რუსეთი და ჩინეთი ჩრდილოეთ კორეას დაიცავენ - კვირის პალიტრა

რუსეთი და ჩინეთი ჩრდილოეთ კორეას დაიცავენ

ჩრდილო კორეული ბირთვული და სარაკეტო პრობლემა, მსოფლიო მედიისთვის კვლავ ერთ-ერთ აქტუალურ თემად რჩება, რომლის მიმართაც ბუნებრივია ყურადღება არ მინელდება იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ იქნება ამოწურული პრობლემა.

პრობლემის მოგვარება კი, ბოლო დროს საერთაშორისო დიპლომატების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ ჩანს უსისხლო და მარტივი, რადგან კორეის ბირთვულ პროგრამას, უფრო სწორად კი მისი ბირთვული კლუბის წევრობას, როგორც ჩანს, ჰყავს მხარდამჭერები. ესენი არიან: ჩინეთი და რუსეთი. ისინი უშედეგოს ხდიან საერთაშორისო ძალისხმევას ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური რეჟიმის იზოლირებისთვის, რომელმაც წესით უნდა შეზღუდოს ჩრდილოელების ის რესურსები, რაც საჭიროა ბირთვული იარაღისა და შესაბამისი რაკეტების წარმოებისთვის.

ზოგადად ის საკითხი, თუ საიდან აქვს ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიები, ძალზედ მნიშვნელოვანია და მისი გარკვევა, გარკვეულწილად ნათელს მოჰფენდა იმას, თუ ვის ინტერესებში შედიოდა კორეული პრობლემის გაჩენა და ამ ხარისხში აყვანა. ამ საკითხზე მარჩიელობა დიდი ხანია მიმდინარეობს ჩვეულებრივ მოკვდავთა შორის, თუმცა ცხადია, მსოფლიოს ზესახელმწიფოების სპეციალურმა სამსახურებმა ალბათ ზედმიწევნით ზუსტად იციან ის, თუ როგორ და რა გზებით მოხვდა კიმის რეჟიმის ხელში ბირთვული ქობინებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების ტექნოლოგია. ეს საკითხი თუკი აქამდე ასეთი ბუნდოვანი იყო და საჭიროებდა "გვერდითი პროცესების" დაკვირვებას, იმის დასადგენად თუ ვისი მხარდაჭერით მოქმედებდა კიმ ჩენ ინი, გასული კვირის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა ისეთი, რამაც გარკვეულწილად სიცხადე შესძინა კორეულ კრიზისს.

ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესო განცხადება გააკეთა რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კასაჩოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი, აშშ-ის ჩრდილო კორეაზე თავდასხმის შემთხვევაში, ფხენიანის მხარეს დადგებიან და დაიცავენ მას. მისი თქმით, რუსეთს არ შეუძლია დაუშვას საკუთარი საზღვრების უშუალო სიახლოვეს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები და ამიტომ აშშ-ის ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აგრესია რუსების მიერ იქნება აღკვეთილი (წყარო). ის თუ როგორ აპირებენ ამის გაკეთებას, კასაჩოვს არ დაუკონკრეტებია და არც იმ შედეგზე ულაპარაკია, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს რუსეთისთვის ასეთ პოზიციას. ცხადია, რუსულ ინტერესებში შედის ის, რომ რუსეთი წარმოჩინდეს აშშ-ის შემაკავებელ ძალად და ჩინეთთან ტანდემში მოქმედების ილუზიას ქმნის. საგულისხმოა ისიც, რომ ეს განცხადება გაკეთდა არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, არამედ რუსეთის სათათბიროს შესაბამისი კომიტეტის ხელმძღანელის მიერ აშშ-ში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოფნისას. რა თქმა უნდა, კომიტეტი მჭიდრო კოორდინაციაშია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და კასაჩოვის "თვითაქტივობად" ეს განცხადება ვერ ჩამოიწერება.

ანალოგიური შინაარსის განცხადება გავრცელდა პეკინიდან, მიმდინარე თვის დასაწყისში (წყარო), კორეული კრიზისის მორიგი გამწვავებისას, როდესაც ჩინეთმა განაცხადა, რომ იმ დრომდე, ვიდრე ჩრდილოეთ კორეას კონკრეტული ღონისძიებები არ გაუტარებია აგრესიის განსახორციელებლად აშშ-ის წინააღმდეგ, ჩინეთი შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, ხოლო აშშ-ის მხრიდან, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში, დაიცავს ფხენიანს.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ არსებული მოცემულობა კორეის კრიზისთან დაკავშირებით იცვლება და ნელ-ნელა იძენს იმ კონტურებს, რომელიც რეგიონში, საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში, ჩამოყალიბდება.

რეალობა კი ასეთია - ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ არიან: აშშ, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია. ხოლო მხარს უჭერენ: ჩინეთი და რუსეთი, რომელთაც, რა თქმა უნდა, ის ქვეყნებიც აუბამენ მხარს, რომლებიც მკვეთრად ანტიდასავლურ პოზიციას იკავებენ. მათ შორის იქნება ირანი, რომლის როლი, ჩრდილო კორეულ ბირთვულ და სარაკეტო პროგრამების წარმატებით განხორციელებაში ჯერ კიდევ საჭიროებს ძირეულ შესწავლას.

სინამდვილეში, კორეული კრიზისის მოგვარება უმარტივესი იქნებოდა, რომ მოენდომებინათ პირველ რიგში ჩინეთს და შემდეგ რუსეთს. ამ მოცემულობაში, მათ მიერ გაკეთებული განცხადებების ნაცვლად, უნდა ვისმენდეთ ერთობლივ ანგარიშებს ფხენიანში ვიზიტისა და კიმ ჩენ ინთან მიღწეული შეთანხმების შესახებ. ისინი, რომ რეალურად არ იყვნენ დესტრუქციული ძალები ამ კრიზისში, მაშინ პირველი მუქარა საბრძოლო ოპერაციისა თუ სხვა გზით, კიმების რეჟიმის პრობლემის მოგვარების შესახებ, სწორედ მათგან უნდა გაჟღერებულიყო და კიმიც გაცილებით თავშეკავებული იქნებოდა. ახლა კი, ამ განცხადებების შემდეგ, კიმ ჩენ ინი გაცილებით აგრესიული გახდება, რადგან გრძნობს, რომ მსოფლიოში ერთსულოვნება მის წინააღმდეგ არ არის და ორი ბირთვული სახელმწიფო დებს მისი დაცვის პირობას. შესაბამისად, შედეგები რომელიც მოჰყვება პეკინსა და მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებს, თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც ჩინეთს, ისე რუსეთს, კრიზისის გლობალური ომში გადაზრდის შემთხვევაშიც და ზოგადად, ჩრდილო კორეული პრობლემის გაჩენაშიც.

ამ ფონზე, და იმის გათვალისწინებით, რომ გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა დიპლომატიის წარუმატებლობის შესახებ, რეგიონში მიმდინარეობს აქტიური სამხედრო მანევრები, რომელსაც მართავს ყველა მხარე, რომელიც კი ამ კრიზისთან კავშირშია. მაგალითისთვის, რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ფლოტები ატარებენ მასშტაბურ მანევრებს (წყარო), რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ნიკი ჰეილის განცხადება, ჩრდილოეთ კორეის განადგურების შესახებ, თუკი ის არ შეწყვეტს პროვოკაციების მიწყობასა და საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის უსაფრთხოებას, ჰაერზე ნათქვამი სიტყვები არ არის და ვითარება მისულია საბრძოლო მოქმედებების დაწყების დიდ ალბათობამდე, თუმცა იმედი, რომ ეს კრიზისი საომარ მოქმედებებში არ გადაიზრდება, ჯერ კიდევ არის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი