ირანი ევროპას ემუქრება - კვირის პალიტრა

ირანი ევროპას ემუქრება

ახლო აღმოსავლეთში, სირიის კონფლიქტი, როგორც ჩანს, მხოლოდ ამ ქვეყნაზე მოქმედი შედეგებით არ სრულდება და უახლოესი მომავალში, ამ რეგიონში სიმშვიდის დამყარების მცირე პერსპექტივაც არსად ჩანს.

რუსეთის ფაქტორმა ახლო აღმოსავლეთში, ბუნებრივად წამოსწია ისეთი მოთამაშეები, რომლებიც სირიის კონფლიქტის დაწყებამდე, მეტ-ნაკლებად შეზღუდულები იყვნენ მოქმედებაში და ცდილობდნენ, შეფარულად ემოქმედათ რეგიონში დასავლური გავლენის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი ირანია და სირიაში ირანული გავლენის ზრდა ყველა თვალსაზირით თვალშისაცემია.

უკვე ფაქტია, რომ ირანის სირიაში "გამაგრებას" წინააღმდეგობა მოჰყვება ისრაელის მხრიდან, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს ხედავს საკუთარი საზღვრების სიახლოვეს, ირანული და მისი სპეცსამსახურების მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფებების განთავსებაში. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია ვარაუდი, რომ თუკი ისრაელი და ირანი არ შეთანხმდებიან საზღვრის გასწვრივ ე.წ. ბუფერული ზონის შექმნაზე ბმული, მაშინ მათ შორის გარდაუვალია შეტაკება და ეს შეტაკება ისევ სირიის ტერიტორიაზე მოხდება.

ირანის ასეთმა გაძლიერებამ რეგიონში, რუსეთსა და თურქეთთან დაძმობილებამაც შეუწყო ხელი და ბოლო დროს, სულ უფრო თვალშისაცემი ხდება ირანის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის განაცხადებების გაკეთება, რომელშიც ცდილობს საკუთარი მნიშვნელობა განამტკიცოს რეგიონულ პროცესებში და გახდეს ანგარიშგასაწევი ძალა, რომლის ყურადღების მიღმა დატოვებაც ვეღარ მოხდება.

არც ის იქნება სწორი, ჩავთვალოთ, რომ ბარაქ ობამას მიერ მიღწეულ "საუკუნის შეთანხმებამდე", ირანი, ხელწამოსაკრავი ძალა იყო რეგიონში. სანქციებისა და საერთაშორისო იზოლაციის მოქმედებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები, ირანის საერთაშორისო შესაძლებლობებს ზღუდავდა და ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც შეეძლო უკურეაქცია გამოეწვია პროდასავლური და საერთაშორისო კოალიციის მხრიდან, არ ხორციელდებოდა. სირიის კრიზისმა და მასში რუსეთის ჩარევამ, გარკვეულწილად ირანსაც გაუხსნა ხელ-ფეხი და პირველ რიგში, ეს ირანული არმიის დანაყოფების ქვეყნის გარეთ განთავსებასა და ლიბანური "ჰეზბოლას" მხარდაჭერის ზრდაში გამოიხატა.

ირანის აქტიურობა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებით არ შემოიფარგლა და მან საკუთარი შეირაღების განვითარებასც მიჰყო ხელი, რომელიც უკვე გახდა გაერო-ში განხილვის საგანი და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც აქტიურად აკრიტიკებს აიათოლების რეჟიმს, შორი მოქმედების ბალისიტიკური რაკეტების შექმნის გამო, რომელთაც პოტენციურად შეუძლიათ ბირთვული ქობინების გადატანაც.

ამ კონტექსტში, ირანული შეიარაღების პრობლემატიკა, ბოლოს აქტუალური გახდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც ირანის არმიის "რევოლუციური გვარდიის" სარდლის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჰუსეინ სალამიმ განაცხადა, რომ თუკი ევროპა არ შეწყვეტს ირანზე ზეწოლას, სარაკეტო პროგრამის გამო, მაშინ ირანული მხარე იძულებული იქნება გაზარდოს საკუთარი რაკეტების მოქმედების სიშორე. არსებული მონაცემებით, ირანულ ბალისიტიკურ რაკეტების ფრენის სიშორე 2000კმ-ია და ირანელების განცხადებით ეს მანძილი სრულიად საკმარისია აშშ-ის მოკავშირეებსა და ინტერესების ზონაზე იერიშის მიტანისთვის. ირანელი გენერლის განცხდებაში ასეთი ფრაზაა მოყვანილი - "ამ დრომდე ევროპას არ განვიხილავდით როგორც საფრთხეს, მაგრამ თუ მათ გადაწყვიტეს, რომ უნდა იქცნენ ჩვენთვის საფრთხედ, მაშინ ჩვენ გავზრდით რაკეტების მოქმედების დიაპაზონს" წყარო. ამავე განცხადებაში გენერალი აღნიშნავს, რომ რაკეტების ფრენის მანძილის შეზღუდვა არ არის გამოწვეული ტექნოლოგიური პრობლემებით, მისი თქმით, ისინი იცავენ "სტრატეგიულ დოქტრინას" და ამიტომაც არ აძლიერებენ იარაღს.

ირანელების გაღიზიანება გამოიწვია საფრანგეთის განცხადებამ, რომელშიც საფრანგეთი მიუწოდებს საერთაშორისო აქტორებს, ირანთან სარაკეტო პროგრამის შესახებ "უკომპრომისო" დიალოგის წარმოებისკენ, თუმცა პარალელურად იგივე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გასული თვის დასაწყისში, აშშ-ის საჯარო განცხადებებში სთხოვდა, რომ არ გადაეხედათ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ვენაში მიღწეული შეთანხმებისთვის წყარო.

რამდენად აასრულებს ირანი ამ მიუქარას და რამდენად მივა ევროპასა და ირანს შორის პოლემიკა დაპირისპირებამდე, ძნელი სათქმელია რადგან ევროპა ბოლო პერიოდის მისი პოლიტიკური ქცევის თავისებურებიდან გამომდინარე, შეეცდება დაპირისპირების ტემპერატურა დასწიოს და პროცესები დიპლომატიური მოლაპრაკებების ფორმატში დატოვოს, თუნდაც უსასრულოდ, თუმცა ამ ყველაფერს ართულებს ირანისა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის არსებული შეუთავსებლობა და პირველ რიგში ეს სუნიტურ კოალიციასა და ისრაელს ეხება. შესაბამისად, ირანის საპირისპირო ძალებში არიან ევროპისა და ზოგადად დასავლეთის მოკავშირეები, რომლებიც მოითხოვენ დასავლეთისგან მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას იმ დრომდე, ვიდრე პროცესები პოლიტიკური მოლაპრაკებების სიბრტყეში რჩება, მაგრამ როგორც კი ერთი შეიარაღებული ინციდენტი მოხდება და ამის ალბათობა ძალიან მაღალია, მაშინ მხოლოდ განცხადებებითა და მკვეთრი პოზიციით ვერცერთი მოკავშირე ვეღარ შემოიფარგლება.

უკვე წლებია დასავლეთიდან ისმის განცხადებები, რომ ირანი არის ე.წ. "ბოროტების ღერძის" ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და რომ ირანია ხელშემწყობი მთელი იმ ტერორისტული მარაზმისა, რომელიც მსოფლიოში ტრიალებს. შესაბამისად, ირანთან "ბირთვულ პროგრამაზე" მოღწეული შეთანხმების შემდეგ გაჩენილი იმედები, რომ ირანი ბრუნდება ცივილიზებულ სამყაროში, სრულიად ფუჭი და ამაო გამოდგა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმ მომენტში, როდესაც ეს შეთანხმება შედგა, გარკვეული დადებითი ეფექტი იქონია საერთაშორისო პროცესებში აგრესიული ელემენტების, პირველ რიგში კი რუსეთისთვის პრობლემების შექმნის თვასლაზრისით, თუმცა სირიის კრიზისმა ეს იმედები გააქარწყლა და ირანი ისევ აგრესიული, არსებული საერთაშორისო წესრიგის მოწინააღმდეგე ძალად წარმოაჩინა და პრობლემაც თავიდან დაიწყო!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი