ვისთვისაა განკუთვნილი ირანის სარაკეტო მესიჯი?! - ესკალაციის ახალი საფრთხე სირიის კონფლიქტში - კვირის პალიტრა

ვისთვისაა განკუთვნილი ირანის სარაკეტო მესიჯი?! - ესკალაციის ახალი საფრთხე სირიის კონფლიქტში

19 ივნისს, არაბულმა და დასავლურმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, ირანის არმიის მიერ, სირიაში ISIS-ის პოზიციებზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შესახებ, რომელიც მაშინვე გახდა განხილვის საგანი.

აღნიშული სარაკეტო იერიში სირიის ტერიტორიაზე, პირველ რიგში იმით არის საინტერესო, რომ ასეთი რამ ირანს ბოლო 30 წელია არ გაუკეთებია. შესაბამისად, ამ იერიშით ცხადი გახდა ის, რომ ირანი ფლობს ისეთ სარაკეტო სისტემებს, რომლითაც შეუძლია დაემუქროს რეგიონში მის მოწინააღმდეგე ძალებს და პირველ რიგში, საუდის არაბეთს.

ირანული მედიის მიერ გავრცელლებული ინფორმაციით, რაკეტა რომელიც ტერორისტების ერთ-ერთ საწარმოზე იერიშისთვის გამოიყენეს, საშუალო სიშორის, "მიწა-მიწა" კლასის სისტემის გახლდათ და ის ირანის აღმოსავლეთ ნაწილიდან გაუშვეს. ირანის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიში პასუხია იმ თავდასხმებზე, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში, ტერორისტებმა განახორციელეს ირანის პარლამენტსა და იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, რეგიონულ მედიაში და რა თქმა უნდა, რუსულ მედიაშიც, აღნიშნული სარაკეტო იერიში ტერორისტებზე, აღქმული იქნა როგორც შეტყობინება, რეგიონში ირანის მოწინააღმდეგე ძალებისთვის, იმის ჩვენება, რომ ირანს შესწევს ძალა, საკუთარი ტერიტორიიდან განახორციელოს სარაკეტო დარტყმა შორ მანძილებზე.

რა თქმა უნდა, ასეთ განაცხადად შეიძლება ჩაითვალოს ირანის ეს ნაბიჯი, თუმცა არაფერია ცნობილი გამოყენებული რაკეტის ტექნიკური მახასიათებლებისა და იმის შესახებ, რამდენად შესწევს გამოყენებულ რაკეტას, დასავლური ანტისარაკეტო და ჰაერთავდავვითი სისტემების გადალახვის უნარი. ცნობილია, რომ საუდის არაბეთიც და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიც, ძირითადად დასავლური წარმოების ანტისარაკეტო და ჰაერთავდაცვითი სისტემებით არიან აღჭურვილნი და შესაბამისად, თუკი ირანი მათზე იერიშის მიტანას გადაწყვეტს, მის რაკეტებს მოუწევთ ამ სისტემების ბარიერის გადალახვა.

ირანელების მიერ საშუალო სიშორის რაკეტის გამოყენება, ასევე იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის, რეალურ საბრძოლო პირობებში გამოცდის ერთგვარ ტრადიციას აგრძელებს, რომელიც სირიის კონფლიქტის პირობებში, მასში მონაწილე თითქმის ყველა მხარის მიერ იქნა გამოყენებული და ასეთი პირველ რიგიში რუსეთია, რომელმაც ბოლო დროს წარმოებული საკუთარი შეიარაღება და ტექნიკა, რეალურ საბრძოლო პირობებში, სწორედ სირიაში გამოსცადა პირველად, თუმცა ირანის მიერ ამ რაკეტის გამოყენება, საერთოდ სხვა მასშტაბის პოლიტიკური მოვლენაა და მნიშვნელოვნად ძაბავს ვითარებას რეგიონში.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სირიაში, ISIS-ის მარცხის მოახლოებასთან ერთად, იძაბება ვითარება ასადის მომხრე და ოპოზიციის მომხრე, ქვეყნის გარეთ არსებულ ძალებს შორის. ამაზე მიუთითებს პენტაგონის შეფის, ჯიმ მატისის განცხადებაც, რომელიც გერმანიაში გამგზავრებისას, ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ სირიაში, ტერორისტების ე.წ. დედაქალქის აღებისა და დაჯგუფების განადგურების შემდეგ, კონფლიქტის კონფიგურაცია მნიშვნელოვანწილად გართულდება, რაც ლოგიკური პროგნოზია, რადგან დღეს ტერორისტების არსებობით გამართლებული ესა თუ ის სამხედრო ნაბიჯები, მათი განადგურების შემდეგ ვეღარ გამართლდება ანტიტერორისტული არგუმენტებით.

შესაბამისად, ასადის მომხრე ირანსა და რუსეთს, ასევე სხვა შიიტურ მცირე დაჯგუფებებს, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე მოქმედებენ, მოუწევთ საბრძოლო მოქმედებების წარმოება იმ ძალების წინააღმდეგ, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს და შესაბამისად, ამ მხარდაჭერისას, გაიზრდება რისკი რუსული, ირანული და დასავლური სამხედრო ავიაციისა თუ სახმელეთო ძალებს შორის შეტაკებების, რაც რა თქმა უნდა, სირიის კონფლიქტს აბსულუტურად განსხვავებულ შინაარს შესძენს.

გამომდინარე მატისის ზემოთ მოყვანილი მოსაზრებიდან და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი ვითარებიდან, დეესკალაციის მოლოდინი ნაკლებად შეიძლება იყოს და ყველა მხარე ემზადება ვითარების კიდევ უფრო გართულებისათვის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი