ისე მოკავშირეებისთვის და ალოგიკურია ამ ეპოქაში ე.წ. "დაბალანსებული" უფრო სწორად კი საგარეო პოლიტიკის "არმენიზაცია", რომლის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი არა ეროვნული ინტერესები, არამედ ჩრდილოეთ მეზობელი და მისი ინტერესებია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი