ამერიკა-რუსეთის ღია ბრძოლის პირველი ეპიზოდი და საქართველო - კვირის პალიტრა

ამერიკა-რუსეთის ღია ბრძოლის პირველი ეპიზოდი და საქართველო

ჩვენს თუ საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში, განხილვის მთავარი თემა ისევ ამერიკასა და რუსეთს შორის გაჩაღებული დაპირისპირება გახლავთ, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსების ჩარევის თემატიკიდან მდორედ გადავიდა, ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ახალ ესკალაციაში, რაც გაცილებით მძიმე ფორმებს იძენს, ვიდრე აქამდე არსებული ეპიზოდებისას იყო.

საკითხის მეტი სიცხადით წარმოდგენისთვის, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რამდენად შესაფერისი წონითი კატეგორიის აქტორები არიან ამერიკა და რუსეთი, როგორც სუვერენული ძალების, ისე საერთაშორისო მხარდაჭერისა და გავლენის თვალსაზრისით - უდაოა, ამ ნაწილში, ყველა მონაცემით ამერიკა ლიდერობს, თუმცა არის ერთი რამ, რაშიც ამერიკა აგებს და ეს არის აგრესიულობა!

სხვა მხრივ ამერიკისა და რუსეთის შედარება, დაახლოებით იგივე იქნება, რომ მაიკ ტაისონი და არასრულწლოვანი, დამწყები მოკრივე შევადაროთ ერთმანეთს.

საერთაშორისო მასშტაბში მეტი გავლენის საილუსტრაციოდ კი, ის სანქციებიც გამოდგება, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ მიიღეს ამერიკელმა კანონმდებლებმა და საკუთარი ხელმოწერით დაამტკიცა ამერიკის პრეზიდენტმა. აღნიშნულ სანქციებზე რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის რეაქციამ ცხადი გახადა მათი უძლურება იმ შედეგების წინაშე, რომელიც ზემოთ ნახსენები სანქციების დაწესების შემდეგ დაუდგებათ და აქვე გამოაჩინა ისიც, რომ რუსეთის დამარცხებას ბომბები არ სჭირდება.

ასეთი პრაქტიკა ისტორიაში უკვე არსებობს და შესაბამისად, ანალოგიური მეთოდებით, როგორითაც იქნა განადგურებული საბჭოთა კავშირი, შესაძლებელია მისი კლონის, დღევანდელი რუსეთის პოლიტიკური სისტემის განადგურებაც, რომელიც პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ მისი უშუალო მეზობლებისთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის.

შესაბამისად, ამერიკის უპირატესობად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ვიდრე საქმე ბომბებამდე მისულა, მას აქვს ზემოქმედებების სხვადასხვა ბერკეტები, რაც ნიშნავს რომ ის უპირატესია, ხოლო ის, ვინც ამ "თამაშში" უკვე ბომბებამდეა მისული, ამოწურული აქვს ყოველგვარი შესაძლებლობა, პოლიტიკური მეთოდებით უპასუხოს მოწინააღმდეგეს. საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზეა და მაშასადამე, უარეს მდგომარეობაშია. საქმე აქამდე რომ მივიდა, სულაც არ არის ამერიკელების დანაშაული, რუსეთმა ეს სანქციები მიიღო საკუთარი დაუდევრობისა და უსაფუძვლო აგრესიულობის გამო.

იმისათვის, რომ რომელიმე სახელმწიფომ შეძლოს მეორე ისეთი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა, როგორიც ამერიკა და მისი პოლიტიკური სისტემაა, როგორც მინიმუმ სამი-ოთხჯერ უნდა აღემატებოდეს მას როგორც უხეშ ძალაში, ისე შიდა პოლიტიკურ მდგრადობასა და საერთაშორისო გავლენებში.

შესაბამისად, რუსებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როდესაც არ გაითვალისწინეს ამერიკის სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემა და ფსონი გააკეთეს ისეთ აბსურდულ შედეგზე, რომელიც მუშაობს მხოლოდ ე.წ. "რუსული გავლენის" სამყაროში და კრემლს კარგად აქვს ათვისებული საკუთარ სამეზობლოში - გყავდეს საკუთარი გავლენის აგენტი ქვეყნის ლიდერად და მის პატარა ჯგუფს უზრუნველყოფდე დაუსჯელობის განცდით!

ასეთი რამ რომ ამერიკაში ვერ იმუშავებდა, ეს ცხადი უნდა ყოფილიყო, რუსეთის პოლიტ-ტექნოლოგებისთვის და ის შედეგებიც უნდა გაეთვალათ, რაც ამ აქციას მოჰყვებოდა.

ის, რაც სანქციებზე პასუხად, თანაც წინსწრებით რუსებმა გააკეთეს, სრული აბსურდი იყო, რადგან რიხიანად გაკეთებული განცხადებების შედეგად, რომელიც რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის შემცირებას შეეხებოდა, დაზარალდნენ პირველ რიგში თავად რუსეთის მოქალაქეები, რადგან 755 აშშ-ის მოაქალაქე რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ მისიაში არ იყო და გათავისუფლება შეეხება ტექნიკურ პერსონალს, რომელიც, რა თქმა უნდა, რომ გააუარესებს მისიის შრომის ეფექტურობას, თუმცა მნიშვნელოვან უარყოფით შედეგს არ იქონიებს. ასეთი ნაბიჯი ამერიკის მხრიდან სანქციების გამკაცრებისა და სხვა გვერდითი ზემოქმედების ბერკეტების გამოყენებას კიდევ უფრო ლეგიტიმურს ხდის.

ეს ყველაფერი, რაც ზემოთ აღვწერე, პოლიტიკური ორთაბრძოლაა და მის მიღმა, თავისთავად ცხადია, გაცილებით საშიში პროცსების დაწყების ალბათობა იკვეთება, მითუმეტეს, თუ ფონსაც გავითვალისწინებთ და ამ თვალსაზრისით, ყველაზე კარგი ინდიკატორი, აღმოსავლეთ ევროპის (ბალტიის ქვეყნების ჩათვლით) რეგიონია:

გასული წლიდან მოყოლებული დღემდე, აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს სამხედრო კონტიგენტის გადასროლა და მუდმივი წვრთნების რეჟიმში ყოფნა პასუხი იყო იმ აგრესიულ ნაბიჯებზე, რომელსაც რუსეთი დგავდა უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მიმართულებით.

საერთაშორისო პოლიტიკურ ლექსიკაში დღესაც აქტუალურია საქართველოზე 2008 წლის უეცარი თავდასხმა და მისი განმეორების შესაძლებლობაც აქტიურად განიხილება დასავლელ ექსპერტებში, რადგან რუსეთის ქმედებები ტოვებს ასეთ რისკებს, მით უფრო მას შემდე, რაც კრემლი ახლო აღმოსავლურ საქმეებში ჩაერია.

მთელი ეს რთული პოლიტიკური პროცესები ესკალაციის პირველი ეტაპის პიკს მიმდინარე წლის სექტემბერში მიაღწევს, როდესაც ბელორუსიის ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს რუსული და ბელორუსული არმიების ერთობლივი მასშტაბური წვრთნები. ამ წვრთნებისადმი მოლოდინი დიდია, რადგან ძალიან ჰგავს იმ პროცესებს, რომელიც 2008 წელს, საქართველოში შემოჭრამდე ვითარდებოდა ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს. სწორედ ეს განაპირობებს ბალტიის ქვეყნების შეშფოთებას და წუხილს, რომ ბელორუსიაში დაგეგმილი წვრთნები, მათთვის პირდაპირი საფრთხეა. ამ საფრთხით იყო განპირობებული ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევროპული ვიზიტის მარშრუტიც: ესტონეთი-საქართველო-მონტენეგრო (ჩერნოგორია). სამივე ქვეყანა ერთი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრისკენ მოძრაობს და სამივეს ამ გზაზე რუსული საფრთხე უდგას წინაღობად. შესაბამისად პენსის განცხადებებიც იმ სულისკვეთებას პასუხობდა, რომელიც აღნიშნული რუსული საფრთხის პირობებში სრულიად ლოგიკური იყო.

ამ განცხადებების ფონი, რომელიც შტატების დედაქალაქიდან იქმნებოდა, კიდევ უფრო მეტ ძალას მატებდა პენსის პოზიციას და მკვეთრი გზავნილი იყო მოსკოვისთვის, რომლის მიხედვითაც, რუსეთის აგრესიული ქმედებები, კრემლისთვის უშედეგოდ არ ჩაივლის და ეს შედეგები ძალზედ მძიმე იქნება.

ფაქტია, რომ მიუხედავად დიდი პოლიტიკური გაუგებრობისა, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის არჩევას მოჰყვა, პროცესი მივიდა სრულიად ღია დაპირისპირებამდე და იმ საშიშროებამდე, რომ შესაძლოა მალე დადგეს დრო, როდესაც პოლიტიკური მეთოდები ამ ორთაბრძოლაში არაფრის მომცემი გახდეს. თუმცა მანამდე კიდევ ბევრი გვერდითი პროცესია, რომლებზეც პირველ რიგში აისახება ეს დაპირისპირება.

ასეთი გვერდითი პროცესებია სირია და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპა, ამიერკავკასია და ჩრდილოეთ კორეა. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ აუცილებლად დაიწყება ვითარების ესკალაცია იმ რეგიონებში, სადაც მხარეებს მეტი გავლენა და პროცესებზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ. ასეთები კი რუსეთისთვის პირველ რიგში არის: უკრაინა და სირია, ხოლო ამერიკისთვის: ჩრდილოეთ კორეა და სირია.

შესაბამისად, ამერიკა-რუსეთს შორის ბრძოლის პირველი ეპიზოდი, სწორედ სირიის ტერიტორიაზე უნდა განვითარდეს და თანმდევ პროცესად მას მიჰყვება უკრაინა. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, იქ საქმე ძალზედ სერიოზულად არის და ამაზე მიუთითებს ვაშინგტონის მიერ გავრცელებული მიმართვა საკუთარი მოქალაქეებისადმი, რომელშიც მათ ქვეყნის ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობისაგან თავშეკავებას, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში მყოფებს კი, სასწრაფოდ ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ჩრდილო კორეაზე იერიშის მიტანა რუსეთისთვის იქნება ერთგვარი შესაძლებლობაც, რამდენიმე მიმართულებაზე შეუქმნას პრობლემა ამერიკას და ამით საკუთარი მისამართით ძალისხმევის კონცენტრაციას შეასუსტებს, თუმცა ამერიკის უკან რჩება NATO, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე შესაძლო გართულებებისთანავე ამოქმედდება, რაც რუსეთს არ უტოვებს შანსს იმდენად სერიოზული ესკალაცია მოახდინოს, რომ ამერიკის საერთაშორისო გავლენა შეასუსტოს და ამით მიიღოს ის, რასაც ასე ესწრაფვის.

მიმდინარე დაძაბულობის ტემპერატურა, თავად რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმაც ასწია, თავისი განცხადებით, რომ ამერიკამ, რუსეთს სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი გამოუცხადა! წყარო

რა თქმა უნდა, მხოლოდ მედვედევის განცხადებით არ შემოიფარგლება ის დაძაბულობა, რომელიც ახალი სანქციების დაწესებას მოჰყვა და კიდევ უამრავ აგრესიული შინაარსის განცხადებას ვიხილავთ, თუმცა მხოლოდ განცხადებები არაფერია, რომ არა  პროცესების შესაძლო განვითარება, რომელთა ერთი ნაწილიც შესაძლოა საქართველოსაც უკავშირდებოდეს.

რუსეთის მხრიდან ყველაზე ქმედითი პასუხი ამერიკულ სანქციებზე, რომელიც ევროპაში რუსული გაზის გაყიდვას ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის, შესაძლოა ვიხილოთ ევროპის ენერგორესურსებით მომარაგების არსებულ მარშრუტებზე რუსული კონტროლის მოპოვებით. რაც საქართველოში პრაქტიკულად უკვე განხორციელდა, როდესაც მცოცავი ოკუპაციის შედეგად, ნავთობსადენის ერთი ნაწილი ოკუპაციის ზოლს იქით მოექცა და ოსმა სეპარატისტებმაც კი განაცხადეს, თუკი ოპერატორი კომპანია BP-ი, შესაბამის თანხას გადაგვიხდის, უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთო.

საქართველოს დესტაბილიზაციით რუსეთი ასევე ხელს შეუშლის "თურქული ნაკადის" კონკურენტ პროექტ  TANAP-ს, რომლის უპირატესობა რუსულ პროექტთან მიმართებაში, თურქების მხრიდან უკვე ღიად არის გაცხადებული. შესაბამისად, ის დაპირისპირება, რომელსაც ეძღვნება ეს სტატია, საქართველოსთვის ყურადსაღები და გარკვეული რისკების მატარებელია, თუმცა დაპირისპირების ამ ეტაპზე არა და ამ კონფლიქტს, იმ ხარისხამდე, რომელიც მთელი რიგი რეგიონების (მათ შორის ჩვენი) ჩათრევის საშიშროებას გააჩენს, ჯერ კიდევ ბევრი ეტაპის გავლა მოუწევს...

ფაქტია, რომ ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება, აღარ არის შენიღბული დიპლომატიური ტერმინოლოგიით და ეს დაპირისპირება სრულიად ღიად გაცხადდა. ამ ურთიერთობაში ასევე დიპლომატიური მანევრების ადგილიც ძალზედ არის შემცირებული და ამიტომ არსებობს ლოგიკური საფუძველი, ტრამპის მიერ ხელმოწერილ სანქციებსა და მასზე რუსების პასუხს ამერიკა-რუსეთს შორის ბრძოლის პირველი ეპიზოდი ეწოდოს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი