კორეული ჩიხი და ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხე
კორეული ჩიხი და ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხე
ჩრდილოეთ კორეის კრიზისიდან გამოსავალი ახლა ჩინეთის ხელშია. მთელი ეს "სიტყვიერი ომი" რეალურად ჩინეთისთვის შეიქმნა. ევროკავშირი კორეულ კრიზისს მომავალ კვირაში საგანგებო სესიაზე განიხილავს.

კორეის ნახევარკუნძულზე განვითარებული კრიზისი, ძალზედ საინტერესო და ამავე დროს, ძალზედ საშიში პროცესია მრავლი მიზეზის გამო. ეს კრიზისი გარდა იმ საფრთხისა, რომელიც ომის დაწყების შემთხვევაში დადგება, ასევე პოტენციურად წარმოადგენს საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკური მოვლენას, რომელიც სცდება კორეის ნახევარკუნძულს და გადის ყველა იმ რეგიონზე, სადაც კი ანტიდასავლური, დესტრუქციული ძალების გავლენა ჯერ
კიდევ აქტუალურია.
ასეთებია: ირანი, სირია და რუსეთი. ამავე დროს, ეს კრიზისი არის უახლოესი წარსულის "თმენის" და დაუსჯელობის დემონსტრირების პოლიტიკის შედეგი, რომელიც ცივილიზებულ სამყაროდ წოდებულმა ნაწილმა თავად დააყენა, როდესაც საჭირო და საკმარისი პასუხები არ გაეცა სხვა დესტრუქციულ ქვეყნებს.

მაგალითისთვის, ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორი კიმ ჩენ ინი და
მისი მსგავსი ოდიოზური მმართველები არგუმენტად აიღებენ უკრაინის მაგალითს, რომელმაც ბირთვულ სტატუსზე უარი, საერთაშორისო გარანტიების სანაცვლოდ თქვა და საბოლოო ჯამში მიიღო ის, რომ ერთ-ერთი გარანტორი, თავად დაესხა თავს. მაშინაც არაერთხელ დავწერე, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი, ამ თვალსაზრისითაც ანგრევდა საერთაშორისო სამართლის ავტორიტეტს და არსებულ მსოფლიო წესრიგს ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აყენებდა - აი, შედეგიც, რომელიც დადგა და დადგა იმ მასშტაბით, რომ დიპლომატიური მანევრების საშუალება აღარ დატოვა.

ჩრდილო კორეულ რეჟიმს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ირანთან, რაც არის ძალიან დიდი საფრთხე, რომ მოხდეს მათ ხელში არსებული ტექნოლოგიების ურთიერთში გაცვლა. ეჭვი ირანისა და ჩრდილო კორეის თანამშრომლობის შესახებ, უკვე გამოითქვა დასავლურ საექსპერტო წრეებში და ეს სრულიად რაციონალური ეჭვია, რადგან, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ირანი ურთიერთობებს ვერ დაალაგებს, თუკი უარს არ იტყვის იმ დესტრუქციულ როლზე, რომელიც რეგიონში აქვს ნაკისრი და მთელი სიცხადით, სირიის კონფლიქტში გამოიხატება.

შესაბამისად, ირანელების ამ დამოკიდებულების გათვალისწინებით, ასევე იმ ფაქტით, რომ აშშ-ის მიერ ახალი სანქიციების სამიზნე გახდა ირანიც, აბსულუტურად ლოგიკურია, რომ მან შურისძიების მიზნით საკუთარი სარაკეტო ტექნოლოგიები გადასცეს ჩრდილო კორეას, რომელიც საპასუხოდ საკუთარი საბადოებიდან ურანს მიაწვდის და ასევე არ არის გამორიცხული, რომ ბირთვული ქობინის დამზადების ტექნოლოგიაც გაუზიაროს.

ასეთი თეორიული შესაძლებლობის დაშვების პირობებშიაც კი, არა მხოლოდ ამერიკა, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა ფიქრობდეს თუ როგორ შეაჩერონ ეს პროცესი. საფრთხე იმაზე დიდია, ვიდრე ეს მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულზე შესაძლო ბირთვული ომია.

ირანის ხელში აღმოჩენილი მასობრივი განადგურების იარაღი, ასევე პოტენციურად, შიიტური რადიკალური რეჟიმების ხელშიც შეიძლება მოხვდეს და მომავლის ISIS-ის ან ალ-ქაიდას ტიპის ტერორისტული ორგანიზაციების ხელშიც. შესაბამისად, საჭიროა ახლავე აღიკვეთოს ეს საფრთხე, რადგან შედეგზე რეაგირება გაცილებით რთული და სასტიკი იქნება.

ირანს პრობლემები წინ აქვს და ამიტომ ძალიან დიდია ცდუნება, "არალეგალური" გზებით მოიპოვოს ბირთვული იარაღის შექმნის ტექნოლოგია ან სულაც მზა ქობინები შეიძინოს და მათი არსებობის ფაქტორი გამოიყენოს, როგორც ისრაელის, ისე სუნიტური საუდის არაბეთისა და ემირატების, ერაყისა და მომავალი ქურთისტანის წინააღმდეგაც კი. ამიტომაც კორეული ბირთვული პრობლემა, სცილდება ნახევარკუნძულს და ის უფრო მასშტაბურ, თანაც მომავლის გარდაუვალ პრობლემას ბადებს.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის ბირთული სტატუსის აღიარებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არ მოხდება, რადგან ასეთი დაშვება, გარდა პოლიტიკური შედეგებისა რეგიონში აშშ-ის გავლენის თვალსაზრისით, პრაქტიკულად შექმნის მოტივაციას ზემოთ ნახსენები დესტრუქციული ქვეყნებისთვის, მათაც "გაიჩინონ" ბირთვული იარაღი, რომელიც ამ დრომდე შემაკავებულ ფუნქციას ასრულებდა და მისი გამოყენების ალბათობა ძალიან დაბალი იყო. თუკი ეს ვითარება შენარჩუნდება და ასეთი მეთოდებით, ბირთვული იარაღის შექმნა ამჯერადაც დაუსჯელი დარჩა, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ ძალიან მალე, ბირთვულ იარაღს პლანეტის სხვადასხვა ადგილებშიც ვიხილავთ, რაც თავდაყირა დააყენებს არსებულ საერთაშორისო წესრიგს და დაბადებს ძალადობის ახალ, მასობრივ ფაზას, რომელიც დაეფუძნება წარსულში ქვეყნებს შორის ტერიტორიულ თუ სხვა შინაარსის მქონე კონფლიქტებს. ხოლო იმას, ვისაც ბირთვული იარაღი ექნება, ასევე გაუჩნდება ცდუნება, საკუთარი პრობლემები გადაჭრას, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ინტერპრეტაცია ექნება ამ "გადაჭრას" არსებული და დღეს მოქმედი საერთაშორისო ნორმების მიხედვით.

აღნიშნული კორეული კრიზისი კი მისულია იმ ეტაპზე, რომ განხორციელდეს ფხენიანის სარაკეტო სისტემაზე პრევენციული დარტყმა, რასაც ავტომატურად მოჰყვება რეჟიმის განადგურება, რადგან არსებული გამოცდილებით, ასეთი რეჟიმების პირობებში მცხოვრები მოსახლეობა, არ არის რეჟიმის გულწრფელი პატრიოტი და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში შეეცდება ქვეყნიდან გაქცევას.

ამისთვის კი საჭირო იქნება არსებული რეპრესიული რეჟიმის მოშლა, რაც მისცემს საშუალებას რიგით მოქალაქეებს თავი აარიდონ უაზრო ომში ჩაბმას. რაც შეეხება განცხადებებს, რომელიც ვაშინგტონიდან გაკეთდა და მრავალთათვის "აღშფოთება-შეშფოთების" საგანი გახდა, ჩემი აზრით, მომდევნო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს იყო, ისევ და ისევ ფლანგიდან შეტევა ჩრდილოეთ კორეაზე, რომლის მიზანსაც ჩინეთის იძულება წარმოადგენდა, რათა ემოქმედა აქტიურად და გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგა კიმ ჩენ ინის დასაშოშმინებლად. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს არ მოხდება, ისედაც სხვა გზა არ რჩება, გარდა სამხედროების საქმეში ჩართვისა.

სამხედრო გზით ამ პრობლემის მოგვარებას ასევე აქვს ძალზედ პრაქტიკული მნიშვნელობაც. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული თუკი ტექნოლოგიურად ჩამორჩენილმა და უკიდურესად გაჭირვებულმა ჩრდილოეთ კორეამ შესძლო ბირთვული იარაღის შექმნა, ეს ნიშავს იმას, რომ მისი გავრცელების საფრთხე არის ძალიან დიდი. შესაბამისად, საჭიროა კიმის რეჟიმის სამაგალითო დასჯა, რათა მომავალში, ამ ტექნოლოგიებთან გაკარების სურვილი აღარავის გაუჩნდეს და თუკი ვინმეს მაინც გაუჩნდება, უნდა არსებობდეს ამ შინაარსის პრობლემის მოგვარების პრაქტიკული გამოცდილება, რომლის მიხედვითაც იმოქმედებენ საერთაშორისო ძალები.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ უახლოეს მომავალში, ანუ დღეებისა და კვირის მასშტაბში, არ უნდა ველოდოთ კორეაზე პრევენციულ დარტყმას. ასეთი შუალედური პერიოდი კი მიმდინარე თვის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს და რეალური ესკალაცია იმ შემთხვევაში მოხდეს, თუკი თვის ბოლოს კიმ ჩენ ინი ისევ გადაწყვეტს სარაკეტო გამოცდების მოწყობას, რომელიც დაანონსა და რომელთა მიხედვითაც, ოთხი საშუალო სიშორის რაკეტის გამოცდას გუამის აკვატორიის მიმართულებით გეგმავს. ჩინეთის მიერ ჩატარებული სამუშაოების შეფასებად გამოდგება სწორედ ზემოხსნებული სარაკეტო გამოცდები, რომლის გადადების ან მათ გამართვაზე საერთოდ უარის თქმა იქნება ნიშანი, რომ ჩინეთმა იპოვა ეფექტიანი ზემოქმედების მეთოდი კიმის რეჟიმზე. ჩინელების დიპლომატიის ეფექტიანობა გაიზომება არა მხოლოდ იმით, რომ კიმმა გადადოს სარაკეტო გამოცდა, არამედ იმით, რომ ჩრდილოელების ბირთვული პროგრამა გარანტირებულად უნდა გაჩერდეს და მისი კონტროლი უნდა განხორციელდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, რომლებიც დაადასტურებენ რომ კორეული ბირთვული საფრთხე აღარ არსებობს.

მანამდე კი ეს სიტყვიერი ომი გრძელდება და საბრძოლო მოქმედებების საფრთხე დასული იქნება იმ შესაძლო შეცდომაზე, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე მხარემ დაუშვას.

იმაზე, რომ მთელი ეს "სიტყვიერი ომი" დიპლომატიური ძალისხმევის, კერძოდ კი ჩინელების გასააქტიურებლად განხორციელდა, მიუთითებს ის ფაქტიც, რომ რეგიონში რაიმე მნიშვნელოვანი სამხედრო გადაადგილება არ განხორციელებულა. ყოველ შემთხვევაში დასავლური მედია, კონკრეტულად კი მილიტარისტული გამოცემები არაფერს იტყობინებიან. ჯერჯერობით რაც ვითარების გართულების მაღალ შესაძლებლობაზე მიუთითებს, გავრცელებული განცხადებების გარდა, ეს არის რუსეთის მიერ შორეულ აღმოსავლეთში საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი ჰაერთავდაცვითი სისტემები და ბრიტანეთის ყოფილი თვადაცვის მინისტრის მოწოდება, რომ ბრიტანელებმა დატოვონ კორეის ნახევარკუნძული და იაპონია. დანარჩენი განხილვები კი რომელთა შესახებაც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, არის განხილვები, რომლებიც საკითხს ჯერ კიდევ პოლიტიკური მოგვარების დონეზე ტოვებს.

ვითარება, რომ უკიდურეს წერტილზე იყოს მისული, ევროკავშირი ამ პრობლემის განხილვას მომავალი კვირისთვის არ გადადებდა. მაგრამ, ის, რომ საკითხის განხილვისთვის ევროკავშირი საგანგებოდ იკრიბება, ნიშნავს იმას, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში საფრთხე ძალზედ რეალურია. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი NATO-სა და გაეროს პოზიციების შესახებ, ამ საკითხზე მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები არ მოგვისმენია.

მოკლედ, ვითარება ჩიხშია შესული და აქედან გამოსავალი ახლა ან პეკინზე გადის ან პრევენციულ დარტყმაზე. თუკი პეკინმა ვერ მოახერხა კიმ ჩენ ინის დარწმუნება, რომ უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე და მოახდინოს არსებული არსენალის განადგურება, მაშინ საქმეში სამხედროები ჩაერთვებიან, რადგან ის რისკი, რომელიც ზემოთ აღვწერე კარგად აქვს გაცნობიერებული როგორც ამერიკას, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებს და შესაბამისად, არ დაუშვებენ მომავლისთვის ასეთი მასშტაბის საფრთხის ალბათობას!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
თემურის
16 აგვისტო 2017 18:45
საფუძვლები :"დესტრუქციული ძალების გავლენა" სირიას ვისზე აქვს დესტრუქციული გავლენა?"ჩრდილო კორეულ რეჟიმს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ირანთან"-ამ რეჟიმს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს შვედეთთან და ნორვეგიასთან,ორივე ქვეყანა რაკეტების მწარმოებელია(ხომალდსაწინააღმდეგო,ტანკსაწინააღმდეგო) და ამათ რომ გაუზიარონ?"საჭიროა კიმის რეჟიმის სამაგალითო :DDD დასჯა, რათა მომავალში, ამ ტექნოლოგიებთან გაკარების სურვილი აღარავის გაუჩნდეს" -სადამის და კადაფისავით დასჯა? და აი ეს სიჩლუნგის ზეიმი ფრაზა-"ირანის ხელში აღმოჩენილი მასობრივი განადგურების იარაღი, ასევე პოტენციურად, შიიტური რადიკალური რეჟიმების ხელშიც შეიძლება მოხვდეს და მომავლის ISIS-ის ან ალ-ქაიდას ტიპის ტერორისტული ორგანიზაციების ხელშიც"-1.რომელია შიიტური რადიკალური რეჟიმი???2.ისლამური სახელმწიფოს ხელში რა იარაღიც უკვე მოხვდა,ვისგან მოხვდა?ირანისგან?:D
ა შენ არგუმენტები,არაფერი გეტკინოს
თემური
16 აგვისტო 2017 14:58
მაინტერესებს ვინც ამბობთ რომ ავტორი არაკომპეტენტურია რის საფუძველზე ამბობთ ამას?
:))
15 აგვისტო 2017 13:30
ცოტა ხანში გაერთიანებულ კორეაში ჩვენ ყველანი ვიხილავთ ტრამთაუერს!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა