რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის მასობრივი გადაადგილება შეინიშნება - კვირის პალიტრა

რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის მასობრივი გადაადგილება შეინიშნება

მას შემდეგ, რაც აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რამდენიმე სტატია დავწერე თემაზე თუ სად და როგორ უპასუხებდა ამ სანქციებს რუსეთი. მსოფლიოში არსებული ვითარების ზედაპირული ანალიზის მიხედვითაც კარგად ჩანს, რომ ამერიკულ-რუსულ დაპირისპირებას, ყველაზე დიდი ალბათობით, სირიასა და უკრაინაში უნდა ველოდოთ. პრინციპში ამ მიმართულებებზე დაპირისპირება სენსაციურ სიახლეს არ წარმოადგენს და ისედაც ყველამ ვიცით, რომ აღნიშნულ კონფლიქტებში დაპირისპირებულ მხარეებს, მხარს აშშ-ი და რუსეთი უჭერენ და ეს არის ირიბი კონფლიქტი მათ შორის, თუმცა ორივეს ძალუძს არსებული კონფლიქტების ისეთ მასშტაბამდე გართულება, რომ საქმე გლობალურ დაპირისპირებამდე მივიდეს.

01.08.2017 სადგური ლისკი. ვორონეჟის ოლქი

ამ ფონზე, რუსეთის ტერიტორიიდან ვრცელდება ვიზუალური მასალა, რომელზეც სამხედრო ტექნიკის მასობრივი გადაადგილებაა ასახული. ფოტო და ვიდეოს გამავრცელებელი ინტერნეტმომხმარებლები სვავენ კითხვას - ეს გადაადგილება წვრთნებს უკავშირდება თუ რამე სხვა ხდება?

გავრცელებული მასალების მიხედვით, რუსული არმიის საბრძოლო და სხვა სახის სამხედრო ტექნიკა, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ საზღვრებისკენ გადაადგილდება და იმ სარკინიგზო კვანძებზე ფიქსირდება, რომლიდანაც წლების განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ პრორუს სეპარატისტებს მიეწოდებოდა ტექნიკა და საბრძოლო მასალა.

ის, რომ აღნიშნული ტექნიკის ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე შედის, ცნობილი გახდა დონბასის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის, უკრაინელი წევრის, ევგენი მარჩუკისაგან, რომელმაც "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა შესაბამისი მტკიცებულება დოკუმენტის სახით, რომელშიც აღწერილია რუსეთის მიერ მიწოდებული შეიარაღებისა და სადაზვერვო ავიაციის გამოყენების ფაქტები.

 03.08.2017. სადგური სერგიევ პოსადი. მოსკოვის ოლქი.

ვიდეოში აღბეჭდილია ავადსახსენებელი БУК-ები, რომლებიც ასევე უკრაინის საზღვრის მიმართულებით გადაადგილდებიან და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც დასავლეთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ბალტიის ცაში აშშ-ის ავიაციის ზრდის შესახებ. ასეთი პასუხი ალბათ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ რუსეთი შიშობს, უკრაინამ არ მიიღოს საჰაერო დახმარება აშშ-ისგან ან უფრო უარესი, ეს ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ რუსეთს მართლაც გადაწყვეტილი აქვს ბალტიის ქვეყნებზე შეტევის წამოწყება, რაც ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ამ ეტაპზე სრულ აბსურდად და პუტინის თვითმკვლელობად მიმაჩნია, თუმცა იგივე მოსაზრება არსებობდა უკრაინის შესახებაც, მაგრამ რა შედეგიც დადგა, კი ვხედავთ ყველა...

ასეთი ცდუნება რუსეთს შეიძლება იმ დაპირისპირებამ გაუჩინოს, რომელიც სანქციების ბოლო პაკეტის დამტკიცების შემდეგ, აშშ-ისა და ევროპას შორის გაჩნდა. ცდუნება კი იმაში მდგომარეობს რომ რუსებმა, შესაძლოა ამ დაპირისპირების გამო გადაწყვიტონ, შეამოწმონ NATO-ს წესდების მე-5 პუნქტის მოქმედების რეალურობა. რუსეთში ალბათ ოცნებობენ იმაზე, რომ NATO-ს შეკრულობისა და წესდებისადმი ერთგულების საწინააღმდეგო არგუმენტი შექმნან, პრაქტიკულ გამოცდილებაზე და ამ მიზნით მოაწყონ პროვოკაცია.

  08.08.2017.სადგური ნერეხტა. კოსტრომის ოლქი.

შესაძლოა ასეთი მასიური გადაადგილება იმ მოსალოდნელი წვრთნებითაც აიხსნას, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში უნდა გაიმართოს ბელორუსიაში, თუმცა ამხელა პერიოდის წინსწრებით, ასეთი მასიური გადაადგილება, ძნელი წარმოსადგენია რომ აღნიშნულ წვრთნებს უკაშირდებოდეს და საბოლოო ჯამში, მაინც იმ აზრამდე მივდივართ, რომ მთელი ეს აქტივობა, უკრაინის კონფლიქტს უნდა უკავშირდებოდეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ფრონტზე მორიგი გამწვავება იქნება და ეს გამწვავება, შესაძლოა მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდოს.

ყველა იმ კითხვაზე, რომელიც რუსეთის დასავლეთ რეგიონებში სამხედრო აქტივობას უკავშირდება, პასუხი მიმდინარე წლის სექტემბერში გაეცემა და ვნახავთ ეს პროცესები რეალური საბრძოლო მოქმედებებისთვის კეთდება თუ დასავლეთის დასაშინებლად.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს