სოჭში, სირიაში მშვიდობის დამყარებისთვის მიძღვნილი კონფერენცია კრახით დასრულდა - კვირის პალიტრა

სოჭში, სირიაში მშვიდობის დამყარებისთვის მიძღვნილი კონფერენცია კრახით დასრულდა

სრული კრახით დასრულდა სოჭში, რუსეთის ინიციატივით გამართული სირიის სამშვიდობო კონფერენცია, რომელსაც რუსული მხარის მტკიცებით, სირიის სამოქალაქო ომში ჩართულ მხარეებს შორის, ურთიერთობა უნდა დაელაგებინა და დაწყებულიყო სირიის რესპუბლიკის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა.

ეს ინიციატივა, რუსებს არ გამოუვიდათ ბევრი მიზეზის გამო. მაგალითად, პირველი ინციდენტი მოხდა აეროპორტშივე. სოჭში ჩასული, 80-კაციანი სირიული ოპოზიციის დელეგაცია, გააღიზიანა იმან, რომ აეროპორტი ასადის რეჟიმის სიმბოლიკით მორთული დახვდათ. შედეგად აეროპორტიდან გაუსვლელად ისევ ანკარაში გაფრინდნენ, პირველივე რეისით (წყარო).

ინციდენტები მოხდა, უშუალოდ საკონფერენციო დარბაზშიც, როდესაც ტრიბუნაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოჩნდა, დარბაზში გაისმა რუსეთის დამადანაშაულებელი შეძახილები, მშვიდობიანი სირიელების ხოცვასა და ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გამო. ეს ინციდენტები კი რუსულმა პროპაგანდამ ისე გააშუქა, თითქოს ლავროვითა და რუსეთით აღტაცების გამომხატველი ყოფლიყოს.

კონფერენციის დეკლარირებული მიზნის მიღწევას, ასევე ხელი შეუშლა იმან, რომ მისი მიმდინარეობის პარალელურად, სირიაში რუსულმა ავიაციამ დაბომბა ქალაქი იდლიბი (წყარო), რომლის დროსაც დაიღუპა ოცდაათი მშვიდობიანი მოქალაქე. ასევე საავიაციო იერიში იქნა მიტანილი, იდლიბის პროვინციაში ქალაქ სერაკაბში ბაზარზე, რომლის დროსაც თორმეტი დაიღუპა და თხუთმეტი ადამიანი დაშავდა (წყარო). აღნიშული თვადასხმების შესახებ, ინფორმაცია მყისიერად გავრცელდა და ბუნებრივია, ამის შესახებ კონფერენციის მონაწილეებმაც შეიტყვეს.

საბოლოო ჯამში, კონფერენცია დასრულდა გაურკვეველი შედეგებით. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ იმ 1600 დელეგატიდან, რომელიც სოჭში იყო ჩასული, უმრავლესობას წარმოადგენდნენ ასადის რეჟიმის მხარდამჭერები და ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ასადის რეჟიმის სახის შენარჩუნებას ემსახურება. ის მცირე ნაწილი, რომელიც რეალურ ოპოზიციას წარმოადგენდა, ამ საბჭოთა ტრადიციების შესაბამისი სულისკვეთების კონფერენციზე, ვერნაირ შედეგს ვერ მიაღწევდა, რომ არა დებოშის მოწყობა და ხმამაღალი სტვენა-ყვირილი...

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც, რუსული მედიის ინფორმაციით, მიღებული იქნა კონფერენციის ფარგლებში, ასევე არასერიოზული და უპერსპექტივოა, გამომდინარე იქიდან, რომ მთავარი საკითხი, ქვეყნის კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფის დაკომპლექტების კვოტები, ასადის სასარგებლოდ გადანაწილდა და 150 წევრიდან ასი მას ერგო, ორმოცდაათი კი სხვა ყველა დანარჩენ ჯგუფს. ასეთი მოცემულობა, რეალური სამუშაოები რომც დაიწყოს, მაინც ვერანაირ შედეგს ვერ უზრუნველყოფს, რადგან უმრავლესობა ასადის ხელშია და გადაწყვეტილებაც მათი პოზიციის შესაბამისი იქნება, რაც ისევ მოუგვარებელს ტოვებს სირიის სამოქალაქო ომის მიზეზს.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ თურქეთისა და ირანის წარმომადგენლები. თურქების უკმაყოფილება გამოწივია, კონფერენციაში ერთ-ერთი მათ მიერ ტერორისტობის ბრალდებით ძებნილი პირის მონაწილოებამ, რომლის დაკავება და ექსტრადირება ადგილზევე მოითხოვეს თურქებმა (წყარო). როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მიერ წინასწარ იქნა გადახედილი მონაწილეთ სია და აღნიშნული პიროვნება იქ არ ეწერა, შესაბამისად, ჩავუშოღლუმ გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა მიხრაჩ ურალი ყალბი დოკუმენტებით იმყოფებოდა სოჭში. კონფერენციის ორგანიზატორები დაპირდნენ თურქებს, რომ გაერკვეოდნენ ვითარებაში და შეატყობნებდნენ ასეთი შეცდომის მიზეზს!? ის ორგანიზაცია კი რომლსაც მიხრაჩ ურალი წარმოადგენს, ტერორისტულად ჰყავს გამოცხადებული როგორც თურქეთს, ასევე აშშ-სა და ევროკავშირს wiki-ლინკი.

კონფერენციაში ასევე იღებდა მონაწილეობას, გაერო-ს გენრალური მდივნის სპეციალური წამომადგენელი სირიის საკითხებში, სტეაფან დე მისტურა. კონფერენციის დასრულების შემდეგ მან გააკეთა განცხადება, რომლის შინაარსიც არაფერს მნიშვნელოვანს არ ამბობს და მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, რომ დიალოგი კარგია ნებისმიერ შემთხვევაში (წყარო).

აღნიშნული კონფერენციის მიზანი, როგორც შედეგებითა და მისი ორგანიზებიდან გამოჩნდა, ემსახურებოდა რუსეთის "მშვიდობისმყოფელობის" იმიჯის შექმნას. ამაზე მეტყველებს ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომლმაც დასავლეთი დაადანაშაულა ალტერნატიული სამშვიდობო პროცესის შექმნასა და ამ გზით რუსეთის მცდელობების დისკრედიტირებაში.

და ბოლოს... რუსებს სამშვიდო კონფერენცია არ გამოუვიდათ, შეიქნა მხოლოდ პროპაგანდისტული მასალა შიდა მომხმარებლისთვის და ამ ფარგლებს კონფერენციის შედეგები ვერ გასცდება. თუმცა, რუსული სამშვიდობო კონფერენციის კრახი, უკვე აისახა სირიაში არსებულ ვითარებაზე და ასადის არმია, აქტიურ საბრძოლო მოქმედებებზე გადავიდა იდლიბის პროვინციაში (წყარო).

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი