ამერიკელი სამხედროები ტრამპის ბრძანებას ელიან! - კვირის პალიტრა

ამერიკელი სამხედროები ტრამპის ბრძანებას ელიან!

კორეის ნახევარკუნძულთან დაკავშირებული კრიზისი, კვლავ აქტუალურია და მთელი მსოფლიო მედია ელის თუ რა მოხდება. აგრესიული განცხადებების გავრცელების შემდეგ, ესკალაცია ჯერ კიდევ არ მინელებულა და მხარეები საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს განიხილავენ. კიმ ჩენ ინი ირწმუნება, რომ აქვს შესაძლებლობა, იერიში მიიტანოს ამერიკულ ბაზებზე, რომლებიც წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამზეა განთავსებული. ხოლო აშშ-ი ასეთ შემთხვევაში ჩრდილო კორეელებს არნახული "ცეცხლითა და რისხვით" ემუქრება. ცალკე საკითხია რეგიონის ქვეყნების პოზიციები, რომლებიც ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ არიან. იაპონია და სამხრეთ კორეა ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რადგან თუკი კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტი დაიწყება, ეს პირველ რიგში მათ წესრიგსა და მოსახლეობას შეიწირავს. ამიტომ ამერიკული პოლიტიკური თუ სამხედრო აქტივობა ამ მიმართულებაზე მეტად საჭირბოროტო და მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებისთვის.

ბოლო დღეების განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონი საუბრები გამართა რეგიონის თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზიანპინმა. აღნიშნული სატელეფონი საუბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთმა კორეის კრიზისში ნეიტრალიტეტის პირობების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუკი ჩრდილოეთ კორეელები პირველები გაისვრიან აშშ-ის ტერიტორიების მიმართულებით, მაშინ ჩინეთი ნეიტრალური დარჩება და არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ თუკი აშშ-ი პირველი მიიტანს იერიშს ჩრდილოეთ კორეაზე და კიმ ჩენ ინის რეჟიმის დამხობის საფრთხე გაჩნდება, მაშინ ჩინეთი ჩაერევა პროცესებში, რადგან ის არ დაუშვებს, კორეის ნახევარკუნძულზე პოლიტიკური და გეოგრაფიული მოცემულობის ცვლილებას წყარო. ჩინეთის პრეზიდენტის მიერ წაყენებული პირობა, ერთი შეხედვით რაციონალური ჩანს, თუმცა მეორეს მხრივ, ის არ სცემს პასუხს კითხვაზე - აშშ-ის მხრიდან, სამხედრო ოპერაციაზე უარის თქმის პირობებში, იტყვის თუ არა კიმ ჩენ ინი ბირთვული იარაღის შექმნაზე უარს?!

ზოგადად, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პრობლემა, ამერიკის უსაფრთხოებისთვის წლების განმავლობაში აქტუალურია და ყოველ ჯერზე ისმოდა მოწოდებები, რომ კრიზისი მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს. მიუხედავად ამ ე.წ. "მოგვარების" პოლიტიკისადმი ერთგულებისა, ჩრდილოეთ კორეამ არ შეაჩერა ბირთვული პროგრამა და იქამდეც კი მივიდა, რომ შექმნა საჭირო კონსტრუქციის როგორც ქობინები, ისე მისი გადამტანი მოწყობილობები (რაკეტები). შესაბამისად, გამოვიდა, რომ დროში გადადებული მსგავსი კრიზისები, საბოლოო ჯამში საფრთხის იმ დონეს აღწევს, რომ გაცილებით დიდი მასშტაბისა და რთულად მოგვარებადი ხდება. ანალოგიური შეცდომა იყო დაშვებული რუსეთთან მიმართებაში, როდესაც რამდენიმე სეპარატისტული რეჟიმის შექმნით, პოსტსაბჭოთა ქვეყნები დატოვა საკუთარ ორბიტაზე და ეს აგრესია მანამდე არ იქნა შეფასებული სათანადოდ, ვიდრე უშუალოდ ევროპის საზღვრებს არ მიადგა რუსული პრობლემა. ამ დროისთვის კი, რუსული პრობლემა გაცილებით რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა, ვიდრე ეს 2000-იანების დასაწყისში, ან უფრო ადრე, გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო. ანალოგიური ვითარებაა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პრობლემის საკითხშიც. პრაქტიკულად, კორეის კრიზისი დილემაა - არ დაარტყამენ და მიიღებენ ბირთვულ კორეას, დაარტყამენ და მიიღებენ მილიონობით მსხვერპლსა და დედამიწის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში სასტიკ ომს, რომელიც სულაც არ არის გამორიცხული, ბირთვულ ომში გადაიზარდოს.

ამ ფონზე, რეგიონში მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციაში ამერიკის მოკავშირეები საკუთარ პოზიციებს აფიქსირებენ. მაგალითად, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩრდილო კორეის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ავსტრალია, აშშ-ის გვერდით დადგება იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც აშშ-ის, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის არსებობს წყარო. თავისთავად ცხადია, კორეული კრიზისი დიდ შეშფოთებას იწვევს იაპონიაში, რომელიც ასევე ამერიკული არმიის ნაწილების განთავსების ადგილს წარმოადგენს და ისედაც მტრულად არის განწყობილი კომუნისტური კორეის მიმართ. იაპონიის შემთხვევაში, კი თავად პრემიერ-მინისტრ სინძიო აბეს პოლიტიკური კარიერა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული აშშ-ის პოზიციასა და აქტიურობაზე რეგიონში. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, იმას არ ნიშავს, რომ აბეს დამარცხების შემთხვევაში, იაპონია საგარეო პოლიტიკურ კურსს შეიცვლის.

რეგიონულ მედიაში აღინიშნება, რომ კუნძულ გუამის, იაპონიისა და სამხერეთ კორეის მოსახლეობა შეშფოთებულია მიმდინარე ესკალაციით. ეს შეშფოთება სრულიად რაციონალურია, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, თუკი საქმე სახმელეთო ბრძოლებამდე მივიდა, ჩრდილო კორეული არმიის წინააღმდეგ, პირველ რიგში, სამხერეთ კორეელებს და შემდეგ იაპონელებს მოუწევთ ბრძოლა ამერიკულ არმიასთან ერთად, თუმცა მშვიდობიან მოსახლეობას ყველაზე დიდი საფრთხე სეულში ემუქრება. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული საზღვარი, დედამიწაზე ყველაზე მილიტარიზებული საზღვარია, რომელზეც ჩრდილოელებს განთავსებული აქვთ რამდენიმე ათასი საარტილერიო დანადგარი, რომელთა უმრავლესობა მოძველებულია, მაგრამ სეულემდე ჭურვის გასროლა შეუძლია. შესაბამისად, ათ მილიონიანი სეულის მიმართულებით გასროლილ ათიათასობით ჭურვს, საკმაოდ მასშტაბური ნგრევისა და უამრავი მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა შეიძლება მოჰყვეს, თუკი არ განხორციელდა დროული ევაკუაცია, ასეთი მასშტაბის ევაკუაციის განხორციელება კი იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოელების მოწინააღმდეგე ძალები დაკარგავენ მოულოდნელობის ეფექტის შესაძლებლობას.

დასავლურ მილიტარისტულ მედიაში აქტიურად განიხილება ის ვერსიები, რომლითაც შესაძლებელია განვითარდეს მოვლენები კორეის ნახევარკუნძულზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონს უკვე მზად აქვს ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმის გეგმა წყარო. სამხედრო ექსპერტების განცხადებით, აშშ-ის არმიის გეგმებში ბირთვული იარაღის გამოყენება არ შედის. პირველი დარტყმა მიყენებული იქნება სხვადასხვა მოდიფიკაციის ფრთოსანი რაკეტებით. ამერიკელების განცხადებით, ასეთი სამიზნე ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე სულ ოცამდე ობიექტია, რომლებიც სარაკეტო გამშვები პლატფორმები და მათი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურაა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ჩრდილოელების მიერ მოწყობილი სარაკეტო გამოცდები, ამერიკული დაზვერვის მიერ გამოყენებული იქნება, ინფორმაციის განსაახლებლად სარაკეტო სისტემებსა და მართვის პუნქტებს შორის საკომუნიკაციო ქსელის დასადგენად. სხვათაშორის, ამ საკითხზე მსჯელობა იყო მიმდინარე წლის გაზაფხულზე, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულისკენ ამერიკული ავიამზიდი და მე-7 ფლოტის სხვა ხომალდები მიემართებოდნენ. როგორც მაშინ ამერიკული წყაროებიდან გახდა ცნობილი, ეს "დეზინფორმაცია" გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ მოხდა დაკვირვება, ჩრდილო კორეის საკომუნიკაციო სისტემებზე, რომლის დროსაც ისეთი არხების აქტივაცია განხორციელდა, რომლებიც მანამდე არასოდეს გააქტიურებულა.

არსებული მოცემულობით, კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო ოპერაციის დაწყების, ჯერ კიდევ მაღალი ალბათობაა, თუმცა დიპლომატიურ წრეებში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ მიმდინარე ესკალაცია იმ დონემდე არ მივა, რომ სამხედრო მოქმედებები დაიწყოს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი