ISIS-ი ავღანეთში გადადის და "თალიბანთან" ერთიანდება - კვირის პალიტრა

ISIS-ი ავღანეთში გადადის და "თალიბანთან" ერთიანდება

ერაყსა და სირიაში, ტერორისტული ორგანიზაცია, "ისლამური სახელმწიფოს" პრაქტიკული დამარცხების შემდეგ, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ სად წავლენ დარჩენილი ტერორისტები და რა მიზნების განხორციელებას შეუდგებიან.

დიდი ალბათობით, მომავალი წლის პირველ ნახევარში, ერაყის ტერიტორია სრულად იქნება გაწმენდილი ტერორისტების ძირითადი ნაწილისგან და მათთვის დადგება ახალ ტერიტორიაზე თავშესაფრის საჭიროება. ასეთ შესაძლებლობას, ყველაზე დიდი ალბათობით, ავღანეთის ტერიტორია აძლევს ტერორისტებს და სრულიად ლოგიკურია, რომ მათი ძირითადი ნაწილი, სწორედ ავღანეთში გადაბარგდება.

ამ ეჭვს ამძაფრებს ISIS-ის ტერორისტთა მომეტებული აქტივობა ავღანეთის ტერიტორიაზე, რომლის ბოლო ეპიზოდიც, ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარე თვის დასაწყისში განვითარდა და ISIS-მ, "თალიბანთან" ერთად აიღო შიიტი ხაზარებით დასახლებული სოფელი, რომლის დროსაც ორმოცდაათი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. (წყარო) ამას გარდა, ბოლო კვირის განმავლობაში, თავდასხმა მოხდა ავღანეთში ერაყის საელჩოზე, ასევე შიიტურ მეჩეთზე ქაბულში, რომელმაც ჯამში 120 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რა თქმა უნდა, ამ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო. ერაყის საელჩოზე თავდასხმა აღქმულ იქნა, ტერორისტების მხრიდან შურისძიებად, მოსულის დაკარგვის გამო და დიდი ალბათობით, აღნიშული ორი ტერორისტული აქტიც, "თალიბანთან" შეთანხმებით განხორციელდა.

აღნიშნული ეპიზოდები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მათ მოახერხეს "თალიბანთან" კავშირის დამყარება, რაც წინა პერიოდებში არ გამოსდიოდათ, რადგან "თალიბანი", ISIS-ის ერთგვარ კონკურენტად განიხილავდა და მათ შორის შეტაკებებიც მოხდა. (ბმული) როგორც ჩანს, ტერორისტებმა ერთმანეთთან ურთიერთობაში არსებული წინააღმდეგობები გადალახეს იმ ფონზე, როდესაც ISIS-ი მარცხდება დასავლეთ ანტიტერორისტულ კოალიციასა და ქურთებთან ბრძოლაში.

ამ მოლოდინში, ბუნებრივია არაფერი განსაკუთრებული არ არის და მგონი არც არავის აქვს ილუზია, რომ ერაყსა და სირიაში, ISIS-ის საბოლოო დამარცხების შემდეგ, ის სრულებით გაქრება. მისი მაშტაბებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის აუცილებლად მონახავს მხარდამჭერ ძალებს, რეგიონის სხვა დესტრუქციულ ძალებს შორის. ასეთ ძალად, როგორც ვხედავთ "თალიბანი" უკვე გამოიკვეთა. ამ ყველაფრით, კერძოდ შიიტურ ობიექტებზე იერიშის მიტანით კი ჩნდება ალბათობა, რომ ირანმა განაცხადოს საკუთარი ინტერესების დაცვის საჭიროების შესახებ და ISIS-ი დევნის ეგიდით, ისიც შევიდეს ავღანეთში. ასევე საინტერესოა ისიც, რომ წინა პერიოდებში, ISIS-ის აქტივობა ავღანეთის ტერიტორიაზე მიმართული იყო ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებისკენ, რომელიც ტაჯიკეთს ესაზღვრება და იქ მათმა გამაგრებამ, ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს ისიც, რომ რუსეთმაც განაცხადოს საკუთარი მოკავშირე, ტაჯიკეთის საზღვრების დაცვის ეგიდით, ავღანეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ. ამ მოლოდინს ამყარებს, 2016 წლის ბოლოს, რუსული არმიის გადასროლა ტაჯიკეთში და მასშტაბური წვრთნები, რომელიც ამავე პერიოდში გაიმართა ტაჯიკეთის ტერიტორიაზე და რომელის სცენარიც, ტაჯიკეთის არმიასთან ერთად, ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებაში ვარჯიში იყო. (ბმული) უცნაურია, მაგრამ ამ წვრთნებიდან რამდენიმე დღეში, მედიაში გამოჟონა ინფორმაციამ, რომ რუსები, "თალიბებთან" აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. მაშინ, ამ მოლაპარაკების თემატიკის შესახებ მხარეებმა ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიები გაავრცელეს. რუსების თქმით, ისინი თალიბებთან, ISIS-ის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის მიზნით აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, ხოლო "თალიბებმა" განაცხადეს, რომ არავითარი ინფორმაციის გაცვლაზე მათ რუსებთან სალაპარაკო არ აქვთ და მოლაპარაკებები მხოლოდ იარაღის მიწოდების შესახებ შეიძლება გაიმართოს. ამ ყველაფერს კი მოჰყვა ის, რომ ძალიან მალე, ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონებში, ISIS-ის მცირე ჯგუფები გამოჩნდნენ და როგორც ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციებიდან ირკვევა, "თალიბანთან" ერთად დაიწყეს მოქმედება.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ძნელი სათქმელია, გამომდინარე იქიდან, რომ მკაფიო სურათი ჯერ კიდევ არ ჩანს, მაგრამ სავსებით ლოგიკურია ვარაუდი, რომ რუსეთმა იმოქმედოს პრინციპით - "ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია" და აშშ-ისთან მიმდინარე პრობლემებისა და გასული საუკუნის 80-იან წლებში, ავღანეთში მიღებული მარცხის შურისძიების ადგილად, კვლავ ავღანეთი აარჩიოს. ამასთანავე, ამ სცენარის განვითარებას რეალურს ხდის ისიც, რომ მოცემულ მომენტში, დასავლური კოალიციის შეიარაღებული ძალები, კერძოდ კი აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობა ავღანეთში შემცირებულია, რაც ერთგვარი შესაძლებლობაა "თალიბანისა" და ანტიდასავლური ძალებისთვის, დასწრებაზე იმოქმედონ და ცალკეულ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებზე, მოიპოვონ/განიმტკიცონ კონტროლი. ამ ყველაფერს თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ISIS-ის მეთაურობის ძირითადი ბირთვი, სადამის სპეცსამსახურების მაღალი ჩინის ოფიცრებისგან არის დაკომპლექტებული წყარო, რომელთაც მჭიდრო კავშირი ჰქონდათ რუსულ (საბჭოთა) სპეცსამსახურებთან, სულ უფრო ლოგიკური ხდება ის, რომ ISIS-მ, რუსების სასარგებლოდ იმოქმედოს ავღანეთშიც. ასეთი "სასარგებლო ქმედების" ეჭვი კი არაერთხელ გაჩნდა, კერძოდ ევროპაში ტერორისტების აქტივობის ფონზე, რომელიც სრულიად გაუგებარი აქტივობაა გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე ნაკლებად, სწორედ ევროპაა ჩართული სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში და სრულიად ალოგიკურია ის "შურისძიება", რომელიც ისლამისტებმა გამოუცხადეს ევროპას, მაშინ როდესაც, რუსული პროპაგანდის მიხედვით, სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ სირიის ტერიტორიაზე ISIS-ის წარმატებული განადგურება მიმდინარეობს, თუმცა არცერთი მცდელობა არ გვინახავს ISIS-ის მხრიდან, რუსეთზე შურისძიების, რაც ძალზედ უცნაურია. ევროპაში ტერორისტული აქტების მომრავლებამ, რომელიც თან ერთვოდა საემიგრაციო კრიზისს, გააქტიურა ის ნაციონალისტური ძალები, რომლებიც ხშირად, ღიად პრორუსულ პოზიციას იკავებენ და სწორედ ეს გარემოება აჩენდა ეჭვს, რომ რუსეთი, ტერორისტების დახმარებით თავისთვის სასარგებლო პროცესებს ააქტიურებდა ევროპაში.

დიდი ალბათობით, ასეთი სცენარის განვითარების შესაძლებლობის შესახებ ინფორმირებული იყო ავღანეთში აშშ-ის არმიის სარდლობა, როდესაც გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა სენატში მოსმენისას განაცხადა, რომ მას სჭირდება "რამდენიმე ათეული ათასი" სამხედრო, ავღანეთში დასახული ამოცანების წარმატებით გადაჭრისთვის. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ავღანეთში საერთაშორისო ძალები უნდა გაიზარდოს და ამ ზრდის ძირითადი ნაწილი, აშშ-ის არმიაზე მოვა.

ასევე საინტერესოა ეს სცენარი იმით, რომ ავღანეთში საქართველოს არმიის ნაწილებიც იმყოფებიან და შესაბამისად, მათთვისაც მატულობს რისკები, გართულების შემთხვევაში, გაიზარდოს დანაკარგები ქართულ კონტიგენტშიც.

ეს სცენარი თუ რეალურია და მართლაც არსებობს რისკი, რომ ISIS-მ ავღანეთშიც შექმნას ანტიამერიკული კოალიცია, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ავღანეთში, აშშ-ის არმიის ზრდასაც. მაგრამ თუკი ISIS-ი იგივე მასშტაბით გააქტიურდა ავღანეთში, როგორის ჰქონდა სირიასა და ერაყში, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ირანი და რუსეთი, აუცილებლად დაიწყებენ აქტიურ მოქმედებას, ავღანეთის ტერიტორიაზე შესვლის მიზნით, ეს მოცემულობა კი გააუარესებს ავღანეთში არსებულ ვითარებას და ცივილიზებული სამყაროსთვის "ახალი ფრონტის" გახსნის აუცილებლობას გააჩენს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი