სომხები აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემას რეალურად განიხილავენ? - რას ემსახურებოდა 3 ქვეყნის სულიერი ლიდერების შეხვედრა? - კვირის პალიტრა

სომხები აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემას რეალურად განიხილავენ? - რას ემსახურებოდა 3 ქვეყნის სულიერი ლიდერების შეხვედრა?

უცნაური პროცესები მიმდინარეობს ჩვენს სამეზობლოში, რომელიც ქართული საინფორმაციო სივრციდან რატომღაც სრულად განდევნილია და ქართული მედიის მიერ, თუკი რამ საშინელება არ ხდება, არასდროს შუქდება.

ყარაბაღში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პერიოდული შეტაკებების ფონზე, 18 სექტემბერს სენსაციური განცხადება გააკეთა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ სომხეთი განიხილავს აზერბაიჯანისთვის გარკვეული ტერიტორიების დაბრუნებას - მხოლოდ იმ ნაწილის, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ყარაბაღის უსაფრთხოებას. აღნიშნული განცხადება, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერევანში გამართულ სომხური დისპორის ფორუმზე გააკეთა და დასძინა, რომ მეტი დეტალების გამჟღავნება არ შეუძლია, რადგან ამან შესაძლოა დააზიანოს მოლაპარაკებების პროცესი (წყარო).

ამ საკითხზე, მეტი კონკრეტიზაცია მოითხოვეს ფორუმის მონაწილეებმა მინისტრის მოადგილისგან, რომელმაც საკუთარი განცხადებით მეტი სიცხადე ვერ შესძინა ვითარებას და მხოლოდ ის თქვა, რომ არავითარი მიწების გადაცემა არ იგეგმება, მინისტრის მიერ კი გახმოვანებული იყო მხოლოდ ის ორი დამატებითი მოთხოვნა, რომელიც შუამავლებმა დააყენეს. მისი თქმით, საუბარია შეთანხმების ერთიან პაკეტზე, რომელიც არაერთხელ გამოქვეყნებულა და ამიტომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი, მინისტრ ნალბანდიანის განცხადების შემდეგ.

ცოტა არ იყოს უცნაურია მინისტრის მოადგილე კოჩარიანის გაკვირვება, რადგან ბუნებრივია, რომ აზერბაიჯანისათვის მიწების დაბრუნების საკითხი  სომხეთის მოსახლეობაში ვნებათაღელვას გამოიწვევდა, თუმცა ეს საკითხი, კოჩარიანის თქმისა არ იყოს, სულაც არ არის ახალი და აგერ უკვე ორი წელია, პერიოდულად რუსულ ან სომხურ მედიაში ვრცელდებოდა მსგავსი შინაარისის მოსაზრებები პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მხრიდან.

ინფორმაცია, რომ სომხეთი განიხილავდა აზერბაიჯანისათვის მიწების დაბრუნების საკითხს, თავდაპირველად 2016 წლის აპრილის ბოლოს გასაჯაროვდა ერევანში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ვიზიტის შემდეგ და ამ საკითხის გახმაურება მაშინ, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, სერგეი მარკინმა ითავა (ბმული). მარკოვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სომხეთი, აზერბაიჯანისთვის ხუთი ოკუპირებული რაიონის გადაცემას განიხილავდა, თუმცა იქვე იყო ახსნილი საკითხის პრობლემურობა, რაც სომხეთის პრეზიდენტისთვის თანამდებობის, ქვეყანაში კი პრორუსული განწყობების შენარჩუნებაში მდგომარეობდა. ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, მკვეთრი ანტირუსული შინაარსის განცხადებები და აქციები მოჰყვა მთელს სომხეთში, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია დაუდასტურებელი, კულუარული მითქმა-მოთქმის სტილში იყო გავრცელებული, ახლა კი დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინდელ "ჭორებს" რეალური საფუძველი ჰქონია.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა, სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობებში კიდევ ერთი სენსაციური ფაქტი. რუსეთის პატრიარქის შუამდგომლობით, 8 სექტემბერს, დანილოვსკის მონასტერში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის სულიერი ლიდერების შეხვედრა. სულიერი ლიდერების ეს შეხვედრა, დიდი ალბათობით სწორედ ზემოთ განხილულ საკითხს ეხებოდა, სხვაგვარად ამ შეხვედრის მიზანი გაურკვეველია, ამიტომ კარგად ჯდება ლოგიკაში, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, სულიერი ლიდერების ჩართვა გახდა საჭირო და შეთანხმების სომხებისთვის მიუღებელი ნაწილის ამ გზით გატანას შეეცდებიან.

ბოლო თვეების განმავლობაში, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა და პერმანენტული შეტაკებების ტრადიცია გრძელდება. განსხვავება ამ ფონზე იყო ის, რომ აზერბაიჯანული საინფორმაციო სივრცე სამხედრო საკითხებში ძირითადად დაკავებული იყო ქვეყნის არმიის მიერ ახალი შენაძენების დემონსტრირებითა და იმ კონტრაქტების დეტალების აფიშირებით, რომელთა მიხედვითაც აზერბაიჯანის არმიამ, უახლესი შეიარაღება უნდა მიიღოს არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ ისრაელიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან და ა.შ.

რამდენად რეალურია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება და რამდენად რეალიზებული იქნება ის, ძნელი სათქმელია. თუმცა უნდა ითქვას, რომ, რადგან საქმე ასეთ საჯაროობამდე მივიდა, ე.ი. არსებობს მოლოდინი რეალურ ცხოვრებაში ამ შეთანხმების გატარების და კონფლიქტის ზონაში ესკალაციის კლების.

მეორეს მხრივ, ცოტა გაუგებარია სომხების მიერ ამ შეთანხმების პირობების მიღება და აზერბაიჯანელებისთვის გარკვეული ტერიტორიების დაბრუნება, რაც პრაქტიკულად სომხების მხრიდან დანაშაულის აღიარებას ნიშნავს და ამას შესაბამისი ინტერპრეტაცია მიეცემა, რასაც დიდი ალბათობით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, აზერბაიჯანის მხრიდან მოჰყვება დაკარგული ტერიტორიების სრულად დაბრუნების მოთხოვნა.

ცხადია ეს შეთანხმება არ არის ლოკალურად ორი ქვეყნის პრობლემის მოგვარების ალტრუისტული მცდელობა და მასში დიდი ალბათობით, საერთაშორისო მნიშვნელობის, რეგიონული პროცესების გავლენა იგრძნობა. მაგალითად, რუსების მხრიდან თუკი ეს შეთანხმება ვიზირებულია, ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი აზერბაიჯანის საკუთარ ორბიტაზე დატოვებას ცდილობს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთ-ირანის ურთიერთობის თვალსაზრისით. ალბათ დიდი როლი ითამაშა ამ შეთანხმებაში თურქეთ-რუსეთის ბოლო დროინდელმა დამეგობრებამაც და ა.შ.

როგორც არ უნდა იყოს, ეს საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ანალოგიური პრობლემის წინაშე ვდგავართ ჩვენც და საინტერესოა ის არგუმენტები, მექანიზმები და ა.შ. დეტალები, რომელმაც ამ შესაძლო გადაწყვეტილებაზე სომხების დათანხმება გამოიწვია. ასევე საინტერესოა, პროცესი და აუცილებლად შესასწავლია ის, თუ როგორ მოხდება დაბრუნებულ ტერიტორიებზე დევნილი მოსახლეობის დაბრუნება და რა პრობლემების წინაშე დგებიან ისინი, როგორი იქნება დაბრუნების ორგანიზება და ა.შ.

მიუხედავად ყველაფრისა, ცალსახად პოზიტიური ინფორმაციაა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, რადგან ასეთი ნაბიჯებით ხდება რეგიონში არსებული დაძაბულობის შემცირება და პროცესების ნორმალიზების რეალური შესაძლებლობა ჩნდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მყისიერი მოგვარება და ურთიერთდაპირისპირება იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ამიერკავკასიაში რუსეთის გავლენა მინიმუმამდე არ იქნება დაყვანილი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს