ახლო აღმოსავლეთი "მშობიარობის" პროცესში - შეიქმნება ქურთთა სუვერენული სახელმწიფო?! - კვირის პალიტრა

ახლო აღმოსავლეთი "მშობიარობის" პროცესში - შეიქმნება ქურთთა სუვერენული სახელმწიფო?!

ამერიკელები ქურთებს სთხოვენ რეფერენდუმი გადადონ

ახლო აღმოსავლეთში ახალი შინაარსის კრიზის მწიფდება, რომელიც ქურთთა სახელმწიფოს შექმნას უკავშირდება. მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, ერაყის ქურთისტანში დაგეგმილია რეფერენდუმის ჩატარება, რომელზეც ერაყის ტერიტორიაზე ქურთთა ავტონომიის დამოუკიდებლობის სტატუსი უნდა განისაზღვროს.

რეფერენდუმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა რეგიონში. ყველაზე კრიტიკულად, აღნიშნული რეფერენდუმისადმი თურქეთია განწყობილი და კონკრეტულ ზომებსაც მიმართავს, რათა არ დაუშვას საკუთარ საზღვართან, ახალი სახელმწიფოს წარმოქმნა, რომელიც, რა თქმა უნდა, რომ მის სამხრეთ რეგიონებში არსებულ ქურთულ სეპარატიზმს გააქტიურებს და შესაბამისად, თურქეთის უსაფრთხოებას სულ სხვა შტაბის პრობლემები ექნება, ვიდრე მიმდინარე ქურთული სეპარატიზმია.

მიმდინარე თვის დასაწყისში, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო ოპერაცია სირიის ტერიტორიაზე, აღქმული იქნა როგორც ქურთების წინააღმდეგ მიმართული კამპანია და არა როგორც ISIS-ის საბოლოოდ განადგურებისთვის გადადგმული ნაბიჯი. იმ რეგიონებში, რომელშიც თურქულმა არმიამ ოპერაცია "ევფრატის ფარი" ჩაატარა, პრაქტიკულად აღარ დარჩა ISIS-ის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ან დსახლებული პუნქტები და ისინი ახლა ან ქურთების კონტროლს ქვეშ არის, ან ქურთების მოკავშირე ძალები აკონტროლებენ. ასევე არსებობს მოლოდინი, რომ ერაყის ქურთისტანში რეფერენდუმის გამართვის შემდეგ, ანალოგიური პროცესი დაიწყება სირიის ტერიტორიაზე, ქურთებით დასახლებულ რეგიონებში, რომელთა უმრავლესობაც თურქეთს ესაზღვრება. შესაბამისად, სრულიად ლეგიტიმურია ჩაითვალოს, რომ თურქების ახალი სამხედრო ოპერაცია, ქურთების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯია.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, რეფერენდუმის გამოცხადების შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე აქტიური გამოხმაურებები მოჰყვა რეგიონის ქვეყნებში. ერაყის პრემერ-მინისტრმა ალ-აბადიმ განაცხადა, რომ ქურთებმა, უმჯობესია საკუთარი მომავალი ერაყის სახელმწიფოსთან ერთად მოაწყონ. ამ განცხადებას აგრესიული ტონი არ ჰქონია მაგრამ მუხედავად ამისა, ქურთების გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ იქონია, რადგან მათი განცხადებით, ერაყი დღეს არ არის ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ისეთი ეთნიკური ჯგუფების უსაფრთხო არსებობის უზრუნველყოფა, როგორც ქურთებია. მათ მაგალითად მოჰყავთ სუნიტების მდგომარეობა ერაყში, რომელთა რაოდენობაც ბაღდადში 40%-დან 10%-მდე შემცირდა. მათი თქმით, ISIS-ის მსხვერპლ სუნიტებს ბაღდადში თავშესაფრის ძიება აუკრძალეს, რითიც ისინი იძულებულნი გახდნენ, ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებისთვის შეეფარებინათ თავი წყარო.

როგორც ჩანს, ქურთების მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი იმდენად ართულებს ვითარებას რეგიონში, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, ქურთთა ლიდერ ბარზანის სთხოვა რეფერენდუმის გადადება წყარო. გავრცელებული ინფორმაციით, ტილერსონმა, ბარზანისთან სატელეფონი საუბარში განაცხადა რომ ის არ არის რეფერენდუმიის წინააღმდეგი, უბრალოდ გადადებას და მოგვიანებით გამართვას ითხოვს. რამდენად შესძლებს ამერიკა ქურთების დარწმუნებას, ძნელი სათქმელია რადგან ქურთულ მედიაში გავრცელებული მასალების მიხედვით, ისინი არ აპირებენ რეფერენდუმის ვადის შეცვლას და ასევე აღნიშნავენ რომ ამერიკელების მხადაჭერის დაკარგვა, ქურთებისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

დიდი ალბათობით, ამერიკელების მხრიდან ქურთებისათვის რეფერენდუმის გადადების მოთხოვნა, თურქულ მხარეს უკავშირდება და აშშ ლოგიკურად მოერიდება არსებულ საერთაშორისო მოცემულობაში, თურქეთთან ერთიერთობის დაძაბვის ახალი მიზეზის წარმოქმნას.

თუკი მოხდა და ქურთების სუვერენული სახწლმწიფო შეიქმნა, მას პრეტენზიები ექნება მეზობელი სახელმწიფოების ყველა იმ რეგიონზე, რომლებიც ქურთთა განსახლების რეგიონებია. ასეთები არიან - სირია, ირანი და თურქეთი. შესაბამისად ქურთისტანის გაჩენა, დაახლოებით ისეთი მაშტაბისა და მნიშვნელობის მოვლენა იქნება, როგორიც იყო ისრეალის სახელმწიფოს შექმნა, გასული საუკუნის 40-იან წლებში.

ამავე დროს ის გახდება მუსულმანურ სამყაროში დასავლეთის ძალზედ მნიშვნელოვანი მოკავშირე და ერთგვარი ფორ პოსტი, რომელიც თურქეთს მოწყვეტს მუსულმანური სამყაროდან. ალბათ ამას უნდა უკავშირდებოდეს თურქეთში დაწყებული "ისლამიზაციის" პროცესიც, რადგან ტერიტორიული და ეთნიკური შინაარსის დაპირისპირებას ქურთებთან, რელიგიური ფაქტორიც დაემატოს და ერდოღანმა გარანტირებულად მიიღოს მოსახლეობის მხარდაჭერა ქურთების წინააღმდეგ, მასშტაბური ომის დაწყების შემთხვევაში.

ასევე მნიშვნელოვანი იქნება ასეთი ომის შემთხვევაში, რეგიონული მოკავშირეების მხარდაჭერა, რომლიდანაც ორთან თურქეთს პრობლემა აქვს - ესენია სირია და ირანი. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს რომ ქურთები აუცილებლად მიიღებენ სუნიტების მხადაჭერას რადგან ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ისინი ერთ მხარეს დგანან და ერთი მოკავშირე ჰყავთ. ამ მოკავშრეობას, ასევე განაპირობებს ქურთების დამოკიდებულება ერაყელი სუნიტებისდმი, იმ დახმარების გათვალისწინებით, რომელიც ქურთებმა აღმოუჩინეს მათ ISIS-ის აქტიურობის პერიოდში.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, ერთგვარი მშობიარობის პროცესია, რომელიც ქურთთა სახელმწიფოს შექმნითა და რეგიონის უმეტესი ქვეყნების საზღვრების ცვლილებით დასრულდება. მანამდე კი ახალ კონფლიქტებსა და სისხლისმღვრელ შეტაკებებს ვიხილავთ, რომელშიც მუსულმანური სექტანტიზმი უფრო დიდ როლს ითამაშებს, ვიდრე სახელმწიფოების პოლიტიკური პოზიციები და არმიები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს