თუ ირანში აიათოლების რეჟიმი დაემხო, ეს დიდ ძვრებს გამოიწვევს მთლიან რეგიონში და აისახება საქართველოზეც - კვირის პალიტრა

თუ ირანში აიათოლების რეჟიმი დაემხო, ეს დიდ ძვრებს გამოიწვევს მთლიან რეგიონში და აისახება საქართველოზეც

ძალიან ბევრისთვის, მოულოდნელი იყო ის, რაც 27 დეკემბრიდან, ირანის დიდი ქალაქების ქუჩებში დაიწყო და იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ რეგიონულ მედიაში ალაპარაკდნენ რევოლუციაზე...

ამ მოცემულობაში, როდესაც ირანის რეჟიმი, მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი რეპრესიული მანქანა აამუშავოს და ჩაახშოს საპროტესტო გამოსვლები, ძნელია პროგნოზების კეთება, მითუმეტეს თუ ამ რეგიონის და კონკრეტულად ირანის შიდა პოლიტიკურ, ეთნიკურ და სოციო-კულტურულ თავისებურებებს არ იცნობ. თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს ასეთი მასშტაბის სოციალური პროცესების გარკვეული გამოცდილება ამავე რეგიონში და შესაბამისად, მოლოდინებიც ისეთივეა, როგორიც, მაგალითად, ეგვიპტეში, ტუნისში და ა.შ.

ის, რომ ირნაში, აიათოლების რეჟიმს დიდი პრობლემები აქვს, უკვე ფაქტია და ამაზე მეტყველებს ის შინაარსი, რაც საპროტესტო ლოზუნგებში, შეძახილებსა და ტრანსფარანტებზე იკითხება.

მედიამ, ირანში მიმდინარე მოვლენები, რატომღაც მხოლოდ ეკონომიკურ სიდუხჭირეს მიაწერა და თითქმის ყველა გამოცემა, გასული დღეების განმავლობაში, მხოლოდ ამ ფაქტორზე წერდა და ლაპარაკობდა. სინამდვილეში ირანელების აღშფოთების დიდი წილი გამოწვეულია იმ საგარეო პოლიტიკით, რომელსაც ირანი ახორციელებს და ამ პოლიტიკის გატარება, რა თქმა უნდა, რომ იმავე ირანელების ხარჯზე ხდება, რომლებიც დღეს ქუჩებში არიან გამოსულები.

მათთვის გაუგებარია (რუსებისგან განსხვავებით), ის თუ რატომ უნდა აფინანსებდნენ ასადის რეჟიმს, ჰეზბოლას, პალესტინაში ჰამასს და იემენში ჰუიტებს, მაშინ, როდესაც ირანის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია.

ეს გაჭირვება დღეს და გუშინ არ დამდგარა ირანში, თუმცა მანამდე ამ ყველაფერს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით ამართლებდნენ და არსებობდა ძალიან დიდი მოლოდინი, რომ დასავლეთთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებისა და სანქციების ძირითადი ნაწილის მოხსნის შემდეგ ვითარება ქვეყანაში რადიკალურად შეიცვლებოდა, თუმცა არაფერი მსგავსი არ მოხდა და ის სიდუხჭირე, რომელიც ადრე აშშ-ის და ირანის სხვა "მტრებს" მიეწერებოდათ, ისევე დარჩა. სწორედ ამ კონტექსტში იქნა ეკონომიკური თემატიკა წამოწეული და არა როგორც ძირითადი საკითხი.

ამ ყველაფერს დაემატა ის კორუფცია და განუკითხაობა, რომელშიც ჩაფლულია მთლიანად ირანის მმართველი ელიტა, სასულიერო პირების ჩათვლით. საპროტესტო გამოსვლებისას მოლებისა და აიათოლას საწინააღმდეგო არაერთი ლოზუნგი გაისმა, რაც პრაქტიკულად სენსაცია იყო ირანისთვის. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ პირველად ირანის ისტორიაში, მომიტინგეებმა დაარბიეს და გადაწვეს შიიტური სკოლა, რაც ძალზედ მკაფიო და ნიშანდობლივია, გამომდინარე იმ წარმოდგენიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს შექმნილი ირანთან დაკავშირებით. არცერთ იმ ვიდეოში, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ირანიდან ვრცელდება, არ ისმის რეგიონისთვის ესოდენ დამახასიათებელი, ალაჰის სადიდებელი შეძახილები, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მომიტინგეებს, რომლებიც ახლაც ქუჩებში არიან და აიათოლების რეპრესიულ რეჟიმს ებრძვიან, რადიკალური ცვლილებების მოთხოვნა აქვთ და ის სცილდება, აიათოლებისა და კლერიკანული მმართველობის, ირანისთვის უკვე ჩვეულ მეთოდებს, ანუ შეიძლება ითქვას რომ ირანში, სეკულარული რევოლუცია მიმდინარეობს!

თუკი ირანის რევოლუცია შედგა და აიათოლების რეჟიმი დაემხო, ეს პრატიკულად ტექტონიკურ ძვრებს გამოიწვევს მთლიან რეგიონში და მათ შორის კავკასიაშიც, რაც პირდაპირ აისახება საქართველოზე.

მნიშვნელოვანწილად შეცვლის ახლო აღმოსავლეთში ვითარებას და უკვე არსებული კონფლიქტების სრულიად ახალი სცენარით განვითარებას ვიხილავთ. ალბათ ეს ყველაფერი არ ჩაივლის უპრობლემოდ ირანისთვის და პირველ რიგში, ეს შეეხება ქურთების საკითხს, რომლებიც დიდი ალბათობით ისარგებლებენ ირანში არეულობით და საკუთარი ქვეყნის შექმნისთვის ბრძოლას განაახლებენ.

ირანი 1970-იან წლებში

დღეს ირანის ქალაქებში გამართული საპროტესტი აქციები, ჩემი შეფასებით, ასევე გამოძახილია იმ შორეული 70-იანი წლებისა, რომელ პერიოდშიც, ირანი დასავლური ყაიდის ქვეყანა იყო და მაშინდელი ფოტოების დათვალიერებისას, არ არსებობს არ გაგიჩნდეთ ასოციაცია იმ პერიოდისვე საბჭოთა კავშრთან ბმული. აშკარაა მსგავსი ესთეტიკა, მოდა, ვარცხნილობა და ა.შ. შესაბამისად, დღევანდელი ახალგაზრდა თაობა გრძნობს იმ ჩამორჩენას, რომელიც მათ ისლამურმა რევოლუციამ და კონკრეტულად, აიათოლების რეჟიმმა მოუტანა, ამიტომაც სრულიად ბუნებრივია ის რაც ირანში ხდება და ეს, მაგალითი უნდა გახდეს არა მარტო ირანელი მმართველებისთვის...

იხილეთ ფოტოგალერეა: ირანი 1970-იან წლებში

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს