კიმის მორიგი პროვოკაცია: აზიას ბირთვული ზამთარი უახლოვდება?! - კვირის პალიტრა

კიმის მორიგი პროვოკაცია: აზიას ბირთვული ზამთარი უახლოვდება?!

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები აქტიურად ცდილობენ უიარაღოდ მოაგვარონ ჩრდილო კორეული ბირთვული და სარაკეტო პრობლემა, ასევე ცდილობენ შეზღუდონ კიმ ჩენ ინის რეჟიმის სასიცოცხლო გარემო. ამ ქმედებებიდან არაფერი ქმედითი არ გამოდის და კიმი აგრძელებს პროვოკაციების მოწყობას, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ მთელს მსოფლიოს და ძირითადად იმ ნაწილს, რომელიც ჩვენში დასავლეთად იწოდება!

კიმ ჩენ ინმა დღეს კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელმაც ისევ იაპონიის თავზე გადაიფრინა და ზღვაში ჩავარდა. რეგიონული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოელების ეს სარაკეტო გამოცდა, ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, რომელმაც აჩვენა, რომ ჩრდილოელებს შეუძლიათ იერშის მიტანა გუამის კუნძულზე. ამ სარაკეტო პროვოკაციის პოლიტიკური შინაარსი, ყველა სხვა დანარჩენ გამოცდებზე მეტად, აშკარა და თვალშისაცემია. რაკეტის გაშვება იმ ფონზე მოხდა, როდესაც კიმის რეჟიმების მარადიულმა მოკავშირე, ჩინეთმა გაეროს მიერ მიღებული საქციების აღსრულება დაიწყო და ჩრდილო კორეას საბანკო მომსახურება, ასევე ნავთობის მიწოდება შეუმცირა ბმული. შედეგად კი, კიმმა კიდევ ერთი რაკეტა გაისროლა, რომელიც მესიჯი იყო მთელი მსოფლიოსთვის, რომ კიმი გაჩერებას არ აპირებს.

ბოლო სარაკეტო გამოცდას ჩრდილოელების მხრიდან, წინ უძღოდა კიმ ჩენ ინის რეჟიმის განცხადება, რომელშიც ისინი იაპონიის გაქრობის აუცილებლობაზე საუბრობენ და აშშ-ის სასტიკად დასჯით იმუქრებიან.

რა თქმა უნდა, ჩრდილოელების სარაკეტო გამოცდას რეაქციები მყისიერად მოჰყვა და საპასუხოდ, სამხრეთ კორეამაც უმალ მოაწყო სარაკეტო გამოცდა, რომელიც ჩრდილოეთის საზღვართან ახლოს განხორციელდა და მიზნად იმ ძალის დემონსტრირებას ისახავდა, რომელსაც შეუძლია ჩრდილოელების გამშვები მოედნებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის განადგურება. აქვე აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის ლიდერი, წინა პერიოდში მომხრე იყო ჩრდილოელებთან დიალოგის დაწყების და ცდილობდა, მილიტარისტული რიტორიკა დიპლომატიურით ჩაენაცვლებინა, თუმცა ამჯერად ისიც იმედგაცრუებულია და აცხადებს, რომ ჩრდილოელებთან ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს წყარო.

ჩრდილოელების ბოლო სარაკეტო გამოცდას, ასევე ტრადიციულად მოჰყვა გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომის დანიშვნა, რომელზეც განხილული იქნება კიმის სარაკეტო გამოხტომობზე საერთაშორისო თანამეგობრობის შემდეგი ნაბიჯები.

ჩრდილოელების მორიგ სარაკეტო გამოცდას ასევე გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც განაცხადა, რომ ჩრდილოელების მიერ აღნიშნული სარაკეტო გამოცდა არის გაეროს რეზოლუციის უხეში დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, ამიტომ საჭიროა ამ პროვოკაციას გლობალური პასუხი გაეცეს!

კიმ ჩენ ინის ეს ბოლო სარაკეტო გამოცდა აჩვენებს, რომ საერთშორისო ნორმები და რეზოლუციები კიმისთვის ვერ გახდება წინაღობა იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ მოხდება ჩრდილოეთ კორეის იზოლირება, თუმცა არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ასეთი რამ შეუძლებელია, რადგან ჩინეთი არ დაუშვებს კორეის ნახევარკუნძულის სრულად გაპროამერიკულებას და საკუთარ საზღვართან ამერიკული თავდაცვითი სისტემის განთავსებას. ამას ბევრი მიზეზი აქვს და პირველ რიგში ეს უკავშირდება ჩინეთის ინტერესებს წყნარ ოკეანეში.

ის, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება ნელი ნაბიჯებით მიდის ომის დაწყებისკენ, ფაქტია. ამაზე მეტყველებს თუნდაც რეგიონის ქვეყნების შეფასებები, რომლის საილუსტრაციოდ გამოდგება ტაივანის მიერ დღეს გამართული ქვეყნის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომლის შემდეგაც ტაივანის პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში ზოგადი უსაფრთხოების მოსალოდნელი გაურესებისთვის უნდა მოემზადონ ბმული.

ფაქტია, კიმის შეჩერება პოლიტიკური ზეწოლის მეთოდებით უშედეგოდ მიმდინარეობს და ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ რესურს ამოწურულ დიპლომატიას, არმია ჩაანაცვლებს... რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, კაცობრიობას ყველაზე მასშტაბურ და სისხლიან კონფლიქტამდე მიიყვანს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი