კიმ ჩენ ინის ბირთვული იარაღი კიდევ უფრო მძლავრი ხდება, რაკეტები კი კიდევ უფრო შორს დაფრინავენ !? - კრიზისი ჩიხში - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინის ბირთვული იარაღი კიდევ უფრო მძლავრი ხდება, რაკეტები კი კიდევ უფრო შორს დაფრინავენ !? - კრიზისი ჩიხში

ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი გამოსცადა. სამხრეთ კორეა საკუთარი ბალისტიკური რაკეტების წარმოებას იწყებს. მსოფლიოს დიპლომატებს ჯერ კიდევ არ აქვთ კორეული კრიზისის მოგვარების რეცეპტი.

კორეის ნახევარკუნძული არ ჩამოდის მსოფლიო მედიის პირველი გვერდებიდან და ისევ აქტუალურია კითხვა - იქნება თუ არა ომი, დედამიწის ამ წერტილში?!

ბოლო სამი დღის განმავლობაში, კორეული კრიზისის ესკალაციის მიზეზი გახდა ფხენიანის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი ბირთვული გამოცდა, რომლის დროსაც, მათივე მტკიცებით,  წყალბადის ბომბი ააფეთქეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდა მიწისქვეშ მოეწყო და შედეგად წარმოქმნილი მიწისქვეშა ბიძგები, რეგიონის ქვეყნების სეისმოცენტრებმა დააფიქსირა. აღნიშული ინციდენტის უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ დაფიქსირდა ორი ბიძგი. ამ დრომდე გაურკვეველია, თუ რისგან იყო გამოწვეული მეორე ბიძგი, თუმცა, რა თქმა უნდა, რომ მთავარი პრობლემა ამ საკითხში ეს არ არის.

მთავარია ის, თუ საიდან მიიღო წყალბადის ბომბის შექმნის ტექნოლოგია ჩრდილოეთ კორეამ და რამდენად რეალურია, მათ მიერ გამოცხადებული, შორი მოქმედების რაკეტაში მისი მონტაჟის შესაძლებლობა?!

მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში  ფხენიანიდან ისმის მუქარა, რომლის მიხედვითაც, ისინი მზად არიან მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ გამოიყენონ იარაღი, რომლის დემონსტრირებასაც პერმანენტულად ახდენენ.

აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის რეაქციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ალბათობა კიმ ჩენ ინის მხრიდან არის ძალიან დიდი. შესაბამისად, მის მუქარებს პარალელურად სდევდა რეგიონის ქვეყნების სამხედრო აქტივობა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ დაზღვეული ამ "ყუმბარიანი მაიმუნის" თავნებობისგან არავინ არის.

იმ მასშტაბის წვრთნები, რომელიც რეგიონის ქვეყნებმა გამართეს ამ ბოლო თვეების განმავლობაში და რაზეც კოლოსალური თანხები იხარჯება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ძალის დემონსტრირებისთვის არ ხდება. სამხედრო წვრთნები -  ბირთვულ საფრხთხეებზე რეაგირებისათვის საჭირო თავდაცვით შეირაღების შეძენა-შექმნა-განთავსება, ჯარების შესაბამისი მომზადება ყოველთვის ეფუძნება დაზვერვის მონაცემებს. შესაბამისად, რეგიონის ქვეყნების რეაქციების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საფრთხე იმაზე მეტად რეალურია, ვიდრე ვისურვებდით!

ფხანიანის მიერ გამართული წყალბადის ბომბის გამოცდას, მყისიერად მოჰყვა გაეროს უშიშროების რიგგარეშე სხდომის ჩატარება, რომელზეც ტრადიციულად არსებული მდგომარეობა განიხილეს და წევრი ქვეყნების ელჩებმა განცხადებები გააკეთეს, რომელშიც ასევე ტრადიციულად, მათი ქვეყნების პოზიციები ჩანს ხოლმე.

ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა რუსეთისა და ჩინეთის პოზიციები, რომლებიც აცხადებენ, რომ კორეულ კრიზისს სამხედრო ძალით გადაწყვეტის არანაირი შანსი არ აქვს. თუმცა ვერც იმას ამბობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს კიმის გონზე მოყვანა ან რატომ არ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქმე აქამდე მივიდა?!

ჩემთვის პირადად, გაუგებარია მათ პასუხისმგებლობაზე რატომ არაფერს ამბობენ გაერო - ში და რატომ არ არის არცერთი მცდელობა - მიღებულიყო ასეთი შინაარსის რეზოლუცია გაერო -ს უშიშროების საბჭოზე. ერთადერთი, რაც ამ თვალსაზრისით გაცხადდა, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ იმ ქვეყნებთან, რომლებიც თანამშრომლობენ ჩრდილო კორეასთან, აშშ-მა უნდა შეწყვიტოს სავაჭრო ურთიერთობები (წყარო). რასაც მყისიერად გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადეს, რომ საკითხისადმი ასეთი მიდგომა არის - მიუღებელი და უსამართლო (!?). ამავე დროს ვაშინგტონიდან ისმის მოწოდებები ჩინეთის მისამართით, რომ მათ შეწყვიტონ კიმის რეჟიმისთვის ენერგორესურსების მიწოდება, რაც ამერიკელების აზრით გამოიღებს შედეგს და დაასრულებს კიმ ჩენ ინის რეჟიმს, თუმცა ძნელია ამ მოცემულობაში იმის დაჯერება, რომ ჩინეთი წავა ასეთ ნაბიჯზე და დაუშვებს კიმის რეჟიმის დამხობას. ეს კი განპირობებულია იმით, რომ ჩინელებს არავითარი სურვილი არ გააჩნიათ ორი კორეის გაერთიანების საკითხი სამხრეთელების სასარგებლოდ გადაწყდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ისინი საკუთარ საზღვარზე მიიღებენ ამერიკის მოკავშირე კორეას და მნიშვნელოვნად შესუსტდება მათი გავლენა დედამიწის ამ წერტილში, რომელიც ავტომატურად იაპონიასთან სადაო კუნძულების საკითხსაც საფრთხის ქვეშ დააყენებს და ა.შ.

შესაბამისად, გამოდის, რომ კიმის რეჟიმის საკითხი და მისი ბირთვული პრობლემის გადაჭრა იმ დიპლომატიური მეთოდებით, რომელთაც დეკლარირებენ მსოფლიო დიპლომატები გაერო - ში, შედეგს არ გამოიღებს. თავად ამერიკელების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები, არის "ბოლო დიპლომატიური შესაძლებლობა" მოგვარდეს კორეის ბირთვული პრობლემა იარაღის გარეშე.  დიპლომატიური ძალისხმევების პარალელურად, გახშირდა ამერიკელი სამხედროებისა თუ მაღალი ჩინის პოლიტიკოსების მხრიდან, სამხედრო მუქარის შემცველი განცხადებებიც, როდესაც, პრაქტიკულად, ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუკი ჩრდილო კორეელი დიქტატორი, წინა პერიოდში გახმაურებული მუქარის აღსრულებას შეეცდება, ის მიიღებს საკადრის, ტოტალურ სამხედრო პასუხს (წყარო).

კიმის თავნებობამ თავისი გვერდითი შედეგები უკვე გამოიღო, რაც იმაში გამოიხატა, რომ სამხრეთ კორეამ, აშშ-ისგან მიიღო თანხმობა, თავადაც შექმნას არაბირთვული ბალისტიკური რაკეტები, რასაც ამ დრომდე ვაშინგტონი არ თანხმდებოდა, თუმცა ექსპერტების მტკიცებით, ნახევარკუნძულზე არსებულ მოცემულობას, სამხრეთელების ბალისტიკური რაკეტების წარმოების დაწყება, უკვე ვეღარ შეცვლის.

კიმის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდას, მთელი მსოფლიოს ლიდერები გამოეხმაურნენ და დაგმეს მისი ქმედებები. ყოველი მათგანის განცხადებაში ნათქვამია, რომ კრიზისში მონაწილე ყველა მხარე უნდა შეეცადოს დასწიოს ტემპერატურა და მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ პრობლემა. ასევე გაისმა შუამდგომლობის ინიციატივა, რომელიც შვეიცარიის პრეზიდენტმა გაახმაურა, რაც ამ დრომდე კრიზისში მონაწილე მხარეების მიერ ჯერ კიდევ უპასუხოდ არის დარჩნილი. (ქრონოლოგიურად/ განცხადებები)

ამ ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის არმია მასშტაბურ წვრთნებს ატარებს, როგორც ზღვაზე, ისე ჰაერსა და მიწაზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში, არმიის მზადყოფნისთვის კეთდება. იაპონიამ, თავის მხრივ განაცხადა, რომ მაქსიმალურ ფორსირებას გაუკეთებს ქვეყნის ანტისარაკეტო პოტენციალის განვითარებას და შეიძენს საჭირო სისტემებს. ასევე განცხადება გაავრცელა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც, რა თქმა უნდა, მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისაკენ მოუწოდებს, თუმცა მანამდე განაცხადა, რომ კორეული კრიზისი ცხელ საომარ ფაზაში გადასვლის შემთხვევაში, ის ამერიკის მხარეს დადგება!

ამ ყველაფრის ფონზე სამხრეთ კორეული დაზვერვა აცხადებს, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოელები კვლავ ემზადებიან მორიგი სარაკეტო ცდების ჩასატარებლად და მოცემულ მომენტში, აშშ-ის დაზვერვასთან ერთად ცდილობენ გაარკვიონ, რა მიმართულებით გაისვრის კიმი მორიგ რაკეტას და ხომ არ იქნება ეს "გამოცდა" იმ მუქარის აღსრულება, რომლითაც კიმ ჩენ ინი კუნძულ გუამზე თვადასხმას აანონსებდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოცემულობა ასეთია - რეალური რეცეპტი, კიმის შესაჩერებლად არავის აქვს და მიმდინარეობს ყველა იმ არასამხედრო რესურსის ამოწურვა, რომელიც კი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ასეთ შემთხვევაში. რა იქნება და როგორ მოახერხებენ კიმ ჩენ ინის შეჩერებას, ჯერ კიდევ ბუნდოვანია...

ფაქტია ის, რომ კიმი, დროს უქმად არ კარგავს და ვიდრე მსოფლიოს დიპლომატები მის მიერ წარმოქმნილი ბირთვული საფრთხის გადაჭრის გზების ძიებით არიან დაკავებულნი, მის ხელთ არსებული მასობრივი განადგურების იარაღი კიდევ უფრო მძლავრი ხდება, ხოლო რაკეტები კიდევ უფრო შორს დაფრინავენ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს