სირიაში აშშ-ის ავიაციის იერიშს რუსი დაქირავებული მებრძოლები ემსხვერპლნენ - კვირის პალიტრა

სირიაში აშშ-ის ავიაციის იერიშს რუსი დაქირავებული მებრძოლები ემსხვერპლნენ

რუსეთმა სირიაში დამატებითი სპეცდანიშნულების რაზმები გადაისროლა. აშშ-ის ავიაციის იერიშს 35-მდე რუსი "ბოევიკი" ემსხვერპლა

ორი დღეა, სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, სირიაში, დეირ აზ-ზორის მახლობლად, ასადის არმიაზე, აშშ-ის ავიაციის მიერ იერიშის შესახებ.

თავდაპირველ ინფორმაციაში, ნათქვამი იყო რომ აღნიშნული იერიშისას, ასადის არმიის ასამდე მებრძოლი და დაუდგენელი რაოდენობის ტექნიკა განადგურდა.

ამერიკული ავიაციის იერიში გამოიწვია, ასადის არმიის მხრიდან, სირიის დემოკრატიული ძალების შტაბზე მიტანილმა იერიშმა, რომელიც ოპოზიციონერების მხრიდან არაფრით არ იყო ინსპირირებული. შეტევის დროს, "დემოკრატიული ძალების" შტაბში ასევე იმყოფებოდნენ მათი ამერიკელი ინსტრუქტორები და ავიაციის მოქმედებაში ჩართვა, სწორედ მათი დაცვის მიზნით განხორცილედა. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა პენტაგონმა (ბმული), რომელშიც ნათქვამია რომ ასადის არმია შეტევისას იყენებდა ტანკებსა და არტილერიას, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა, ამერიკელი ინსტრუქტორების სიცოცხლე და იძულებულნი იყვნენ ემოქმედათ. აქვე ნათქვამია რომ ამერიკული მხარისთვის არ ყოფილა წინასწარ ცნობილი, საავიაციო იერიშის რაიონში, რუსების ყოფნის თაობაზე. მათი თქმით, ამერიკული მხარე, იერიშამდე ცოტა ხნით ადრე, ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდა რუსულ მხარეს და აცნობა საჰაერო ოპერაციის განხორციელების შესახებ. თუმცა ეს ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უარყვეს, ამ საკითხზე ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო ექსპერტმა ისაუბრა, გაზეთ svpressa.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში (ბმული). თუ რუსებისთვის ცნობილი იყო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების იერიშის რაიონში ყოფნის შესახებ, მაშინ მათ უნდა მიეღოთ ზომები, მათი იმ ტერიტორიიდან გაყვანისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, რუსებმა ეს ინფორმაცია დამალეს. ან მეორე ვერსია ის არის, რომ რუსული არმიის ხელმძღვანელობა, არ იღებს პასუხისმგებლობას "ვაგნერის" პერსონალზე, რომელიც ძნელი დასაჯერებელია, რუსეთის ოფიციალური უწყებების ნებართვისა და მათთან უაშუალო კოორდინაციის გარეშე მოქმედებდეს სირიაში.

ზოგიერთი მედიასაშუალება წერდა, რომ ასადის არმიის ამ მიმართულებით აქტივობა განაპირობა, რაიონში არსებულმა ნავთობის ჭაბურღილებმა, თუმცა რა იყო ნამდვილი მიზეზი, ამ დრომდე ოფიციალურად ცნობილი არ არის.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ასადის არმიასთან ერთად, "დემოკრატიული ძალების" შტაბზე შეტევაში, მონაწილეობას იღებდნენ რუსი დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც რუსეთის რეგულარული არმიის წევრები არ იყვნენ და წარმოადგენდნენ, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" პერსონალს (wiki-link). გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული რუსი მებრძოლების რაოდენობა 30-35 უნდა იყოს, თუმცა ოფიციალურად ამ მონაცემის დადასტურება ჯერ არ მომხდარა. რუსების სირიაში დაღუპვის შესახებ, ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის აღმოსავლეთით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებისას ე.წ. ДНР-ის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა იგორ გირკინმა, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე, სადაც რუსებს მოუწოდებს არ წავიდნენ სირიაში ფულის საშოვნელად (წყარო)! რუსების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ასევე ადასტურებს ერთ-ერთი თურქი ექსპერტი, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა რამდენიმე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის არცერთს არ განეკუთვნებიან.

აღსანიშნავია, რომ 7 თებერვალს განხორციელებული საჰაერო იერიში ასადის არმიაზე, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ პირდაპირი იერიშის პირველი შემთხვევაა, თუ გასული წლის აპრილის თვეში ფრთოსანი რაკეტებით შაირათის აეროდრომზე მიტანილ იერიშს არ ჩავთვლით, რომელიც ასადის არმიის მხრიდან, ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ განხორციელდა.

რა თქმა უნდა, ცალკე ინტერესის საგანია ის რეაქცია, რომელიც რუსულ მედიას ჰქონდა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ ამ დღეების განმავლობაში მილიტარისტული შინაარსის და ზოგადად, პროპაგანდისტული (ე.წ. ოფიციალური) მედიების ყურადღების ობიექტი სირიაში რამდენიმე დღის წინ ჩამოგდებული СУ-25-ის ამბავი იყო. ამ საინფორმაციო "ხმაურში" კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ, სირიაში მნიშვნელოვანწილად გაზარდა სპეცდანიშნულების ძალებისა და სამხედრო ინსტრუქტორების რაოდენობა. ციფრი დაკონკრეტებული არ არის (წყარო)

СУ-25-თან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, კრემლის მხრიდან ასეთი ნაბიჯი მოსალოდნელიც იყო და არ არის გამორიცხული, ზემოთ მოცემული ინფორმაცია რუსი მებრძოლების დეირ აზ-ზორთან განადგურების შესახებ, ასევე გამხდარიყო სახმელეთო ძალების ზრდის საბაბი... ან უკვე გაზრდილი ძალების წარმომადგენლები მოყვნენ ამერიკული ავიაციის იერიშში და მსხვერპლის დამალვის საბაბით, მათი კუთვნილება მიეწერა კერძო სამხედრო კომპანიას.

სირიაში, რუსული და ასადის მომხრე მედიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს დღეებში ვითარება გართულდება, რადგან ასადის არმია, მოკავშირეებთან ერთად გეგმავს, მასშტაბური შეტევების დაწყებას იდლიბისა და ალეპოს პროვინციებში. რამდენად მივა ეს ყველაფერი დასავლეთის ანტიტერორისტული კოალიციასა და ასადის მხარდამჭერ ძალებს შორის პირდაპირ შეტაკებამდე, ძნელი სათქმელია. თუმცა ის საერთაშორისო ვითარება, რომელიც აშშ-რუსეთ და აშშ-ირანს შორის არის შექმნილი, მოვლენების ასეთი განვითარების რისკებს ზრდის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი