საბერძნეთის სინოდმა ცხინვალის ეკლესიის ადგილობრივი სტატუსი აღიარა?! - კვირის პალიტრა

საბერძნეთის სინოდმა ცხინვალის ეკლესიის ადგილობრივი სტატუსი აღიარა?!

საბერძნეთის სინოდმა ცხინვალის ეკლესიის ადგილობრივი სტატუსი აღიარა. სეპარატისტები მილოცვებს იღებენ, ოფიციალური თბილისი კი დუმს.

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ცხინვალში გაიმართა სასულიერო პირების პრესკონფერენცია, რომელიც ბერძნული და ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლებმა გამართეს. პრესკონფერენცია მიეძღვნა, საბერძნეთის სინოდის მიერ, თვითგამოცხადებული ცხინვალის რეგიონის, აწ უკვე "ალანიად" წოდებული რესპუბლიკის, მართლმადიდებლური ეკლესიის ავტონომიური, "ადგილობრივი ეკლესიის" (Wiki-link) სტატუსის აღიარების საკითხს (წყარო).

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცხინვალელი სასულიერო პირები და მათი ლობისტები ბერძნულ ეკლესიაში, წელიწადნახევარია ცდილობენ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას და აგერ, ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულზე, ბერძნებმა საჩუქარი გაუკეთეს ოს სეპარატისტებს და მათი ეკლესიის სტატუსის აღიარება მოახდინეს. ადგილობრივი სასულიერო პირის, ვინმე იაკობის (ხეთაგუროვი) განცხადებით - "ავტონომიური, ადგილობრივი" ნიშნავს ეკლესიას ცალკე სახელმწიფოს ტერიტორიაზე(!?). გავრცელებული ინფორმაციიდან ასევე ირკვევა, რომ ცხინვალის, ე.წ. ადგილობრივი ეკლესიის სტატუსის მისაღებად სამუშაოები ძალიან დიდი ხნის წინ დაუწყია და შესაბამისი შინაგანწესიც შეუქმნიათ, რომელიც ამ დღეებში, ადგილობრივი სეპარატისტული რეჟიმის იუსტიციის სამინისტროში შევა დასამტკიცებლად.

უცნაურია ის, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებას, არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია არც ოფიციალური თბილისის მხრიდან და არც, რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან. უცნაურია იმიტომ, რომ ადგილობრივებში გავრცელებული აზრის მიხედვით, ცხინვალის ეპარქია, რუსეთის საპატრიარქოს მიერ ჯერ კიდევ საქართველოს საპატრიარქოს განუყოფელ ნაწილად არის აღიარებული, თუმცა ამავე საქართველოს საპატრიარქოს ეს ტერიტორია, რუსეთის საპატრიარქოსთვის დროებით აქვს გადაცემული და როგორც ბევრს მიაჩნია, ცხინვალში რუსული ეკლესიის მშენებლობაც, სწორედ ქართველების ნებართვით მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ სიტუაციაში ბერძნული ეკლესიის გადაწყვეტილება უცნაურად ჩანს და საჭიროებს იმის გარკვევას თუ რა როლი შეასრულა ამ ყველაფერში რუსულმა საპატრიარქომ და მისმა მჭიდრო კავშირებმა საბერძნეთის ეკლესიაში.

ამ საკითხზე, თბილისადან განცხადება საქართველოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა, რომელშიც განმარტა, რომ ოსების მიერ ზარზეიმით აღნიშნული "აღიარება", არ ნიშნავს იმას, რომ ეს საბერძნეთის ოფიციალური ეკლესიის მხრიდან გაკეთდა და რომ არ შეიძლება ოსების მიერ გავრცელბული ინფორმაცია, საბერძნეთის ოფიციალური ეკლესიის პოზიციად აღვიქვათ. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ საბერძნეთის ეკლესიაში განხეთქილებაა და რამდენიმე სქიზმაა, რომელთაგან ერთერთმა მოახდინა ოსი სეპარატისტების "რელიგიური დამოუკიდებლობის" აღიარება, რაც ოფიციალურ ეკლესიებს შორის ურთიერთობაში ვერანაირ ცვლილებას ვერ გამოიწვევს და შესაბამისად, არანაირი ძალის მქონე არ იქნება.

კონკრეტულად რა შედეგის მომტანი იქნება ბერძნების ეს გადაწყვეტილება სეპარატისტებისთვის, ძნელი სათქმელია და დიდი ალბათობით, არც არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ადგილზე ექნებათ სასულიერო პირების მომზადების საშუალება და "ადგილობრივი ეკლესიის" ხელმძღვანელობასაც, ასევე ადგილობრივი სასულიერო პირები განახორციელებენ, თუმცა ეს საკითხი პრობლემურია ზოგადად ოფიციალური თბილისისთვის, რადგან მის მიერ დეკლარირებული არაღიარების პოლიტიკის გატარებას, აშკარა პრობლემები აქვს.

ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი სწორად იმის გამო, რომ სეპარატისტების "საერთაშორისო აქტივობებს" სათანადო ყურადღებას არ აქცევს და არ იღებს ზომებს, რომელიც მათთვის აქტოვობების ამ მასშტაბს შეზღუდავდა. სოციალური ქსელების მომხმარებლებს, არაერთხელ გამოუხატავთ აღშფოთება, სხვადასხვა გამოფენებსა თუ საერთაშორისო ღონისძიებებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენელთა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარმოჩენის შემთხვევების გამო, რომელიც ოფიციალური თბილისის მხრიდან შესაბამისი რეაგირების გარეშე იქნა დატოვილი.

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ოფიციალურ თბილისსა და მის შესაბამის უწყებებს, ხშირად უბრალოდ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეპარატისტები გეგმავენ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას და ვერ ახდენენ სათანადო პრევენციას, მათი არ დაშვების მიზნით. თავისთავად ცხადია, არაღიარების პოლიტიკის წარმოება უნდა მოიცავდეს ყველა იმ საკითხს, რომელსაც შეუძლია საერთაშორისო საზოგადოება, აწმყოსა თუ მომავალში შეცდომაში შეიყვანოს და მინიმალურადაც კი არ უნდა უშვებდეს იმას, რომ აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა, რაიმე საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა - არარსებული სახელმწიფოების სახელით. მით უფრო მკაცრი და პრინციპული უნდა იყოს ოფიციალური თბილისის რეაქცია, როდესაც რომელიმე ქვეყნის რომელიმე უწყება თუ ორგანიზაცია, მათი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების, ან მათი ცალკეული ელემენტების აღირებას ახდენს ან ასეთი "დარგობრივი აღიარების" რისკი არსებობს. ასეთ შემთხვევებში გამოყენებული უნდა იქნას ყველა ის ბერკეტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს და ქვეყანას, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, დედამიწაზე არსებული ქვეყნების უმეტესობასთან.

ამასობაში, ოსი სეპარატისტები მილოცვებს იღებენ და ზეიმობენ - "დამოუკიდებლობის აღირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს", რომელსაც, მათი მკიცებით, საქართველოს სახელმწიფომ ვერაფერი დაუპირისპირა!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი