თურქეთი სირიაში ახალ სამხედრო ოპერაციას იწყებს - კვირის პალიტრა

თურქეთი სირიაში ახალ სამხედრო ოპერაციას იწყებს

თურქეთის არმია "ევფრატის ფარის" ახალ ეტაპს იწყებს. სირიის ტერიტორიაზე თურქული დანაყოფები უკვე იმყოფებიან. რუსები დუმილით შეხვდნენ ამ ინიციატივას. თურქების ძირითადი სამიზნე ქურთთა ძალები იქნება.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებით, მან მიიღო გადაწყვეტილება, სირიის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს, რომელიც წინა ოპერაციის, "ევფრატის ფარის" საზღვრებს გაზრდის და საბოლოოდ გაანადგურებს ტერორიზმს თურქეთის საზღვრისპირა რაიონებში. (წყარო)

ინფორმაციას ახალი "ევფრატის ფარის" შესახებ აქტიურად ავრცელებს რუსული მედიაც, თუმცა ამ დრომდე მათი დამოკიდებულება ერდოღანის ინიციატივისადმი, მკვეთრად არ დაფიქსირებულა. სამაგიეროდ რუსების დამოკიდებულებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ შეხვედრის მიხედვით, რომელიც თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამართეს სამხრეთ-აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის (Wiki-link) შემდეგ მანილაში. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს განცხადებით, ლავროვთან შეხვედრა პროდუქტიული იყო, ხოლო განსახილველ საკითხთა შორის იყო სირია, ასტანის მოლაპარაკებთა შემდეგი რაუნდი და ორმხრივი თანამშრომლობა. (წყარო) შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სირიის კონტექსტში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუს კოლეგას საქმის კურსში ჩააყენებდა და გააცნობდა იმ გეგმას, რომელიც მის ქვეყნის მეთაურს გააჩნია სირიასთან მიმართებაში.

მედიაში ასევე გავრცელდა თურქული არმიის, სირიის საზღვრის მიმართულებით გადაადგილების შესახებ ინფორმაცია. თავისთავად ცხადია, რომ "ევფრატის ფარი 2"-ის მიზანი ISIS-ისზე მეტად ქურთული დანაყოფების განადგურება იქნება და ამაში ეჭვიც არავის ეპარება, რადგან პირველი კამპანიისთანავე, სწორედ რუსული მედია იყო, რომელიც ამ ოპერაციის ანტიქურთულ მიზნებზე აცხადებდა.

შეგახსენებთ, რომ "ევფრატის ფარის" პირველი ნაწილი, თავად ერდოღანის მიერ დასრულებულად, მიმდინარე წლის მარტის თვეში გამოცხადდა. ამ კამპანიის შედეგებზე ცოტა რამ არის ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ მაშინაც თურქების მთავარი მიზანი, თურქეთის საზღვრისპირა სირიის ტერიტორიაზე, ქურთების გავლენის შესუსტება იყო. თუმცა ამასთანავე მაშინდელი მოტივი, რომელიც ოფიციალურად იქნა გამოცხადებული, იყო ე.წ. "უსაფრთხო ზონის" შექმნა, სადაც სირიის ტერიტორიის სიღრმიდან მომდინარე ლტოლვილების ნაკადს შესაძლებლობა ექნებოდა უსაფრთხოდ შეეფარებინა თავი და ამ გზით შეჩერებულიყო თურქეთის ტერიტორიაზე მათი შესვლა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოტივად ის გახშირებული ტერორისტული აქტებიც დაედო, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში, თურქეთში კატასტროფულად გაიზარდა და უამრავი რიგითი მოქალაქე, მათ შორის, ტურისტებიც იმსხვერპლა.

ზოგადად, თურქეთის მონაწილეობა სირიის კრიზისთან დაკავშირებულ პროცესებში, სწორედ ქურთული საკითხით არის განპირობებული. თურქეთი ცდილობს არ დაუშვას ქურთთა სახელმწიფოს შექმნა, რაც რეალური ხდება... ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სირიის კრიზისი, სწორედ ქურთისტანის შექმნით დასრულდება. შესაბამისად, თუკი ასეთი სახელმწიფოს ფორმირება მოხდა, ის მოიცავს სირიის და ერაყის ტერიტორიებს, ხოლო ცოტათი მოძლიერების შემთხვევაში, ამ სახელმწიფოს პრეტენზია ექნება როგორც თურქეთში, ქურთებით დასახლებულ რეგიონებზე, ისე ირანის ტერიტორიებზე, სადაც ასევე ქურთები სახლობენ. პირველი ნაბიჯი ქურთთა სახელმწიფოს შექმნის მიმართულებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეფერენდუმით გადაიდგმევა, რასაც დიდი ალბათობით ემსახურება ის სამხედრო აქტივობა, რომელიც ერდოღანმა ახლა წამოიწყო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს