სირიაში კიდევ თხუთმეტი რუსი "ბოევიკი" დაიღუპა - კვირის პალიტრა

სირიაში კიდევ თხუთმეტი რუსი "ბოევიკი" დაიღუპა

სირიაში კიდევ თხუთმეტი რუსი დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა. რუსები, ძირითადად ნავთობით მდიდარ რეგიონებში მოქმედებენ.

გრძელდება რუსი დაქირავებული მებრძოლების სირიაში დაღუპვის შესახებ ინფორმაციების გავრცელება, რომელიც აქამდე რატომღაც არ ხდებოდა.

გამოცემა "The guardian"-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, სირიაში, დეირ აზ-ზორის პროვინციაში კიდევ თხუთმეტი რუსი დაქირავებული მებრძოლის დაღუპვის შესახებ, რომლებიც გამოცემის ინფორმაციით, ასადის არმიის ნაწილებთან ერთად გადაადგილდებოდნენ "დემოკრატიული ძალების" ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც ერთერთი საბრძოლო მასალების საწყობში შესვლის შემდეგ მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ასადი არმიის სამხედროებთან ერთად, დაიღუპა 15 რუსი დაქირავებული მებრძოლი (წყარო).

ამ ეპიზოდისას დაღუპული, რუსი მებრძოლების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ მოსკოვს ჯერ არ დაუდასტურებია. მიმდინარე ეტაპზე, ჯერ მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში მომხდარი ინციდენტის დროს დაღუპულების აღიარება არსებობს, თუმცა 7-8 თებერვალს, აშშ-ის ავიაციის იერიშის შედეგად გარდაცვლილების რაოდენობა, სადაო საკითხია და არ არსებობს ზუსტი მონაცემი თუ რამდენი რუსი დაქირავებული "ბოევიკია" მოკლული. ზოგიერთი მონაცემით ეს ციფრი 200-ზე მეტია, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადასტურებულია, მხოლოდ ხუთი მებრძოლის დაღუპვა (წყარო).

უცნაურია რუსების ქცევა ამ თვალსაზრისით რადგან, ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს "ვაგნერის" მებრძოლების სირიაში ყოფნას კრემლთან შეუთანხმებლად. ასეთი რამ პრაქტიკულად გამორიცხულია. რუს სამხედროებსა და სადაზვერვო სამსახურებს, აუცილებლად ექნებოდათ მათ შესახებ ინფორმაცია.

როგორც ჩანს, ეს მათი გამოყენების არც პირველი შემთხვევაა და აქამდე საგულდაგულოდ იმალებოდა ინფორმაცია, სირიაში დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ. ყოველთვის შეინიშნებოდა მოსკოვის ქცევაში სირიასა და უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობის დამალვის მცდელობები, ხშირ შემთხვევაში ეს რუსებს კარგად გამოსდიოდათ, თუმცა როგორც ჩანს, სირიაში რაღაც მოხდა და ინფორმაცია გაუმჟღავნდათ.

სირიული მედიისა და კონფლიქტზე მონიტორინგის მწარმოებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ვრცელდება რუსი დაქირავებული მებრძოლების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციის თანახმად, რუსი დაქირავებულები ძირითადად დაკავებულები არიან ასადის რეჟიმის კონტრლოს ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, ნავთობგადამამუშავებელი და გაზის მომპოვებელი ჭაბურღილების დაცვით. თუმცა, როგორც ჩანს მხოლოდ დაცვა არ არის მათი საქმე და ასადის რეჟიმს კონკრეტულ დახმარებას უწევენ, ნავთობით მდიდარ რეგიონებში, სადაც უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსული ინტერესია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ასადის რეჟიმისთვის, ნავთობის უწყვეტად უზრუნველყოფის მოტივით არავინ გაგზავნიდა სირიაში. არაერთხელ გაიჟღერა ასევე კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მფლობელის ინტერესებმა ამ სფეროში და ძალზედ ლოგიკური გახდა ის რაც ზემოთ ვთქვი. შესაბამისად არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ სირიის ნავთობით მდიდარ რეგიონებში, შესაძლოა მალე ვიხილოთ Gazprom-ი ან Роснефт-ი, რომლებიც ამ რეგიონებში გაშლიან საკუთარ საქმიანობას (წყარო).

ბოლო კვირების ეს აქტუალური თემა, ძალიან ცუდად იმოქმედებს პუტინზე, რადგან როგორც გახსოვთ, გასული წლის დეკემბერში, პუტინის მიერ საგანგებოდ გამოცხადებული ISIS-ზე გამარჯვება და სირიიდან ავიაციის გაყვანა, განკუთვნილი იყო მისი, როგორც ტრიუმფატორის იმიჯის მხარდაჭერისთვის მომავალ არჩევნებზე და შესაბამისად, ამ განცხადების ფონზე, რუსეთის მოაქალაქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სირიაში, არასასურველია პუტინისთვის. გარდა ამისა, წესით, მთელი ეს ისტორია "ვაგნერის" მებრძოლების შესახებ, ბევრ კითხვას უნდა უჩენდეს რუსეთის მოაქალაქეებს, რადგან აშშ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, 7-8 თებერვლის საჰაერო იერიშამდე გაფრთხილებულნი იყვნენ და უნდა ეზრუნათ საკუთარი მოქალაქეების, იერიშის რაიონიდან გაყვანაზე. ეს რატომღაც რუსებმა არ გააკეთეს, ან ვერ მოასწრეს...

ფაქტია, რუსებს ვეღარ გამოუვათ იმის დამალვა, რომ ასადის არმიასთან ერთად სახმელეთო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას და რომ სოჭში გამართული ე.წ. "სამშვიდობო კონფერენცია" სრული ფარსი იყო, ისევე როგორც რუსების ანტიტერორისტული მოქმედება სირიაში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი