რა მიზნებს ემსახურება თურქული არმიის მიერ წამოწყებული ოპერაცია აფრინში?!
რა მიზნებს ემსახურება თურქული არმიის მიერ წამოწყებული ოპერაცია აფრინში?!
თურქეთის მიერ, სირიის ტერიტორიაზე, აფრინის რაიონში დაწყებული სამხედრო ოპერაცია, ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანია, საერთაშორისო მედიაში. შესაბამისად, ამ სამხედრო ოპერაციის მნიშვნელობა, მრავალ კითხვას აჩენს, რადგან ერთი შეხედვით გაუგებარია მაინცდამაინც ახლა და ამ მოცემულობაში, რატომ ჩათვალა საჭიროდ თურქეთმა ოპერაციის წამოწყება, რომლის შედეგებიც ამ გადასახედიდან, ერთობ სადაო შეიძლება იყოს, თურქული ინტერესების თვალსაზრისით.

ამოცანა, რომელიც საჯაროდ არის გაცხადებული თურქული მხარის მიერ, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდეც აქტუალური იყო და ზოგადად, ქურთების საკითხი, თურქებისთვის არასოდეს (ბოლო დროს)
ყოფილა მეორეხარისხოვანი. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, საერთაშორისო მედიაში მოხსენიებულია, აშშ-ის მიერ, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონებში 30 000-იანი ქურთების შენაერთის შექმნა, რომელიც გააკონტროლებდა საზღვარს და მიმდებარე რაიონებს. ამ შენაერთის შექმნის მთავარი დანიშნულება იყო თურქეთის მიმართულებით ISIS-ის თუ სხვა დაჯგუფების ტერორისტებისთვის, სირიიდან გასასვლელის ჩაკეტვა. როგორც ჩანს, ამ პროექტში, თურქეთმა
საფრთხე დაინახა და ეს საფრთხე სულაც არ არის მყისიერი, თუმცა საშუალო ვადიან პერსპექტივაში, პრობლემურია გამომდინარე იქიდან, რომ ქურთების მიერ აღნიშნული ტერიტორიების კონტროლი, გამოიწვევდა მათ გაძლიერებას მოქმედების რაიონში. ასევე მნიშვნელოვანწილად გააძლიერებდა თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედ ქურთ-სეპარატისტთა მოძრაობას და ლოგიკურად, შეუქმნიდა საფრთხეს თურქეთის უსაფრთხოებას. ამ თვალსაზრისით თურქეთის ქმედებები დასწრებაზე მოქმედებას ნიშნავს. აღნიშნული ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს, სირიის კრიზისის დასაწყისიდანვე, თურქების მიერ ინიცირებული 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის შექმნის პროექტი, რომელსაც თავდაპირველი ფორმულირებით, თურქულ არმიასთან ერთად, საერთაშორისო ძალები განახორციელებდნენ. რატომღაც, თურქების ეს ინიციატივა არ იქნა მიღებული ევროპელი პარტნიორების მიერ და მიუხედავად თურქების არაერთი მოწოდებისა, მისი განხორციელება ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ, თურქებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია "ევფრატის ფარი", რომელიც მაშინვე შეფასდა ქურთების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციად და ზემოთ დასახელებული, ოცდაათ კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის შექმნის მცდელობად, თუმცა მაშინდელი სირიის კონფლიქტის კონფიგურაცია სხვაგვარი იყო და თურქეთი იძულებული გახდა ამ კონფიგურაციის შესაბამისად ემოქმედა, რადგან მთავარი საკითხი, ISIS-ის გავლენის შემცირება იყო, რომელიც ასევე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა და წარმოადგენს თურქეთისთვის.

თურქების მიერ, ოპერაცია "ზეთისხილის რტო"-ს წამოწყებას, იმანაც შეუწყო ხელი, რომ ერაყის ქურთისტანში, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩავარდნამ, ქურთულ პარტიებს შორის გამოიწვია განხეთქილება წყარო. შესაბამისად, მათ შორის მოცემულ მომენტში არ არის ერთობა და ამაზე მიუთითებს ქურთული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული მასალები, რომლებშიც ასახულია, ქურთთა სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოწოდებები - გაერთიანდნენ თურქების წინააღმდეგ ბმული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქურთებს უჭირთ წინააღმდეგობის გაწევა, თურქული არმიისთვის. ქურთების წინააღმდეგობაზე წერს არაბული მედია, სადაც მასალების ძირითადი შინაარსი არის ის, რომ თურქების "სწრაფი შეტევა" არ განხორციელდა და რომ თურქულ არმიასა და მის მოკავშირე, "სირიის თავისუფალი არმიის" მებრძოლებს, პრობლემები აქვთ წყარო. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ რეგიონულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ოპერაციის მასშტაბების შესაძლო ზრდის შესახებ წყარო.

როგორც ზემოთ აღწერილი მოცემულობიდან შეგვიძლია დავადგინოთ, თურქების მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია, ეს არის ქურთული გავლენის ნეიტრალიზების მცდელობა, თურქეთ-სირიის, თურქეთ-ერაყის საზღრის გასწვრივ რეგიონებში. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან აშშ-შიც, მაგალითად, 25 იანვარს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე, უწყების პრეს-მდივანმა დანა უაითმა და საზღვაო ქვეითთა გენერალმა კენეტ მაკენზიმ განაცხადეს, რომ თურქეთი არის მათი მოკავშირე, აქვთ მასთან მჭიდრო ურთიერთობა და რომ თურქეთს აქვს უსაფრთხოების პრობლემები, რომლის გადაჭრასაც ცდილობს საკუთარი ძალებით. თუმცა, იქვე აღნიშულია, რომ თურქეთის არმიის მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია, ხელს უშლის ანტიტერორისტული კოალიციის ძალების ძირითად სამიზნეზე კონცეტრირებას, რომელსაც წარმოადგენს ISIS-ი წყარო. აქვე გენერალი მაკენზი აღნიშნავს, რომ აფრინის ტერიტორიაზე მათ მიერ არც იარაღის მიწოდება მომხდარა და არც არავინ გაუწვრთნიათ. მისი თქმით, ამ მიმართულებით ამერიკის სამხედრო ძალების აქტივობა არ ყოფილა, ხოლო იარაღის მიწოდება და წვრთნები, ძირითადად მდინარე ევფრატის სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებაზე ხორციელდებოდა.

საინფორმაციო ნაკადიდან, რომელიც ამ თემას შეეხება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ აფრინში მოქმედი ქურთები, გაწირა ყველა წარსულში მოკავშირედ წოდებულმა მხარემ. ამის დასტურია, აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა ზემოთ მოყვანილი განცხადება და მანამდე, რუსული მხარის პოზიცია, რომელმაც აფრინის საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის მხარდაჭერა არჩია. პასუხს კითხვაზე - თუ რატომ გაიწირნენ ასე ქურთები, რეგიონული მედიაც სვამს ბმული, თუმცა ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე ჯერ კიდევ არ არსებობს, რადგან ასეთ მიზეზებს გეოპოლიტიკის, ეკონომიკისა და დიდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ურთულეს კონფიგურაციაში ხედავენ, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა უფრო დიდი დანაკარგი მიეღოთ ქურთების მხარდაჭერითა და თურქებთან ღია კონფრონტაციაში შესვლით, ვიდრე ქურთების გაწირვით!? აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ქურთებიც მრავალ ნაწილად არიან ფრაქცირებულები, რომელთა შორის მწვავე დაპირისპირება არსებობს.

თურქეთის მოწინააღმდეგე ქვეყნების მედიებში, არაერთხელ გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ თურქეთი გადაყვება აფრინის ოპერაციას და რომ ის შეიქმნის პრობლემას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ვერ მოაგვარებს. ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ასადის არმია, ირანის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილობით წავა თურქეთთან პირდაპირ შეტაკებაზე, თანაც იმ პირობებში თუ აშშ-ი დატოვებს სირიას და თურქეთი მარტო აღმოჩნდება პირისპირ ასადისა და ირანის არმიების წინაშე. ასეთი შინაარსის მუქარები ასადის რეჟიმის წარმომადგენლებისგან უკვე გაისმა წყარო.

ზოგადად, ომის შედეგების პროგნოზირება ძალზედ რთული საკითხია. მით უფრო რთულია პროგნოზირება ისეთი კონფიგურაციის კონფლიქტის, როგორიც სირიაშია შექმნილი და შესაბამისად, ძნელია იმის თქმა, შეძლებს თუ არა თურქეთის არმია, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანის შესრულებას და ქურთთა მუშათა პარტიის სრულად განადგურებას. ეს შედეგი დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, მათ შორის თურქეთის მოკავშირეების პოზიციაზე და თავად სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შემდგომ განვითარებაზე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა