საქართველო ალყაშია - რუსული და სომხური არმიები ერთიანდებიან! - კვირის პალიტრა

საქართველო ალყაშია - რუსული და სომხური არმიები ერთიანდებიან!

26 ივლისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალდიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სომხური და რუსული არმიები, ერთ საჯარისო დაჯგუფებაში ერთიანდებიან. შესაბამისი დოკუმენტის ასლი გამოქვეყნდა, რუსეთის სახელმწიფოს სამართლებრივი დოკუმენტაციის პორტალზე.

აღნიშული საჯარისო დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმება, რუსეთსა და სომხეთს შორის, მოსკოვში, გასული წლის 30 ნოემბერს შედგა. პუტინის ამ განკარგულებით კი ამ შეთანხმების რატიფიცირება მოხდება და დაიწყება მისი პრაქტიკული განხორციელება.

თავისთავად ცხადია ეს საქართველოსთვის ვერ იქნება კარგი ან ნეიტრალური მოვლენა, რადგან გიუმრის ბაზა ისედაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამას დამატებული ერთობლივი საჯარისო დაჯგუფება კიდევ უფრო გაზრდის ამ საფრთხეს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის, რომ რუსეთს დასჭირდება სახმელეთო კავშირი სომხეთთან, ამ დაჯგუფების უზრუნველყოფისთვის და ეს გზა, მხოლოდ საქართველოზე გადის.

შეგახსენებთ, რომ ამ საფრთხეზე, ზუსტად 26 ივლისს გამოქვეყნდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადება, სადაც ის დეტალურად აღწერს რუსული მხარის ამ საჭიროებას. ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთს სურს სომხეთში 120 000-იანი კონტიგენტის გადასროლა და ამისთვის ის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას აპირებს, რაც ნიშავს ქვეყნის სრულ ოკუპაციას.

საინტერესოა, რა რეაქცია ექნება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, თუკი რუსეთი ულტიმატუმის სახით წაგვიყენებს მოთხოვნას, დაუთმოთ ჩვენი ტერიტორია ამ მიზნისთვის. თუმცა როგორც ჩანს, ასეთი მოთხოვნის უპერსპექტივობა ესმით რუსებს და ალბათ ამ მიზნით ხორციელდება რამდენიმე ალტერნატიული გზის მშენებლობა, საქართველოს საზღვრებთან ახლოს.

ეს მოვლენა მნიშვნელოვანწილად ართულებს მოცემულობას მთელს რეგიონში და პირველ რიგში მასზე მკვეთრად ნეგატიური რეაქცია ექნება აზერბაიჯანს, რომელიც სომხეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება და ეს შეთანხმება პირველ რიგში მის ინტერესებს აზიანებს.

ამ ეტაპზე, რუსულ-სომხური დაჯგუფების ამოცანებისა და მიზნების შესახებ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება და დეტალურად არაფერია ცნობილი. გასული წლის ნოემბერში, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მოსკოვში, ამ დაჯგუფების შექმნის შესახებ, ითქვა მხოლოდ ის, რომ სომხეთის მხრიდან ამ გაერთიანებაში ჩართული იქნება სომხეთის არმიის მე-4 კორპუსი.

საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში, ერთიანი ძალებით იმოქმედებენ, ხოლო მშვიდობის პერიოდში, დაჯგუფების მეთაურობა სომხეთის განერალური შტაბის პრეროგატივა იქნება. მიუხედავად ამისა, ცხადია ძირითადი წამყვანი ძალა ამ გაერთიანებაში რუსი სამხედროები იქნებიან და თუ თვალს გადავავლებთ რუსულ გავლენას სომხეთის სახელმწიფოზე, დავინახავთ რომ ის პრაქტიკულად აღარ არის "სუვერენული" სახელმწიფო.

რუსეთის პრეზიდენტის ამ გადაწყვტილებას აუცილებლად მოჰყვება, მკვეთრი რეაქცია აზერბაიჯანის მხრიდან და გასული წლის ნოემბერში გამართული წვრთნების ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგავს, თუკი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე ესკალაცია, კრიტიკულ ზღვარს არ გადასცდა.

აქვე უნდა ავღნიშნო, რომ უცნაურად სინქრონულად მოხდა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სტუმრობა და პუტინის მიერ ამ განკარგულების ხელმოწერა. ცხინვალში ვიზიტად მყოფი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები ზუსტად იგივე შინაარსის მოლაპარაკებებს მართავენ სეპარატისტულ რეჟიმთან, გავრცელებული ინფორმაციით მათი დანაყოფების, რუსულ არმიაში სრული ინტეგრაციის საკითხს განიხილავენ.

მიუხედავად რეგიონული დაძაბულობის ფაქტორისა, ჩვენთვის მაინც პირველი რიგის საკითხია ის, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე, ამას კი უახლოესი მომავალი გვაჩვენებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს