ვის აწყობდა ირანში ტერორიზმის საფრთხის გააქტიურება?! - კვირის პალიტრა

ვის აწყობდა ირანში ტერორიზმის საფრთხის გააქტიურება?!

7 ივნისს, ირანის დედაქალაქზე განხორციელებული ტერორისტული შეტევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც ახლო აღმოსავლეთია, მშვიდად ვერავინ იქნება. არავინ იცის ტერორისტები რა დროს, რა ამოცანის გადაჭრას გადაწყვეტენ და ვინ გახდება მათი სამიზნე.

ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული საბოლოო ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად პარლამენტსა და აიათოლას მავზოლეუმში დაიღუპა 12 და დაშავდა 42 ადამიანი.

შეტევა რომელიც თეირანში განხორციელდა, აჩვენებს, რომ ტერორისტები, მათზე განხორციელებული საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, ყველა იმ ინსტრუმენტს გამოიყენებენ, რომელიც მათი, როგორც ანგარიშგასაწევი ძალის ფაქტორად დარჩენას უზრუნველყოფს, თუმცა ირანის შემთხვევაში, მგონია, რომ საქმე სხვა რამესთან გვაქვს და ეს ეპიზოდი, რეგიონში მიმდინარე მასშტაბური პროცესებისგან განცალკევებით არ უნდა განვიხილოთ.

თავდასხმების შემდეგ პირველივე შეფასებებისას, რომელიც ირანელმა მაღალჩინოსნებმა გააკეთეს, გამოიკვეთა პოლიტიკური კონტექსტი და აუცილებლობად ქცეული დადანაშაულება ჯერ საუდიტების, შემდეგ კი ამერიკის, რომელსაც არავინ იცის რეალურად რამდენად მყარი საფუძველი აქვს.

მყისიერად ასეთი შინაარსის განცხადებების კეთება სწორედ იმაზე მიუთითებდა, რომ განცხადებები პოლიტიკური ოპონენტების მარგინალიზებასა და აგრესიულობის ხაზგასმისათვის კეთდებოდა და არ ასახავდა იმ რეალობას, რომელმაც ინციდენტები გამოიწვია.

აღსანიშნავია ასევე ის, რომ პირველ განცხადებებში ირანელმა ძალოვნებმა, ინციდენტთან ISIS-ის კავშირი გამორიცხეს, თუმცა შემდეგ უკვე იძულებულები გახდნენ ეღიარებინათ, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ISIS-მა გაავრცელა ინფორმაცია, საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ.

უამრავ კითხვას აჩენს ის, თუ როგორ შეძლეს კბილებამდე შეიარაღებულმა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ჟილეტებით აღჭურვილმა ტერორისტებმა ქვეყნის პარლამენტში შეღწევა და იქ სასაკლაოს მოწყობა. ასეთი რამ შეიძლება ორ შემთხვევაში მოხდეს - პირველი მაშინ, როდესაც უსაფრთხოების სამსახურები საერთოდ ვერ აკონტროლებენ სიტუაციას ქვეყანაში და მეორე  მაშინ, თუ ის პირები, რომლებმაც ტერაქტი განახორციელეს, ქვეყნის სპეცსამსახურების "ნდობით" სარგებლობდნენ.

რომელია ამ ორი ვერსიიდან სიმართლე, ძნელი სათქმელია, რადგან არანაირი ვერსია ტერორისტული შეტევების მიზნის შესახებ, ჯერ არ გავრცელებულა და ირანელების მხრიდან ისმის მხოლოდ ის, რომ რაც მოხდა, საუდიტებისა და აშშ-ს ბრალია.

რა თქმა უნდა, ირანელი ძალოვნების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ შურს იძიებენ ამ თავდასხმისთვის. ამავე განცხადებებში აღსანიშნავია ერთ-ერთი ირანელი გენერლის პოზიცია, რომელიც ტერორისტების მთავარ წარუმატებლობად თვლის იმას, რომ მათ ვერ შესძლეს პარლამენტის სესიის ჩაშლა, რომლის ტრანსლირებაც რადიოთი მიმდინარეობდა(!?).

ის თუ რა შედეგები მოჰყვება ამ ტეროროსტულ აქტებს ძალიან მალე გამოჩნდება და გამოჩნდება ეს სირიაში, ირანული ძალების აქტივობით, რომლებიც ჰეზბოლას, ასადის, რუსეთისა და სხვა შიიტური დაჯგუფებების გვერდით იბრძვიან. ლოგიკურად, ირანული არმიის ნაწილები სირიაში სწორედ იმ მიმართულებებზე უნდა გააქტიურდნენ, სადაც ISIS-ის პოზიციებია. თუკი ასეთ რამეს ვნახავთ, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ერთი ვერსიით, ირანელების დასჯა, იმავე კოალიციის რიგებიდან გადაწყვიტა ვიღაცამ, ვისთან ერთადაც იცავს ასადის რეჟიმს; მეორე ვერსიით კი, ISIS-თან ირანს კონფლიქტური სიტუაცია შეექმნა და სულაც არ არის გამორიცხული ეს კონფლიქტი, ყატართან აწ უკვე გახმაურებულ თანამშრომლობასაც უკავშირდებოდეს.

ირანისათვის, ასადის რეჟიმის შენარჩუნება ძალზედ მნიშვნელოვანი ამოცანაა, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს მისი გავლენის შემცირების ხარჯზე და არსებობს შესაძლებლობა, რომ პროასადისტურ კოალიციაში, იგივე რუსებთან, ამ თვალსაზრისით, კონფლიქტები წარმოიშვას.

სუნიტური კოალიციის დადანაშაულება იმაში, რომ თეირანში მოწყობილი ტერორისტული შეტევები მათ მიერ იქნა ორგანიზებული ან დაკვეთილი, ამ ეტაპზე ცოტათი გაუმართავ ვერსიად გამოიყურება, რადგან ასეთი ზოგადი თავდასხმის აქტი არაფერს მისცემდა სუნიტურ ქვეყნებს. რომ ყოფილიყო ეს პერსონიფიცირებული თავდასხმა აიათოლას რეჟიმის რომელიმე გავლენიან ფიგურაზე, რა თქმა უნდა, იქნებოდა საფუძველი, რომ ამის უკან საუდიტები დგანან.

მნიშვნელოვანია ის კითხვა, თუ ვის აწყობდა ირანში ტერორიზმის საფრთხის საკითხის გააქტიურება?

ამ მოცემულობით, როდესაც სუნიტები საკუთარ კოალიციას ქმნიან ტერორიზმის საფრთხის გასანადგურებლად, სრულიად ალოგიკურია მათი მხრიდან თეირანში ტერორისტული აქტების განხორციელების დაკვეთა. ყველაზე ლოგიკური, არსებულ ვერსიათაგან ალბათ იქნება ის, რომ მთელი ეს სისხლიანი სპექტაკლი ისევ შიდა ირანული დაპირისპირების შედეგად გამოწვეული პროცესები უნდა იყოს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თავისებურებას უნდა ეხებოდეს.

რა თქმა უნდა, ზემოთ მოცემული ტექსტი, მთლიანად ვარაუდებს ეფუძნება, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციიდან, რომელიც საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელდა. რეალობა შესაძლოა სულ სხვა რამ იყოს და ამას ბევრი წლის შემდეგ გავიგებთ. მანამდე კი თანამედროვე პოლიტიკის უკვე ტრადიციიდან გამომდინარე, მხოლოდ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ირიბ შედეგებზე დაკვირვებით არის შესაძლებელი ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, მეტ-ნაკლებად სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს