ასადის არმია ამერიკელი ინსტრუქტორების ბაზას უახლოვდება?! - კვირის პალიტრა

ასადის არმია ამერიკელი ინსტრუქტორების ბაზას უახლოვდება?!

ორი დღეა, რუსული და სირიული საინფორმაციო სააგენტოები, ავრცელებენ ინფორმაციას რომ ასადის არმიის ნაწილები, უახლოვდებიან იმ დასახლებულ პუნქტს, რომელშიც ამერიკელი ინსტრუქტორები იმყოფებიან და სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლებს წვრთნიან.

ეს ინფორმაცია ხმამაღალი სათაურებით ქვეყნდება. მაგალითად: "სირიის არმია ამერიკულ ბაზას უტევს" და ა.შ. რაც მიანიშნებს ამ სამხედრო აქტივობის ანტიამერიკულ შინაარსზე და რა თქმა უნდა, პროპაგანდისტულ დანიშნულებაზე. რუსების მიერ ატაცებული ეს ინფორმაცია ზოგიერთი ავტორისთვის, ლიტერატურული შთაგონების წყარო გახდა და რუსული, მილიტარისტული თხრობის მდარე ხარისხის ტრადიციის შესაბამისი ფორმითაც კი გავრცელდა.

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ, პირველად ცნობებეში, რომელიც ასადის რეჟიმის მხარდამჭერი გამოცემის მიერ იქნა გავრცელებული, მოცემულია ინფორმაცია იმ ძალების შესახებ, რომლებიც დასახლებულ პუნქტ, ალ-ტანაფს უტევენ და გამოცემის ინფორმაციით, საკმაოდ წარმატებითაც. სირიული წყაროს მტკიცებით, ალ-ტანაფზე შეტევას შიიტური მილიციის ნაწილები ახორციელებენ, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ირანულ-ავღანური შიიტური ბრიგადა.

უცნაურია მხოლოდ ის, რომ დასავლურ გამოცემებში, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ჯერ არაფერი თქმულა, ხოლო წარსულში მსგავსი მცდელობები სრულდებოდა იმით, რომ ასადის არმიის შეტევაზე გადასულ დაჯგუფებებს, დასავლური ანტიტერორისტული კოალიციის ავიაცია ბომბავდა.

შესაბამისად, ცოტა უცნაური ინფორმაციაა ის, რაც სირიულმა გამოცემებმა გაავრცელა და რუსულმა გამოცემებმა აიტაცეს. ეს თუ სიმართლეს შეესაბამება, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ასადის არმიის ის ნაწილები, რომლებიც დასახლებული პუქნტის შეტევაში მონაწილეობენ, დასავლური ავიაციის სამიზნეები გახდებიან და დიდი ალბათობით, განადგურდებიან.

ზოგადად სირიის კონფლიქტი, ისევე როგორც ყველა სხვა კონფლიქტი, გარკვეული დროის შემდეგ აღარ არის აქტუალური მედია განხილვის თვალსაზრისით და სხვა საკითხებმა გადაფარეს, მაგალითად, ისეთმა, როგორიც ჩრდილო კორეული კრიზისია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სირიის კონფლიქტი მოგვარდა და მისი გადაჭრის შედარებით მშვიდობიანი გზები იქნება მიგნებული. კონფლიქტი ისევ გრძელდება, გარდა იმ რამდენიმე მცირე ტერიტორიისა, რომლებიც ე.წ. "დემილიტარიზებულ" ზონებად გამოცხადდა.

ისევ აქტუალურია ISIS-ის პრობლემა, თუმცა ამ დაჯგუფების ძირითადი ძალები უკვე განადგურებულია და მოცემულ მომენტში, მიმდინარეობს დაქსაქსული ძალების დევნა და განადგურება.

ამასთანავე, რუსი სამხედროები აქტიურად არიან ჩართულნი ყველა იმ პროცესში, რომელიც სირიის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მათ შორის იმ მოლაპარაკებებში, რომელიც სირიის თავისუფალ არმიასა და ასადის არმიის წარმომადგენლებს შორის იმართება. ასევე აქტუალურია რუსული ავიაციის მოქმედება, რომელთა მხარდაჭერაც სირიის არმიას ძალიან ეხმარება, მოწინააღმდეგე ძალების განადგურებაში, რომლებიც რუსულ და ასადის მხარდამჭერ მედიებში კვლავ ტერორისტებად არიან შერაცხულნი.

ასეთი ინფორმაციული ხაზის შექმნა რუსულ და ასადის არმიებს აძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი ქმედებები ანტიტერორისტულ ბრძოლად შერაცხონ და შექმნან შესაბამისი ილუზია.

სირიის კონფლიქტის ურთულესი კონფიგურაცია კვლავ შენარჩუნებულია, შესაბამისად, გარდა ასადის რეჟიმისა და მისი მოწინააღმდეგე ძალებისა, სირიის ტერიტორიაზე საკუთარი ამოცანების გადაჭრას ცდილობენ ქურთები, თურქები, ლიბანელები და ირანელები. ყოველი მათგანი აქტიურად არის ჩართული პროცესში და არის ტერიტორიები, სადაც მოქმედი ძალები და მათი ინტერესები არანაირ კავშირში არ არიან სირიასთან ან სხვა რომელიმე ძალებთან და საკუთარ ამოცანებს წყვეტენ დამოუკიდებლად.

სირიის კონფლიქტის დასრულებიდან ან რაიმე რაციონალური გადაწყვეტილებიდან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა, რადგან არცერთ მხარეს საკუთარი მიზნების მინიმუმისთვისაც კი არ მიუღწევია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ასადი ჯერ კიდევ ინარჩუნებს კონტროლს ქვეყნის მოსახლეობისა და არმიის ნაწილზე, რომელიც რუსული არმიის დახმარებით მოხდა და იმ დრომდე იქნება შენარჩუნებული, ვიდრე რუსული არმია სირიის ტერიტორიაზე მოქმედებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს