ჯეიმს მეტისი: "ჩრდილოეთ კორეა განადგურდება!" - კვირის პალიტრა

ჯეიმს მეტისი: "ჩრდილოეთ კორეა განადგურდება!"

კორეის ნახევარკუნძულზე, მკვეთრად გართულდა ვითარება ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომელშიც მან ჩრდილოეთ კორეის მისამართით ასეთი რამ თქვა: "ჩრდილოეთ კორეა ნახავს ისეთ ცეცხლსა და რისხვას, რომელიც აქამდე არავის უნახავს".

საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ გუამზე ბირთვული იერიშის მიტანის მუქარა გაავრცელა.

აღნიშულ კუნძულზე, აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული და შესაბამისად, ჩრდილო კორეელების სამიზნეც ამიტომ გახდა. დასავლურ მედიაში, კიმ ჩენ ინის განცხადების შემდეგ გავრცელდა კუნძულის მოსახლეობის განწყობის ამსახველი მასალები.

აღნიშნულ განწყობებში, მკვეთრად ჩანს შეშფოთება, რომელიც წინა პერიოდში, კიმ ჩენ ინის მიერ გავრცელებული მუქარებისგან განსხვავებით, მეტად უარყოფითია და თვლიან, რომ კიმის ეს მუქარა, უკვე აღარ არის სასაცილო და ვითარება სერიოზულად არის დაძაბული წყარო.

ამ განწყობას ამართლებს პენტაგონის დაზვერვის მიერ მოპოვებული სადაზვერვო მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩრდილო კორეელებს უკვე აქვთ მცირე ბირთვული ქობინები, რომლებიც შეუძლიათ დაამონტაჟონ სხვადასხვა მცირე სიშორის რაკეტებზე და რეგიონში, აშშ-ის მოკავშირეებზე მიიტანონ იერიში. პენტაგონის დაზვერვის მოსაზრებით, ჩრდილო კორეელებს ასეთი 60-მდე საშუალება გააჩნიათ წყარო.

დაზვერვის მოსაზრებით, ჩრდილოელებს ასევე შეუძლიათ მცირე ზომის ქობინების შექმნა, რომელთა მონტაჟიც შესაძლებელი იქნება შორი მოქმედების რაკეტებზე, თუმცა ამავე დროს ცნობილია, რომ ჩრდილოელებს დღეს ბირთვული ქობინების დამზადებაზე მეტად სარაკეტო ტექნოლოგიების პრობლემა აქვთ. რისი გადალახვის მცდელობებია ის გამოცდები, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამართა და მათგან ბოლო გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა. მიმდინარე წლის 28 ივლისს, ჩრდილოელებმა, იაპონიის მიმართულებით ისროლეს რაკეტა, რომელმაც 40 წუთამდე იფრინა და დასავლელი, ასევე იაპონელი ექსპერტების განცხადებით, ყველაზე წარმატებული იყო. მათი შეფასებით, აღნიშნული რაკეტით ჩრდილოეთ კორეას შეუძლია მისწვდეს აშშ-ის ტერიტორიას.

ამერიკული მხარის მერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, აღარ რჩება დიპლომატიური მეთოდებით პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელებმა ან უნდა დაარტყან ჩრდილოეთ კორეას ან უნდა შეეგუონ მის ბირთვულ სტატუსს, რაც ჩემი აზრით, არ მოხდება, რადგან შეგუება ბირთვულ ჩრდილო კორეასთან, ეს იქნება უზარმაზარი მასშტაბის საფრთხის დატოვება რეგიონისა და მსოფლიოსთვის.

ჯერჯერობით, ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ბირთვულ კორეასთან შეგუებას არ აპირებენ და ამაზე მეტყველებს, როგორც პრეზიდენტ ტრამპის, ისე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჯეიმს მეტისის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები რეჟიმის დამხობასა და ერის დაღუპვას გამოიწვევს! წყარო

გარდა კორეის კრიზისის გადაჭრის პოლიტიკური საჭიროებისა, ასევე დგას საჭიროება, თანამედროვე შეიარაღებისა და სისტემების გამოყენებით, ბირთვული საფრთხის განეიტრალების პრაქტიკული გამოცდილების მიღების, რაც განპირობებულია იმით, რომ ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხე თანამედროვე კომუნიკაციების პირობებში, სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება.

შესაბამისად, არსებობს საჭიროება, რომ ასეთი საფრთხისგან გარანტირებული დაზღვევის მეთოდები არსებობდეს. ამ თვალსაზრისით, ჩრდილოეთ კორეა ჯერ კიდევ არ არის იმ მასშტაბის პრობლემა, როგორიც არის რუსეთი ან სხვა რომელიმე ბირთვული სახელმწიფო, რომ გლობალურ უსაფრთხოებას დიდ საფრთხეს უქმნიდეს და შესაძლებელია, მისი შედარებით ნაკლები დანაკარგებით შეჩერება.

ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, კორეის ნახევარკუნძულზე საბრძოლო მოქმედებების დაწყების ძალიან დიდი ალბათობა არსებობს. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ სამხრეთ კორეამ მოითხოვა გაეროს უშიშროების რიგგარეშე სხდომის მოწვევა. სავარაუდოდ, ამ სხდომაზე უნდა განიხილოს ჩრდილოეთ კორეის მუქარის შემდეგ დამდგარი საფრთხე, სამხრეთელების მიმართ. ამ განხილვას ასევე დიდი ყურადღებით მოეკიდება იაპონია, რომელიც ასევე კიმ ჩენ ინის სამიზნეა და უშალოდ მასაც ემუქრება ბირთვული საფრთხე ჩრდილო კორეისგან. ამიტომაც იაპონიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ის აუცილებლად ჩამოაგდებს ჩრდილო კორეულ რაკეტებს, თუკი ისინი გუამს დაემუქრებიან წყარო.

მიუხედავად დაძაბულობის ასეთი ხარისხისა, სამხედრო აქტივობების შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დასავლური, ძირითადად კი ამერიკული მილიტარისტული გამოცემები, მთლიანად ამ საკითხის გაშუქებით არიან დაკავებულები. ეს მიანიშნებს, რომ საკითხი მართლაც აქტუალურია და საშიშ ფაზაში შედის. რაც შეეხება სამხედრო გადაადგილებებსა და სტრატეგიულ ლოკაციებზე მათ განთავსებას, ეს, დიდი ალბათობით, იმიტომ არ არის აქტუალური, რომ საჭირო ძალების, საჭირო ადგილებში განთავსება დიდი ხანია განხორციელებულია და შესაბამისად, დღეს ამის საჭიროება, იმ მასშტაბით, რომ მედიისთვის მთავარ თემად იქცეს, აღარ არსებობს.

ის, თუ რამდენად მივა სიტუაცია რეალურ საბრძოლო მოქმედებამდე, დამოკიდებულია ჩრდილოეთ კორეის ქცევასა და მისი მოკავშირე ჩინეთის ძალისხმევაზე. ეს ყველაფერი კი წესით გაეროს უშიშროების სხდომაზე უნდა გამოჩნდეს. წინა შემთხვევაში, როდესაც გაეროში, ჩრდილოელებისთვის ახალი სანქციების საკითხს განიხილავდნენ, ჩინეთმა სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. რას იზამს ამ შემთხვევაში, ძნელი სათქმელია, რადგან მისთვის, კორეის ნახევარკუნძულზე ომის გაჩაღება, უსაფრთხოების უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, როგორც ლტოლვილების ნაკადის, ისე რეგიონზე პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ ჩინეთი საკუთარ გავლენას გამოიყენებს და ჩრდილოელებს იმ დონემდე შეაკავებს, რა დონეც არ დააყენებს აშშ-ს საბრძოლო მოქმედებების დაწყების გარდაუვალი საჭიროების წინაშე. თუმცა არსებობს ასევე საფრთხე, რომ კიმ ჩენ ინი ჩინეთის კონტროლიდან გავიდეს და გადადგას მილიონობით ადამიანის დამღუპველი ნაბიჯი!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი