კორეული კრიზისის ახალი განვითარება
კორეული კრიზისის ახალი განვითარება
მიმდინარე წლის დასაწყისში, კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ერთგვარად მეორე პლანზე გადავიდა, თუმცა თავად ჩრდილო კორეელები, როგორც ჩანს, არ ისხდნენ გულხელდაკრეფილნი და საკუთარი რაკეტების დახვეწით იყვნენ დაკავებულები, რამაც კორეის ნახევარკუნძულზე  კრიზისი ახალი ძალით განაახლა.

მიმდინარე წლის 28 ივლისს, ჩრდილოელებმა ახალი რაკეტა გამოსცადეს, რომელიც ჩინეთის საზღვრის მიმდებარე რეგიონიდან გაუშვეს ღამით (წყარო). სამხრეთ კორეელი, იაპონელი და ამერიკელი ექსპერტების განცხადებით, აღნიშნული რაკეტის გამოცდა ყველაზე წარმატებული გამოდგა და ასევე განაცხადეს, რომ ახალ რაკეტას შეუძლია
ამერიკის კონტინენტალურ ნაწილს მისწვდეს.
რაკეტამ, რომელიც 28 ივლისს გაუშვეს, დაახლოებით 40 წუთამდე იფრინა და იაპონიის კუნძულებთან ახლოს, ზღვაში ჩავარდა.

სამხრეთი კორეისა და იაპონიის მთავრობებმა მაშინვე მოიწვიეს უშიშროების საბჭოები და საფრთხის შეფასებას შეუდგნენ, რომლის შედეგები მალევე გახდა ცობილი. ამ შედეგების მიხედვით, ჩრდილოელებმა დახვეწეს როგორც ფრენის სიშორე,
ისე გაშვების რეჟიმები, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რაკეტა თვითმავალი პლატფორმიდან, ღამით იქნა გაშვებული.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძიო აბე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით დაუკავშირდა. განიხილა ჩრდილო კორეისგან მომდინარე საფრთხე, ხოლო საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ჩინეთსა და რუსეთს მოსთხოვა, მეტი ზეწოლა მოახდინონ ჩრდილო კორეელ ლიდერზე და აიძულონ შეწყვიტოს სარაკეტო გამოცდები (წყარო).

ჩრდილოელების მიერ რაკეტის გამოცდიდან მეორე დღეს, 29 ივლისის გამთენიისას, სამხრეთ კორეელებმა და ამერიკელებმა, იაპონიის ზღვაში, საპასუხოდ ერთობლივი სარაკეტო წვრთნები გამართეს. წვრთნის მიზანი, მოწინააღმდეგე მხარის მეთაურობაზე იაერიშის მიტანის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დანაყოფებისა და შეიარაღების მზადყოფნის შემოწმება იყო.

დაძაბულობის ახალი ეტაპი, აშშ-ში ახალი სანქციების განხილვის ფონზე განვითარდა და 30 ივლისს საბოლოოდ გახდა თვალსაჩინო, რომ 28 ივლისის სარაკეტო გამოცდა, სწორედ ამ განხილვაზე ჩრდილოელების პასუხი იყო. რუსულ მედიაში გავრცელდა ჩრდილოეთ კორეის მთავრობის განცხადება, სადაც ისინი სანქციების გამკაცრების შემთხვევაში, შესაბამისი პასუხით იმუქრებიან (წყარო).

კორეის ნახევარკუნძულზე განვითარებული კრიზისის სერიოზულობაზე მიუთითებს ისიც, რომ აშშ-ის ხელისუფლება განიხილავს სანქციების დაკისრებას ჩინეთისთვისაც. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრ სახლში ასეთი გეგემა არსებობს და ამჟამად, ტრამპის მრჩევლები განიხილავენ იმ შესაძლო ღონისძიებებს, რომელიც მათი აზრით, აიძულებს ჩინეთს მეტი ზეწოლა მოახდინოს ჩრდილო კორეელ ლიდერ კიმ ჩენ ინზე წყარო. ამ ინფორმაციის გამავრცელებილი გამოცემის მტკიცებით, ჩინეთის მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, შესაძლოა მიმდინარე კვირის განმავლობაში მიიღონ. ამ საკითხს გამოეხმაურა თავად პრეზიდენტი ტრამპიც, რომელიც "იმედგაცრუებულია" ჩინელების არასაკმარისი მოქმედებით.

ცალსახად ფაქტია ის, რომ ჩრდილოეთ კორეა, არსებულ ეკონომიკურ პირობებში ვერ შესძლებს აწარმოოს ესოდენ ძვირადღირებული სამუშაო, ბირთვული ქობინებისა და მათი გადამტანი რაკეტების შექმნისათვის. შესაბამისად, ლოგიკურია ვარაუდი, რომ მისი მოკავშირეები, ჩინეთი და რუსეთი გარკვეულწილად, რა თქმა უნდა არაპირდაპირი გზით, ხელს უწყობენ ჩრდილოელებს განაგრძონ სამუშაოები და ამისათვის მასთან სავაჭრო ურთიერთობებს ანვითარებენ.

2017 წლის სტარტზე, კორეის კრიზისის ამ ეტაპის დასაწყისში, ჩინეთმა ერთგვარად რაციონალური პოზიცია დაიკავა და დაემუქრა კიდეც ჩრდილოეთ კორეას, თუკი სარაკეტო გამოცდებს არ შეწყვეტ, ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს შევაჩერებო. მაშინ ეს განცხადება ძირითადად ეხებოდა ნახშირით ვაჭრობას და მეტი დამაჯერებლობისთვის, ჩინეთმა კორეული ნახშირით დატვირთული ხომალდებიც კი გააბრუნა უკან. იმჟამად არსებობდა დიდი მოლოდინი ჩინეთის მიმართ, რომ ქმედითად იმოქმედებდა კიმ ჩენ ინზე, თუმცა ბოლო სარაკეტო გამოცდამ აჩვენა, რომ ჩინეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებები, დიდი ვერაფერი შემაკავებელი ფაქტორი გახდა კიმის აგრესიული ნაბიჯების შესაჩერებლად.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ კორეის ნახევარკუნძულზე საბრძოლო მოქმედებების დაწყების დიდი ალბათობა ნარჩუნდება, თუმცა მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ წლის დასაწყისში, დაძაბულობის ხარისხი გაცილებით მაღალი იყო, თუმცა საბრძოლო მოქმედებებამდე საქმე არ მივიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოელებს, ჩინელები და რუსები იყენებენ გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის და მაშინ ააქტიურებენ, როდესაც აშშ-ისთვის დამატებითი პრობლემის შექმნის საჭიროება ან საერთაშორისო პოლიტიკაში საკუთარი გავლენის ბერკეტების დემონსტრირების აუცილებლობა უდგებათ.

ის, რომ ამერიკელების განცხადებებში ჩინეთისადმი მოთხოვნები უფრო სჭარბობს, ვიდრე რუსების მიმართ, ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გავლენა მცირეა ჩრდილოელებზე და ამავე დროს ჩინეთის ცივილიზებული სამყაროს მხარეს დადგომით, რუსების ის გავლენაც შეიზღუდება, რაც გააჩნიათ. შესაბამისად, რუსების ამ განცხადებებში მოხსენიება, მხოლოდ მათი მნიშვნელობის გაზრდა იქნებოდა და მეტი არაფერი. ისიც საკმარისია, რომ რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა ამერიკაში ამჟამად განხილვაში მყოფი, სანქციათა ახალ პაკეტში გვერდი-გვერდ არიან მოხსენიებულები.

ამ მოცემულობით კორეის ნახევარკუნძულის კრიზისი ამ ფარგლებს არ გასცდება, თუკი ჩრდილოელებმა რაიმე მასშტაბური პროვოკაცია არ მოაწყეს. ასეთი პროვოკაცია კი შესაძლოა აღმოჩნდეს მათ მიერ იაპონიის მხარეს გაშვებული რაკეტის იაპონიის ტერიტორიაზე დაცემა ან რამე მსგავსი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი
ebbe sandi
08 აგვისტო 2017 10:50
აბა რა გეგონათ? ასეა ეს
ანზორი
02 აგვისტო 2017 15:13
რუსეთის საზღვრებთან "ნატო"-ს მიახლოებას, იგი პასუხობს ჩრდ. კორეის კოზირით ამერიკის წინააღმდეგ. არ იქნება გასაკვირი, თუ რუსეთი ამერიკას დაუპირისპირებს ირანი, ჩინეთი, ჩრდ. კორეა, ინდოეთი და რუსეთის კავშირს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა