ახალი საფრთხე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის?! - რუსეთის მორიგ პროვოკაციად შეფასებული მასშტაბური წვრთნები იწყება - კვირის პალიტრა

ახალი საფრთხე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის?! - რუსეთის მორიგ პროვოკაციად შეფასებული მასშტაბური წვრთნები იწყება

14 სექტემბერს ბელორუსიის ტერიტორიაზე, რუსეთისა და ბელორუსიული არმიების ყველაზე მასშტაბური წვრთნები იწყება, რომელმაც ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციების გამო, უკვე შეიძინა დიდი პროვოკაციის სტატუსი. ეს შეფასება სულაც არ არის გაზვიადებული, თუკი იმ მასშტაბს და გეოგრაფიას წარმოვიდგენთ, რომელშიც ტარდება აღნიშნული წვრთნები. პროვოკაციის სტატუსის მინიჭება, განაპირობა ასევე იმან, რომ რუსულმა მხარემ არაერთხელ გაავრცელა არასწორი მონაცემები წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა და ტექნიკის რაოდენობების შესახებ. მათ მიერ გაკეთებული განცხადებით, პირადი შემადგენლობა, რომელიც წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, არ სცილდება იმ რაოდენობას, რომელიც დადგენილია 2011 წლის ვენის დოკუმენტით და რომელშიც განსაზღვრულია ის რაოდენობები და წვრთნების სახეობები, რომელიც არ საჭიროებს საერთაშორისო მონიტორინგს. რუსების მიერ გაცხადებული ციფრი 12 700 სამხედრო მოსამსახურეა, რაც ბევრი ექსპერტის აზრით, ძალზედ შეკვეცილი ციფრია იმ მასშტაბებისთვის, რომელის მიხედვითაც  იმართება აღნიშნული სამხედრო მანევრები. ასევე სადავო და განსჯის საგანი გახდა, წვრთნებზე უცხოელი დამკვირვებლების დაშვება, რომელთა დაშვება-არდაშვების საკითხი მეტნაკლებად გადაწყდა, თუმცა არა იმ ხარისხით, რომ წვრთნებზე დაშვებულმა ექსპერტებმა, შეძლონ რეალურად იმის შეფასება თუ რა დანიშნულებას ემსახურება რუსული არმიის ეს მასშტაბური მანევრი.

ბოლო წლების გამოცდილება, ასეთი მასშტაბით რუსული არმიის მანევრების შესახებ, კარგს არაფერს ამბობს და ბოლო ორ რუსულ ინტერვენციას, სწორედ მსგავსი მანევრები უძღოდა წინ. ანალოგიური მოხდა საქართველოში, 2008 წელს შემოჭრის წინ და ანალოგიური მოხდა უკრაინაში, ყირიმის ანექსიისას, როდესაც რუსული არმიის შენაერთები ე.წ. საბრძოლო მზადყოფნის უეცარი შემოწმების მიზნით, საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და შედეგად ისინი უკრაინის ტერიტორიაზე ვიხილეთ, რომლებმაც უზრუნველყვეს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია.

ამიტომაც ლოგიკურია ის რეაქცია, რომელიც დასავლეთში ჰქონდათ აღნიშნულ სწავლებებთან დაკავშირებით. მაგალითისთვის, გერმანიისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა აღნიშნული წვრთნები, პროვოკაციად და დაშინების პოლიტიკად შერაცხეს წყარო. რეგიონის ქვეყნების არმიები, რა თქმა უნდა, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნებიან მოყვანილი და ნებისმიერი სცენარისთვის, მზადყოფნა ექნებათ გამოცხადებული. დიდი ალბათობით, აღნიშნულ სწავლებას უნდა უკავშირდებოდეს ისიც, რომ აშშ-ის არმიამ, ევროპაში საკუთარი მე-2 სატანკო ბრიგადა გაგზავნა, რომლებიც სწორედ დღეს ჩავიდნენ ევროპის ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ გაემართებიან ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებისკენ წყარო.

დასავლეთის საექსპერტო წრეებში, რუსულ-ბელორუსიული სწავლება "Запад-2017"-ი უკვე შეფასებულია, როგორც საფრთხე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. ამ მოსაზრებას ეთანხმება უამრავი მოქმედი პოლიტიკოსიც და ევროპაში, ამერიკული სახმელეთო ჯარების სარდალი ბენ ხოჯესი. მათი აზრით, საფრთხის წინაშე დგანან ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი, თუმცა რეალური მიზანი ამ მანევრებისა ამ დრომდე დაუდგენელია, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია არ არსებობს.

ფაქტი ის არის, რომ აღნიშნულ მანევრებში, რუსეთს ჩართული ჰყავს არა მხოლოდ არმია, არამედ საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, ФСБ, "როსგვარდია", მთლიანი ბალტიის ფლოტი და ა.შ. ანუ გამოდის, რომ სრული ძალოვანი სპექტრი მონაწილეობს ამ წვრთნებში და ასეთი მასშტაბისთვის 12 700 ადამიანი, მართლაც არ მოსჩანს სარწმუნო ციფრად.

რუსულმა არმიამ უკვე დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები და ზურგის სამსახურებმაც გაიარეს წვრთნა, ბელორუსიაში ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გადასროლისას, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა 5000-მდე სარკინიგზო ვაგონი. უმოქმედოდ არც რუსული პროპაგანდაა და მრავალთა შეფასებით, რუსული საინფორმაციო სივრცე, მიზანმიმართულად ანხორციელებს რუსეთის მოქალაქეების საომარ მომზადებას წყარო. ბოლო დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მომუშავე ადამიანები (მათივე განცხადებით), საჯარო გამოსვლებს აწყობენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ეკლესიებში, სადაც საუბრობენ გარდაუვალ ომზე ნიმუში.

ამ სამხედრო მანევრების სამიზნე რომ ბალტიის ქვეყნებია, აშკარაა, თუმცა დაუდგენელია რუსეთი ინტერვენციას სწავლების პარალელურად წამოიწყებს თუ უბრალოდ ძალის დემონსტრირებას ახდენს და ამ წვრთნების ძირითადი დანიშნულება იქნება, ბელორუსიის ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის იარაღისა და ტყვია-წამალის შეტანა, რომელიც დიდი ალბათობით, აღმოჩნდება რომელიმე ბალტიისპირა ქვეყნის პრორუსი სეპარატისტების ხელში და დაიწყებენ თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელსაც რა თქმა უნდა, რომ გამოექომაგება რუსეთი. ჩემი აზრით, ეს სცენარი ყველაზე ახლოს უნდა იყოს რეალობასთან, რადგან ძნელად წარმოსადგენია რუსეთმა ამ მოცემულობაში NATO-ს შეუტიოს. ესეც ერთგვარი "ფლანგებზე ბრძოლის" ნაწილია, რომელიც ბოლო დროს, ხშირად მოხსენიებული ე.წ. ჰიბრიდული ომის ერთერთი შემადგენელი ნაწილია.

არსებობს მოსაზრება, რომ რუსული არმიის ეს მანევრი, შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული და უკრაინის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ხარკოვის მიმართულებაზე ვიხილოთ რუსული ინტერვენცია, თუმცა ესეც ყველაზე ნაკლებად განვითარებადი სცენარია, რადგან რუსეთმა უკრაინაში უკვე შექმნა საჭირო ინტენსივობისა და მასშტაბის კონფლიქტი იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც კრემლში აქვთ უკრაინის მიმართ დასახული და ახალ მიმართულებაზე ბრძოლის გაჩაღებას ახლა აზრი არ აქვს. თუმცა ყოველი შემთხვევისთვის, უკრაინამ თავი დაიზღვია და ბელორუსიასთან საზღვარი გაამაგრა წყარო.

გარდა ზემოთ დასახელებული მიზნებისა, რუსული მანევრების მიზანი შესაძლოა კალინინგრადიც იყოს, რომელზე სახმელეთო გასასვლელიც რუსეთს არ აქვს და ასეთი საჭიროების შესახებ არაერთხელ თქმულა, განსაკუთრებით ბელორუსი-რუსეთის დაპირისპირების კონტექსტში. იმისათვის, რომ კალინინგრადს სახმელეთო გზით დაუკავშირდეს რუსეთი, საჭირო იქნება NATO-ს ტერიტორიაზე გავლა და თუკი ამას ის ძალით გეგმავს, მაშინ მოუწევს ლიტვის ან პოლონეთის ტერიტორიების ოკუპირება. ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში კი სრულიად წარმოუდგენელია ის, თუ როგორ აპირებს რუსეთი ამ ტერიტორიის შენარჩუნებას და ამიტომ ეს ვერსიაც ერთერთი იმათგანია, რომლის განხორციელების ყველაზე დაბალი ალბათობაც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ წვრთნები ასევე იმართება კალინინგრადის ტერიტორიაზე არსებულ პოლიგონზეც. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ რუსეთი კალინინგრადთან დამაკავშირებელ სუვალის დერეფანის გარღვევაში, ჯერ კიდევ 2009 წელს ვარჯიშობდა და შესაბამისი წვრთნებიც ჩაატარა სახელწოდებით "Запад-2009", რომლის სცენარიც სწორედ აღნიშნულ მიმართულებაზე გარღვევა იყო წყარო.

ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი ამ წვრთნებისადმი გააჩინა დამკვირვებლების საკითხმა, რომელმაც ლეგიტიმურად წარმოშვა ეჭვი, რომ რუსეთს აქვს რაღაც დასამალი და იმიტომაც არ იწვევს დამკვირვებლებს დასავლეთიდან ან მეზობელი ქვეყნებიდან, თუმცა ისიც შეიძლება ვივარუდოთ, რომ მთელი ეს სწავლება, ერთი დიდი ბუტაფორია იყოს, რომელიც მხოლოდ ძალის დემონსტრირებას ისახავს მიზნად და დამკვირვებლების გამორიცხვა იმისთვის გახდა საჭირო, რომ რუსული არმიის რეალური საბრძოლო მზადყოფნის შესახებ ცნობილი არ გახდეს დასავლელი დამკვირვებლებისთვის. ასეთ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ "Запад-2017"-ში მონაწილეობენ ისეთი შენაერთებიც, რომელთა თანამედროვე იარაღითა და ტექნიკით აღჭურვა ჯერ არ მომხდარა, შესაბამისად მათი საბრძოლო მზადყოფნა ვერ იქნება მაღალი და ვერაფერს ისეთს ვერ ანახებენ დამკვირვებლებს, რომ მათი გაოცება შესძლონ. ამიტომ ლოგიკურია, "საიდუმლოების ფარდა" შექმნან იმისთვის, რომ ამ მანევრებს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეტი ეფექტი ჰქონდეს.

მთელი ამ ისტორიის პროვოკაციულობის მთავარი ფუნდამენტი კი კრემლში მოკალათებული უპროგნოზო პუტინია, რომელმაც შესაძლოა ისეთი მასშტაბური პროვოკაცია მოაწყოს, რომ ყველა ზემოთ დასახელებული ვერსია უცბად გახდეს რეალური და ვიხილოთ ძალზედ დიდი ავანტიურა, რომელიც უკლებლივ ყველას შეგვეხება, მიუხედავად იმისა ვის რა პოლიტიკური პოზცია აქვს!

რუსული არმიის მასშტაბური მორიგი პროვოკაცია სახელწოდებით, "Запад-2017"-ი ხვალ იწყება!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი