კრიზისი არაბეთის ნახევარკუნძულზე - ყატარისთვის გამოცხადებული ბლოკადა შესაძლოა სამხედრო დაპირისპირების კერად იქცეს?! - კვირის პალიტრა

კრიზისი არაბეთის ნახევარკუნძულზე - ყატარისთვის გამოცხადებული ბლოკადა შესაძლოა სამხედრო დაპირისპირების კერად იქცეს?!

არაბეთის ნახევარკუნძული საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა და იმდენად დაძაბულია ვითრება, რომ ზოგიერთის შეფასებით, შესაძლოა ყატარსა და ბლოკადის გამომცხადებელ ქვეყნებს შორის, ომიც კი დაიწყოს.

მაგალითად, ომის დაწყების საშიშროებაზე ალაპარაკდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი, რომლის განცხადებით, გერმანია რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად, ერთვება პრობლემის მოგვარების საკითხში და ამ მიზნით, მოლაპარაკებებიც გამართა აშშ-ს სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან (წყარო).

ცნობისთვის, ყატარის წინააღმდეგ დაწყებული დიპლომატიური დემარშის მიზეზი ოფიციალურად გახდა ყატარის ემირის, ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის სიტყვით გამოსვლა სამხედრო აკადემიაში. ამ გამოსვლაში პრინცმა დადებით კონტექსტში ილაპარაკა ირანსა და ჰეზბოლაზე, ასევე ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან პრობლემებზე ბმული. ყატარელების განცხადებით, ემირის გამოსვლის ტექსტი, რომელიც ტელეკომპანია "Al Jazeera"-ს ვებგვერდზე განთავსდა, "ფეიკი" იყო და ვებგვერდზე ჰაკერული შეტევების შედეგად განთავსდა. მიუხედავად ამისა, ყატარის მეზობელმა ქვეყნებმა, რომლებმაც ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტეს ამ ქვეყანასთან, სრულიად სერიოზულად მიიღეს პრინცის განცხადება და ისეთ დაძაბულობამდე მივიდა საქმე, რომ შესაძლოა ომიც კი დაიწყოს.

შესაბამისად, გამოსვლა, რომელიც ყატარის წინააღმდეგ მთავარი კომპრომატი გახდა, მართლაც ფეიკი რომ ყოფილიყო, დიდი ალბათობით, დაძაბულობა ამ ხარისხამდე ვერ მივიდოდა. ამას დაემტა ისიც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ყატარელებმა ტერორისტულ დაჯგუფება ISIS-ის ერთი მილიარდი დოლარის მოცულობის გამოსასყიდი გადაუხადეს, სამეფო ოჯახის ოცდაათამდე გატაცებული წევრის გათავისუფლებისთვის.

ყატარელების განცხადებების საწინააღმდეგოს მეტყველებს ის ქმედებები, რომელიც დიპლომატიურ დემარშებს მოჰყვა მათი მხრიდან და იმაში გამოიხატა რომ მათი აქტივობები ირანის მიმართ, სულაც არ მიანიშნებდა იმ დაძაბულობაზე, რომელიც ირანსა და სუნიტური კოალიციის წევრებს შორის არსებობს.

უცნაური იყო ისიც, რომ ყოფილ პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყების ნაცვლად, ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ესტუმრა და მოლაპარაკებები სერგეი ლავროვთან გამართა. ვიზიტამდე კი ტელეფონით ესაუბრა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ კონფლიქტში, ირანელებთან ერთად, რუსებიც აქტიურად არიან ჩართულები. რუსების ეს ჩართულობა ძნელი სათქმელია რას შეიძლება უკავშირდებოდეს. ერთი ვერსიით, შესაძლოა ირანსა და ყატარს შორის შუამავლის როლი დაეკისროს რუსეთს, თუმცა როგორც პროცესები აჩვენებს, ეს ფუნქცია თურქეთმა უკვე შეითავსა და ყატარის თემატიკაზე, მოლაპარაკებები ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორისაც გაიმართა. თურქეთმა ასევე დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ყატარში თურქული სამხედრო კონტიგენტის განთავსებას ისახავს მიზნად.

დემარშის გამოცხადებიდან მეორე დღესვე, ყატარი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა და ამ კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ირანმა, შემდეგ კი თურქეთმა, ჰუმანიტარული ტვირთები გაგზავნეს დოჰაში. ყატარის ბლოკადის გამოცხადებისთანავე, მოსახლეობაში ისტერიკა ატყდა და მაღაზიებს შეესიენ, სურსათ-სანოვაგის საყიდლად, რამაც მარაგების გაქრობა გამოიწვია. ყატარს, ასევე შესთავაზა დახმარება მოსკოვმაც, თუმცა რუსების დახმარებაზე ყატარელებმა უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ასეთი საჭიროება, მოცემულ ეტაპზე არ დგას.

ფაქტია ის, რომ ყატარის კრიზისი საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საერთაშორისო პოლიტიკისთვის, რადგან მედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, პროცესებში, რომელიც ყატარის კრიზისს უკავშირდება, ჩართულია რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანა, თურქეთი, აშშ და ახლა უკვე გერმანია.

დასახელებული ქვეყნების დიპლომატიურ სამსახურებს შორის, იმდენად აქტიური კომუნიკაციაა ყატარის თემატიკაზე, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ყატარზე თავდასხმის ალბათობა საუდიტების და ემირატების, ჯამში კი სუნიტური კოალიციის მხრიდან, კრიტიკულ ზღვარზეა მისული.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროცესებში ჩართულია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და აქტიურად განიხილავს ყატარის კრიზისს, რეგიონის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. გასული კვირის ბოლოს, გავრცელდა მისი მოწოდება საუდიტებისა და არაბული კოალიცის წევრების მიმართ, რომ მათ შეასუსტონ ყატარის ბლოკადა.

რითი დასრულდება ეს კრიზისი ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია რადგან საუდიტების მიერ, ქუვეითის ემირისთვის გადაცემული მოთხოვნებისადმი ყატარის დამოკიდებულება ამ დრომდე უცნობია. საუდიტების მოთხოვნებიდან ძირითადი პუნქტებია - "ჰეზბოლასთან" და ირანთან ურთიერთობის გაწყვეტა, "მუსლიმი ძმებისა" და მსგავსი ექსტრემისტული დაჯგუფებებისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა, "ჰეზბოლას" პალესტინელი წევრების ქვეყნიდან გაძევება და მათი საბანკო ანგარიშების გაყინვა, ტელეკომპანია "Al Jazeera"-სგან ბოდიშის მოხდა და ა.შ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ყატარელები უსამართლოს უწოდებენ ბლოკადას და იმ ბრალდებებს უარყოფენ, რომელიც ბლოკადის მიზეზი გახდა.

ჩემი სუბიექტური აზრით,  ყატარის კრიზისი სამხედრო შეტაკებამდე არ მივა და რეგიონის ქვეყნები, მსოფლიო ლიდერების ჩართულობითა და დომინანტი ქვეყნების დახმარებით, ამ კრიზისის დაძლევას შეძლებენ. ყატარისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკუთარ მეზობელ, საუდის არაბეთთან და გაერთიანებულ ემირატებთან ურთიერთობის შენარჩუნება, რადგან მათზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ყატარში მოპოვებული გაზის ექსპორტი და შესაბამისად, ქვეყნის უსაფრთხოება, თუმცა ის განცხადებები, რომ შესაძლოა კრიზისი, ღია სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს, გარკვეული შეშფოთების საფუძველს ტოვებს და ალბათ ეფუძნება ასეთი რისკის ალბათობას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი