თურქეთ-რუსეთის ცალმხრივი, ანგარებიანი მეგობრობა და ახალი დაპირისპირების საფრთხე - კვირის პალიტრა

თურქეთ-რუსეთის ცალმხრივი, ანგარებიანი მეგობრობა და ახალი დაპირისპირების საფრთხე

თურქეთსა და რუსეთს შორის, ბოლო დროს დამთბარი ურთიერთობები, რუსული პროპაგანდის მიერ გაზვიადებულად რომ იყო ასახული გამოქვეყნებულ მასალებში, ცხადია, ადვილი შესამჩნევი იყო.

ამ გაზვიადების პიკმა, რუსული სარაკეტო სისტემა, С-400-ის თურქეთის მიერ შესყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით მიაღწია, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა და რეალურ განხორციელებამდე ბევრი ეტაპია გასავლელი. მათ შორის ყველაზე მთავარი კი ამ შეთანხმების პოლიტიკური ნაწილია, რომელიც არ არის გამორიცხული შეთანხმების ჩაშლის საფუძველი გახდეს.

ამ მეგობრობის ქვაკუთხედი ე.წ. "თურქული ნაკადია" და მის განხორციელებაზეა დამოკიდებული ყველაფერი, მათ შორის სამხედრო წარმოების სფეროში თანამშრომლობაც და ზოგადი ურთიერთობების დათბობაც.

რუსეთისთვის ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რადგან უკრაინაში, რუსული გავლენის მოსპობისა და ორ რეგიონში საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების შემდეგ, ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით, მაღალრისკიან მარშრუტად იქცა, რომლის ჩანაცვლებაზეც რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს.

ერთი მარშრუტი, რომელმაც უკრაინის გვერდის ავლით, რუსული გაზი ევროპამდე უნდა ჩაიტანოს, არის "ჩრდილოეთის ნაკადი", რომელსაც ასევე პრობლემები აქვს, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გამო, ხოლო მეორე ალტერნატივად სწორედ "თურქული ნაკადი" განიხილება და რუსეთი ცდილობს, დაჩქარებული ტემპებით ამ მიმართულების მშენებლობას, რომლის ძირითადი ნაწილი შავი ზღვის ფსკერზე უნდა გავიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ, რუსეთის ე.წ. ტერიტორიული წყლების მიღმა, რომელიც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულსაც გულისხმობს, 15 კილომეტრზე უკვე ჩაძირა მილები და მშენებლობის დაჩქარების შესახებ ავრცელებენ განცხდებებს. ამას კი რუსეთი, გლობალური სანქციების დაწესების შიშით აკეთებს და ცდილობს ექსტერიტორიული სანქციების დაწესებამდე მოასწროს გაზსადენის მშენებლობის დასრულება.

როგორც აღმოჩნდა, თავად თურქეთისთვის ეს პროექტი არ არის პრიორიტეტული. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს რომ "თურქულ ნაკადთან" შედარებით, პრიორიტეტი TANAP-ის პროექტს ენიჭება, რომლისთვის გაზის მიწოდება აზერბაიჯანის საბადოებიდან უნდა მოხდეს. ამასთანავე, მოახლოებულია ისრაელსა და თურქეთს შორის შეთანხმების გაფორმება, ხმელთაშუაზღვაში ისრაელის მიერ მოპოვებული გაზის, თურქეთზე გავლით ევროპაში ტრანსპორტირების თაობაზე, რაც ასევე რუსული "თურქული ნაკადის" კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს.

თუკი რუსების მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია, სინამდვილეა და თურქებმა მართლაც პრიორიტეტი TANAP-ის პროექტს მიანიჭეს, მაშინ უნდა ველოდოთ რუსულ-თურქული ურთიერთობების ახალ გაუარესებას. ტრადიციულად, რუსები პარტნიორობის ხარისხს, საკუთარი გაზისა და ნავთობის გასაღების მასშტაბების მიხედვით განსაზღვრავენ და თუკი მათ ინტერესებს, ამ სფეროში რაიმე საფრთხე ემუქრება, მყისიერად ხდება ურთიერთობების დაძაბვაც. იგივე ლოგიკის განვითარებაა მოსალოდნელი ამ შემთხვევაშიც, ცალკე საკითხია ის თუ როგორ მოხდება ამ ურთიერთობების დაძაბვა და საიდან მიიღებს თურქეთი უარყოფით შედეგს.

ამ ფონზე, აშშ-ის კონგრესის მიერ ანტირუსული და ანტიირანული სანქციების დამტკიცების შემდეგ წყარო, თურქების დამოკიდებულება "თურქული ნაკადისადმი" სრულიად ლოგიკური მოჩანს, გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ დამტკიცებულ სანქციათა პაკეტი, სწორედ ენერგორესურესების სფეროს ეხება და დიდი ალბათობით საბოლოოდ დაასამარებს რუსეთის მცდელობებს, შეაღწიოს ევროპის ენერგო ბაზარზე ძველი მასშტაბებით და ისევ დამოკიდებული გახადოს დასავლეთ ევროპა საკუთარი ენერგორესურსებზე.

ეს ყველაფერი, საქართველოსთვის გარკვეულწილად საფრთხეებს ზრდის, გამომდინარე იქიდან, რომ TANAP-ის პროექტი ჩვენს ტერიტორიაზე გადის და ბოლო დროს, საოკუპაციო ხაზის გადმოწევებიც, არ არის გამორიცხული ამ პროცესებს უკავშირდებოდეს, შესაბამისად, ახალი პროვიკაციები უახლოს მომავალში იმ მიზნით მოაწყოს, რომ აღნიშნულ პროექტის განხორციელებას პრობლემები შეუქმნას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს