ვითარება უკრაინის ფრონტზე: სეპარატისტები უკრაინული არმიის პროვოცირებას ცდილობენ! - კვირის პალიტრა

ვითარება უკრაინის ფრონტზე: სეპარატისტები უკრაინული არმიის პროვოცირებას ცდილობენ!

ბელორუსიის ტერიტორიაზე დღეს დაწყებული რუსული არმიის მასშტაბური მანევრების ფონზე, ბუნებრივია მთელი ყურადღება გადატანილია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. თავისთავად ცხადია, ამ რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვირვების ობიექტი, მსოფლიო მედიისთვის უკრაინა და იქ მიმდინარე საომარი მოქმედებებია, რომელიც რუსეთის მიერ ხშირად ყოფილა გამოყენებული აღმოსავლეთ ევროპაში ვითარების ესკალაციისთვის და შესაბამისად, დღესაც არსებობს მოლოდინი, რომ ბელორუსიაში წვრთნების პარალელურად, კრემლმა მოახდინოს ვითარების ესკალაცია უკრაინის ფრონტზეც. ამ მოცემულობის გამო ბუნებრივია, ჩემი ყურადღებაც დილიდან უკრაინის ფრონტიდან გავრცელებულ ინფორმაციებისკენ არის მიმართული და გამართლდა ის მოლოდინი, რომელიც წინა დღეებში დაწერილ სტატიებში გამოვთქვი.

მოცემულობა, უკრაინის ფრონტზე დღეის მდგომარეობით არის ის, რომ პრორუსი სეპარატისტები ცდილობენ უკრაინული არმიის პროვოცირებას. მაგალითისთვის ავდეევკას მიმართულებაზე, დონეცკის ოლქში გააქტიურდნენ სეპარატისტული არმიის სნაიპერები, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, მსხვილკალიბრიანი არტილერია და ტანკები. უკრაინული ტელეკომპანია "Интер"-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში, უკრაინის არმიის მებრძოლები აღნიშნავენ, რომ სეპარატისტების გააქტიურება, მათი პროვოცირების მიზნით ხდება, რათა შემდეგში უკრაინული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულონ და ამ საბაბით გააქტიურონ საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ამ მონაკვეთზე - (იხილეთ ვიდეო).

უკრაინულ მედიაზე დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ სეპარატისტების განსაკუთრებული აქტივობა, ბოლო ორი დღის განმავლობაში დონეცკის ოლქში შეიმჩნევა და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციების უმრავლესობაც სწორედ დონეცკის ოლქში მიმდინარე ესკალაციას ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელი ღამის განმავლობაში, უკრაინული არმიის დანაკარგები ერთმა დაჭრილმა მებრძოლმა შეადგინა წყარო. ტრადიციულად დაუდგენელია სეპარატისტების დანაკარგები, რადგან ისინი, როგორც წესი, საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ ავრცელებენ. უკრაინის არმია ზოგადად ძალიან შეზღუდულია საერთაშორისო ვალდებულებების გამო და ეს კარგად ჩანს ყველა იმ ინტერვიუში, რომელიც ფრონტის ხაზიდან ვრცელდება. პრორუსი სეპარატისტები არავითარ ვალდებულებას არ იზიარებენ და მოქმედებენ იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება უდგას ამ მიმართულებაზე რუსულ დიპლომატიას. მათი მხრიდან, ავტონომიური მოქმედების მაგალითები თითებზე ჩამოითვლება იმდენად დაბალი ხარისხის ავტონომიურობას ფლობენ თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების ლიდერები და საველე მეთაურები. მათ მართვას, ძირითადად რუსული გენერალიტეტი და კრემლიდან მივლენილი სპეციალური წარმომადგენლები ანხორციელებენ, რომლებიც ძირითადად დაკავებულები არიან ადგილობრივებში ანტიუკრაინული განწყობების ზრდის უზრუნველყოფასა და ფრონტზე ვითარების ესკალაციაზე, რომელიც ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც მაღალ დონეზე იგეგმება შეხვედრები უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ან რუსეთისათვის დაწესებული სანქციების საკითხზე.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარების ესკალაცია არ მოხდება იმ დრომდე, ვიდრე რუსეთი არ ჩათვლის საჭიროდ ამ საკითხით ვაჭრობის ახალი ეტაპის წამოწყებას. თუმცა, ერთადერთი რისკი რის გამოც შეიძლება რუსეთმა საბრძოლო მოქმედებები განაახლოს, არის ის ჩაგდებული ინიციატივა, რომელიც პუტინს ეკუთვნის და რომლის მიხედვითაც ის მხარს უჭერდა გაეროს მშვიდობისმყოფელების ჩაყენებას ფრონტის ხაზზე, რომელთა ძირითადი ფუნქციაც, ეუთო-ს მონიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნებოდა და არა დაპირისპირებულ მხარეთა შორის პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტა. ამ რისკის არსებობის შესახებ მიანიშნებს, პუტინის აღნიშნული ინიციატივისადმი ევროპელი დიპლომატების, კერძოდ კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის დამოკიდებულება, რომელმაც მოიწონა დონბასში გაეროს სამშვიდობოების განთავსების იდეა და ეს ნაბიჯი.

გამომდინარე იქიდან, რომ გაეროს სამშვიდოებოების განთავსების საკითხი პუტინს ეკუთვნის, ლოგიკურად აჩენს ეჭვს ამ ინიციატივისადმი და ბუნებრივად ბადებს კითხვას - თუ რა სარგებელის მიღებას გეგმავს პუტინი ამ ინიციატივით? ჩემი აზრით, პუტინისთვის გაეროს სამშვიდობოების საკითხი, გამოყენებული იქნება ზუსტად იმ პრინციპით, როგორც ეს მოხდა საქართველოში და ისინი იქნებიან ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინული კონტროლის გავრცელებაზე, რომელიც სეპარატისტებსა და კრემლს მისცემს დროს მეტი ავტონომიურობა შესძინონ მიტაცებულ ტერიტორიებზე გამაგრებულ სეპარატისტულ რეჟიმებს, რომელთა დაბრუნება უკრაინის შემადგენლობაში იმავე წინააღმდეგობებს წააწყდება, რომელსაც აწყდება საქართველო და საჭიროების შემთხვევაში, მათ დამოუკიდებლობასაც სცნობს უპრობლემოდ. ამ ინციატივაში პუტინს ასევე ჰქონდა მოთხოვნა, ფრონტის ხაზის სიახლოვიდან გაყვანილი ყოფილიყო მძიმე ტექნიკა, რაც საბოლოო ჯამში სეპარატისტულ სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს, მეტი მოქმედების თავისუფლებას მისცემდა და უკრაინა კი შეზღუდული იქნებოდა მოქმედებაში, საპასუხი ცეცხლისა თუ ცალკეული ოპერაციების ჩატარებისას. ამასთანავე, შეტაკებების შეწყვეტის შემთხვევაში, რუსეთს ნაკლები დაუჯდება სეპარატისტული რეჟიმების შენახვა და აღარ იქნება საჭირო, სარისკო ე.წ. "ჰუმანიტარული მისიების" ორგანიზება და რუსეთის არმიის კონტრაქტორების გაგზავნა, რომელიც ძალიან დიდი რისკია რუსეთის, უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების დადანაშაულების თვალსაზრისით.

ამ დროისთვის, უკრაინის ფრონტზე ვითარება არაფრით განსხვავდება წინა პერიოდისგან, რომლის დროსაც პერიოდული ესკალაცია პერმანენტულად სულ ხდებოდა და ალბათ ასე გაგრძელდება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი