ISIS-ის საფრთხის ტრანსფორმაცია რაქქაში დამარცხების შემდეგ - კვირის პალიტრა

ISIS-ის საფრთხის ტრანსფორმაცია რაქქაში დამარცხების შემდეგ

სირიაში, ტერორისტების დედაქალაქად წოდებული, რაქქას დაცემის შემდეგ, არაფერი განსაკუთრებული და მოულოდნელი არ არის, რაც ISIS-ისს და მის დესტრუქციულ ქმედებებს უკავშირდება.

ცხადზე ცხადი იყო, რომ სირიაში დამარცხების შემდეგ, ტერორისტები ბრძოლის სხვა, გაცილებით საშიშ და სასტიკ მეთოდებზე გადავიდოდნენ. მოსალოდნელი იყო ისიც რომ ისინი, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, გაიფანტებოდნენ და ტერორიზმის ყველაზე საშიშ ფორმას - "ინდივიდუალური აქტების განხორციელებას" შეუდგებოდნენ.

ეგვიპტეში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც 305 ადამიანი შეეწირა, ეს დაადასტურა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სინას ნახევარკუნძულზე მომხდარი მასშტაბური ტერაქტი, სირიაში დამარცხებასთან კი არის კავშირში, მისი განხორციელება, დიდი ალბათობით, ტერორისტთა ადგილობრივი ძალების მიერ იქნა განხორციელებული. შესაბამისად, მოლოდინი, რომ ტერაქტები კვლავ აქტუალური იქნება მთელს დასავლეთ და პრო-დასავლურ სამყაროში, არ საჭიროებს ზედმეტ მტკიცებულებებს, თუკი რა თქმა უნდა, რაქქადან გასული ტერორისტთა უმრავლესობა, ისევ სირიის ტერიტორიაზე არ იქნება განადგურებული.

რაქქადან გასვლის შემდეგ, საერთაშორისო და ახლო აღმოსავლეთის ადგილობრივ მედიაში, არაერთი რეპორტაჟი გამოქვეყნდა, რომელიც ISIS-ის კოლონების გასვლას ასახავდა (BBC-ის რეპორტაჟი). ამ სიუჟეტების გავრცელების პარალელურად, ყველას აწუხებდა კითხვა - თუ სად წავიდოდნენ შურისძიების გრძნობით შეპყრობილი ტერორისტები და რა ზომებს მიმართავდნენ, ამ დამარცხების შემდეგ. BBC-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში, ნათქვამია რომ ტერიროსტები, იმ ტერიტორიებზე გაიფანტნენ, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება მათი დანაყოფების კონტროლს ქვეშ და იქ შეეცდებიან სული მოითქვან, ცოტა შეისვენონ და შემდეგ უკვე "გეგმა-ბ"-ს აღსრულებას შეუდგნენ. ამავე რეპორტაჟში ისიც არის ნათქვამი, რომ რამდენიმე საველე მეთაური დაკავებული იქნა თურქეთ-სირიის საზღვარზე, რომელთა ჩვენებების მიხედვით ირკვევა, რომ გარკვეულმა რაოდენობამ ISIS-ის მებრძოლებისა, გააღწია სირიიდან და გაიშალნენ უსაფრთხო ადგილებში. შესაძლოა, თბილისში სავარაუდოდ მოკლული ახმედ ჩატაევიც ამ პროცესისი შედეგად მოხვდა ისევ საქართველოში და სწორედ სირიიდან გამოყოლილ კვალზე მიუშვეს ქართველი სამართალდამცავები, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც ლოგიკურად ჯდება პროცესში, რომელიც საქართველოდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით განვითარდა.

ფაქტი ის არის, რომ ტერორიზმის საფრთხე, რაქქაში ან ერაყის მოსულში დამარცხების შემდეგ, კიდევ უფრო პრობლემური გახდება გამომდინარე იქიდან, რომ დაჯგუფების მებრძოლების კონცეტრაცია აღარ იქნება ერთ გეოგრაფიულ წერტილში და შესაბამისად მათ აღმოჩენასა და განეიტრალებას, გაცილებით ბევრი დრო და რესურსი დასჭირდება. თუმცა მიუხედავად ამისა, ISIS-ი ვერ დაუშვებს იმას, რომ ცხელი კონფლიქტი არ შეინარჩუნოს დედამიწის რომელიმე წერტილში, რადგან მისთვის, როგორც შეირაღებული დაჯგუფებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მებრძოლების აღჭურვა და რეალურ საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობა, ამ ყველაფერს ისიც უწყობს ხელს, რომ კონკრეტულად ახლო აღმოსავლეთში, რამდენიმე ცხელი წერტილია, რომელიც ამ მიზნით კარგად შეუძლიათ გამოიყენონ ტერორისტებმა. მაგალითად ავღანეთი, იემენი, ლიბია, ეგვიპტე, თავად სირია, ერაყი.

ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, თითოეულში არსებობს ტერორისტული დაჯგუფების ფილიალები და თოთოეულ მათგანში მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, ადგილობრივ დაჯგუფებებთან გაერთიანების მიზნით. ამაზე მეტყველებს ავღანეთში, ადგილობრივი თალიბანისა და ISIS-ის მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციები, თითქოს თავდაპირველი უთანხმოება გადალახულია და რომ შეთანხმება მიღწეულია, ამ ორ დაჯგუფებას შორის, რომელიც ითვალისწინებს დასავლეთ კოალიციასთან, ავღანეთის ტერიტორიაზე ერთობლივი ბრძოლის წარმოებას.

ცხადია, ISIS-ის მებრძოლთა სხვა ფრონტებზე გადანაწილება, შედარებით "უკეთესია" საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა ცალკეული მებრძოლების, ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ძალიან შორს, ევროპასა და შესაძლოა აშშ-ი გადასვლა და იქ "ფსკერზე გაყუჩება", ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის დასავლეთისთვის.

ჯერ კიდევ 60-იან წლებში იწერებოდა ინდივიდუალური ტერორიზმის საფრთხის შესახებ და როგორც ჩანს, ეს საფრთხე კარგად აქვთ შეიარაღებაში აღებული თანამედროვე ფორმაციის ტერორისტებს, რომელთა მხრიდან მსგავის მეთოდის გამოყენება ევროპის ტერიტორიაზე არაერთხელ იქნა დაფიქსირებული.

კარგია ის, რომ სირიის ტერიტორიაზე ათასობით და ასი ათასობით ადამიანი გათავისუფლდა ტერორისტების სასტიკი რეჟიმისგან, თუმცა ამავე დროს, საჭიროა მსოფლიოს იმ ნაწილმა, რომელსაც უშუალოდ ემუქრება ISIS-ი იხილოს მათი განადგურება სირიის ტერიტორიაზე ან ამავე რეგიონში, რომელიც იქნება ნიშანი იმისა, რომ რაქქადან ტერორისტებისა და მათი ოჯახების გაყვანა, მოხდა იმისთვის, რომ გაეკონტროლებინათ ტერირისტთა ადგილსამყოფელი და მათი შედარებით უსაფრთხო განეიტრალება მოხდეს.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შესაბამის საერთაშორისო უწყებებში კარგად ესმით ეს პრობლემა და აცნობიერებენ იმ შედეგებს, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს ISIS-ის მებრძოლთა უკონტროლო გადაადგილებას. შესაბამისად იმის იმედიც უნდა გვქონდეს, რომ ყოველი ტერორისტი, რომელიც რაქქადან გავიდა, უმკაცრეს კონტროლზეა აყვანილი და მიმდინარეობს მათი თვალთვალი, რომელსაც საჭირო დროსა და ადგილას მათი განადგურება მოჰყვება.

ამ თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელიც სირიიდან ვრცელდება და რომელიც ტერორისტთა განადგურებას ეხება.

P.S. აქვე უნდა დავამატო, რომ რუსული პროპაგანდის მიერ ტერორისტებად შერაცხული, ასადის ოპოზიციისა და ქურთთა შენაერთების განადგურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ამ სტატიაში მოცემულ საფრთხეებთან არავითარ კავშირში არ არის და ამიტომ რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ანტიტერორისტული მოქმედებების შესახებ - ამ პრობლემას არ ეხება!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი