რას ნიშნავს რუსების "გამარჯვება" სირიაში?!
რას ნიშნავს რუსების "გამარჯვება" სირიაში?!
ეს სტატია რუსების მიერ სირიიდან ჯარების გაყვანისთვის რომ მიმეძღვნა, მესამე სტატია იქნებოდა ამ თემაზე. ზუსტად ამდენჯერ შეასრულა რუსულმა არმიამ დასახული ამოცანა სირიაში და ზუსტად ამდენჯერ გაიყვანეს ჯარი სირიიდან...

მაგრამ ყოველ ჯერზე აღმოჩნდა, რომ მთლად ისე არ იყო ყველაფერი, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ავრცელებდა.

ასე მოხდა ამჯერადაც და პუტინის მიერ საზეიმოდ გამოცხადებული სირიულ კამპანიაში გამარჯვება და ISIS-ის განადგურება გაგრძელდა იმით, რომ რუსულ სამხედრო ბაზებზე სირიაში მოხდა რამდენიმე თავდასხმა, რომელსაც შეეწირა რუსული
სამხედრო ავიაციის ნაწილი და როგორც "ბოროტი" ხმების ამბობენ, არა მარტო ტექნიკა.

ფაქტია ისიც, რომ ISIS-ი სრულად განადგურებული არ არის და მოცემულ ეტაპზე, გადაჯგუფების პროცესში იმყოფება. დიდი ალბათობით, დაჯგუფების რაღაც ნაწილი გადავა ავღანეთში, ხოლო დანარჩენი დარჩება სირიასა და ერაყში, ცოტა ხნით მიყუჩდებიან და მალევე განაახლებენ აქტივობას,

რომლის დროსაც სამიზნედ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, რატომღაც რუსეთი არ ხდება. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო და მათი ყურადღება, მიუხედავად რუსული პროპაგანდის გააფთრებული მტკიცებისა, რომ სწორედ რუსეთმა და არა დასავლეთ კოალიციამ გაანადგურა ტერორისტების ეს დაჯგუფება, მიმართულია დასავლეთისკენ და არა რუსეთისკენ.

ცალსახად ფაქტია, რომ ამ ჯერზე გამარჯვების გამოცხადება, პერსონალურად პუტინის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენასთან არის კავშირში, მას როგორც დიდ ტრიუმფატორს, სჭირდებოდა "გამარჯვება", რომლითაც კიდევ უფრო მეტ წონას შესძენდა მას, როგორც კანდიდატს. დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, რომ 2017 წლის 31 დეკემბერს, ჰმეიმიმისა და 2018 წლის 6 იანვარს, ტარტუსის ბაზებზე თავდასხმამ წყარო, კრემლს საახალწლო განწყობა გაუფუჭა და ბუნებრივიც არის, ასე იქნებოდა. უბრალოდ გაუგებარია ის თუ როგორ ყლაპავს ამხელა რუსეთის, ამხელა ერი, ასეთ მარტივ სიბრიყვეებს და მიამიტური აღტკინებით მიჰყვება საკუთარ ცრუპენტელა, ალტერნატიული რეალობის შემქმნელ ხელისუფლებას, იმ რეალობაში, რომელიც მხოლოდ რუსი ხალხის ტელეეკრანებზე არსებობს...

რეალურად, სირიაში ვითარება დიდად შეცვლილი არ არის, თუკი, რა თქმა უნდა, ISIS-ის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მოცულობის შემცირებას არ ჩავთვლით, დანარჩენ ნაწილში ვითარება წინა პერიოდების მსგავსი რჩება, რაც გულისხმობს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ წლის დასაწყისიდან, ასადის არმიამ ხუთი ბრიგადის გენერალი დაკარგა წყარო, რაც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ შეიარაღებულ ოპოზიციასთან შეტაკებები, კვლავ მიმდინარეობს და ეს შეტაკებები, საკმაოდ მასშტაბურია. სირიული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრძოლები მიმდინარეობს ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს, ბოლო ორი გენერალი, ასადის არმიამ სწორედ დამასკოსთან ახლოს დაკარგა.

რუსების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, საკითხზე მომუშავე ექსპერტებმა და საინფორმაციო საშუალებებმა, დაიწყეს იმის გარკვევა, თუ როგორი იქნებოდა რუსეთისა და ირანის ურთიერთობა სირიაში. როგორც ცნობილია, ირანსა და რუსეთს შორის პერიოდულად იძაბებოდა ურთიერთობა იმის გამო, რომ ირანული არმია ძალზედ დიდ დანაკარგებს განიცდიდა, გამომდინარე იქიდან, რომ სახმელეთო ოპერაციებში იღებდა უშუალო მონაწილეობას. რუსები კი, მხოლოდ საჰაერო მხარდაჭერით შემოიფარგლებოდნენ. შედეგად, საბრძოლო წარმატებებს რუსები იწერდნენ ისე, რომ ირანული და ადგილობრივი, პროასადისტური ძალების ფაქტორს არც კი ახსენებდნენ.

2015 წლის ბოლოს, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ირანელებმა სირიიდან გასვლის შესახებ დაიწყეს ლაპარაკი
. გარდა ამისა არის კიდევ საკითხები, რომელშიც შესაძლოა რუსებმა და ირანელებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიონ, თუმცა ახლა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჯერ არ აქვს, რადგან ჯერ კიდევ გაურკვეველია ასადის რეჟიმის ბედი და თუკი აქამდე ირანელები ჩუმად იყვნენ, ეს მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებენ სირიას, როგორც ისრაელისთვის წინააღმდეგობის გაწევის პლაცდარმს და ამ გეოგრაფიულ წერტილში, შიიტური ძალების გაძლიერებისთვის ძალზედ მნიშვნელოვან ლოკაციას.

სირიაში ირანელების გამაგრებას, მათი გაძლიერება მოჰყვება ასევე ერაყში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებაა ირანისთვის. შესაბამისად, რუსების მისაკუთრებული გამარჯვება სრული აბსურდია, გამომდინარე იქიდან რომ მათ იქ საკუთარი იარაღის გამოცდისა და არმიის გარკვეული ნაწილის რეალურ საბრძოლო ვითარებაში წვრთნის გარდა, არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ.

ხოლო ის, რაც შეიძლება რუსული არმიის მიზნად შერაცხულიყო, რუსების საქმეში ჩართვამდე უკვე კარგა ხნის მოგვარებული იყო, მათივე იარაღით. საუბარია ყატარიდან, სირია-თურქეთის გავლით ყატარული გაზის მიწოდებაზე ევროპისთვის, რაც საბოლოოდ დაასამარებდა რუსული გაზის ჰეგემონიას ევროპაზე. შესაბამისად, ირანის ინტერესებშიც შედიოდა ის, რომ ყატარის გაზი ამ მიმართულებაზე არ გასულიყო. ამიტომაც მოხდა მათი და რუსების ინტერესთა თანხვედრა. ირანელების მხრიდან კი ამას დაემატა, ზემოთ ნახსენები, შიიტური გავლენისა და ისრაელთან ბრძოლის ხელსაყრელ პოზიციებზე განთავსება. შესაბამისად, ძნელი სათქმელია ის, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება რუსული არმიის გამარჯვება, რადგან მთავარი "ბენეფიტები" ამ ომიდან, ძირითადად, ირანმა მიიღო?!

ზოგადად, რუსების სირიული ავანტურის მიზნები, იმდენად დიფუზური იყო დასაწყისშივე, რომ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენების ძალიან დიდ შესაძლებლობებს მოიცავდა თავის თავში და როგორც ჩანს, ეს შესაძლებლობა წარმატებით გამოიყენა პირადად პუტინმა, რომელიც რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, არავინ იცის რამდენი დაუჯდა და რამდენად რენტაბელურია ის ხარჯი გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც რუსეთმა, საკუთარი გაჭირვების მიუხედავად, გასწია სირიაში.

ასე რომ, პუტინისა და მისი პროპაგანდის მიერ გამოცხადებული "გამარჯვება" არის სრული ფარსი და ამაში, რაც დრო გავა, მით უფრო დავრწმუნდებით!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი
რეზო
14 იანვარი 2018 19:56
ეს პუტინის მონები რა დღეში არიან შეხედეთ რა! თქვენი ბელადი პუტინი რომ მატყუარაა მაგას რად უნდა ლაპარაკი, მარა თქვენ ამის დანახვის და გააზრების ტვინი ვინ მოგცათ.
დარეჯანი
12 იანვარი 2018 01:39
მერე ჩვენ რაგვიხარია
მერაბი
12 იანვარი 2018 00:13
რა თქმა უნდა პუტინი ცრუობს და ხალხს ატყუებს.სულ სხვა საქმეა სააკაშვილის მიტინგი რუსთაველზე,რუსეთთან მოგებული ომის შემდეგ! :D .

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?