კონფლიქტის კონფიგურაცია იცვლება - მოსალოდნელია შეტაკებები ისრაელსა და ირანს, სირიასა და თურქეთს შორის - კვირის პალიტრა

კონფლიქტის კონფიგურაცია იცვლება - მოსალოდნელია შეტაკებები ისრაელსა და ირანს, სირიასა და თურქეთს შორის

დიდია რისკი რომ სირიის კრიზისი ქვეყნებს შორის მასშტაბურ ომში გადაიზარდოს. ყველაზე დიდი ალბათობით შეტაკებები მოსალოდნელია ისრაელსა და ირანს, სირიასა და თურქეთს შორის.

სირიაში ომის ტრანსფორმაცია რამდენჯერმე მოხდა და როგორც ჩანს, ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თავდაპირველად შეიარაღებული შეტაკებები, ასადის რეჟიმსა და ოპოზიციას შორის დაიწყო, შემდეგ გამოჩნდნენ ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ი და ქურთთა შეიარაღებული ძალები, რომლებსაც დაემატნენ ათასი ჯურის დაჯგუფებები. ცალკეულ დაჯგუფებებს შორის, ხშირად ხდებოდა შეტაკებები, მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთო მოწინააღმდეგეც ჰყავდათ და ეს ყველაფერი სირიის ომს, ძალზედ გაუგებარ მოვლენას ხდიდა უამრავი ადამიანისთვის, რომლებიც სირიის კრიზისს, თავიდანვე ზედმიწევნით ყურადღებით არ აკვირდებოდნენ.

მოგვიანებით სირიის კრიზისში ჩაერთნენ სახელმწიფოები აშშ-ის, თურქეთის, რუსეთისა და ირანის სახით, რომელსაც მოჰყვა, კონფლიქტის თავდაპირველი კონფიგურაციის ცვლილება და დაჯგუფებები იმის მიხედვით დანაწილდნენ, თუ რომელი სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობდნენ. ეს ვითარება შენარჩუნებული იყო ბოლო დრომდე, თუმცა მოცემულ ეტაპზე ზემოთ აღწერილი კონფიგურაცია იცვლება და სირიის კრიზისი შიდა კრიზისიდან საერთაშორისო კონფლიქტის კატეგორიაში გადადის. პრინციპში, ასეთი სტატუსის მინიჭება ისედაც შეიძლებოდა რადგან მასში უამრავის რეგიონული თუ რეგიონს მიღმა ძალა და ქვეყანა იყო ჩართული. თუმცა გაცხადებულად, მხოლოდ საკუთარი ინტერესების, რეგულარული არმიის მეშვეობით დაცვა, აქამდე არცერთი მხარის დეკლარირებული მიზანი არ ყოფილა. ზოგიერთი მათგანი (მხედველობაში მაქვს ქვეყნები და მათი რეგულარული არმიები) ან ასადის რეჟიმის მიწვევით იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე და შესაბამისად, მისი ინტერესების დაცვას დეკლარირებენ ან ოპოზიციის დაცვისა და ანტიტერორისტული მიზნებით.

აშშ-ის ავიაციის მიერ რუსული კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლების განადგურებასა და ისრაელის ავიაციის მიერ ირანულ ძალებსა და ასადის საჰაერო თავდაცვით სისტემებზე მიტანილი ერიშის შემდეგ, სირიის კონფლიქტის კონფიგურაციამ ტრანსფორმაცია დაიწყო, რომელიც გულისხმობს სირიაში მოქმედი ან მეზობელი სახელმწიფოების რეგულარულ არმიებს შორის შეტაკებებს. კონფლიქტის ასეთი ტრანსფორმაცია კი მას ძალზედ საშიშს ხდის, ზოგადი საერთაშორისო უსაფრთხოების გაურესების თვალსაზრისით და შესაძლოა, ისეთ მასშტაბში გადავიდეს, რომ გასცდეს სირიის საზღვრებს და გადავიდეს მეზობელ ქვეყნებზე. მაგალითად ერაყში, ლიბანში, იორდანიასა და თურქეთში...

გარეშე ძალებს შორის სირიის ტერიტორიაზე შეტაკების ყველაზე დიდი რისკი, მოცემულ მომენტში არის ისრაელსა და ირანს შორის, რომელშიც აუცილებლად ჩართულნი იქნებიან ასადის რეჟიმისადმი ლოიალური დაჯგუფებები და არმია. შეტაკების რაიონი კი დიდი ალბათობით, გოლანის სიმაღლეები იქნება. თუკი ასეთი სცენარი განვითარდა, ლოგიკურად, ირანი ასევე შეეცდება წააქეზოს და საბრძოლო მოქმედებები დააწყებინოს პალესტინურ დაჯგუფებებსა და ლიბანურ ჰეზბოლას, რომელიც სირიის კონფლიქტის გამოყენებით, საკმაოდ კარგად შეაიარაღა ირანმა.

ასევე ძალიან დიდი რისკია შეტაკებები დაიწყოს თურქეთის რეგულარულ არმიასა და ასდის რეჟიმის არმიებს შორის, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ძლაზედ აქტუალური საკითხია, გამომდინარე აფრინის მიმართულებაზე დაწყებული თურქეთის არმიის ოპერაციიდან. 19-20 თებერვალს, რეგიონულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია რომ ასადის რეჟიმი, მხარს დაუჭერს აფრინში გამაგრებულ ქურთებს, რასაც მალევე მოჰყვა, ასადის მომხრე ერთერთი დაჯგუფების მიერ გავრცელებული ვიდეო რგოლის გასაჯაროება, სადაც ასახულია აფრინსკენ სამხედრო კოლონის გაცილება, რომელზეც თურქული მხარის განცხადებით, საარტილერიო იერიში იქნა მიტანილი და განადგურებული (წყარო).

თურქეთ-სირიის (ასადისტების) კონფლიქტის კონფიგურაციაში რუსეთს ისევე, როგორც ირანს, მოუწევთ არჩევანის გაკეთება და ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან, რადგან თურქეთსა და ასადს შორის არჩევანის გაკეთება გაუჭირდებათ. შესაბამისად, მათ ან ნეიტრალური პიოზიცია უნდა შეინარჩუნონ, რაც წარმოუდგენელია ან თურქეთის წინააღმდეგ, ასადის არმიის გვერდით დადგნენ და გააჩაღონ მასშტაბური ომი, რომელშიც აშშ-ი აუცილებლად თურქეთის მხარეს დაიკავებს.

ბოლო კვირების განმავლობაში სირიის კონტექსტში ყველაზე უცნაური მოვლენა, ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, რომელიც რუსეთსა და მათ შორის ირანის წინააღმდეგ მოკავშირეობას ეხება. უცნაურია, მაგრამ რატომღაც ებრაელებს იმედი აქვთ რუსეთის და დარწმუნებულები არიან, რომ ირანის წინააღმდეგ ასრაელის არმიის მოქმედებას, რუსეთი ხელს არ შეუშლის?!

ზემოთ აღწერილი სცენარების განვითარებას კიდევ უფრო რეალურად ხდის საკითხის ამ კონტექსტში, საერთაშორისო მასშტაბში განხილვების არარსებობა, რაც, პრაქტიკულად, ნიშანია იმისა, რომ სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით რეგულირების პოტენციალი, პრაქტიკულად არ არსებობს და რომ მასში ჩართული სახელმწიფოები მყარად დგანან საკუთარ პოზიციებზე.

ასევე რეალური ხდება ეს ყველაფერი, გამომდინარე იქიდან, რომ ასადი ისევ ინარჩუნებს ძალაუფლებას და ამ კრიზისის პირობებში, ირანი ზედმეტად მოძლიერდა რეგიონში, გავლენის თვალასზრისით. ირანის ასეთი გაძლიერება კიდევ უფრო ართულებს ვითარებას და ქმნის რეგიონში მისი მოქმედებების შეზღუდვის საჭიროებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ის შიიტური დაჯგუფება, რომელიც ირანის ხელშეწყობით მოქმედებს, დაინახავენ რა მოქმედების თავისუფლების შესაძლებლობას, შეეცდებიან ვითარების იმგვარად დესტაბილიზებას, რომ ყველა დასავლეთის მოკავშირე ქვეყანას რეგიონში, პრობლემები შეექმნას, რაც მნიშვნელოვანწილად აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე, ნავთობის გაძვირების თვალსაზრისით და სარგებელს მიიღებენ ისეთი დესტრუქციული ძალები, როგორიც ირანი და რუსეთი არიან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი