მოსკოვს ახლო აღმოსავლეთში ირანის მოთოკვას ავალდებულებენ - კვირის პალიტრა

მოსკოვს ახლო აღმოსავლეთში ირანის მოთოკვას ავალდებულებენ

სირიის კრიზისის დაწყების დღიდან, ახლო აღმოსავლეთი მეტად დინამიური ცვლილებების რეგიონად იქცა, სადაც გეოპოლიტიკური მოცემულობები თითქმის ყოველკვირეულად იცვლება.

სულ რაღაც ორი-სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც სირიის ომი გასცდა ქვეყნის საზღვრებს და საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა, პროცესების განვითარების დინამიკამ, თანამედროვე გეოპოლიტიკისთვის დამახასიათებელი დინამიკისგან გასნხვავებით, ძალიან სწრაფად განვითარდა და გარკვეულწილად ისეთი ვაკხანალია შექმნა, ინფორმაციის რიგითი მომხმარებლისთვის ურთულესი გახდა მის ხლართებში გარკვევა.

ISIS-ის პრაქტიკული განადგურებისა და სირიაში დაპირისპირებულ შიდა ძალებს შორის შედარებითი მშვიდობის დამყარების ფონზე (დეესკალაციის ზონების შექმნა), მნიშვნელოვანი გახდა ის გარეშე ძალები, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე მოქმედებენ ამა თუ იმ მხარეს.

რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელების ბოლო თვეების აქტივობას თუ დაუკვირდებით, სირიის კონტექსტში ISIS-ის შემდეგ, ნომერ პირველ პრობლემურ საკითხად რჩება ირანის სირიის ტერიტორიაზე შესვლა და იქ საკუთარი გავლენის გაძლიერება, იმ სახმელეთო ძალების მეშვეობით, რომლებიც რუსული ავიაციის მხარდაჭერით, ოპოზიციის განადგურებაში ასადის არმიას ეხმარებოდა.

საბრძოლო მოქმედებების მეტ-ნაკლები შემცირების შედეგად, შეიქმნა მოცემულობა, როდესაც რეგიონის ქვეყნები აღმოჩნდნენ, რეგიონში ირანული გავლენის ზრდის ფაქტის წინაშე. ამაზე მიუთითებს ისრაელის პოლიტიკური ხელმძღვანელობის აქტივობა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც თან ახლდა ვიზიტები, მოსკოვსა და ვაშინგტონში.

მოსკოვში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, ისრაელის მხრიდან მუქარის შემცველი განცხადება გაკეთდა, რომელშიც ნათქვამია, რომ თუკი პუტინთან გამართული მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებენ, მაშინ ისრაელი ჩათვლის, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ასტანაში გაფორმებული შეთანხება, მას არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს და ამიტომ  საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

აქვე ნათქვამია, რომ თუკი ირანი დარჩება სირიაში, მაშინ ისრაელის ავიაცია გაანადგურებს ასადის რეზიდენციას სირიის ტერიტორიაზე! ცხადია, ეჭვის შეტანა იმაში, რომ სირიის ტერიტორიაზე დარჩენილი რამდენიმე ათეული ათასი შიიტი შეიარაღებული პირი, საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის, იქნება დიდი შეცდომა, მით უმეტეს როდესაც პროირანული ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე სირიაში, ასევე ლიბანში, ებრაელთა თქმით, მიმდინარეობს სამხედრო სამრეწველო საწარმოების მშენებლობები, რომლებიც სარაკეტო შიეარაღების წარმოებით დაკავდებიან.

ეს მოაძლიერებს ლიბანურ "ჰეზბოლას", რომელიც ისრელის წინააღმდეგ ხშირად გამოდის და სიამოვნებით წამოიწყებს კიდევ ერთ ომს ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მხოლოდ სარაკეტო საწარმოების მშენებლობა არ არის პრობლემა და "ჰეზბოლას" აქტივაციას ისრეალის წინააღმდეგ ხელს ირანის შეიარაღებული და პროირანული შიიტური ძალების არსებობაც შეუწყობს.

სირიის ტერიტორიაზე ირანელების დარჩენა და გაძლიერება ნიშნავს იმასაც, რომ ერაყი მოექცევა ირანული გავლენის ალყაში და მნიშვნელოვანწილად გაართულებს იქ ვითარებას, რადგან მოცემულ მომენტში ერაყში ვითარდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ირანისა და თურქეთის მოკავშირეობის პოტენციალს.

ეს არის ქურთთა საკითხი და მიმდინარე წლის 25 სექტემბერს დანიშნული რეფერენდუმი, რომელზეც ქურთებმა უნდა გადაწყვიტონ გამოვიდნენ თუ არა ერაყის შემადგენლობიდან. დიდი ალბათობით ამ რეფერენდუმის შედეგი იქნება დამოუკიდებლობის სასარგებლო გადაწყვეტილება, მაგრამ ასეთი მოცემულობა გააჩენს კიდევ ერთ შეიარაღებულ კონფლიქტს, რომელშიც დიდი ალბათობით ირანი და თურქეთი ერთ მხარეს აღმოჩნდებიან.

ქურთების საკითხი მხოლოდ ერაყის ტერიტორიით არ შემოიფარგლება და ავტომატურად, ის გადავა სირიის ტერიტორიაზე, რომელზეც უკვე მიმდინარეობს თურქული არმიის გადასროლა, ხოლო პროირანული და ირანის ოფიციალური არმიის ნაწილები უკვე დიდი ხანია იქ არიან და რა თქმა უნდა. ემზადებიან ამ სცენარისთვის. ამას აუცილებლად მოჰყვება ქურთული სეპარატიზმის გააქტიურება, თავად თურქეთისა და ირანის ტერიტორიებზეც.

ქურთული პრობლემის კონტექსტში ერაყი, ირანი და თურქეთი აღოჩნდებიან ერთი ამოცანის წინაშე, რომლის გადაჭრასაც დიდი ალბათობით ასევე ერთობლივი ძალებით შეეცდებიან. შესაბამისად, ერაყი შეეცდება იმ ძალებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობას, რომლებთანაც საერთო პრობლემა აქვს და ასევე დახმარების მიღების დიდი ალბათობა არსებობს ქურთების წინააღმდეგ მომავალ დაპირისპირებაში. ირანის რეგიონული გაძლიერება ერაყის ტერიტორიაზე ასევე აჩენს ერაყის მოსახლეობის შიიტურ და სუნიტურ ნაწილებს შორის კონფლიქტის ალბათობას.

შესაძლოა ირანმა, ქურთების წინააღმდეგ დახმარების საბაბით, მოითხოვოს სუნიტების შევიწროვება და შიიტებისთვის უფრო მეტი უფლებების მინიჭება ერაყში, რასაც, რა თქმა უნდა, რომ გამოეხმაურებიან რეგიონის სუნიტური ქვეყნები და ისინი, საკუთარი ინტერესების დაცვისთვის ხელს შეუწყობენ სუნიტებს, შიიტების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუკი ასეთი ბრძოლა გაიმართა. არსებობს კიდევ ერთი ალბათობა, რომ ქურთები და სუნიტები, ერთიან ძალად გამოვიდნენ ერაყისა და შიიტური ირანის წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაში კითხვის ნიშანი ჩნდება სუნიტური (მოსახლეობის 75%) თურქეთის მიმართ, თუ რა პოზიციას დაიკავებს ის კონფესიური ნიშნით წამოწყებულ ამ შესაძლო ბრძოლაში.

ჩემის აზრით, მოცემულ მომენტში, საერთაშორისო ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ზემოთ მოცემული სცენარი ან არ განვითარდეს, ან განვითარდეს მინიმალური ესკალაციის ფონზე და მასში რაც შეიძლება ნაკლები აქტორების ჩართვით. ამაზე მიუთითებს ამერიკული დიპლომატიის აქტივობის ზრდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამ აქტივობის ერთ-ერთი მიზეზი ავღანეთი და ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებაც არის, თუმცა ამ შეხვედრების ფარგლებში არაერთი განცხადება გაკეთდა ირანის საკითხთან დაკავშირებითაც.

ამ პროცესში საინტერესოა  ის, რომ ირანული საკითხის გადაწყვეტაში, რუსეთს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება. ამაზე მიუთითებს რუსეთში აშშ-ის ელჩის ჯონ ტეფტის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არის უთანხმოება ბაშ ალ-ასადის თანამდებობაზე დარჩენის საკითხში. აქვე უთანხმოების უმიშვნელოვანეს საფუძვლად აქვს მოხსენიებული სირიაში, ირანის აქტივობის საკითხიც . ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ასევე გამართა შეხვედრა რეგიონში გაეროს წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ, რომელმაც ირანელ დიპლომატებთან სირიისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ამ შეხვედრის ფარგლებში, განხილვის საგანი, რა თქმა უნდა, ის პროცესები და მათი შესაძლო სცენარები იქნებოდა, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება არავინ უწყის და მგონია, რომ ირანის დათანხმება უარი თქვას რეგიონულ გავლენაზე ძალიან ძნელ ამოცანად, თითქმის შეუძლებელ პერსპექტივად მეჩვენება. ამიტომ ლოგიკური მოსჩანს ის, რომ პირდაპირ ირანზე ზეწოლის პარალელურად, ზეწოლა განხორციელდეს ასევე რუსეთზე, იმ პროცესები ანალოგიით, რომელიც ირანისთვის რუსული C-300-ების გადაცემის შემთხვევაში მოხდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ირანსა და რუსეთს შორის ლამის საბოლოოდ გაფუჭდა ურთიერთობა.

რუსეთსა და ირანს შორის ურთერთობა ცალკე სტატიის თემაა, რადგან მათი ურთერთობები არ არის იმდენად მყარი, რომ მათ შორის განხეთქილების შეტანა რთული საქმე იყოს. სირიის კონფლიქტის მიმდინარეობისასაც კი მათ შორის ხშირი იყო უთანხმოება და იყო შემთხვევები, როდესაც ირანელები სირიიდან წასვლით იმუქრებოდნენ და ა.შ.

მთელი ეს პროცესი, ერთგვარად ფლანგებზე დარტყმის მეთოდით ხორციელდება ისრაელის განცხდების მსგავსად, რომელშიც ასადის რეზიდენციაზე საავიაციო იერიშით იმუქრებიან, დიდი ალბათობით დაიწყება ზეწოლა რუსეთზე, ირანის სირიიდან გასვლის იძულების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს პრობლემები შეექმნება საკუთარი ინტერესების დაცვაში. ასევე არ არის გამორიცხული, ბოლო დროს ვაშინგტონიდან ხშირად გახმაურებული უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საკითხი, სწორედ ახლო აღმოსავლეთში ირანის საკითხზე ვაჭრობისთვის იქნეს გამოყენებული, თუმცა მიუხედავად ამისა, ზემოთ დასახელებული ქურთული ფაქტორისა და ირანის რეგიონული გავლენის საჭიროების გამო, საბოლოო შეთანხმების პერსპექტივა მინიმალურია და დიდი ალბათობით, უნდა ველოდოთ ახლო აღმოსავლეთში ახალი შინაარსის მოვლენების განვითარებას, რომელიც, რა თქმა უნდა, უსისხლოდ არ ჩაივლის.

არსებობს პერსპექტივა, რომ ამ მოვლენებში, სირიული კონფლიქტისგან განსხვავებით, ვიხილოთ მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი შეიარაღების მქონე არმიების მონაწილეობა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ახლო აღმოსავლეთის რუკაზე ქვეყნების კონტურების ცვლილება.

მოცემულ მომენტში, ზემოთ მოყვანილ სცენარებზე დიპლომატიური სამსახურების მიერ აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა შედეგებსაც სრულყოფილი სახით, რამდენიმე თვეში, კერძოდ, ავღანეთში ტრამპის ახალი სტრატეგიის განხორციელების ეტაპების წარმატება-წარუმატებლობის პარალელურად ვიხილავთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს