რას მოითხოვენ მიტინგებზე გასული ირანელები - კვირის პალიტრა

რას მოითხოვენ მიტინგებზე გასული ირანელები

გასული დღეების მთავარი თემა, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები გახდა, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა, თუმცა ინფორმაცია, მიმდინარე მოვლენების შესახებ, ძალზედ არაერთგვაროვანი და დიფუზურია.

შესაბამისად, ირანის გარეთ, ამ ქვეყნის შიდა საქმეებში გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის (მათ შორის ჩემთვის), ძალზედ ძნელია იმის დადგენა თუ რამ გამოიწვია ასეთი უეცარი პროტესტი და რა იყო ის მთავარი, რასაც ამხელა მასის აღშფოთება მოჰყვა, ისეთი მასშტაბის, რომ მთელი მსოფლიო შესაძლო რევოლუციაზე ალაპარაკდა.

სამწუხაროდ, ამ პროტესტის მიზეზები ირანის გარეთ იქამდე დავიდა, რომ უამრავი ადამიანისთვის მხოლოდ ეკონომიკური პრობლემებით განპირობებულად შეირაცხა და სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტში ყველაფერი კვერცხის გაძვირებასაც კი დააბრალეს. არადა, ირანელების მოთხოვნები გაცილებით მასშტაბურია და თანამედროვე სამყაროს თვალსაზრისით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე ეკონომიკურს.

რეგიონულ მედიაში 3 იანვარს გამოქვეყნდა იმ მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელთა გამოც, მილიონობით ადამიანი ირანის 70-მდე ქალაქის ქუჩებში გავიდა და პრაქტიკულად სიკვდილს ჩახედა თვალებში. ასეთ თავგანწირვაზე კი მხოლოდ კვერცხზე ფასის მატების გამო არ მიდიან ადამიანები და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს შეხედულება, როგორც მინიმუმ შეურაცხმყოფელია ირანის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც გასული ექვსი დღის განმავლობაში, ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის ფანატიკოს მებრძოლთა ლულებს უშვერდა შუბლს.

გამოქვეყნებული მოთხოვნების სია, ცხრა პუნქტისგან შედგება და მათი თანმიმდევრობაც იმაზე მიუთითებს თუ რა ღირებულებებისთვის იბრძვის ეს ხალხი. აღნიშნული მოთხოვნები, გამოქვეყნდა გამოცემა alarabia.net-ის ვებგვერდზე წყარო, რომელიც თავის მხრივ დაეყრდნო სოციალურ მედიაში, ფოტოს სახით გავრცელებულ მოთხოვნათა ჩამონათვალს და რომელიც ვრცელდებოდა ირანელი აქტივისტების მიერ, ესენია:

  • რეფერენდუმის ჩატარება, მმართველობის რეჟიმის შესაცვლელად და ქვეყნის რესპუბლიკური მოწყობის პრინციპებზე გადასვლის მიზნით.
  • აიათოლების მმართველობის დასრულება და ირანული საზოგადოების გათავისუფლება ილუზიისგან, რომ ირანი შიიტური სამყაროს წინამძღოლია. "ისლამური რევოლუციის ექსპორტის" პოლიტიკის შეჩერება.
  • ქალებისთვის, სამოსისა და გარეგნობის არჩევანის თავისუფლება.
  • მედიის თავისუფლება, თავისუფალი წვდომა ინეტრნეტთან, ინფორმაციასთან, სოციალურ ქსელებთან. ცენზურის გაუქმება.
  • რელიგიის, პოლიტიკისგან გამიჯვნა და რელიგიური ინსტიტუტების სახელმწიფო მართვის სადავეებისგან ჩამოშორება. ტექნოკრატული მმართველობის დამყარება.
  • თავისუფალი სასამართლო, რომელიც არ დაექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ თუ სხვა სახის ავტორიტეტს.
  • დოვლათის თანაბარი განაწილება. სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევის გეგმის შემუშავება.
  • თავისუფალი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრებით.
  • თანაბარუფლებიანობა ქალებსა და კაცებს შორის. უარის თქმა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციაზე, ძალადობასა და ქალებისადმი სასტიკ მოპყრობაზე.
აქვე უნდა ვთქვა, რომ ასე მკაფიოდ ფორმულირებული მოთხოვნები, ცოტათი უფრო ადრე უნდა გამოქვეყნებულიყო, ვიდრე მოხდა, რადგან საპროტესტო მუხტის პიკზე, ასეთი რაციონალური და წყობილი მიდგომა, გაცილებით მეტ ლეგიტიმაციას შესძენდა საპროტესტო აქციას, საერთაშორისო თვალსაზრისით და მეტ ადამიანს გაიყვანდა ქუჩაში.

ირანში, ბოლო ასეთი მასშტაბური გამოსვლა 2009 წელს მოეწყო, როდესაც ამჟამინდელი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აირჩიეს. თუმცა მაშინდელისგან განსხვავებით, ახლანდელი აქციების მასშტაბი და ხარისხობრივი სხვაობა განაპირობა იმან, რომ ამ საპროტესტო აქციებზე მხოლოდ თეირანში მცხოვრები საშუალო ფენა არ გასულა და მათ რეგიონები, ასევე დაბალი ფენებიც შეუერთდნენ. ამიტომ, დასავლეთში მცხოვრები ირანელი დისიდენტები ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რომ აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული აქციები, ამჯერად მაინც მიაღწევს სასურველ შედეგს. მათი თქმით, არცერთ წინა შემთხვევაში, დაბალი ფენა საპროტესტო აქციებზე არ გასულა!

სტატიის წერის მომენტში, ირანის ქალაქებში არსებული ვითარების შესახებ ძალზედ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ძირითადი ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით, ჰეშთეგი "#IranProtests"-ით ვრცელდება, მიძღვნილია გასული დღეების აქციებს. ასევე თვალშისაცემია პროსახელისუფლებო ინფორმაციის მატება, ინფორმაციის ამავე ნაკადებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინტერნეტზე დაწესებული შეზღუდვის შემდეგ, სახელმწიფო პროპაგანდა ამუშავდა, ასე ვთქვათ "ტრენდის" შესაცვლელად და იმის ტრანსლირებას ახდენს, რუსულ მედიასთან სინქრონში, რომ ირანში საპროტესტო მუხტმა შემცირება დაიწყო.

პარალელურად, დიდი ალბათობით მიმდინარეობს საპროტესტო აქციებში მონაწილეთა დაპატიმრებები და იმ ქალაქებში დარბევები, სადაც ჯერ კიდევ გრძელდება საპროტესტო აქციები. ამაზე მოწმობს რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის დანაყოფებს ანთავსებენ ქვეყნის სამ პროვინციაში, "აჯანყების" ჩასახშობად.

დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დეკემბრის ბოლო დღეებიდან, მკვეთრად იმატა ინტერნეტ ანონიმიზატორების მოხმარებამ ირანიდან, თუმცა ამ სერვისის მოხმარების ზრდა, გამოქვეყნებული დიაგრამების მიხედვით, გასული წლის სექტემბრის თვიდან დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ პროტესტი სულაც არ იყო სპონტანური და რომ ირანულ საზოგადოებაში პროტესტი მწიფდებოდა, რომელიც აუცილებლად ამოხეთქავდა (რაც ინფორმაციის ძალის დემონსტრირების საუკეთესო მაგალითია).

ირანული გამოცემები, წინა თვეების განმავლობაში, ეკონომიკურ წინსვლებსა და მასშტაბური საინვესტიციო შეთანხმებების შესახებ აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რაც დიდად განსხვავებულ სურათს ხატავდა, ვიდრე რიგითი ირანელების ყოველდღიური ცხოვრება იყო. ამას დაემატა და დიდი ალბათობით ერთ-ერთი კატალიზატორი იყო ის კატასტროფული დანაკარგები, რომელიც სირიაში განიცადეს ირანულმა ძალებმა, იქ დაღუპული მებრძოლები ხომ რიგითი ირანელები იყვნენ და დიდი ალბათობით, ირანელთა დიდ ნაწილს შეეხო ეს დანაკარგები. ამ ყველაფერს დამატებული, ჰეზბოლას, ჰამასის, პალესტინის დაფინანსება, იემენის ომში მონაწილეობა და იქ უზარმაზარი ფინანსების მიმართვა, რომელიც სულაც არ იყო დაფარული ინფორმაცია და თუკი კონკრეტული, დაზუსტებული ციფრები არ ვრცელდებოდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დანახრჯების მასშტაბის აღქმა, გაუჭირდებოდათ რიგით ირანელებს.

საბოლოო ჯამში კი ლოგიკური გახდა ის, რაც მოხდა, თუნდაც იმიტომ, რომ რიგითი ირანელი, აბსულუტურად ჩამოშორებულია იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მათი რელიგიურ-პოლიტიკური მმართველები იღებენ. ამის კარგი მაგალითია ირანის საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ხმის მიცემის პროცედურას დაასრულებს და შედეგები დაითვლება, პრეზიდენტს ამტკიცებს აიათოლა და თუკი "გამარჯვებული" მისთვის მისაღები არ იქნება, არ დაამტკიცებს! შესაბამისად არჩევნებიც ფარსია.

დღეს ძალიან ძნელია ადამიანები აცხოვრო ასეთ ფარსში და შეუქმნა ილუზია, რომ ისინი საკუთარ ქვეყანაში რამეს წყვეტენ. საშუალო სტატისტიკური ადამიანი იმაზე მეტად განათლებულია, ვიდრე აიათოლას მულებს ახვევიათ გარს. როდესაც "გარეთ გაშვებული" ინფორმაცია და შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია, რადიკალურად სხვადასხვა სურათს ხატავს, უბრალოდ ადამიანს, როგორც მინიმუმ იმ რეალობაში ცხოვრების სურვილი უჩნდება, რომელსაც "მტრის დასაბრმავებლად ავრცელებ"!

ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, სწორედ ეს ვერ გათვალეს აიათოლას ტექნოლოგებმა და საგარეო მომხმარებისთვის განკუთვნილმა პროპაგანდამ მიიყვანა საქმე იქმდე, რომ დღეს სისხლში ახრჩობენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს!

იხილეთ ფოტოგალერეა: ირანი 1970-იან წლებში

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს