ბრძოლა ფლანგებზე - პუტინის ახალი მუქარა დასავლეთს და საფრთხე საქართველოსთვის? - კვირის პალიტრა

ბრძოლა ფლანგებზე - პუტინის ახალი მუქარა დასავლეთს და საფრთხე საქართველოსთვის?

პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ წინა წლებში ჩვენთვის ჩვეული ფორმულირება - "დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის", გარკვეულწილად შეიცვალა და დასავლეთი, როგორც ერთიანი ბლოკი რუსეთის წინააღმდეგ, მეტად დიფუზური ცნება გახდა. შესაბამისად, ამ დაპირისპირების კონტექსტში გაჩნდა საჭიროება, დაკონკრეტდეს დასავლეთ ბლოკის ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ამა თუ იმ საკითხში უპირისპირდება.

ცხადია ამ თვალსაზრისით, მიმდინარე პერიოდში რუსეთთან ყველაზე მეტად დაპირისპირებული ქვეყანა არის აშშ-ი და მისი მოკავშირე ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ძირითადი ტონის განმსაზღვრელი მაინც ვაშინგტონია...

ჩინეთში, BRICS-ის ქვეყნების სამიტის შემდეგ, პუტინმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც ყველა ის საკითხი იყო განხილული, რომელიც მოცემულ ეტაპზე ყველაზე აქტუალურია. თავისთავად ცხადია, ამ პრესკონფერენციის ფარგლებში, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა უკრაინის საკითხი და ბოლო დროს ვაშინგტონიდან გახშირებული ცნობები, უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ, რაზეც პუტინის პასუხი ერთგვარი მუქარის შემცველი იყო. მისი თქმით, ზოგადად იარაღის მიწოდება კონფლიქტის მოგვარებას ხელს არ უწყობს, თუმცა მათ ამ პროცესზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ.

მან რამდენჯერმე ხაზგასმით გაიმეორა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ვითარებას არანაირად არ შეცვლის, მაგრამ გაზრდის მსხვერპლს. აქვე პუტინმა დაამატა, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს, ე.წ. "დნრ"-სა და "ლნრ"-ს საკმარისი იარაღი გააჩნიათ და არავინ იცის ის თუ როგორი რეაქცია ექნებათ მათ, ამერიკული იარაღის უკრაინისთვის მიწოდების შემთხვევაში.

პუტინმა აქვე, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში გამაგრებული სეპარატისტებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფის შესახებ დამატებითი შეკითხვისგან თავის არიდების მიზნით, გაიმეორა რუსული პროპაგანდის მიერ აქტიურად ტრანსლირებული მტკიცებულება, რომ უკრაინაში მოქმედმა სეპარატისტებმა ის იარაღი, რომლითაც უკრაინას უპირისპირდებიან, თავად უკრაინას წაართვეს!?

ეს განცხადება თავისთავად ცხადია, მუქარის შემცველი განცხადებაა და მიანიშნებს უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაციაზე, რომელიც რეგიონში შექმნილი მოცემულობის მიხედვით, ძალზედ ლოგიკური ჩანს, რადგან ბელორუსიაში დაგეგმილი მასშტაბური წვრთნების ფონზე, რუსეთის არმიას გაუადვილდება რეაგირება დაძაბულობაზე და ამავე დროს, სწავლებაში მონაწილეობის არგუმენტით, უკრაინის საზღვრებთან აურაცხელი იარაღი და საბროლო მასალები იქნება თავმოყრილი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე საათში აღმოჩნდება პრორუსი სეპარატისტების ხელში.

რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ შეზიდა იარაღი და საბრძოლო მასალები უკრაინის ტერიტორიაზე და არ მოამზადა სეპარატისტები ასეთი სცენარისთვის, თუმცა ერთია საბრძოლო მოქმედებების ის ინტენსივობა, რომელიც მოცემულ ეტაპზეა კონფლიქტის ზონაში და მეორე, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, რომლის შემთხვევაშიც, სეპარატისტების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, უკრაინისთვის წართმეული იარაღით არის სრული აბსურდი და ბავშვიც კი არ დაიჯერებს ამ მტკიცებულებას.

ამ განცხადების ფონზე, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, სსრკ-ს დროინდელი სამხედრო ტექნიკის რეზერვების უტილიზაციის პროცესი შეაჩეროს და მათი მოდერნიზაციით დაკავდეს. ამის მიზეზად რუსეთის თავდაცვის უწყებაში საერთაშორისო ვითარების ცვლილება, ასევე რუსული არმიის საბრძოლო მზადყოფნის და რუსეთის მოქალაქეებში პატრიოტიზმის ზრდა დაასახელეს (!?)...

შესაბამისად, გამოდის რომ ის იარაღი და ტექნიკა, რომელიც უნდა განადგურებულიყო, მოხვდება იმ ძალების ხელში, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენას ემსახურებიან და ამ სივრცეში არსებული პროდასავლური პოზიციების მქონე ქვეყნებში, ვითარების დესტაბილიზებით არიან დაკავებულები.

პუტინის განცხადება საუკეთესო ნიმუშია იმისა, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს და იარაღის მიწოდების შესახებ, ჩინეთში გაკეთებულ განცხადებას, ყოველგვარ აზრსა და მორალურ საფუძველს უკარგავს. ასევე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რუსეთი აშშ-ის უახლესი შეიარაღების გახარჯვას საუტილიზაციო ტექნიკაზე შეეცდება, უახლესი რუსული საბრძოლო ტექნიკის წინააღმდეგ ამერიკული იარაღის გამოყენება, მათ გაყიდვას შეუშლის ხელს და საბოლოოდ გაანადგურებს თანამედროვე რუსული იარაღის იმიჯს...

პუტინის განცხადებაცა და საუტილიზაციო ტექნიკისთვის მოქმედების ვადის გახანგრძლივებაც, ჩვენთვისაც საკმაოდ დიდი საფრთხეა რადგან დიდი ალბათობით ამ შეიარაღების ნაწილი, ასევე მოხვდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და გამოყენებული იქნება საქართველოს წინააღმდეგ.

ეს ყველაფერი კი კარგად ჯდება ბრძოლის იმ მეთოდში, რომელსაც მე "ფლანგებზე ბრძოლას" ვეძახი და რომლის ფარგლებშიც მხარეები ერიდებიან პირდაპირ შეტაკებას, რისთვისაც იყენებენ ვითარების ესკალაციას იმ ზონებში, სადაც მოწინააღმდეგე მხარე საკუთარი და მოკავშირეების ინტერესების დაცვით არის დაკავებული.

უკრაინის კონფლიქტის ახალი მასშტაბური ესკალაცია, სრულებით ლოგიკური მოსჩანს ბელორუსიაში სწავლების, პუტინის ზემოთ მოცემული განცხადებისა და სსრკ-ს დროინდელი სამხედრო ტექნიკის უტილიზაციის შეჩერების ფონზე... ჯერი ახლა ამერიკაზეა და ამ მუქარებს, საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს, რომელიც მხოლოდ მკაცრი განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ახალ, მასშტაბურ პროვოკაციას მოაწყობს, რისი ნიშნებიც უკვე არსებობს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს