როგორ ცდილობენ ასადის რეჟიმი და "ჰეზბოლა" ISIS-ის გადარჩენას და როგორია ამაში რუსეთის როლი? - კვირის პალიტრა

როგორ ცდილობენ ასადის რეჟიმი და "ჰეზბოლა" ISIS-ის გადარჩენას და როგორია ამაში რუსეთის როლი?

სირიის კონფლიქტში ახალი რეალიების გაჩენის შემდეგ, რომელიც დეესკალაციის ზონების შექმნით, ტერორისტების ე.წ. დედაქალაქ რაყას მიმართულებაზე განხორციელებული წარმატებული ოპერაციით, საერთაშორისო კოალიციის აქტივობით, ზოგადად დიპლომატიური ძალისხმევებით და სირიის მოსაზღვრე ერაყის რეგიონებში ტერორისტების გავლენის პრაქტიკული მოსპობით, შეიქმნა, პროცესებში მონაწილე ძალებს გადაჯგუფების აუცილებლობას უჩენს, რაც დასტურდება კიდეც რეგიონულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით.

ასეთი გადაჯგუფების აუცილებლობის წინაშე დგას ტერორისტული დაჯგუფება ISIS-იც. მათი გადაჯგუფება ერაყში, მოსულიზე დაწყებული მასშტაბური შეტევის შემდეგ დაიწყო. როდესაც ცხადი გახდა, რომ ტერორისტები ქალაქს ვერ შეინარჩუნებდნენ, მათი უმრავლესობა დაიძრა სირიისკენ, თუმცა, პრაქტიკულად, უგზო-უკვლოდ გაქრნენ და დიდი ალბათობით, სირიის სხვადასხვა რეგიონებში, იმ შენაერთებს შეუერთდნენ, რომლებიც სირიაში იყო განთავსებულები და გარკვეულ ტერიტორიებს აკონტროლებდნენ.

ზოგადად ISIS-ის ფენომენი ჯერ კიდევ შესწავლას საჭიროებს და ვიდრე ბრძოლის "ცხელი ფაზა" მიმდინარეობს, ამის გაკეთება რთულია.

მიუხედავად ამისა, ცხადზე-ცხადია, რომ გარკვეულ ძალებს ამ ორგანიზაციის გაჩენა ხელს აძლევდა და საკუთარი ინტერესებისთვის მისი გამოყენების ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. მაგალითად, ტერორისტების სირიაში არსებობამ ასადსა და მის მხადამჭერ რუსეთს მისცა საშუალება ყველა ძალა, რომელიც ასადის წინააღმდეგ მოქმედებდა, ტერორისტებად გამოეცხადებინათ. რუსეთი ამ საბაბით ჯერ ჩაერთო სირიის ომში, შემდეგ კი წარმატებით დაიწყო იმ ძალების განადგურება, რომლებიც ასადის რეჟიმს საფრთხეს უქმნიდნენ.

გახსოვთ ალბათ, დასავლეთსა და რუსეთს შორის, ჯერ კიდევ ჟენევის მოლაპრაკებებისას, მთავარი უთანხმოების საკითხი იყო ცალკეული დაჯგუფებების სტატუსი, ანუ ის, თუ ვინ მიჩნეულიყო ტერორისტად და ვინ ოპოზიციად.

ოპოზიციური არმიის შედარებითი მაღალი დიფუზორულობისა და დაბალტექნოლოგიური საინფორმაციო შესაძლებლობების გამო, რუსულმა პროპაგანდამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, წარმატებით ატრიალა ტერორისტების თემა საკუთარ პროპაგანდაში და შექმნა წარმოდგენა, თითქოს სირიის ტერიტორიაზე მხოლოდ ასადის არმია და ტერორისტები ებრძოდნენ ერთმანეთს.

ეს ვითარება მეტ-ნაკლებად შეიცვალა მას შემდეგ, რაც დასავლეთ ანტიერორისტული კოალიცია გააქტიურდა სირიის მიმართულებაზე და ცხადი გახდა, რომ რუსული ავიაციის ძირითადი სამიზნე არა ISIS-ი, არამედ ასადის რეჟიმის ოპოზიციური ძალები იყო.

ამის დადასტურება რუსეთის ავიაციის იერიშების გეოგრაფიით უმარტივესი დასადგენია და სწორედ ამ მეთოდით გამოაშკარავდა ის, რომ რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ცნობებები ანტიტერორისტული მოქმედებების შესახებ, ძირითადად ტყუილი იყო.

მათი საავიაციო იერიშების ძალიან დაბალი პროცენტი (5-10%) მოდიოდა იმ ძალებზე, რომელთა ტერორისტებად იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, დანარჩნი კი მთლიანად ასადის ოპოზიციის განადგურებაზე იყო მიმართული.

ის დაბალი პროცენტიც იმიტომ ხდებოდა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მსგავსი შინაარსისა და სტრუქტურის ორგანიზაციაში, ლოგიკურად იქნებოდა დაუმორჩილებლობის შემთხვევები, რაც რუსეთის თავდაცვას ისედაც სჭირდებოდა საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად და დიდი ალბათობით, სწორედ ასეთი ურჩი საველე მეთაურების დანაყოფების განადგურებისგან შედგება ის მცირე პროცენტი, რომელსაც რუსული მედია აზავებდა განადგურებული ოპოზიცური ძალების ინფორმაციასთან და ქმნიდა ერთიან სურათს, თითქოს მათი მთავარი სამიზე ISIS-ი იყო.

ის მოსაზრება, რომ ISIS-ი წარმოშობა სტიქიური მოვლენა არ არის, ჯერ კიდევ იმ მოცემულობამ გააჩინა, რომლის მიხედვითაც მის შექმნაში ძირითადად ერაყის დიქატატორი მმართველის, სადამ ჰუსინის სპეცსამსახურების მაღალი ჩინის ოფიცრები მონაწილეობდნენ, რომლებიც ალ-ქაიდას გამოყოფილი, ალ-ბაღდადის მოკავშირეები გახდნენ, რითიც ასევე დადასტურდა ეჭვიც, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტში, სადამის სპეცსამსახურების ხელიც ერია და თუკი ქიმიური იარაღის არსებობა ერაყის ტერიტორიაზე ვერ დადასტურდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ჰუსეინი და მისი სპეცსამსახურები ანგელოზები იყვნენ.

ისიც ცხადზე-ცხადია, რომ სადამ ჰუსეინის დროინდელ ერაყულ სპეცსამსახურებთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ჯერ საბჭოთა და შემდეგ რუსული სპეცსამსახურები.

ასადის რეჟიმის, შესაბამისად, მისი მოკავშირეებისა და ISIS-ის თანამშრომლობის შესახებ, პერიოდულად ჩნდებოდა დასავლურ მედიაში დოკუმენტური მტკიცებულებები, თუმცა რატომღაც ამ საკითხის ფართო განხილვა და მთვარ საინფორმაციო ლაიტმოტივად გარდაიქმნა არ მოხდა. ამ თვალსაზრისით ყველაზე მოცულობითი და საინტერესო მასალა, ამერიკულმა ტელეკომპანია "Sky News"-მა გამოაქვეყნა 2016 წლის მაისში.

ზემოთ მოცემულ საფუძვლიან ეჭვებსა და ფაქტს ემატება ინფორმაცია, რომელიც ორი დღეა მედიაში ვრცელდება და რომლის მიხედვით, ასადის არმიის მეთაურობამ და "ჰეზბოლამ" ნება დართეს ISIS-ის რამდენიმე ასეულ მებრძოლს გამოიყენონ მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები და გადაადგილდნენ ლიბანის საზღვრიდან ერაყი-სირიის ჩრდილოეთ საზღვრებისკენ. ამ შეთანხმებას, რა თქმა უნდა, გამოეხმაურა დასავლეთ ანტიტერორისტული კოალიცია, რომელმაც განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებაში მათ არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ! კოალიციამ ტერორისტების კოლონაზე მიიტანა იერიში, რომლის დროსაც გაანადგურა რამდენიმე ავტომობილი და ასევე გზა, რომელზეც ასადის არმიის გამცილებლების თანხლებით, მოძრაობდა ტერორისტების კოლონა (წყარო). ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვისა და დამასკოს მიერ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებები, ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ფუჭი სიტყვებია და არანაირი რეალური ქმედებებით არ არის განმტკიცებული!

დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ეს საკითხი გახდება ერთ - ერთი მთავარი განხილვის თემა. ასევ, რუსეთისა და ასადის ბრალდების მნიშვნელოვანი ნაწილი!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს